გია ნიკოლაძე - "მამას ახლა მერვე ცოლი ჰყავს. ნეტავ მეც ასეთი ჯანი მომცა 70 წლის ასაკში"

გია ნიკოლაძე - "მამას ახლა მერვე ცოლი ჰყავს. ნეტავ მეც ასეთი ჯანი მომცა 70 წლის ასაკში"

"ეს ლექსი არის ნაკარნახევი, ნაკარნახევი ისეთი ძალის,

რომელიც თავის თავში შეიცავს ერთობას ცეცხლის, მიწის და წყალის

და, რა თქმა უნდა, კაცის და ქალის.

ძალა, რომ მართლაც არსებობს იგი, ამას ამტკიცებს ამ სტროფთა რიგი,

სად შემიძლია მტვერს მე უსუსურს, ამდენის წერა, თან როგორც მე მსურს?!"

თავმდაბალია, ამბობს, რომ ყველა მისი ლექსი ვიღაცის კარნახით აქვს დაწერილი. ახლა პოემაზე მუშაობს, იმასაც ამოუცნობ, თეთრ ძალას აბრალებს, ამბობს, რომ ღამით დაწერილ სტრიქონებს დილით ვერ ცნობდა.

გია ნიკოლაძეს საზოგადოების დიდი ნაწილი როგორც მომღერალსა და მუსიკოსს იცნობს. ცოტამ თუ იცის, რომ "ნიკოლ შოუს" ერთ-ერთ წევრს, ერთ დროს, როგორც თავად ამბობს, მამის გავლენით რეჟისორობაც "დაემართა". დედის გავლენით ფილოლოგიურზე ჩააბარა და დღეს სწორედ ამ ხაზს ავითარებს. დღეს გია ნიკოლაძის ცხოვრების გზას გავუყევით და საინტერესო პერიოდებზე შევჩერდით.

-  გია, უდარდელი წლებით დავიწყოთ, იმ გამოცდილებით, რომელიც ოჯახიდან მიიღეთ...

-  დედა, თინათინ მარგველაშვილი, ფილოლოგია, "კვირის პალიტრაში" მუშაობს. მამა, ვარლამ ნიკოლაძე, მსახიობი და რეჟისორი გახლავთ. ტიციან ტაბიძის ქუჩაზე ვიზრდებოდი, კერძო ბინაში, ბაღით და ხეხილით. ძირითადად ხეზე ვარ გაზრდილი. წლინახევრის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ. მამაჩემი შაბათ-კვირას მოდიოდა და მივყავდი თავისთან ვერაზე, კალანდაძეზე. ბებიების საყვარელი შვილიშვილი ვიყავი, საჩუქრებით მანებივრებდნენ. დედაჩემის დედას "დადას" ვეძახი, მამაჩემის დედას - "ბებას". ერთი კითხვა მქონდა ორივესთან მისვლისთანავე, - რა დამახვედრე? მამასთვის დედა პირველი ცოლი იყო. ბებიაჩემი პრემიერ შვილიშვილს მეძახდა.

-  იმ ასაკში ალბათ ვერ აცნობიერებდი მშობლების დაშორების მტკივნეულ მხარეს...

-  მხიარულად ვიყავი, უფრო მაგრად მივლიდნენ. ტაციობა იყო ჩემზე. თან დედისერთა ვიყავი და მანებივრებდნენ. ბებიებსა და ბაბუებს მზე და მთვარე ამოსდიოდათ ჩემზე, დედასა და მამაზე რომ აღარაფერი ვთქვა.

-  როდის დასვი შეკითხვა, რატომ არ ცხოვრობს მამა ჩვენთან?

-  არც დამისვამს. თავისთავად გავაცნობიერე ყველაფერი. მინდა გი­თხრათ, რომ ბავშვი უმამოდაც ჩვეულებრივად იზ­რდება.

-  არ მითხრა ახლა, რომ შენს მეგობრებს, კლა­სელებს მამა რომ ჰყავდათ სახლში და შენ არა, ეს არ გთრგუნავდა...

-  ჯერ ერთი, ჩემნაირი ბევრი იყო. მეორეც, თავს მევლებოდნენ მამინაცვალიც და მამაჩემის ცოლებიც.

-  ცოლები ბევრნი იყვნენ?

-  საკმაოდ, მამას ახლა მერვე ცოლი ჰყავს. ჩარლი ჩაპლინს აჯობა (იღიმება). იმას შვიდი ცოლი ჰყავდა. ჩვენ მერე მამამ შექმნა ოჯახი, სადაც ორი შვილი შეეძინა: დათო და ტატა. მესამე ცოლთან ჰყავს სანდრო, მეოთხესთან - არავინ, მეხუთესთან - კოკა. მეექვსესთან - არავინ, მეშვიდესთან - არავინ და ახლა ერთ მშვენიერ ქალბატონთან ერთად ცხოვრობს.

-  ამის გამო არასდროს გი­საყ­ვედურია მამისთვის, თუ მი­გა­ჩნდა, რომ ეს მისი ცხოვრება იყო და არ უნდა ჩარეულიყავი?

-  ეს მისი ცხოვრებაა და ერთ რამეს ვიტყვი, სულ ჯანში ჰქონდეს რაა (იცინის)! ნეტავ მეც ასეთი ჯანი მომცა 70 წლის ასაკში.

-  როგორც ვხვდები, ოჯ­ახ­ურ დარიგებებში, ჭკუის სწავლებაში მამა მაინცდამაინც დიდ მონაწილეობას ვერ იღებდა...

-  დედამ გამზარდა. "ტყეში" ვიყავი გავარდნილი: ეზოში, უბანში, დასარიგებლად არ მქონდა საქმე. მახსოვს, ერთხელ დედას საბავშვო ბაღში მივყავდი, მაშინ ფილარმონიაში გალერეაში მუშობდა მეთოდისტად. მეუბნებოდა, მალე წამოდი, თორემ სამსახურში დამაგვიანდება და საყვედურს მეტყვიანო. მაშინ ვკითხე, საყვედური რა არის-მეთქი. ფეხებით დაგკიდებენ, ჯერ ყურს მოგაჭრიან, მერე ცხვირს, მერე ხელსო, მითხრა (იცინის). ისე შემეშინდა, სულ სირბილით ვიარე საბავშვო ბაღამდე, დედა არ დამისახიჩრონ-მეთქი. პირველად სიგარეტი რომ მოვწიე და დედამ გაიგო, იტირა. არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ, იტირა. მახსოვს, ბებიაჩემი აწყნარებდა. სტუდენტობის პერიოდში ბებიაჩემი აქტიურობდა, დედაჩემის დედა. ჩემს ძმაკაცებს ატყუებდა ხოლმე, სახლში არ არისო. ტაბიძეზე, სახლის წინ ერთი ბოთლი ღვინო მედგა და მოწეული რომ მივდიოდი, ერთ ყლუპს გამოვივლებდი ხოლმე პირში, ვითომ ნასვამი ვიყავი. ბებიაჩემი მეუბნებოდა, რა გჭირს თვალებზე, აბა, "ჰუ" ამოისუნთქეო. ამოვისუნთქებდი ღრმად და რწმუნდებოდა, რომ ნასვამი ვიყავი. მე და გურგულია არ ვმალავთ, "ჩესნად" ვამბობთ, რომ ვეწეოდით.

-  ეს ის ასაკია, როცა ყველა მამაკაცი ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. ე.წ. "ქუჩის აკადემიაც" იყო ალბათ შენს ცხოვრებაში. რა მოგცა ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით?

-  ქუჩაში დავბოდიალებდით, მაგრამ არც ვყაჩაღობდით და არც ვხულიგნობდით. ერთხელ, გოგოს რომ ვაცილებდი, ვიგრძენი, რომ არაფრის არ მეშინოდა. მე თვითონ ვარ ის ტიპი, ვინც შეიძლება ვინმეს დახვდეს და რამე ისეთი უთხრას. ჯგუფ-ჯგუფად დავდიოდით ბიჭები, მაგრამ მაქსიმუმ ფანჯრიდან "სგუშონკა" მოგვეპარა, ქვემო ვერაზე დავდიოდით უფრო. ბავშვური სისულელე იყო, ახლა მრცხვენია ჩემი საქციელის, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ მაგარი ტიპი ვიყავი. თავს ვიმკვიდრებდით. ქუჩაში უფროს-უმცროსობა ვისწავლე. იმ დროს ერთი სული გვქონდა, უფროსს რამე დაევალებინა. ერთმანეთს ვასწრებდით წყალსა თუ სიგარეტზე წასვლას და სულ არ "ტეხავდა". პირიქით, ვამაყობდით, რომ დაგვავალეს.

-  პროფესია როგორ აირჩიე?

-  მამის გავლენით რეჟისორობა "დამემართა". თეატრალურში ჯგუფიც მომცეს, ვასწავლიდი. მერე ცოტა მწერლობაც "მჭირდა". ბავშვობაში, სკოლაში - მუსიკაც, დასარტყამ ინსტრუმენტზეც ვუკრავდი. მანამდე გუნდებში ვმღეროდი. ცოტა ხანს საქსოფონზეც ვუკრავდი ჭილაშვილებთან. მერე შევეშვი მუსიკას, დიდი ხანი არ გავკარებივარ. ისე, მთელი ცხოვრება ოცნებად მქონდა, რომ მუსიკა დამეწერა. ბოლოს ფილოლოგიური დავამთავრე.

-  პირველი ხელფასი, პირველი ჰონორარი...

-  ბაბლუანი "უძინართა მზეს" იღებდა. იმას ვეხმარებოდი, რეჟისორის ასისტენტი ვიყავი, ჯემალმა მიმიყვანა, დედაჩემის მეორე ქმარმა და იქ დამინიშნეს ჰონორარი... არა, არა, პირველი ჰონორარი როლისთვის მომცეს. ბატონმა შერგილ შონიამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "პირველი კონცერტი". იქ ქართული კინოსა და თეატრის კორიფეებთან ერთად ვთამაშობდი: ჯემალ ღაღანიძე, ვასილ ჩხაიძე (ბიძია-ბაბუა). მაშინ მომცეს პირველი სოლიდური ჰონორარი და "დუბლიონკა" ვიყიდე. ახლა ვახო ბიჭიკაშილს რომ აცვია სკეტჩებში, ისეთი (იცინის). მაშინ მოდაში იყო. ეგ თუ გეცვა, მაგარი ბიჭი იყავი. მეშვიდე კლასში გადავდიოდი.

-  როგორი იყო სოციალური ფონი ოჯახში, გიფიქრია იმაზე, რომ ფიზიკურად გემუშავა, რათა ოჯახს დახმარებოდი?

-  გაჭირვება იყო, მაგრამ არც ისეთი, რომ ამაზე მეფიქრა. საჭმელ-სასმელი ყოველთვის გვქონდა. ჯერ მარტო ისეთი ბაღი გვქონდა ეზოში, იმდენი ხილი... ხომ გითხარით, ხეზე ვარ გაზრდილი. სულ რაღაც მწიფდა ეზოში სეზონის მიხედვით. მარწყვით იწყებოდა და ხურმითა და კომშით მთავრდებოდა. საჭმელი არც მინდებოდა, ხილი მერჩივნა.

-  დედას მეორე ქმარი ახსენე...

-  რომელიც დღემდე დედასთან ცხოვრობს, თუმცა მასთან შვილები არ ჰყავს. ბებიაჩემიც, მამაჩემის დედაც ორჯერ არის გათხოვილი. მოკლედ, უზარმაზარი სანათესავო მყავს, მთელი თბილისი ჩვენ ვართ (იღიმის).

-  გია, შენ ლექსებს წერ. როდის გაგიჩნდა ამის მუზა და სურვილი?

-  სკოლაში. ისე, ბევრი სკოლა მაქვს გამოცვლილი. ცელქი ბავშვი ვიყავი და არ მაჩერებდნენ. ლეილა კაჭარავა მასწავლიდა რუსულს 53-ე სკოლაში. ერთხელ გაცინობანას ვთამაშობდით. თამაშის მთავარი პრინციპი ის იყო, რომ არ უნდა გაგეცინა, რაც უნდა ექნა ან ეთქვა შენს მეტოქეს. ერთმა თქვა აქლემი და ჯოხი, კუ და მატარებელი. ეს სიტყვები დამამახსოვრდა და ორი ლექსი დავწერე. კუ და მატარებელი მერე გრეჩიხამ იმღერა. გახსოვთ ალბათ "მელოტი კუ". ლეილა კაჭარავას უთხრეს ჩემმა კლასელებმა, ნიკოლაძემ ლექსი დაწერაო. ლეილას ეგონა ხელოვნებას ვეზიარე, ბროდსკი "გავიჩითე". წამიკითხეო, გადამეკიდა. წავუკითხე და მას მერე წარმოდგენა შეეცვალა ჩემზე (იცინის). თუმცა მაინც ვუყვარდი.

-  მაშინ, რომელიც არ არის სისულელე, ის ლექსი წაგვიკითხე.

-  სისულელე არ არის პოემა, რომელსაც ახლა გამოსაცემად ვამზადებ "ქართ ზღაპარი ანი-ბანი". 2000 წელს დავიწყე წერა და დღემდე ვამატებ სტროფებს. რაღაც დამემართა, ისეთი რამ, რომ ჩემმა შვილმა ტირილი დაიწყო. რაღაც ძალა მოვიდა, თეთრი, გამაკეთილშობილა, ყველას ყველაფერში გამოვუტყდი. ეს ძალა მაწერინებდა ამ პოემას. ღამით ვწერდი და დილით რომ ვკითხულობდი, მეუცხოებოდა ჩემივე დაწერილი. ბოლოს რომ ვნახე, რაც გამოვიდა, დავფაცურდი. ბიბლია გადავშალე, ეფრემ-ვერდი, მარგალიტები მივუქსოვე, მოვქარგე და რაღაც გამოვიდა.

-  გია, სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

-  საბავშვო ბაღიდან მიყვარდა. სიყვარული სულ თან სდევს ადამიანს. ბოლოს, ჩემი ნატულიკო რომ შემიყვარდა, აი, ეგ იყო სიყვარული, თუ იყო. მოფრინდა და დღემდე ჩემ გვერდით არის.

"სწორედ გველს დააქვს ის სიყვარული, ადამმა გულთან რაც მიიტანა,

ღვთიური გრძნობა მიწის გულიდან მის ზურგზე გველმა ამოიტანა.

წვრილ-წვრილ ელვებზე დაცოცავს გველი, უფალს შეიგრძნობს სხეული მთელი.

ის არის ელჩი ღმერთს და კაცს შორის, ყოველი ამბის მაუწყებელი..."

-  როგორ გაიცანით ერთმანეთი შენ და ნატულიმ?

-  სტუდენტურ დღეებს ვაკეთე­ბდი უნივერსიტეტში. გიორგი შარაძემ, ცხონებული გურამ შარაძის ვაჟმა, სუხიშვილების მოცეკვავეები მოიყვანა ჩემთან, პატარა ბავშვები, მეათეკლასელები. ცეკვა უნდა დაგვედგა. ყველა თვალებში შემომციცინებდა. ეს იჯდა იატაკზე, დახრილი ჰქონდა თვალები, არც შემოუხედავს. მაშინ დავადგი თვალი. რეპეტიციებზე დავახლოვდით. 25 წელია ერთად ვართ და მინდა, მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს.

-  მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი, ცუდი ბიჭი ვარ, ვაბრაზებ ნატულიკოსო...

-  დღეს აღარ ვაბრაზებ. კარგი ბიჭი ვარ (იცინის).

-  გია, დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ. ერთი და მთავარი, ისეთი, ხშირად რომ გახსენდება, რომ დარდობ, თუ არის შენს ცხოვრებაში?

-  ყველაზე დიდი უტვინობა რაც ჩამიდენია, არის ის, რომ ხელი შევუწყვე ჩემი სახლის გაყიდვას ტაბიძის ქუჩაზე. დღეს რა სიზმრებსაც ვხედავ, ყველაფერი მანდ ხდება, მაგ ეზოში. უბანში რომ ავდივარ, მთელი საძმაკაცო იქ მყავს, დავსხდებით ხოლმე ჩემი ყოფილი სახლის კუთხეში და ცრემლები მომდის. ჩემი ოცნება იმ სახლის დაბრუნებაა. ბებიაჩემსა და ბაბუაჩემს გადმოვასაფლავებდი ეზოში და მეც იქ დავისაფლავებდი თავს, რომ ჩემებმა ვეღარ გაყიდონ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება