დოიმ თავისი ახალი სპექტაკლი დედის ხსოვნას მიუძღვნა

დოიმ თავისი ახალი სპექტაკლი დედის ხსოვნას მიუძღვნა

"ჩამოგეძინათ სკამებზე თითქოს, და რაც აქ ნახეთ, სიზმარი იყოს!" - ასე მიმართავს სპექტაკლის "(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი" ფინალში ერთ-ერთი პერსონაჟი პაკი მაყურებელს, თუმცა, მერწმუნეთ, ამ ორმოქმედებიანი სპექტაკლის მსვლელობისას ნამდვილად არ ჩაგეძინებათ. დაგაბნიეთ ალბათ, ხომ?! ახლავე გაგარკვევთ: უილიამ შექსპირის კომედია "ზაფხულის ღამის სიზმარი" მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც რეჟისორების ფანტაზიის ხშირი "სტუმარია". რამდენიმე დღის წინ, ორთვიანი მუშაობის შემდეგ, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ეს პიესა მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზე წარმოადგინა.

ყველასათვის ნაცნობ სიუჟეტს ვრცლად არ გიამბობთ, ორიოდ სიტყვით გეტყვით, რომ პიესაში აღწერილია ზაფხულის ერთი ღამე, როდესაც სულები გადმოდიან საფლავებიდან და ოინებს უმართავენ ადამიანებს, თუმცა ხშირად ასეთი ხუმრობა სავალალო შედეგამდე მიდის. ექსპერიმენტები ხომ არცთუ ისე ხშირად ამართლებს, არა?! დღემდე დადგმულ ამ პიესას ყველა რეჟისორი უწყინარ, ფერიულ, ზღაპრულ სახეს აძლევდა, თუმცა დოის გადაწყვეტილებით, ის გაცილებით უფრო "მკაცრი", რეალური და ამავე დროს არარეალურია, რადგან პერსონაჟები სიზმრისეულ ლაბირინთში არიან დაკარგულები და მისგან თავის დაღწევა უჭირთ.

ორმოქმედებიანი სპექტაკლი ერთგვარად გათანამედროვებულია, თუმცა არა ტექსტით, არამედ ვიზუალური ხერხების საშუალებით და ტექნიკური სიახლეებითაა დატვირთული. სპექტაკლში გამოყენებულია ვიდეოინსტალაციები და დოისივე გადაწყვეტილებით, ის შოპენის მუსიკითაა გაფორმებული. რეჟისორი სპექტაკლის პროგრამაში წერს: "სპექტაკლს ვუძღვნი დედაჩემის ხსოვნას. დოი"

მსახიობები ისე კარგად მუშაობენ, რომ რთულია, რომელიმეს რამეში წუნი დასდო, თუმცა მინდა, ორი მათგანი განსაკუთრებით შევაქო და ესენი არიან: არჩილ სოლოღაშვილი და ანა ალექსიშვილი. მათ გარდა სპექტაკლში დაკავებული არიან მსახიობები: კახა კინწურაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ანა წერეთელი, ლევან კახელი, გიგი ქარსელაძე და სხვანი. მათ შორის რამდენიმეს პრობლემად ისევ და ისევ რჩება მეტყველება, ანუ მათი ხმა ვერ აღწევს მაყურებლამდე. რეჟისორი ამას დარბაზის ცუდ აკუსტიკას აბრალებს, თუმცა მაშინ ყველას ხმა უნდა დაიკარგოს და არა რამდენიმესი. იმედია, ეს საკითხი გამოსწორდება. საერთო ჯამში კი ფაქტია, რომ დოი ნიჭიერი კაცია და ეს არაერთხელ დაამტკიცა. ამ შემთხვევაში მსახიობებმაც ძალიან შეუწყვეს ხელი და შედეგად, თანამედროვე ქართულ თეატრში ერთ-ერთი კარგი სპექტაკლი შეიქმნა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება