რაში დაეხმარა კახი კალაძე ეკა კვალიაშვილს

რაში დაეხმარა კახი კალაძე ეკა კვალიაშვილს

16 დეკემბერს წილად მხვდა პატივი, რომანსების ქართველ დედოფლად აღიარებული ეკა კვალიაშვილის შემოქმედებით საღამოზე მოვხვედრილიყავი. სამეფო უბნის თეატრის სცენა რომანტიკული ჟანრის სპექტაკლის დეკორაციას მოგაგონებდათ. სცენის ერთ ნაწილში მსახიობი ქალის საგრიმიორო ოთახი იყო, მეორე ნაწილში მისი სახლის ოთახი, შუაში კი - ქუჩა, სადაც მსახიობი ქალი იდგა და მღეროდა. ეკამ მშვენივრად მოირგო შეყვარებული, სევდიანი, ტკივილიანი ქალის როლი. შემთხვევითი არ იყო, რომ საღამოს სახელწოდებაც რომანტიკული გახლდათ - "როგორ მიყვარხარ".

საღამოს პირველ ნაწილში მომღერალს ფორტეპიანოსთან აკომპანემენტს თამუნა არჩვაძე უწევდა. წონაში საგრძნობლად დაკლებულმა, გოგა ნიქაბაძის დიზაინით შეკერილ წითელ კაბაში გამოწყობილმა მომღერალმა საღამოს პირველი ნაწილი თავისივე დაწერილი სიმღერით, "უფლის სადიდებლით" დაასრულა და კულისებში გამოსაცვლელად გავიდა. სცენაზე სიმღერა "თბილისია" დაგვიტოვა, თავისი ქალიშვილის, ნუკა გვალიას შესრულებით, რამაც მაყურებლის დიდი ოვაცია და აპოდისმენტები დაიმსახურა. ცუდი ის იყო, რომ ნუკა თავად არ იდგა სცენაზე. როგორც გავარკვიე, ავად გამხდარა და ვერ დაესწრო დედის კონცერტს.

კონცერტის მეორე ნაწილი თეატრალიზებული გახლდათ. ეკამ მსახიობი ქალის ცხოვრება განასახიერა სცენაზე და სცენის მიღმა. მსახიობ ქალს, რომელსაც იმ მომენტში ეკა ასახიერებდა, საგრიმიორო ოთახში ხვდება თაიგული და წერილი. იყო განცდა, ემოცია, სიყვარული, რასაც ეკა შემდეგი სიმღერებით გამოხატავდა -"ია ჟენშინა", "ხაჩუ ტებია ვიდიტ". კონცერტის დასასრულს წერილი, რომელიც მსახიობს თაიგულთან ერთად გამოუგზავნეს, იატაკზე აღმოჩნდა.

მომღერლის ვოკალურ შესაძლებლობებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. უხერხულადაც კი მეჩვენება, კვალიაშვილის ვოკალური მონაცემების შეფასება დავიწყო. ერთს ვიტყვი მხოლოდ, დარბაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს.

ლილიკო ნემსაძე:

-ყველა ის სიტყვა, რომლითაც გამოიხატება ემოცია, შეგრძნება, შთაბეჭდილება, ძალიან უბ­რალოა საიმისოდ, რომ ამ საღამოზე და იმ ფენომენზე, რომელსაც ეკა კვალიაშვილი ჰქვია, რაიმე თქვა. ის არის განუმეორებელი მომღერალი, სრულყოფილების მწვერვალი. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენია.

ეკა კვალიაშვილი:

-ამ საღამოთი, უპირველეს ყოვლისა, ხმამაღლა ვთქვი, რომ მე დავბრუნდი ესტრადაზე და ვარ მოქმედი, აქტიური და წარმატებული მომღერალი, რომ მიყვარს ჩემი მსმენელი და მათთვის ახალ რეპერტუარზე ვმუშაობ, რომ ღმერთისგან ბოძებულ ნიჭს წინ ვერაფერი დაუდგება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კახი კალაძეს გვერდში დგომისთვის. ის რომ არა, ეს საღამო არ გაიმართებოდა.

-ეკა, საღამო საკმაოდ რომანტიკული გამოვიდა. შეუძლებელია, ასე ითამაშო შეყვარებული და მიტოვებული ქალის როლი. რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში. კვლავ ხომ არ შეგიყვარდა?

-იდეაში მე სულ შეყვარებული ვარ, ანუ დიდი სიყვარულის პოტენციალი მაქვს, გააჩნია, ვინ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში და ვის ხვდება წილად ეს დიდი გრძნობა. ჯერ ასეთი არავინ გამოჩენილა (იღიმის).

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება