ლტოლვილები მალე ბინებსა და საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ

ლტოლვილები მალე ბინებსა და საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე გახდა. მისი გამინისტრებიდან ძალიან მალე, დევნილები სხვადასხვა შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაეკმაყოფილებინათ საცხოვრებელი ფართობით. როგორ გადაიჭრა აღნიშნული პრობლემა, რა საჩუქრებს უნდა ელოდოს დევნილი მოსახლეობა საახალწლოდ მინისტრისგან, ამას თავად ბატონი დავითი მოგვიყვება.

- სამინისტროს შენობა ისეთივე დამხვდა, როგორიც იყო. არაფერი შეგვიცვლია. აქაც ჩემს გამონათქვამს გამოვიყენებ და გეტყვით, რომ ნდობის ფაქტორი ჩვენი სამინისტროს მიმართ ფაქტობრივად, არ არსებობდა. ვერ გეტყვით, რომ ჩვენ ამ ხნის მანძილზე რაიმე განსაკუთრებული გავაკეთეთ, მაგრამ დევნილების მხრიდან გარკვეული ნდობა ნამდვილად მოვიპოვეთ. ამის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ დევნილებმა, რომლებიც ერთ-ერთ შენობაში უკანონოდ ცხოვრობდნენ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე დატოვეს შენობა. მათ მადლობაც კი გადაგვიხადეს. მიმაჩნია, ეს უკვე პოზიტიური ნიშანია, რადგან დაგვიჯერეს.

- რა დაპირებები მიიღეს თქვენგან, რატომ გადაწყვიტეს შენობის დატოვება?

- რა თქმა უნდა, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დევნილებთან, რაც თავიდან უპერსპექტივოდ გვეჩვენებოდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ შეთანხმება. მოგეხსენებათ, ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჩვენ მიმართ, განსაკუთრებით - ქალბატონები. იმასაც გეტყვით, რომ მოდიოდნენ ჩვენთან სამინისტროში და იმუქრებოდნენ შენობების გადაწვით, საკუთარი თავის დაწვით. იცით, რაშია საქმე? ამ მდგომარეობამდე იმან მიიყვანა ხალხი, რომ ოცი წლის განმავლობაში ცხოვრების გაუმჯობესების იმედი ჰქონდათ, ეს იმედი კი გაუცრუვდათ. სიდუხჭირემ და ცუდმა ცხოვრებამ ფსიქიკა შეურყიათ. ამიტომ, მათი ამგვარი მუქარა არ იყო გასაკვირი. რასაც მოლაპარაკების დროს დევნილებს დავპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ. 18 ოჯახს, რომლებსაც სამინისტროს ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად უჭირთ, დაახლოებით ორ თვეში მიიღებენ საცხოვრებელ ადგილს მუდმივი სარგებლობისთვის მოსკოვის პროსპექტზე. არიან ისეთებიც, ვისაც არ სურს მოსკოვის პროსპექტზე საცხოვრებელი ადგილი. მათ შევპირდით, რომ როდესაც გლდანის ტერიტორიაზე გაკეთდება ახალი ბინები, აუცილებლად მიიღებენ. იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ ეკუთვნოდა საცხოვრებელი ფართობი, ისინი დავარწმუნეთ, რომ უკანონოდ ითხოვდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც ადრე ცხოვრობდნენ. მათ ჩვენ არაფერს შევპირებივართ. ვიღებთ მხოლოდ სამართლიან გადაწყვეტილებებს.

- ამბობდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უბიძგებდნენ დევნილებს შენობებში შეჭრისა და მათი დაკავებისკენ.

- არ შემიძლია რაიმე დავასაბუთო, მაგრამ უცნაურად რომ ხდებოდა რიგი მოვლენები, ეს ფაქტია. მაგალითად, საღამოს რომ მოელაპარაკები დევნილებს, დაშორდები დამშვიდებული და მეორე დილით ისევ საწინააღმდეგო აზრზე არიან, ჩნდება ეჭვი, რომ ხელოვნურად იქმნებოდა დაძაბულობა. დევნილები რა თქმა უნდა, არ ადასტურებდნენ, რომ მათ ვინმე მართავდა. მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიუთითა, სად და რომელი შენობა დაეკავებინათ. კონკრეტულად ეს ადამიანები იყვნენ მერიის თანამშრომლები, რომლებიც სავარაუდოა ასევე, რომ ყოფილიყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორებიც.

- თქვენი მინისტრად დანიშვნის შემდგომ ხომ არ მოხდა ძველი თანამშრომლების გათავისუფლება და ახალი კადრებით მათი ჩანაცვლება?

- გეტყვით, რომ არცთუ ისე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ჩემი მოადგილეები ყველანი ახლები არიან. პროფესიონალი კადრები და კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანები დარჩნენ თავიანთ თანამდებობებზე. რამდენიმე ახალი თანამშრომელიც გვყავს.

- საახალწლოდ ხომ არ იგეგმება რაიმე სახის დახმარება დევნილებისთვის?

- საახალწლო დახმარება სიმბოლური იქნება. სერიოზული მატერიალური დახმარების საშუალება სამწუხაროდ, არ გვაქვს. 90 000 ოჯახია დევნილი. 10 ან 20 ლარიც რომ დაურიგო რაიმე დანამატის სახით, ეს დიდს არაფერს წარმოადგენს დევნილებისთვის, ბიუჯეტი კი ძალიან იზარალებს.

- "სიმბოლურში" რას გულისხმობთ?

- კახეთის გზატკეცილზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უკვე გადავეცით ტკბილეულობა. სახურავიც გავურემონტეთ. ვამზადებთ 1000-ზე მეტი დევნილი ბავშვისთვის ტკბილეულობის ნაკრებს, წიგნებსა და სათამაშოებს. მატერიალური თვალსაზრისით, როგორც გითხარით, დახმარება არ იგეგმება. ზემოთ აღნიშნული საჩუქრებით კი ყურადღებასა და მორალურ მხარდაჭერას გამოვხატავთ ამ ადამიანების მიმართ.

- 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის აშენდა კოტეჯები, რომელთა უმეტესობაც თავიდან არის გასაკეთებელი. კედლები მთლიანად დაობებულია. ხომ არ იგეგმება მათი შეკეთება?

- იგეგმება ძალიან ბევრი რამ. მათ შორის ახალი შენობების აშენება და ცხადია, აშენებულის რეაბილიტაციაც. გეგმაში ძალიან სერიოზული პროექტები გვაქვს და ამაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, არ გვაქვს რაიმე კონკრეტული პროექტი, მაგრამ სადაც ძალიან რთული ვითარება იქნება, რა თქმა უნდა, გამოსავალს ვიპოვით.

- თქვენ თქვით, რომ დევნილს, რომელიც მუშაობს სახელმწიფო სამსახურში და აქვს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება, უნდა მოეხსნას დევნილობის დახმარება - 28 ლარი. ამ ინიციატივას მოჰყვა აჟიოტაჟი. დღეს რა ვითარებაა ამ მხრივ?

- მე ვთქვი ასეთი რამ: მაგალითად, წარმატებული ბიზნესმენი, რომელსაც თვეში რამდენიმე ათასი ლარი აქვს შემოსავალი, 28-ლარიან დახმარებას არ უნდა იღებდეს და ეს თანხა უნდა ნაწილდებოდეს ბიუჯეტში, საიდანაც მოხდება იმ დევნილების დახმარება, ვისთვისაც ეს ფული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც ეს ინიციატივა გავაჟღერე, "რუსთავი 2" გავარდა და დევნილებს უთხრა, თქვენმა მინისტრმა თქვა, ვინც მუშაობს, იმათ დახმარება მოეხსნებაო. ატყდა ერთი ამბავი. ამან გამოიწვია უარყოფითი რეაქცია. შემდეგ მოვხსენით ეს თემა დღის წესრიგიდან. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დევნილთა შემწეობები გაორმაგდება. მე კი ვრჩები ჩემს აზრზე, მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული საკანონმდებლო ცვლილება. ეს იდეა ეწინააღმდეგება მრავალ ნორმას, მათ შორის - სტატუსის თემას. რაღაცნაირად უნდა მოხდეს სტატუსისა და დახმარების გამიჯვნა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ძნელი იქნება აღრიცხო ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ერთ თვეს შეიძლება ბევრი აქვს შემოსავალი, თუმცა მეორე თვეს შესაძლებელია უმუშევარი დარჩეს. თუმცა იდეაში მგონი, რომ სწორია ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლებელია ადამიანმა, რომელსაც მაღალი ანაზღაურება აქვს, არ აიღოს 28 ლარი და სხვას გადაურიცხოს ეს თანხა. თუმცა იმასაც არ ვამბობ, რომ ზედმეტია ვინმესთვის ეს ფული. ჩემთვისაც არასდროს ყოფილა ეს 28 ლარი უმნიშვნელო და თქვენ წარმოიდგინეთ, არც დღეს არის ზედმეტი, რადგან თუნდაც მინისტრის ხელფასი ვერ სწვდება ყველა საჭიროებას. ოთხი სული ვართ ოჯახში და ჩემი მეუღლე ძალიან ეფექტიანად იყენებს ამ თანხას, მაგრამ ახლა ჩემს მდგომარეობას თუ შევადარებ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების მდგომარეობას, ეს არ იქნება სწორი. ისინი ჰაერივით ელოდებიან 28 ლარს, მათთვის ამ თანხის გაორმაგება ან გასამმაგება უკვე სერიოზული მხარდაჭერაა. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ.

- წინა ხელისუფლებამ გორში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის ახალი შენობა ააშენა. ხომ არ აპირებთ გადასვლას?

- მოგახსენებთ, რომ ეს შენობა უკვე გადაეცა ქურთის, ერედვისა და ქირვის მუნიციპალიტეტებს. ჩვენი საკუთრება აღარ არის.

P.S. მინდა, რომ თქვენ და ყველა ჟურნალისტს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, მინდა ვუსურვო წარმატებები კარიერასა და პირად ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ჟურნალისტი დავარწმუნო იმაში, რომ მათთან არც არასდროს მქონია ცუდი ურთიერთობა და არც ახლა შევიქმნი ცუდ იმიჯს. ძალიან თავისუფალი რესპონდენტი ვარ. ერთი შემთხვევა მქონდა, ალბათ გახსოვთ, ჟურნალისტ (თუმცა მას ჟურნალისტსაც არ ვუწოდებ) ნინო ობგაიძესთან. ძალიან ბევრმა დამნაშავედ ჩამთვალა. გამოიყვანეს ისე, რომ მე ვარ ვიღაც უჟმური და საშინელება და არავისთან ვურთიერთობ. ალბათ დაგარწმუნეთ, რომ ეს ასე არ არის.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა