ცნობილები საახალწლო იმიჯსა და ტრადიციებზე

ცნობილები საახალწლო იმიჯსა და ტრადიციებზე

ახალი წლის შესაგებებლად თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად ემზადება; ყველა ცდილობს, ახალი სამოსით, ლამაზი სამკაულით, სასიამოვნო გარემოში შეხვდეს და ჯადოსნურ ღამეს საუკეთესო განწყობილებაც დაიბედოს. სადღესასწაულო გეგმებსა და ჩაცმულობაზე საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს გავესაუბრე.

ეკო ფანგანი, მოდელი:

- ასტროლოგების საახალწლო რჩევები სიმბოლურია და ახალი წელიც სიმბოლურ დღესასწაულად მიმაჩნია. ასე თუ ისე, ახალი წლის საღამოს ჩასაცმელი ტანისამოსის შეძენისას, ძირითადად, ფერებს ვითვალისწინებ. ახლა ამბობენ, - ვინაიდან გველის წელი მოდის, მისი ტყავის სამოსი არ უნდა ჩავიცვათო. ჰოდა, ასეთ რამეს მეც არ გავაკეთებ...

- ახალი წლის ღამეს რომელიმე ღონისძიების გაძღოლა ხომ არ მოგიწევს?

- კი. "ცეკვავენ ვარსკვლავების"გალა-კონცერტის შემდეგ, ერთ-ერთ კლუბ-რესტორანში გასართობი საახალწლო საღამოს წამყვანი ვიქნები... საერთოდ, ღონისძიებებზე ერთი და იმავე ტანსაცმლით სიარული არ მიყვარს; სპორტულად იშვიათად ვიცვამ, ყოველთვის მაქსიმალურად გამოპრანჭული ვარ ხოლმე. ყოველ ახალ წელს ვცდილობ, საღამოს კაბა ჩავიცვა და შესაბამისი ფეხსაცმელი, ვარცხნილობა და მაკიაჟიც მქონდეს. საახალწლოდ დიზაინერები მოდის ახალ ტენდენციებს ხომ გვთავაზობენ? ჰოდა, მათ რჩევებს მეც ვითვალისწინებ.

- რაიმე საახალწლო ტრადიცია თუ გაქვს?

- დამდეგს ყოველთვის სახლში ვხვდები და მერე მეგობრებთან ერთად, გასართობად მივდივარ ან ვმუშაობ. დედას აქვს ასეთი ტრადიცია: ოჯახის ყველა წევრმა ნაძვის ხეზე ახალი სათამაშო უნდა ჩამოკიდოს; 12 საათზე ერთმანეთს აუცილებლად, გოზინაყი უნდა მივართვათ და ხელში შამპანურით სავსე ჭიქა უნდა გვეჭიროს... უკვე დიდი გოგო ვიყავი, თოვლის ბაბუასთვის ფეხსაცმელს რომ ვამზადებდი, ახლა სანტა კლაუსისთვის წინდა გვაქვს (იცინის). საახალწლო საჩუქრის მიღება ყოველთვის სასიამოვნოა. ის ახალ სიხარულთან, ახალ წარმატებასთან ასოცირდება.

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- მოგეხსენებათ, ადრე ახალ წელს ქუჩაში, დიდ კონცერტებზე ვხვდებოდით, ახლა კი მგონი, მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები არ იგეგმება და 2013-ის დადგომას ალბათ, შინ აღვნიშნავ, შემდეგ კი მე და მაკა რამდენიმე რესტორანში ვიმღერებთ, ჩვენს საყვარელ მსმენელს მივეფერებით და ახალ წელს სრულიად საქართველოს მივულოცავთ. შესაძლოა, თბილისიდანაც მოგვიხდეს გასვლა... საერთოდ, როცა ხალხი ახალ წელს ქუჩაში, ჩვენთან ერთად ეგებება, ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ; მათი მოღიმარი სახეების ყურება მიხარია.

- ახალი წლისთვის ოჯახის წევრებს საჩუქრებს თუ უმზადებ?

- ეს აუცილებელია! ვგიჟდები, როცა ადამიანებს სიხარულსა და ბედნიერებას ვანიჭებ.

- საახალწლო საკონცერტო ტანისამოსს რის მიხედვით ირჩევ?

- როდესაც კონცერტს მერია ატარებდა, ისინი ზრუნავდნენ ჩვენს ჩაცმულობასა და იმიჯზე. მოგეხსენებათ, მათთან წამყვანი დიზაინერები თანამშრომლობდნენ. ერთი მხრივ, ეს კარგი იყო, რადგან კონცერტი მთლიანად "შეფუთული"გახლდათ.

- ბევრ ადამიანს ტრადიცია აქვს, წინასაახალწლოდ გარდერობი შეძლებისდაგვარად განაახლოს...

- მე ეს ტრადიცია მთელი წელი მაქვს (იცინის). "შოპინგი"იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ ვცდილობ, მაღაზიებს ხშირად ვესტუმრო. ახლა ირმა შარიქაძესთან ფოტოსესია მაქვს და იმდენი ტანსაცმელი მივიტანე, გაგიჟდა, - როდის ასწრებ ამ ყველაფრის ჩაცმასო?!

- დამდეგ ახალ წელს როგორ მიულოცავ ქართველებს?

- ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ქვეყანა ისე გამთლიანებულიყოს და ფეხზე დამდგარიყოს, რომ მატერიალურად გაჭირვებული ადამიანი არსად გვენახოს. როდესაც ხალხს უჭირს, ქვეყანაში მძიმე ფონი იქმნება და ვისურვებდი, რომ 2013 წელი ყველა ოჯახში ბარაქიანი, ბედნიერი იყოს და რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულით გვეცხოვროს.

სალომე გოგიაშვილი, ტელეწამყვანი:

- პირველი შემთხვევაა, როცა წინასწარ არ ვიცი, დამდეგს როგორ შევეგებები. აქამდე ამ დღესასწაულს ოჯახთან ერთად ვხვდებოდი, მერე კი მეგობრებთან ერთად, გასართობად მივდიოდი... როცა ქუჩაში კონცერტები იმართებოდა, მაშინ დამდეგს მეც გარეთ ვეგებებოდი. ახლა რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, მაგრამ ბავშვობისას მეკვლეობა მიწევდა - ოჯახის წევრები "გამდგამდნენ"ხოლმე გარეთ და შინ ცოტა ხნის მერე შევდიოდი (იცინის). ახლა ოჯახის მეკვლეები ჩემი შვილები არიან.

- შენს შვილებს როგორი თოვლის ბაბუა ჰყავთ?

- უფროსმა იცის, რომ მისი თოვლის ბაბუა მე ვარ და მეუბნება: ძალიან რომ არ დაიხარჯო, გეტყვი, რაც მინდა და ის მიყიდეო. აი, უმცროსს კი მგონი, ამ ჯადოსნური კაცის არსებობის ისევ სჯერა და "ნოყიერ"საჩუქრებსაც ითხოვს (იცინის).

- საახალწლო სამოსზე ყოველთვის წინასწარ ზრუნავთ?

- მოგეხსენებათ, ყოველ წელს რომელიღაც ფერია აქტუალური. ამ მხრივ, ასტროლოგებისა და დიზაინერების რჩევებს ვითვალისწინებ ხოლმე... არ ვიცი, ახლა თბილისში ვინ რას ამბობს, მაგრამ საზღვარგარეთიდან ახლახან ჩამოვედი და იქ წითელი ფერია აქტუალური. საერთოდ, ვფიქრობ, ქალს გარდერობში ერთი წითელი კაბა მაინც უნდა ჰქონდეს.

- ზოგს ასეთი ტრადიცია აქვს - ახალი წლის ღამეს აუცილებლად, ოქროს სამკაული უნდა ეკეთოს...

- როცა გავთხოვდი, მეუღლემ ძალიან ლამაზი ბეჭედი მაჩუქა, რომელსაც არასდროს ვიხსნი. ასევე, ყოველთვის მიკეთია ქორწინების ბეჭედი და საყურე, რომელიც მეჯვარემ - ია ფარულავამ მაჩუქა. ალბათ, ამ ნივთებს ახალი წლის ღამესაც ვერ შეველევი.

გია ცინაძე (მყუდრო), მსახიობი:

- ეს დღესასწაული ძალიან მიყვარს, რადგან ბავშვობასთან და თინეიჯერობასთან ასოცირდება. მაშინდელი ემოციები მაქვს გამოყოლილი, თორემ რომ გითხრათ, - ახლა დამდეგს განსაკუთრებულად ველოდები-მეთქი, - მოგატყუებთ...

ახალ წელს ტრადიციულად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ და რაც შეიძლება მეტ სითბოსა და სიყვარულს გავცემ. საყვარელ ადამიანებს, ახლობლებს შეძლებისდაგვარად, საჩუქრებსაც ვუკეთებ ხოლმე. რაც შეეხება ასტროლოგიურ რჩევებს, სიმართლე გითხრათ, ამით არ ვინტერესდები და არც ვითვალისწინებ.

ანა ქურთუბაძე, მსახიობი:

- ახალი წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, გამორჩეული და განსაკუთრებული დღესასწაულია. ახალი ნაძვის ხე და სათამაშოები ეს-ესაა, სახლში შემოვიტანე; ნაძვის ხის მორთვა ჩემთვის დიდი რიტუალია და ძალიან მომწონს.

საერთოდ, ბოლო რამდენიმე წელია ახალ წელს მეგობრებთან ერთად, აბასთუმნის ობსერვატორიაში ვხვდებოდი. იქ უჩვეულო გარემოა და რაც მთავარია, ყოველთვის არის თოვლი, რაც ახალ წელს ძალზე უხდება...

ამჯერად ოჯახთან ერთად, გურიაში მივდივარ, სადაც ბებია-ბაბუა, ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები - მოკლედ, ლამის მთელი სანათესავო დამხვდება და კარგადაც მოვილხენთ. მანამდე კი თეატრში სპექტაკლი გვაქვს - "საშობაო ზღაპარი", სადაც თუთიყუშის როლს ვასრულებ, "შუა ქალაქში"კი საახალწლო სერიები უნდა გადავიღოთ. ყველას ბედნიერ ახალ წელს, წარმატებას, წინსვლასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ!

ზაალ წულუკიძე (ვინი), ტელეწამყვანი:

- ჰოროსკოპით გველი გახლავართ და ცხადია, 2013 წელს დიდი იმედითა და ოპტიმიზმით ველოდები. 2012-ში თითქოს, რაღაც დამაკლდა, ყველაფერი ისე ვერ იყო, როგორც მინდოდა... საახალწლო ჩაცმულობას და ასტროლოგიურ რჩევებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. სანტას სამოსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიცვამ, თუ თინეიჯერების "ივენთი"ან სასკოლო ღონისძიება მიმყავს...

ყველას მივულოცავ დამდეგ ახალ წელს და დიდი იმედი მაქვს, რომ 2013-ში ტელეეკრანს დავუბრუნდები.

ხატია შამუგია, პარფიუმერიული კომპანიის პიარ-მენეჯერი:

- წინასაახალწლო სამზადისისთვის ვერასდროს ვიცლი, რადგან 31 დეკემბერს ჩვეულებრივი სამუშაო დღე მაქვს. საბედნიეროდ, კერძების მომზადებაში დედა მეხმარება, ჩემი მოვალეობა კი ოჯახის დაფინანსება და ნაძვის ხის მორთვა გახლავთ... ოჯახში მეკვლე ყოველთვის მე ვარ, წელს კი ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადები, რადგან გველის წელში გახლავართ დაბადებული.

როგორც წესი, ახალი წლის ღამეს შინ ვეგებები, შემდეგ კი ესა თუ ის საღამო ან კონცერტი მიმყავს. ტრადიციულად, ოჯახის წევრებისთვის საჩუქრებს ვყიდულობ. ჩემი შვილი 4 წლის იყო, როცა მიხვდა, სინამდვილეში ვინ გახლდათ მისი თოვლის ბაბუა და ყოველთვის წინასწარ ვიცი, რა სურს. ასევე, ამ დღეს შინ ყოველთვის ვანთებთ სანთელს.

- ასტროლოგებისა და დიზაინერების რჩევებს თუ ითვალისწინებ?

- კი. ეს მეცნიერება ძალიან მაინტერესებს და გარკვეულ რჩევებს ვითვალისწინებ კიდეც. ვიცი, რომ როცა მაგალითად, კურდღლის წელია, სუფრაზე კურდღლის ხორცი არ უნდა დავდო და ა.შ. შესაბამისად, გველის წელში გველის ხორცის კერძი არ გვექნება (იცინის). რაც შეეხება ტანისამოსის ფერებს, ამასაც ვაქცევ ყურადღებას. ისე, მე კი არა, კოლექციის შექმნისას მსოფლიოს კუტიურიეებიც ასტროლოგიურ წელს ითვალისწინებენ ხოლმე. 2013-ში ალბათ ოქროსფერი, ვერცხლისფერი და შავი იქნება აქტუალური... დაბოლოს, მინდა თქვენი ჟურნალის მკითხველებსა და მთელ საქართველოს ბედნიერი შობა-ახალი წელი ვუსურვო!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება