ახალი ხელისუფლება საქართველოს დროშის შეცვლას აპირებს?

ახალი ხელისუფლება საქართველოს დროშის შეცვლას აპირებს?

ინტერნეტში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ახალი ხელისუფლება საქართველოს დროშის შეცვლას აპირებს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. არის თუ არა დღეს დროშის შეცვლის საჭიროება, ამ საკითხზე სამართლის დოქტორი, პროფესორი ავთანდილ კახნიაშვილი გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, დღევანდელი სიმბოლო, ხუთჯვრიანი დროშა, პარლამენტს არ მიუღია, რადგან 2004 წლის იანვარში პარლამენტი არ გვყავდა. შევარდნაძის დროინდელ პარლამენტს 2003 წლის 22 ნოემბერს შეუწყდა უფლებამოსილება, 2004 წლის იანვარში კი ნაციონალებმა ვადაგასული პარლამენტარები შეყარეს და ძალით მიაღებინეს ის სიმბოლო, რომელიც დღეს ასოციაციას იწვევს ნაცმოძრაობასთან. ეს სიმბოლო მე-13 საუკუნიდანაა ცნობილი კათოლიკური ფენებიდან: იმხანად ე.წ. იერუსალიმის ჯვარი იყო ჯვაროსნების სიმბოლო, რომლებსაც შემდეგ უკვე ტამპლიერთა ჯგუფი გამოეყო და სწორედ მათი სიმბოლო გახდა ხუთჯვრიანი დროშა. 2001 წელს, როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 43-მა გაუნათლებელმა მხარი დაუჭირა, მერიის თავზე ე.წ. დავით აღმაშენებლის დროშის აღმართვას. მან ტამპლიერთა დროშა დავით აღმაშენებლის დროშად მოიხსენია, რაც სრული სიცრუე, სისულელე და უმეცრებაა. ამიტომაც ეს დროშა სასწრაფოდ შესაცვლელია და ახალი დროშა ლეგიტიმურმა ორგანომ, ახალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს.

- დღეს დროშის შეცვლაზე ფიქრი ნაადრევი ხომ არ არის?

- პირიქით, დაგვიანებულიც კია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოქალაქეების უმრავლესობამ არ იცის თავისი ქვეყნის დროშის შინაარსი. ამიტომ, თუ რეალურად გვინდა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ ისტორიკოსები, ჰერალდიკოსები, გამოცხადდეს კონკურსი და საკონკურსო წინადადებები, ესკიზები კომისიამ შეაფასოს, შემდეგ კი საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს. მთავარია, საინტერესო, ქვეყნის ისტორიის ამსახველი დროშა შეიქმნას და თუნდაც რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს. მხოლოდ დროშა კი არა, გერბიც და ჰიმნიც შესაცვლელია. საქართველოს გერბი ძალიან ჰგავს კენიის გერბს, რომელიც ჩვენსაზე გაცილებით ადრე შექმნეს. ჰიმნიც კი ნაუცბათევადაა მიღებული. როგორ შეიძლება ჰიმნში არ იყოს ნახსენები ქვეყანა?! "დიდება თავისუფლებასო", - "თავისუფლების ინსტიტუტს" უმღერიან თუ საქართველოს? სად ჩანს საქართველო? მსოფლიოში ყველა ქვეყნის ჰიმნში ქვეყნის სახელწოდება ნახსენებია. მოკლედ, ეს საკითხი წამოსაწევია, უხერხულობის განცდა რომ მოვიშოროთ.

სტატია: "მხოლოდ დროშა კი არა, გერბიც და ჰიმნიც შესაცვლელია"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"