2012 წლის მთავარი გმირები

2012 წლის მთავარი გმირები

2012 წელი მიიწურა და რამდენიმე პრესტიჟულმა უცხოურმა გამოცემამ თვალი გადაავლო, გასული წლის განმავლობაში სხვა­დასხვა სფეროში რომელი ადამიანები იყვნენ ყველაზე გამორჩეულები. ახლა სწორედ 2012 წლის მთავარ გმირებს წარმოგიდგენთ.

ადელი

გაბზარული გულის შესახებ ნა­ღ­ვლიანი თეთრი სოულის შემსრულებელმა, 24 წლის ბრიტანელმა ადელმა ალბომით "21" გაყიდვების მრავალწლიანი რეკორდი მოხსნა, მუსიკალური მსოფლიო ინდუსტრიის რეანიმირება პრაქტიკულ­ად მარტომ შეძლო და ამასთან დაამტკიცა, რომ აუცილებელი სუ­ლაც არ არის, თანამედროვე პო­პვარსკვლავმა სცენაზე შიშველმა იაროს და უძვირესი კლიპები გა­დაიღოს. წელს ალბომმა "21" ადელს ექვსი "გრემი" მოუტანა და ამ მაჩვენებლით მომღერალმა 2010 წელს ბიონსეს მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

რენე რეძეპი

გასტრონომიული მოღვაწე, რომლის შესახებ მსოფლიოში ყველაზე მეტს ლაპარაკობენ - რენე რეძეპი, რესტორან Noma-ს შეფმზარეულია, სადაც კლიენტებს ჭიანჭველებით, მიწითა და ქვებისგან დამზადებული კერძებით უმასპინძლდებიან. რენე რეძეპიმ გასტრონომიაში საკუთარი მიმართულება შექმნა, რომელსაც ბევრი საკვებად უვარგისად მიიჩნევს. დანიელმა შეფ-მზარეულმა კოპენჰაგენში რესტორანი Noma 8 წლის წინ გახსნა და ამ ხნის განმავლობაში Michelin-ის ორი ვარსკვლავი მიიღო. 2010 წლიდან მოყოლებული, ბრიტანული ჟურნალ Restaurant-ის უცვლელი ლიდერია და Time-ის ვერსიით, მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შედის.

მიუჩა პრადა

სამოდელო ბიზნესის მემკვიდრე მიუჩა პრადა ერთ-ერთი საუკეთესო იყო გასულ წელს ამ სფეროში. გარდა ამისა, მან მოდისა და თანამედროვე ხელოვნების შეთავსება მოახერხა. არადა, ტანსაცმლის დიზაინის შექმნა დიდი ხნის განმავლობაში არ სურდა, თუმცა 2000-იანი წლების მოდის მწვერვალზე აღმოჩნდა და დაამტკიცა, რომ სავსებით შესაძლებელია ფეშენის თანამედროვე ხელოვნებასთან შერწყმა, სილამაზის საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების უგულებელყოფა, შალის წინდებისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კომბინირება, ბუმბულის ქვედაბოლოების, პლასტიკატისგან დამზადებული ბანანის ფორმის საყურეების შექმნა და თან კომერციული წარმატების მიღწევა.

სლავოი ჟიჟეკი

მსოფლიოში ერთადერთი ფილოსოფოს-სუპერვარსკვლავი უსასრულოდ მოგზაურობს გასტროლებით, უნივერსიტეტებსა და მოედნებზე გამოდის, ლინჩსა და ჰიჩკოკს აანალიზებს! კაპიტალიზმს ამხელს და მის გამოსვლებს მრავალი ათასი ადამიანი ესწრება, რომლებსაც მარქსის შრომები წაკითხული არ აქვთ და ლაკანის გვარიც კი არ სმენიათ. ფროიდო-მარქსისტული ყაიდის სლოვენიელი კულტუროლოგი, ასოციალური ფილოსოფოსი, რომელიც თავს "მებრძოლ ათეისტად" მიიჩნევს, ლუბლიანაში ცხოვრობს და მუშაობს და ამ სფეროში გასულ წელს ყველაზე შთამბეჭდავი იყო.

ნორმან ფოსტერი

ამ არქიტექტორის სახელი მათთვისაც კი ცნობილია, ვისაც არქიტექტურა საერთოდ არ აინტერესებს. ბრიტანული ჟურნალ Building Desing-ის რეიტინგში შემავალი ათი უმსხვილესი არქიტექტურული ბიუროდან ერთს ყველა იცნობს, რადგან ამ ბიუროს შენობებიდან თითოეულს რომელიმე რეკორდი აქვს დამყარებული. მანჩესტერის მუშათა კვარტალში დაბადებულმა და გაზრდილმა ნორმან ფოსტერმა ყველა შესაძლო არქიტექტურული ჯილდო მიიღო. დღეს მისი ბიურო, სადაც ათასამდე ადამიანი მუშაობს, თანამედროვე არქიტექტურის ნამდვილი ფაბრიკაა, რომლის სახესაც ფოსტერი წარმოადგენს.

ჯულიან ასანჟი

დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად ბრიტანულ სასამართლოს ლონდონში ეკვადორის საელჩოში ემალება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი შვედეთს უნდა გადაეცეს. ეს ქვეყანა კი, თავის მხრივ, აპირებს, რომ ასანჟი აშშ-ს გადასცეს. ჟურნალისტი, ჰაკერი, ადამიანი, რომელმაც ყველა ქვეყნის ხელისუფლებას ომი გამოუცხადა და მისი გამოწვევა მიღებულ იქნა... ჯულიან ასანჟმა იმგვარი დოკუმენტების მოპოვება შეძლო, რომელთა ხელში ჩაგდება ვერცერთმა ჟურნალისტმა ვერ მოახერხა. ტუნისის რევოლუციის პროვოცირებაც მოახერხა და ამჟამად ამერიკელი ხალხის მტრის ოფიციალური სტატუსით საელჩოს ერთ პატარა ოთახში იმალება. WikiLeaks-ის დამაარსებელი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე კინემატოგრაფიული პერსონაჟია. მისი ბიოგრაფიის მიხედვით ნებისმიერი სიუჟეტის ფილმის გადაღებაა შესაძლებელი.

ჯეიმს კამერონი

დღეს ჯეიმს კამერონი ჰოლივუდის მთავარი რეჟისორია, 1980-იან წლებში კი მიაჩნდა, რომ აუტსაიდერულ ფილმებს იღებდა და მაყურებელი მას ვერ გაუგებდა. მაგრამ როდესაც 6.5 მილიონ დოლარად გადაღებული "ტერმინატორის" შემოსავალმა 100 მილიონს გადააჭარბა, რეჟისორმა უამრავი შეთავაზება მიიღო. "ტერმინატორი 1", ტერმინატორი 2", "ტიტანიკი", "ავატარი" - შედეგად 21 "ოსკარი" და 6 მილიარდი დოლარი. ამჟამად კამერონი ფილმებს იშვიათად იღებს და ძირითად დროს ოკეანის სიღრმეში ატარებს, მაგრამ მაინც ჰოლივუდის ყველაზე წარმატებულ და ავანგარდულ კომერციულ რეჟისორად რჩება.

ლიონელ მესი

"ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მას წინამორბედ კოლეგებზე მეტი ბურთი გააქვს, მათზე სწრაფად დარბის და მეტოქესთან ორთაბრძოლაში მათზე უფრო მოხდენილი ფინტებითაც გამოირჩევა. ლიონელ მესი აქარწყლებს საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ XXI საუკუნეში ფეხბურთი, ბოლოს და ბოლოს, შოუბიზნესის დიდი და დინამიკური დარგი გახდა. მილიონობით გულშემატკივრის მიერ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ მესის შოუბიზნესისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, არც გარეგნულად არის გამორჩეული, არც ბიოგრაფიით და არც ქალებისკნ სწრაფვით. ის თავის საქმეს აკეთებს, ეს არის და ეს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს