ნუკა მარგველაშვილი: "არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის ჩაცმის სტილი"

ნუკა მარგველაშვილი: "არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის ჩაცმის სტილი"

მსახიობსა და მომღერალს, პრანჭია ტატუკას (ტელესერიალი "გოგონა გარეუბნიდან") როლის შემსრულებელ ნუკა მარგველაშვილს პრანჭვა და სარკის წინ ტრიალი თვითონაც უყვარს, მაგრამ თავისი გმირისგან ბევრი რამ განასხვავებს:

- ტატუკას არაფრით ვგავარ, უზნეო გოგო იყო, მეცინებოდა მასზე. მე და ჩემს გმირს ერთნაირი მხოლოდ ჩაცმის სტილი გვაქვს. მეც მიყვარს ჩაცმა, სამოსს კი უმთავრესად ვიკერავ. ვთანამშრომლობ დიზაინერ ლადო ბოკუჩავასთან, ის ყოველთვის ზუსტად ხვდება, რის შეკერვა მინდა. ინტერნეტით აქსესუარებს უფრო ვიწერ, ვიდრე ტანსაცმელს. სტანდარტულად ჩაცმა არ მიყვარს და არც მოდის ტენდენციებს ვითვალისწინებ, რადგან მოდური სამოსი შეიძლება სულაც არ მოგიხდეს. ისე, სამოსის არჩევისას თვალდახუჭული ვენდობი ლიზა ბაგრატიონის აზრს.

- ცნობილი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევთ?

- ძალიან მომწონს "შანელის", "ჰერმესისა" და "ლუი ვიტონის" ნაწარმი, ქართველი დიზაინერებიდან გამოვარჩევ იკა ბობოხიძესა და თამუნა ინგოროყვას, ვგიჟდები მაკა ასათიანზე. ახლაც სიამოვნებით ვიცვამ წლების წინ მის მიერ შექმნილ სამოსს.

- ვინ მიგაჩნიათ გემოვნებიან პიროვნებად?

- გემოვნებიანად იმოსებიან ნანი ბრეგვაძე, მაკა ასათიანი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ეკა მამალაძე. მამაკაცებიდან გამოვარჩევ მსახიობ გია გაჩეჩილაძეს, რომელმაც ზუსტად იცის, სად რა ჩაიცვას და შემოსვის ორიგინალური სტილი აქვს.

- პოლიტიკოსებიდან ვის გამოარჩევთ?

- გემოვნებით იცვამს სალომე ზურაბიშვილი, პარიზული სტილი ეტყობა (ეღიმება). არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის ჩაცმის სტილი. პრეზიდენტი თმას რომ იღებავს, ჩემთვის ესეც მიუღებელია.

- აქსესუარებზე რას იტყვით?

- ძალიან მომწონს მასიური და ფერადი აქსესუარები. საყურე თუ არ მიკეთია, კარს ვერ გავაღებ, - მგონია, რაღაც მაკლია. შემიძლია, უკანასკნელი თეთრი დავხარჯო სასურველ აქსესუარში და შინ ფეხით წავიდე. აქსესუარების მაღაზიაში გონება მებინდება (იცინის).

- მაკიაჟს დამოუკიდებლად იკეთებთ?

- დიახ. პროფესიონალ ვიზაჟისტს გრიმის კეთებისას ვაკვირდები და მერე ვცდილობ, გავიმეორო. შინიდან უმაკიაჟოდ გასვლა ვერ წარმომიდგენია. ერთხელ გავედი და ისეთი სახე მქონდა, ვინმე ხომ არ მოგიკვდაო, მეკითხებოდნენ (იცინის). სარკის წინ ტრიალი მიყვარს, ოღონდ სხვისი თანდასწრებით - არა. იმდენჯერ ვიცვლი სამოსს, ბოლოს თვითონვე ვბრაზდები (იცინის).

- გარეგნობაში რამე ცვლილების შეტანის სურვილი თუ გაქვთ?

- მიზეზთა გამო, ერთხანს საკმაოდ მოვიმატე წონა, მერე 35 კილო დავიკელი - ექვსი თვე თითქმის ვშიმშილობდი. ახლაც, სარკეში რომ ვიხედები, სულ მგონია, ისევ ისეთი ვარ და წონის დაკლება მინდება. სპორტული მონაცემებით არ გამოვირჩევი და არც ვარჯიში მიყვარს, ამიტომ წონის შესანარჩუნებლად ხშირად ვიცავ დიეტას.

- როგორი ჩანთა და ფეხსაცმელი მოგწონთ?

- გააჩნია, სად ვარ წასასვლელი. საერთოდ კი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მიყვარს, შემიძლია, მთელი დღე ვიარო - არ დავიღლები. ჯინსი, კედები და მაისური ჩემი სტილი არ არის, მე განსხვავებულად ჩაცმა მიყვარს. ჩანთები კი დიდი ზომისა მირჩევნია, ბევრი ნივთი რომ ჩამეტიოს.

- საახალწლოდ თუ შეარჩიეთ სამოსი?

- საახალწლოდ ყოველთვის ვცდილობ ახალი ნივთის ან სამოსის შეძენას. საქართველოში რატომღაც მხოლოდ ქორწილებში დადიან განსაკუთრებულად ჩაცმულები, თითქოს სხვაგან არ შეიძლებოდეს გამოპრანჭვა. ჩემთვის მიუღებელია რუსთაველის თეატრში კედებით და ჯინსით, კუს ტბაზე კი შლეიფიანი კაბით სიარული.

- რას ურჩევთ ქართველ მანდილოსნებს?

- მამაკაცთან ურთიერთობის საწყის ეტაპზე მაინც არ დაუშვან არავითარი კომპრომისი. თუკი სათანადოდ დააფასებ საკუთარ თავს, ირგვლივ მყოფებიც შესაბამის პატივს მოგაგებენ.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს