რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გლდანის ხიდის ქვეშ

რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გლდანის ხიდის ქვეშ

პირველად იყო... უდაბნო, სადაც მარტოხელა ქარი დაბორიალებდა. გადიოდა დრო. ვითარდებოდა ტექნოლოგიები, იზრდებოდა მოსახლეობის რაოდენობა დედაქალაქში, რამაც უდაბნოს დასახლებულ ადგილად გადაქცევას შეუწყო ხელი და იშვა იგი - გლდანი...

თემურ ბოჭორიშვილი, არქიტექტორი:

- დედაქალაქის საბჭომ საპროექტო ინსტიტუტს "თბილქალაქპროექტს" გლდანის ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმა დაუკვეთა. მაშინ მხოლოდ 27 წლის ვიყავი და ზონალური ექსპერიმენტული დაგეგმარების სისტემაში, იმავე "თბილზნეპში" ვმუშაობდი არქიტექტორ-დამგეგმარებლად. მივხვდი, რომ შანსი მომეცა, საკუთარი შესაძლებლობები გამომევლინა და ულტრათანამედროვე, უნივერსალური ქალაქის შექმნა გადავწყვიტე. ქალაქის, სადაც მოსახლეობის დასაქმებისთვის საჭირო ყველა სტრუქტურა მოიყრიდა თავს. XX საუკუნის 60-იანი წლები იწურებოდა და ახალ პროექტს ტრიუმფით უნდა შეეღო 70-იანების კარი. პროექტი მოვამზადე და მოსკოვში გავგზავნე დასამტკიცებლად. მოხდა ისე, რომ ჩემმა პროექტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კომისიამ, რომელშიც თბილისის იმდროინდელი მთავარი არქიტექტორი, ვანო ჩხენკელი შედიოდა, ერთსულოვნად გასცა მისი განხორციელების ნებართვა. ამის შემდეგ, "თბილზნეპიდან" უეცრად "თბილქალაქპროექტში" აღმოვჩნდი, სადაც ჩემი პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყო. გარეუბნების განაშენიანების საჭიროება დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ გამოიწვია, ეს კი თავის მხრივ, - ფაბრიკა-ქარხნების გახსნამ და რაიონებიდან მოსახლეობის ქალაქში მასობრივმა გადინებამ. მანამდე კი ჩვენ ყველანი, პაწაწინა ძველ თბილისში ვცხოვრობდით...

როგორც აღვნიშნე, ჩემი მიზანი, ულტრათანამედროვე ქალაქის ტიპის დასახლების შექმნა იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის საჭირო ყველა სტრუქტურა მოიყრიდა თავს: მაღაზიები, რესტორნები, სამკერვალო ფაბრიკა, საპარიკმახერო, სპორტული დარბაზი. ყველა ეს ობიექტი მრავალფუნქციურ ხიდზე განვათავსე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სკეიტბორდით მოსრიალე ბავშვებისთვის, ხიდზე შიდა პანდუსიც გაკეთდა. ასეთი ხიდის აშენება ფლორენციაში, მდინარე არნოზე გადებულმა ცნობილმა ნაგებობამ - "პონტე ვეკიომ" შთამაგონა, რომელიც 1345 წელს ააგო არქიტექტორმა ნერი დი ფიორვანტიმ და მასზე სხვადასხვა მაღაზია და ოქრომჭედელთა სახელოსნოები განათავსა. სამწუხაროდ, დღეს ჩემმა ქმნილებამ თავისი პირვანდელი დანიშნულება დაკარგა. ვიღაცამ მასში სასტუმრო გახსნა, ვიღაცამ - ვალუტის გადასახურდავებელი ჯიხური... მისი აშენებისას ძალიან საინტერესო რამ მოხდა: მიწის ქვეშ, დამწვარი სოფლის ნამოსახლარი აღმოაჩინეს, კერძოდ კი - ეკლესიის ფუძე. მოვიწვიეთ არქეოლოგები, რომლებმაც გათხრები დაიწყეს და ამ ფუძის ქვედა შრეებში წარმართული ხანის სამარხს მიაკვლიეს, რაზეც მჯდომარე მდგომარეობაში დამარხული ქალის საფლავი მეტყველებს. სამწუხაროდ, ამ ფაქტისთვის მაშინ ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან მთავარი გლდანის აშენება იყო.

გლდანის პირველმოსახლეები, ახლანდელი სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" ტერიტორიაზე, "ბარაკებში", უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ადამიანები იყვნენ. მათ რიგებს მოგვიანებით, რიყეზე წყალდიდობის შედეგად დატბორილი სახლებიდან ევაკუირებული ხალხი შეუერთდა. თავიდან, ისინი უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. კორპუსებში წყალი არ მიეწოდებოდათ და მისი ზიდვა ეზოდან, ვედროების საშუალებით უწევდათ. ტრანსპორტითაც არ იყვნენ განებივრებულები, - გლდანში მეტროც გაცილებით გვიან აშენდა. აუშენებელიც ბევრი დარჩა. ერთ-ერთი - ბერძნული ამფითეატრის მაგვარი ნაგებობაა, სადაც კონცერტებისა და თეატრალური წარმოდგენების ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი. დღეს მის ადგილას ატრაქციონების პარკია. დაგეგმილი იყო აგრეთვე საპარკინგო სისტემის მოწყობა, მაგრამ სამოხელეო სტრუქტურამ, რომელმაც მიკრორაიონების მშენებლობის ხელმძღვანელობა აიღო ხელში, პარკინგი არ მოაწყო, რამაც ხალხს კორპუსების წინ უშნო ავტოფარეხების აგებისკენ უბიძგა.

დღეს გლდანი ყველა იმ ატრიბუტით არის აღჭურვილი, რომელიც თანამედროვე ცხოვრების თანამგზავრია: კინოთეატრი, თეატრი, კაზინო, სავაჭრო ცენტრი, ბანკები, მაღაზიები, სკოლები და... ცნობილი "გლდანის შაურმა". რა ასაკის ადამიანს არ ნახავთ აქ?! ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მოდიან, რათა სწრაფი კვების ეს საოცრება დააგემოვნონ. 36 წლის გელა აქ ყოველდღე დადის. მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე საკანცელარიო მაღაზიას ფლობს და შიმშილს მხოლოდ და მხოლოდ "გლდანის შაურმით" იკმაყოფილებს.

გელა საქართველოში მოსკოვიდან 3 წლის წინ ჩამოვიდა. ახლობლის რჩევით, ბინა გლდანში იქირავა და მისივე რჩევით, სარფიანი ბიზნესსაქმიანობაც წამოიწყო. მოგვიანებით მაინც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადაბარგდა საცხოვრებლად: ამბობს, - მეგობარმა მირჩია უზნაძეზე გადასვლა, ბავშვები ქალაქის სკოლაში მიიღებენ განათლებასო... მაგრამ მაღაზია არ დაუხურავს: გლდანში ვაჭრობა კარგად მიდის.

მუსიკის მასწავლებელი, ალიონა ბელაია კი გლდანის ძველი მაცხოვრებელია. დაახლოებით 35 წლის წინ დასახლდა აქ (შვილის ასაკით ანგარიშობს).

ალიონა ბელაია:

- თავიდან, როდესაც მეტრო არ იყო გაყვანილი, მეტროსადგურ "დიდუბემდე" ავტობუსითა და ტრამვაით მივდიოდით. მეტროს აშენებამ გადაადგილების პრობლემა მოხსნა და გლდანმაც აყვავება დაიწყო.

- წყლის მოწოდების პრობლემა თუ გქონიათ?

- მე მესამე მიკრორაიონში ვცხოვრობ და მსგავსი პრობლემა 35 წლის წინაც არ მქონია, მაგრამ თანამშრომლებისგან მსმენია, რომ ხალხს მერვე მიკრორაიონში წყალი დღესაც გრაფიკით მიეწოდება. ფაქტობრივად, აქ ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ ვწუხვარ, რომ "სოციალისტური" გათბობის სისტემა მოიშალა. სხვა მხრივ, ძალიან მომწონს. დამიჯერეთ, საკვები პროდუქტი აქ ყველაზე იაფია. ყოველდღე ვაკითხავ ჩემს შვილს, რომელიც მთაწმინდაზე ცხოვრობს და საჭირო ნივთებსა და პროდუქტს აქედან ვაწვდი.

- ქალაქის ცენტრში გადასვლა არ გინდათ?

- უი, რას ამბობთ?! არასდროს დავტოვებ აქაურობას (ეცინება).

- რამეს შეცვლიდით გლდანში?

- (ფიქრობს) არც არაფერს. მე პირადად ქალაქის ეს ნაწილი ვარკეთილს მირჩევნია. აქვე ტბაც არის, რომელიც ამ ზაფხულს "განაახლეს", - ჩემმა შვილმა წამიყვანა. რა თქმა უნდა, შესვლა ფასიანია, სამაგიეროდ, "მეფურად" ბანაობ და ირუჯები.

თუმცა, ზოგი სხვაგვარად ფიქრობს.

ნათია (38 წლის):

- სამი შვილი მყავს და ჩემთვის მთავარი - სუფთა და უსაფრთხო გარემოა. ჩემი კორპუსის წინ ავტოფარეხების გრძელი რიგია. რამდენჯერმე შევნიშნე მათ ქვეშ შემძვრალი მღრღნელები. ავტოფარეხებს არ მოშლიან?.. შიშით ბავშვებს ვერ ვუშვებ მარტოებს ეზოში.

დათო, 35 წლის:

- 3 თვეა, რაც აქ ვარ. მერვე მიკრორაიონში ვცხოვრობ. დღეს მეგობარს საძილე აბი გამოვართვი იმიტომ, რომ სხვანაირ, აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული. აქ დეპრესია დამეწყო. დაახლოებით 20 წელია, რუსეთში ვცხოვრობ. უბრალოდ მინდოდა, საქართველოსთან კავშირი არ გამეწყვიტა, ფული გამოვგზავნე და ნათესავს დავაბარე, ბინა ეყიდა სადმე. მან გლდანში მიყიდა, თანაც - მერვეში. მთელი დღე ჭერში ვიყურები და ბუზებს ვითვლი, ღამით კი ფილმებს ვუყურებ.

- დასაქმება არ გიცდია?

- დასაქმებული არც პიტერში ვიყავი, მაგრამ ისეთი ქალაქია, სახლში მჯდარსაც რაღაცნაირი, "მუდამ მოძრაობის" განცდა გაქვს. იქ ცხოვრება ღამით იწყება - კლუბები, დისკოთეკები... აქ მეგობრებიც არ მყავს. თუ მყავს, ისინი კლუბებს არ სწყალობენ, დაოჯახებულები არიან და იმიტომ.

- რას შეცვლიდი გლდანში?

- რაც შეიძლება მეტ გასართობ ობიექტს გავხსნიდი.

დავინტერესდი, თბილისის სხვა უბანში მცხოვრები ადამიანები თუ იცხოვრებდნენ გლდანში.

ანა, 23 წლის:

- გლდანში? (ძალიან ბევრი დრო დასჭირდა პასუხის გასაცემად) აუ, არ ვიცი, ალბათ... არ მიფიქრია ამაზე და პასუხის გაცემა მიჭირს. ალბათ კი, არა?.. (გვერდით მდგომ მეგობარს უყურებს, რომელსაც მასავით უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა).

ეთერი, 47 წლის:

- რატომაც არა?! სადაც კარგ პირობებსა და ევრორემონტიან ბინას შემომთავაზებენ, ყველგან ვიცხოვრებ.

ცოტნე, 29 წლის:

- ჩემი ოჯახის ლამის 10 თაობა ვერელი იყო და მეც ვერელად მოვკვდები. ამიტომ, სადაც უნდა დამიდოთ ოქროს ზოდები, არ გადავალ, მით უმეტეს - გარეუბანში.

ისე, ვერასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ფაქტი გამახსენდა: თურმე მრავალი წლის წინ, მაშინ, როდესაც თბილისი ძალიან პატარა იყო, ვერა მის გარეუბნად ითვლებოდა და იქ მხოლოდ სასაფლაოები იყო განთავსებული. მერე ქალაქი გაიზარდა და ვერაც შუაში მოექცა. ყველაფერი დროის საკითხია. ახლა კი გავბედავ, გავიმეორებ და ძველი, დავით სოკოლოვისეული, მრავალი წლის წინ წარმოთქმული ფრაზით დავტოვებ "მეგობრობის ქალაქს", რომელსაც ჯერ კიდევ ვერ შეუცვლია სამუშაო ხალათი სადღესასწაულო სამოსით: "ის კიდევ შეიცვლის ფერს, გალამაზდება, მოირთვება ყვავილებით, აივსება ბავშვების ჟრიამულით. მისი ცხოვრება, ხომ მხოლოდ ახლა იწყება"...

ქეთი ნიკოლავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"