თემო მჟავიას მძიმე სამი თვე - როგორ მიიღო ოჯახმა რუსი სარძლო

თემო მჟავიას მძიმე სამი თვე - როგორ მიიღო ოჯახმა რუსი სარძლო

არჩევნებამდე 2 დღით ადრე თემო მჟავია და დავით გოგიშვილი მჟავიას მოტოციკლით, რომელსაც თემომ "გლადიატორი" დაარქვა და "რეიტინგის" ერთ-ერთ ნომერში პრეზენტაციაც კი მოაწყო, ავარიაში მოყვნენ. თემოს კიდურებზე ოპერაცია ჩაუტარდა, დათო ცოტა იოლად გამოძვრა. თაბაშირი დაადეს ხელზე. მას მერე იუმორისტი საწოლს მიეჯაჭვა და ახლახან ყავარჯნების დახმარებით წამოდგა. ამ მძიმე სამ თვეზე თემო ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრებს, თან თავის შეყვარებულსაც გაგვაცნობს.

- თემო, მოგვიყევი ავარიის დე­ტალები, როგორ გადარჩი?

- ავარიამდე ჩემს მოტოს - "გლადიატორს" ვაპიარებდი ჩვენს ინტერვიუში, სამწუხაროდ, აღარ არსებობს ის მოტო.

- "გლადიატორმა" გიმტყუნა თუ შენ უმტყუნე?

- ტაქსისტმა გვიმტყუნა მეც და "გლადიატორსაც". ისეთ ადგილას ჩამოუხვია, სადაც ჯერ მანქანას არ ჩამოუხვევია და არც არასდროს ჩამოუხვევს. ეს ის დღე იყო, "ლიბერთი ბანკს" ცეცხლი რომ ეკიდა ვაკეში. ჭავჭავაძეზე მოვდიოდით. ძალიან დიდი საცობები იყო და ნელა ვმოძრაობდით. წითელზე გავჩერდით მზიურთან. უნივერსიტეტიდან ვაკის პარკის მიმართულებით მივდიოდით. აინთო მწვანე და უკნიდან, როგორც ხდება ხოლმე, დაიწყეს სიგნალები, წადიო. წავედი. ამ დროს, სად იყო და სად არა, არ ვიცი, ვიღაცამ სავარცხელი გადმოაგდო თუ რა მოხდა (იცინის), ჩემ წინ გვერდულად აღმოჩნდა ტაქსი. ვერც მუხრუჭი, ვერც მოტოს დაწვენა, ვერც გადმოხტომა ვერ მოვასწარი. მერე მახსოვს ხმები, "კაპოტი", ასფალტი, ხალხი, ოღონდ გონება არ დამიკარგავს. მახსოვს, მარცხენა ხელი მტკიოდა, რომ დავხედე, ხელი ვერ ვიპოვე, მარტო ძვლებს ვხედავდი. თურმე შიგნით მქონდა შეტეხილი და ხელზე ვიწექი. მეგონა, მომძვრა ხელი. ფეხიც დაახლოებით მსგავს სიტუაციაში მქონდა. მოკლედ, ძალიან არ მინდა დავზაფრო თქვენი მკითხველი. ან ინტერვიუს მინაწერი წაუმძღვარეთ, რომ ღამის 12 საათის შემდეგ არ წაიკითხონ და 18 წლამდე ბავშვებს ნუ წააკითხებენ (იცინის). მახსოვდა რომ უკან დათო მეჯდა და ვეძახდი, სად ხარ-მეთქი. ამ დროს დავინახე, ვიღაცას ეჯდა მუხლებში და ასულიერებდა. მგონი, ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა (იცინის). შეიძლება, სპეციალურადაც ჩაუჯდა, კაი გოგო იყო. ბანკისკენ მიმავალმა სასწრაფომ გააჩერა და ჩამოხტნენ მანქანიდან. ძალიან მტკიოდა კიდურები და სასწრაფოს ექიმს ვთხოვე, გამაყუჩებელი გამიკეთე-მეთქი. ამოიღო ამპულა და ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოცუნცულდა. სასწრაფოს ექიმიც ახალგაზრდა ბიჭი იყო. გაუმარჯოს ძმაო, დახმარება ხომ არ გინდა, მერე ამპულა არ გადააგდოო, ეუბნება. გაგიჟდა ეს ექიმი, მარტო იყო თან. დახმარება მართლა სჭირდებოდა. სამედიცინო გამოცდილება გაქვსო, ჰკითხა. სამედიცინო არა, მაგრამ სამოქალაქო მაქვს, იცოცხლე, 18 წლიდან გამოცდილი ვარო (იცინის). მოკლედ, მაგარი ვინმე იყო. ამის მერე წამიყვანეს საავადმყოფოში.

- დათოც?

- არა, ერთ მანქანში ვერ ჩაგვატიეს. დაბალი "ხრუშოვკა" სასწრაფოები რომ არის, მაგით იყვნენ. გზაში კიდევ დამიმატეს გამაყუჩებელი. ბოლომდეც ვერ გამიყუჩა და თან მაგრად იმოქმედა, ტვინი ამერია. ვყვიროდი, ფეხი არ მომაჭრათ-მეთქი. მოვიდა ექიმი და ხელით გამისწორა ფეხი და ხელი. ძვლების ღრჭიალი მესმოდა, ძალიან მტკივნეული იყო. რენტგენი გადამიღეს, შინაგანი ორგანოები ხომ არ გაქვს დაზიანებულიო. არ აღმომაჩნდა არაფერი დაზიანებული. ხმა რომ ამოვიღე და ექიმებსაც გავესაუბრე, უცებ ვიგრძენი, ვიხრჩობოდი. ისევ შემოიტანეს რენტგენის აპარატი და აღმოჩნდა, რომ ერთი ფილტვი არ მუშაობდა. მერე დრენაჟი ჩამიდგეს. 6 საათზე მიმიყვანეს საავადმყოფოში და 12 საათზე ოპერაცია დაიწყეს. დილის 6 საათამდე გრძელდებოდა ოპერაცია. ახლა რკინები მაქვს ფეხსა და ხელში. ერთი წლის შემდეგ შემიძლია ამოვიღო. სამი თვე გაუნძრევლად ვიწექი. მერე მეგობრები ეტლით დამატარებდნენ. მაქსიმალურად გამოვიყენე ეს წოლის პერიოდი. რა წიგნებიც არ მქონდა წაკითხული, წავიკითხე, რა ფილმებიც არ მქონდა ნანახი, ვნახე. მუსიკას ვუსმენდი, თუმცა საშინელი ნევროზი შემომრჩა.

- ვინ გივლიდა?

- ყველა. ჯერ საავადმყოფოში მოვიდა ყველა, ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი. მეუბნებოდნენ, არ გიცნობთ, მაგრამ ეს ამბავი რომ გავიგეთ, არ შეგვეძლო, არ მოვსულიყავითო. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის. სახლში მეგობრები მორიგეობდნენ. მშობლები მივლიდნენ. მეგობრებიც რჩებოდნენ ჩემთან. როგორც ამბობენ, ცუდი ის იყო, რომ ავარიის დროს არ გავითიშე და ყველა დეტალი მახსოვს. ექიმებს ვეხვეწებოდი, გამთიშეთ-მეთქი, ისე, ჩაფხუტი რომ არ მფარებოდა, წასული იყო ჩემი საქმე.

- შენი ნევროზი რაში გამოიხატებოდა?

- ახლაც გამოიხატება - უძილობაში, ცუდ ხასიათში, ყვირილში, რაც მანამდე არავის ახსოვს ჩემგან. ყველა ნერვს ვგრძნობდი თავში. რეანიმაციიდან პალატაში რომ ჩამოვყავდი, ექთანმა მითხრა, გაიგე, არჩევნები რომ მოვიგეთო. ეგ ხომ მანამდეც ვიცოდი-მეთქი, ვუპასუხე. გული დამწყდა იმაზე, რომ დავითს არ გაუმართლა ამ მხრივ. ის რევოლუციური სულის ადამიანია, ჩართული იყო პოლიტიკურ მოვლენებში და ჩემი "წყალობით" ამ პროცესებს გამოეთიშა. ვარდების რევოლუციის დროსაც ჩართული იყო ამ პროცესებში და ბრმანაწლავი ასტკივდა. საოპერაციოდ რომ შეიყვანეს, შევარდნაძე იყო პრეზიდენტი და რომ გამოიყვანეს - სააკაშვილი. სულ თავში ირტყამდა ხელებს, ახლაც იგივე დაემართა ჩემი "წყალობით" და დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო.

- ავარიის გამო ალბათ გამოეთიშე სამუშაო პროცესებს "ჯი-დი-ეს"-ში. რა ხდება სერიალ "ცუდ ბიჭებში"?

- მარტო მე კი არა, ყველა გამოვთიშე ამ სერიალს. გადაღებები შეჩერებულია ჩემ გამო. "ჯი-დი-ესს" რაც შეეხება, გადაცემები გადის უკვე ეთერში; დილის გადაცემა - "ტოპათეული", მალე კვირა დღეს გავა ეთერში "ჯორჯია ჯობია". რომელიც ახალგაზრდებზეა გათვლილი. წამყვანი ამიკო იქნება. ამიკომ შექმნა რამდენიმე ახალი პერსონაჟი, გაიხსენა ძველი პერსონაჟები, რომლებიც ენატრებოდა თვითონაც და ხალხსაც. ამ გადაცემაში იქნება რუბრიკები, მაგალითად, "თქვენი შოუს" ყოფილი მსახიობები კაკი და პარუნა იქნებიან. იქნება უცნაური, სასაცილო რეკორდების რუბრიკაც. აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან მალე სრულიად შეივსება "ჯი-დი-ეს"-ის სატელევიზიო ბადე.

- შენ როგორ მუშაობ ამ მდგომარეობაში?

- მარტივად. ვიღებ ჩემს ორ ყავარჯენს, ვჯდები ტაქსიში და მივდივარ. სადამდეც "გავქაჩავ", იქ ვარ. დიდი დატვირთვაც არ შეიძლება. ისედაც ძალიან მალე ავდექი, უკვირთ ექიმებს. ახლაც ეტლში უნდა ვიჯდე. ექიმების ვარაუდით, ახალი წლის მერე უნდა ავმდგარიყავი ფეხზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ექიმებს. იმდენად პროფესიონალურად გამიკეთეს ოპერაცია, თაბაშირშიც კი არ მქონდა ფეხი. მოვიკითხავ ბატონ შადიმანს (იცინის) და მადლობა ბერას გვერდში დგომისთვის. ყველა ხარჯი, რაც ჩემს სამედიცინო მომსახურებას დასჭირდა, მან გადაიხადა.

- ახლა ეს გოგონა გაგვაცანი, შენს სახლში რომ დაფუსფუსებს და თავს გევლება...

- ნასტია დივა აგვისტოში გავიცანი.

- ბათუმში?

- (იცინის) არა. საერთო მეგობარი გვყავს მე და ნასტიას, რომელსაც ჰქვია დაბალი ღმერთი. ჩვენ შევარქვით. მამრობითი სქესის არის. როგორც გავიგე, ნასტიას და მის დაქალებს აინტერესებდათ, როგორ გამოიყურებოდა საქართველო. დაბალ ღმერთს სთხოვეს, გვიმასპინძლეო. ამ ბიჭმა მითხრა, შენთვის სიურპრიზი მაქვს, სამი მაგარი გოგო ჩამოდის მოსკოვიდან, აბა, შენ იცი, დავხვდეთ, დატრიალდიო. დავტრიალდი და იმის მერე ვტრიალებ. თავბრუ დამახვია ნასტიამ. ძალიან საყვარელია, თბილი. მის მერე 15-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა. მივლიდა, მეფერებოდა.

- ბინაც იმიტომ შეიცვალე, რომ ნასტია მშობლებთან არ მიგეყვანა?

- უკვე დიდი ხანია, დამოუკიდებლად ვცხოვრობ. დიდი ბიჭი ვარ უკვე. თავს თვითონ ვუვლი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლები არ მიყვარს. უბრალოდ, დამოუკიდებლად ცხოვრება მიყვარს. ნასტიასთან ურთიერთობა მეგობრობით დავიწყე, მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან თბილი და საყვარელია, განათლებულიც და ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ნასტია მუშაობს. მოსკოვში არის ასეთი სარეკლამო კომპანია "იანდექსი" და იქ მუშაობს. ხვდება ბანკის უფროსებს, რომ "დაკეროს", ფული ჩადონ ამ კომპანიაში.

- შენ როგორ "დაგკერა"?

- (იცინის) ორივემ "დავკერეთ" ერთმანეთი. მაშინ ის პერიოდი იყო, მოტოთი რომ დავქროდი. ჩამოვიდა, დახვდა ბიჭი მოტოთი, დააქროლებდა აქეთ-იქით. შევთავაზე, მართვას გასწავლი-მეთქი და იუარა. მე იმისთვის ვარ, სითბო და სიყვარული რომ მოვიტანო და უკან ვიჯდეო, მითხრა.

- რა ჰქვია თქვენს ურთიერთობას დღეს?

- ნასტია ჩემი შეყვარებულია. ვგიჟდები, ჭკუა მეკეტება, მათრთოლებს, მაბედნიერებს.

- ქართული ასწავლე უკვე?

- პირველ რიგში, მიყვარხარ ვას­წავლე.

ნასტია:

- "მიკვარხარ" ვიცი, კიდევ თემო მჟავია (იცინის), სამი მთავარი სიტყვა ვისწავლე - მიყვარხარ, თემო მჟავია. კიდევ ვიცი "თბილო", "აქ და ახლა". იმიტომ, რომ ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ, სხვა არაფერი არსებობს, გარდა აწმყო დროისა. ყველაფერი რომ გაივლის, თუ გაივლის, არავინ იცის, რა დარჩება იქიდან. ამიტომ ვცხოვრობთ "აქ და ახლა".

- თემო, შენი ოჯახი იცნობს ნასტიას?

- იცნობს. ავარიის მერე ხომ სახლში ვიწექი და მაშინაც იყო ჩამოსული ნასტია. გაიცნეს, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, რუსი შეყვარებული მყოლოდა, მაინც გაიცნეს. დადებითი რეაქცია ჰქონდა ყველას. როგორ შეიძლება, ნასტიამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს ვინმეში?!

- საყურეს ვხედავ შენს ყურზე. აქამდე არ შემიმჩნევია...

- ავარიამდე ცოტა ხნით ადრე გავიკეთე, უარყოფით რეაქციას ოჯახის წევრებისგან ველოდი, მაგრამ ავარიამდე არავის ვყავდი ნანახი და ავარიის მერე საყურეზე ხომ აღარ დამიწყებდნენ ლაპარაკს. რახან ცოცხალი ხარ, გქონდეს ყური გახვრეტილიო, მითხრეს. ფეხები და ფილტვი მქონდა გახვრეტილი და... ყურს ვინღა ჩიოდა.

- თემო, როგორ გაგრძელდება შენი და მოტოს ურთიერთობა, კიდევ აპირებ ყიდვას?

- ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ის ზუსტად ვიცი, რომ მოტოზე აუცილებლად დავჯდები, ჩაფხუტს დავიხურავ, გავიღიმებ და გავისეირნებ ნელ-ნელა. ისეთ ადგილას, სადაც სულ მზეა და ქართველი მძღოლები არ დადიან.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები