როგორ შევარჩიეთ ფეხბედნიერი მეკვლეები

როგორ შევარჩიეთ ფეხბედნიერი მეკვლეები

მოგეხსენებათ, საქართველოში მეკვლეობა უძველესი ტრადიცია გახლავთ, რომელსაც ბევრ ოჯახში დღემდე იცავენ. ფეხბედნიერ მეკვლეს შეუძლია, ოჯახს წარმატება დააბედოს. პუტკუნა ადამიანები საუკეთესო მეკვლეებად მიიჩნევიან. ამიტომ გადავწყვიტეთ, "გზის" საახალწლო ნომრისთვის ცნობილი პუტკუნა ადამიანები ჩაგვეწერა, რომ ჩვენს "ოჯახს" წარმატება - საინტერესო ინტერვიუები და სტატიები, ბევრი ექსკლუზივი და ტირაჟის ზრდა დაჰბედებოდა...

თაკო აბაშიძე:

- პუტკუნა ადამიანებს კარგი ფეხი აქვთ? არ ვიცოდი (იცინის)! რადგან თქვენი "მეკვლე" ვარ, ჟურნალ "გზას" 10-ჯერ მეტ ტირაჟსა და ბევრ ექსკლუზივს ვუსურვებ! ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ახალ წელიწადს როგორ დავიწყებთ. ამიტომ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული განწყობილებით, ოჯახთან ერთად ვხვდებოდი. წელსაც ასე მოვიქცევი. რომ გითხრათ, მეკვლეობის მჯერა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ამ ტრადიციას მაინც ყველა იცავს და ცდილობს, მისი მეკვლე კარგი, ბედნიერი ადამიანი იყოს, რომლის შესახებაც ამბობენ, - კარგი ფეხი აქვსო. ბარბარობის დღესასწაულზე ჩვენი მეკვლე ჩემი შვილი - ბარბარე იყო: სახლიდან გავიყვანე და მეკვლედ შემოვიყვანე. ახალ წელსაც იმავეს ვაპირებ.

- თაკო, მეკვლეობას ხშირად გთხოვენ?

- ძალიან! ახალ წელს ჩემი მეგობრების ოჯახებში მეკვლე სულ მე ვიყავი. როგორც ამბობენ, კარგი ფეხი მაქვს. ახლა უკვე პატარა მყავს. მასთან ერთად, მეკვლედ ვეღარ ვივლი...

კობა ბარათელი:

- საახალწლო კონცერტების გამო, ისეთი გადაღლილი ვარ, რომ 31 დეკემბერს დილის 6 საათზე დავწვები და მეორე დილის 6 საათამდე გამოვიძინებ, მაგრამ მანამდე 2 ჭიქის დალევა მაინც თუ მოვასწარი, "უნიჭოდ" დავთვრები: ცუდი სიმთვრალე არ მაქვს - აყალმაყალი არ მიყვარს. უბრალოდ, ვიძინებ ხოლმე, თან - ისე, რომ 2 კვირა ვერ გავიღვიძებ.

- ამბობენ, - პუტკუნა ადამიანებს კარგი ფეხი აქვთო...

- ალბათ, სიმართლეა, ისე, 31 კილო მაქვს დაკლებული და მალე მეკვლედ აღარც დამიძახებენ. მგონი, ცუდი მეკვლე არ ვარ. სხვათა შორის, სადმე მაღაზიაში რომ შევდივარ, ვაჭრებს ჩემი დანახვა უხარიათ. მეუბნებიან, - "სიფთაზე" როცა შემოდიხარ, იმ დღეს მაგარი ვაჭრობა გვაქვსო. ასე რომ, შემიძლია, დავასკვნა: ცუდი მეკვლეც არ ვიქნები.

- ვინმეს მეკვლე ყოფილხართ?

- კი, უფრო ხშირად - სტუდენტობისას. მამიდაშვილს ცოლი არ ჰყავს. მამიდა მეუბნებოდა, - ჩვენი მეკვლე იყავი და იქნებ, ჩემმა შვილმა ცოლის მოყვანას საშველი დააყენოსო. იმ წელიწადს მათთან მეკვლედ მივედი. გამრავლება და გაბედნიერება ვუსურვე. თან, ბრინჯსა და პურის "კაკალს" ვყრიდი. მამიდაშვილმა ცოლი იმ წელიწადსაც არ შეირთო. ამბობენ, - 3 წლის განმავლობაში მეკვლე ერთი და იგივე ადამიანი უნდა იყოსო, მაგრამ მამიდას მეორე წელს მეკვლეობაზე უარი ვუთხარი. მიზეზით რომ დაინტერესდა, ვუპასუხე: - ხომ ხედავ, გიამ ცოლი არ მოიყვანა, ე.ი. კარგი ფეხი არ მქონია-მეთქი. მამიდაშვილმა გვერდზე გამიყვანა და მითხრა: - რას ამბობ, ბიჭო? პირიქით, კარგი ფეხი გაქვს - ცოლის შერთვა არ მინდა და მაძალებენო!..

- თქვენი მეკვლე ვინ არის ხოლმე?

- ახალი წლის ან ბარბარობის დადგომამდე 15 წუთით ადრე შინიდან გავდივარ და შემდეგ, სახლში მეკვლედ თავადვე შევდივარ. ჩემი ოჯახისთვისაც კარგი მეკვლე ვარ: 2012 წელს ბინა შევიძინე.

- გილოცავთ!

- გმადლობთ! სხვათა შორის, 17 დეკემბერს, ბარბარობას ჩემს სახლში მეკვლე მე ვიყავი. ჰოდა, უკვე ბინის რემონტს ვამთავრებ, ყველაზე დიდი მიღწევა კი რემონტის დამთავრება გახლავთ. ჩემს ოჯახში მეკვლედ რომელიმე ბანკის მეპატრონეს ვისურვებდი. მისგან არც ბრინჯისა და არც პურის "კაკლის" შემოყრა არ მინდა. შინ "პატარა პროცენტები" "შემომიყაროს" - მაგალითად, 14%-იანი სესხი 7-მდე ჩამოიყვანოს...

მაია კაჭკაჭიშვილი:

- მეკვლეობა ცრურწმენად მიმაჩნია: ჩემი აზრით, ადამიანის ფეხს ვინმეს ბედის შეცვლა არ შეუძლია. ერთი წლის განმავლობაში წარმატებაც გხვდება წილად და იმედგაცრუებაც. ამიტომ მეკვლეობის არ მჯერა. ბოლო წლებში, 31 დეკემბერს სულ ქუჩაში ვარ. წელს მთავარი საახალწლო კონცერტი არ გვაქვს. ასე რომ, ახალ წელს ყველანი სახლებში შევხვდებით, შემდეგ კი მეგობრები შევიკრიბებით და გავათენებთ. როგორც ყველა ოჯახში, ჩვენც ვამზადებთ საცივს, გოზინაყს... საახალწლო სუფრისთვის განკუთვნილი განსაკუთრებული კერძი არ გვაქვს. გურმანი ვარ. ყველაზე მეტად ტოლმა მომწონს. სადღეგრძელოებსაც ვამბობ. გართობა მიყვარს! ნაძვის ხის მორთვაში არ ვმონაწილეობ - ამას დედაჩემი, ჩემი და და ტყუპი შვილი აკეთებს. ჩემი შვილები ჩვენი ოჯახის მეკვლეებიც არიან.

- თქვენ კი ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი "მეკვლე" ხართ...

- მართლა?! კიდევ უფრო მეტ პოპულარობას, წარმატებას, ტირაჟის გაზრდას გისურვებთ! "გზას" ყოველთვის ვკითხულობ - ძალიან მომწონს. ამიტომ მინდა, რომ "გაფართოვდეს". იცით, აპოკალიფსის ძალიან მეშინოდა, მიხარია, რომ გათენდა (ინტერვიუ ჩაწერილია 21 დეკემბერს. - ავტ.)! ჰოდა, ახლა ისეთი ბედნიერი გესაუბრებით, რომ რაც გისურვეთ, ყველაფერი აგიხდებათ (იცინის)!

თეა დანელია:

- ჟურნალ "გზას" დიდ ტირაჟსა და საინტერესო ინტერვიუებს ვუსურვებ ჩემნაირ გადასარევ რესპონდენტებთან (იცინის)! მიზანმიმართულად - არა, მაგრამ იშვიათად მეკვლე მაინც ვყოფილვარ. საერთოდ, ეს ტრადიცია ცრურწმენად მიმაჩნია. ისე, ლამაზი ფეხი მაქვს, ზომა - 38, ზამთარში - 39, რადგან სქელი წინდა მაცვია (იცინის). ძირითადად, ახალი წლის დღესასწაულზე კონცერტები მაქვს ხოლმე და შინ გვიან ვბრუნდები. ახალი წლის დადგომამდე, შინიდან რომ გავიდე და შემდეგ, სახლში ფულით, პურით და შაქრით შემოვიდე, ეს მეკვლეობად არ მიმაჩნია. ოჯახის წევრები უკვე გამოვკითხე - საახალწლოდ ვის რა კერძი უნდა, რომ თითოეული მათგანისთვის პერსონალურად მოვამზადო...

მამუკა ონაშვილი:

- მართალია, ამბობენ, - პუტკუნა მეკვლეებს კარგი ფეხი აქვთო, მაგრამ გამხდარი იქნები თუ მსუქანი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, კარგი ადამიანი იყო და მასპინძლის ოჯახში სიკეთე და მხიარულება შეიტანო! ცუდი მეკვლე ნამდვილად არ ვარ, რადგან სადაც შევდივარ, ყოველთვის კარგი განწყობილება შემაქვს. ვცდილობ, მასპინძლები კარგ ხასიათზე დავაყენო.

- მეკვლეობას ხშირად გთხოვენ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ გამომდის: ჩემი პროფესიის გამო, კარგად იცი, რომ ფაქტობრივად, 31 დეკემბერს მთელი ღამე ქუჩაში ვარ ხოლმე. შინ ისეთ დროს შევდივარ, რომ ჩემი ოჯახის მეკვლე ვარ. შემდეგ უკვე მეგობრების ზარებს ვპასუხობ, რომლებიც მეუბნებიან: მამუკა, გელოდებითო. მეგობრებს უფრო ბედობა დღეს ვსტუმრობ.

- ოჯახში მეკვლედ შესვლისას რამე განსაკუთრებულს ხომ არ აკეთებთ?

- არა, ოჯახში ლექსების თქმით ნამდვილად არ შევდივარ (იცინის), უბრალოდ - სიკეთითა და სიტკბოთი.

- ამ ახალ წელს როგორ შეხვდებით?

- ახალ წელს მოსკოვში ვხვდები. კოლეგებთან - ლამაზ ქართველებთან ერთად, 31 დეკემბერს კლუბ "საქართველოში" საახალწლო პროგრამას გავუძღვები.

- როგორც პუტკუნა "მეკვლე", ჩვენს ჟურნალს რას უსურვებთ?

- გენაცვალეთ! "გზა" ისედაც ძალიან პოპულარულია, რა გისურვოთ?! მთელი სულითა და გულით მინდა, რომ 2013 წელი თქვენთვის ბედნიერი, ბარაქიანი და წარმატებული იყოს! დამდეგ შობა-ახალ წელს მთელ საქართველოს მივულოცავ! ძალიან მიყვარხართ! იცოდეთ, რომ სადაც უნდა ვიყო, იქიდან მოგეფერებით. ახლა რუსეთში ვარ და რუსეთიდან გეფერებით...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება