როგორ შეიქმნა სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"

როგორ შეიქმნა სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"

თითქმის 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ თუმანიშვილმა და გიორგი (კახა) კახაბრიშვილმა რაფიელ ერისთავის პიესის - "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" - მიხედვით ტელესპექტაკლი გადაიღეს. მაშინ ალბათ ბევრი ადამიანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს სპექტაკლი ამხელა დროს გაუძლებდა და პირვანდელ ხიბლსა და მიმზიდველობას შეინარჩუნებდა.

გიორგი კახაბრიშვილი, რეჟისორი:

- თუ სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" მაყურებელს დღემდე მოსწონს, ესე იგი, უნიკალური გამოვიდა. ჩემთვის ეს სპექტაკლი სავიზიტო ბარათივით გახდა. ყველაფერი კი ძალიან მარტივად დაიწყო. იმ დროს რუსთაველის თეატრიდან ახალი წამოსული იყო მიხეილ თუმანიშვილი. სწორედ იმ პერიოდში კარლო გარდაფხაძემ (ტელევიზიის მაშინდელი თავმჯდომარე) მიხეილ თუმანიშვილი ტელევიზიაში მიიწვია და სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზა. ბატონმა მიშამ შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი განაცხადა, მაგრამ ფერად გადაცემათა განყოფილებაში (გადაცემები შავ-თეთრი იყო და ფერადი გადაცემა კვირაში ორჯერ გადიოდა ეთერში) მთავარი რეჟისორის თანამდებობა დაიკავა. მეც, თუმანიშვილის ნამოწაფარი, იმ პერიოდში ფერად გადაცემათა განყოფილებაში ვმუშაობდი. 1974 წლის ბოლოს, კარლო გარდაფხაძემ თუმანიშვილს სთხოვა, საახალწლოდ კომედია დაედგა. მიშა თუმანიშვილი ჯერ კიდევ განიცდიდა მის გარშემო აგორებულ სკანდალს (თეატრში. - რედ.) და მე დამავალა ვოდევილის შერჩევა.

თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში სამი პიესა შევარჩიე: რაფიელ ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", გიორგი ერისთავის "უჩინმაჩინის ქუდი" და ავქსენტი ცაგარელის "ჭკუისა მჭირს". როდესაც მიშა თუმანიშვილმა მკითხა, ამ სამიდან რომელი მომწონდა, არჩევანი რაფიელ ერისთავის პიესაზე შევაჩერე. თავიდანვე გადავწყვიტე, მთავარ როლზე ვასო გოძიაშვილი მომეწვია. მიუხედავად იმისა, რომ თუმანიშვილმა გამაფრთხილა, გოძიაშვილი ახალგაზრდა რეჟისორთან არ იმუშავებსო, ბატონ ვასოს მაინც დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე. ბატონი ვასო არათუ დამთანხმდა როლზე, არამედ საყვედურიც კი მითხრა, - ახალგაზრდა რეჟისორებმა რატომ დამივიწყეთო? სამწუხაროდ, ბატონი ვასოსთვის ეს ბოლო როლი აღმოჩნდა.

- ელისაბედის როლი თავიდანვე ზაზა (ზაირა) ლებანიძეს შესთავაზეთ?

- ელისაბედის როლი თავიდან სალომე ყანჩელს შევთავაზეთ, მაგრამ რეპეტიციების დროს ქალბატონი სალომე ავად გახდა და ზაზა ლებანიძემ შეცვალა. აპოლონის როლზე კი ჩემი მეგობარი და მეჯვარე, გივი ბერიკაშვილი ავიყვანე. დანარჩენ როლებზე სტუდენტები (მურმან ჯინორია, მარინე ვეფხვაძე, დარეჯან ჯოჯუა და ბადრი კაკაბაძე) დავაკავე. უდიდესი სკოლა გახლდათ ვასო გოძიაშვილთან მუშაობა. ხანდახან რეპეტიციაზე ისე ვერთობოდი, მავიწყდებოდა, რეჟისორი რომ ვიყავი. პიესაში არ არის, მაგრამ ჩემი იმპროვიზაციაა - სერგოს მაშიკოსთვის კოცნის შემდეგ გული რომ მისდის. ახალგაზრდობაში ერთი გოგონა მიყვარდა. როდესაც მე და იმ გოგონამ ერთმანეთს პირველად ვაკოცეთ, გოგონას გული წაუვიდა. შეშინებულმა, შეყვარებული ძლივს მოვასულიერე. როცა გონს მოეგო, მაშინ დავპირდი, რომ ამ შემთხვევას მთელი სიცოცხლე დავიმახსოვრებდი. სპექტაკლში სწორედ ეს გამოვიყენე, მაგრამ როლები შევცვალე - გოგონას მაგივრად, ბიჭს მისდის გული...

- რეპეტიციებს თუმანიშვილი არ ესწრებოდა?

- კი, როგორ არა, მაგრამ ძირითადად მარტო ვუძღვებოდი. საახალწლოდ ვერ მოვასწარით სპექტაკლის დამთავრება. იმ პერიოდში თბილისში "ჰონგკონგის გრიპი" (ასე ერქვა ვირუსს) გავრცელდა და ბატონი ვასო ავად გახდა. გივი ბერიკაშვილთან ერთად რამდენჯერმე მივედი გოძიაშვილის სახლში და რეპეტიციები იქ გავიარეთ, მაგრამ მერე რეპეტიციები დროებით შევაჩერეთ. ახალი წლისთვის ტელევიზიაში პავილიონი სხვა გადაცემებისთვის უნდა გაგვეთავისუფლებინა და დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩვენი დეკორაცია არ დაეშალათ. სპექტაკლი 1975 წლის თებერვალში გადაიცა ტელევიზიით.

- ეთერში გასვლა ხომ არაფერს შეუფერხებია?

- ერთი ინციდენტი მოხდა: სანამ სპექტაკლი ეთერში გავიდოდა, ცეკადან კულტურის განყოფილების წარმომადგენლები მოვიდნენ და სპექტაკლი ნახეს. ფინალში მსახიობები რომ მღერიან: "ყველაფერი იყიდება, შეყვარებულ გულის გარდა", ერთმა იკითხა, როგორ - სამშობლოცო?! ამ სიმღერის გამო სპექტაკლი დაიწუნეს. დაახლოებით ერთი თვე იდო თაროზე. მერე კარლო გარდაფხაძემ ედუარდ შევარდნაძეს სთხოვა და სპექტაკლი ეთერში გაუშვეს. ხალხმა გამოსვლის დღიდანვე აიტაცა ის, რაც ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ძალიან საამაყოა.

ზაზა ლებანიძე, მსახიობი:

- ჩემთვის მოულოდნელი იყო ელისაბედის როლის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. როდესაც გავიგე, თუ ვისი პარტნიორი უნდა ვყოფილიყავი, შემეშინდა, რადგან ვასო გოძიაშვილის პარტნიორობა ძალიან საპასუხისმგებლო იყო. მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც სპექტაკლზე ვმუშაობდით, როგორც შემეძლო, ამ შიშს ვმალავდი.

- რამდენი წლის იყავით, როდესაც ამ სპექტაკლში ითამაშეთ?

- 38-39 წლის ვიქნებოდი. ჩემსა და გოძიაშვილს შორის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. ამ როლისთვის ისეთი გრიმი უნდა გამეკეთებინა, რომ დავბერებულიყავი. გამხდარი ვიყავი და დაბამბული ტანსაცმელი ჩამაცვეს, რათა ეკრანზე სრული გამოვჩენილიყავი... ეს როლი ჩემთვის განსხვავებული იყო. ასეთი ხასიათის როლი და თანაც - მთავარი, მანამდე არსად მქონდა შესრულებული. სავიზიტო ბარათივით გახდა ელისაბედის როლი ჩემთვის. სპექტაკლის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ყველა მილოცავდა, ვასო გოძიაშვილის გვერდით რომ ვიდექი და თავი არ შევირცხვინე. გადაღების დროს ვასო გოძიაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა და რამე რომ არ შეშლოდა, ყველანი დაძაბულები ვიყავით. მაშინ, ერთი შეცდომის გამო, მთელი გადაღება თავიდან უნდა დაგეწყო, რასაც ძალიან ბევრი დრო მიჰქონდა. ვასო გოძიაშვილს სულ ეშლებოდა ის ტექსტი, სადაც ჩემი და მისი გმირები ფულის გამო ერთმანეთს აივნებიდან ეჩხუბებიან. გადაღების წინ გოძიაშვილმა ცალკე გამიყვანა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა: ლებანიძე (რატომღაც სულ გვარით მომმართავდა), ტექსტი თუ დამავიწყდება, არ გაჩერდე, გააგრძელეო. მართლაც ასე მოხდა: ბატონ ვასოს ტექსტი დაავიწყდა და ჩემი ტექსტი გავაგრძელე. რეჟისორმაც კი ვერ შენიშნა, გოძიაშვილი "გაჭედვას" რომ გადავარჩინე. გადაღება რომ დამთავრდა, გოძიაშვილმა მხარზე ხელი დამადო და შემაქო, - ყოჩაღ, ლებანიძე, კარგად შეუბერეო.

- მიშა თუმანიშვილზე რას გვეტყვით?

- ეს იყო უნიჭიერესი ადამიანი და მასთან მუშაობა ყველა მსახიობის ოცნება გახლდათ. თუმცა მსახიობებს ძირითადად, კახაბრიშვილთან გვქონდა ურთიერთობა.

- სიმღერა არ გაგიჭირდათ?

- არა, სიმღერა არასოდეს მიჭირდა. წლების მანძილზე მსახიობ გოგი გელოვანის გუნდში ვმღეროდი.

- თქვენს გმირს რატომ არა აქვს სოლო სიმღერა?

- როდესაც გიორგი ცაბაძემ ამ სპექტაკლისთვის დაწერა მუსიკა, მე ელისაბედის როლზე არ ვმუშაობდი. სალომე ყანჩელს სიმღერა უჭირდა და ცაბაძემ სოლო სიმღერა აღარ დაუწერა. როლზე რომ დამაბრუნეს, იმ პერიოდში ცაბაძე თბილისიდან იყო წასული და ჩემთვის სოლო სიმღერა ვეღარ დაწერა, რაზეც გული ძალიან დამწყდა.

- ბატონო მურმან, ეს თქვენი პირველი როლი იყო?

მურმან ჯინორია, მსახიობი:

- არა. მანამდე უკვე რამდენიმე როლი მქონდა შესრულებული. თეატრალური ინსტიტუტის IV კურსზე ვსწავლობდი, როდესაც რეჟისორმა გიორგი კახაბრიშვილმა ამ სპექტაკლზე მიმიწვია. მაშინ 25-26 წლის ვიყავი. თითქმის 40 წელი გავიდა და სპექტაკლი დღესაც არ ბერდება. ამის მიზეზი კი ის შესანიშნავი ატმოსფერო გახლავთ, რომელიც მისი შექმნის დროს დაიბადა. ზოგი სპექტაკლი ძალიან კარგია და გადაღებულიც კარგად არის, მაგრამ "სული" არა აქვს, ამიტომ დროს ვერ უძლებს, ამ სპექტაკლს კი "სული" აქვს. ალბათ ღმერთიც ჩაერია მის შექმნაში და იმიტომ გამოვიდა ასეთი კარგი.

- ბატონი მიშა თუმანიშვილის შესახებ რას გაიხსენებთ?

- ბატონი მიშა ინსტიტუტში ჩემი ხელმძღვანელი იყო, მის ჯგუფში ვსწავლობდი. ის გახლდათ უდიდესი რეჟისორი, მაგრამ მსახიობს ვერავინ ვერაფერს ასწავლის, თუ თავად არ არის კარგი "მიმღები". მთავარია, შენ რას მიიღებ ამ დიდი რეჟისორისგან.

- თქვენ რა შეითვისეთ მისგან?

- ყველაზე კარგად ბატონი მიშასგან მსახიობის ფუნქცია, მსახიობის სათქმელი და პოზიცია შევისწავლე. მე იმ მსახიობთა რიგს მივეკუთვნები, რომლებიც პროფესიას ფუნქციას აძლევენ და არა - პოპულარობას. დღეს, პოპულარული შეიძლება, ძალიან მარტივად გახდე, მაგრამ ხელოვანი ვერ გახდები. როდესაც ისეთ მსახიობთან ერთად თამაშობ, როგორიც ვასო გოძიაშვილია, მისგან უნდა აიღო რაღაც ისეთი, რაც შენ გაკლია, მაგრამ კოპირებაც არ ვარგა. როდესაც თამაშობ უფროს კოლეგებთან, ამოსავალი წერტილი ერთია - უნდა დაინახო, რა თვისებები აქვთ იმ კორიფეებს, რომლის წყალობითაც ასეთი უდიდესნი გახდნენ.

- თქვენთვის რას ნიშნავდა ვასო გოძიაშვილის პარტნიორობა?

- ჩემთვის ვასო გოძიაშვილთან თამაში ნიშნავდა კოტე მარჯანიშვილთან, სანდრო ახმეტელთან, უშანგი ჩხეიძესთან თამაშს - გოძიაშვილი ხომ მათი დროიდან მოდის!.. სერგოს როლის თამაშის დროს მიზნად დავისახე, რომ შინაგანად რომეო ვყოფილიყავი, ფორმით კი - "ვოდევილი" სერგო. ამის შედეგად გამოვიდა უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი განცდა, უფრო მეტი ტკივილი და ასე შემდეგ...

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება