"9 წლის განმავლობაში ითმენდა ქართველი ხალხი დიქტატორს და რაღა მე ვერ ამიტანენ?!"

"9 წლის განმავლობაში ითმენდა ქართველი ხალხი დიქტატორს და რაღა მე ვერ ამიტანენ?!"

2011 წელს, ზაფხულში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა ნიკა რურუამ ქსენოფობიური გამონათქვამის ბრალდებით რეჟისორი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ბატონი რობერტი რუსთაველის თეატრში დაბრუნდა. დიდი რეჟისორი 2013 წლის გეგმებზე გვესაუბრება:

- ძალიან მიყვარს თავგადასავლები, საინტერესო მოვლენებით დატვირთული ცხოვრება. რაც მეტი სირთულეებითაა დატვირთული ჩემი ცხოვრება, მით მეტ სიამოვნებას ვიღებ. არ გეგონოთ, ამით მაზოხისტურ სიამოვნებას განვიცდი, პირიქით, ასე უფრო საინტერესოა. სწორედ ასეთი იყო 2012 წელი ჩემთვის - უამრავი მოვლენით, სირთულითა და სიხარულით დატვირთული...

- 2012 წელს რუსთაველის თეატრში დაბრუნდით...

- ხშირად ვეკითხები ჩემს თავს - კარგია თუ არა, რომ თეატრში დავბრუნდი? თუმცა ამას დრო გვიჩვენებს. თავის დროზე თეატრიდან წასვლა ოჯახის მიტოვებას შევადარე, როდესაც დატოვებ ცოლს, შვილს... როდესაც წასული ხარ ოჯახიდან, ცოლი იჩენს ახალ შეყვარებულს და როდესაც შინ ბრუნდები, ბედნიერი ოჯახის შექმნა აღარ გამოდის (იღიმის). კი უბრუნდებიან ხოლმე კაცები ცოლებს, მაგრამ ძნელი ასატანია, როდესაც იცი, რომ ვიდრე ოჯახიდან წასული იყავი, შენს ცოლს რამდენიმე მამაკაცი ჰყავდა.

- დასი როგორ დაგხვდათ?

- ჯერ არ შევხვედრივარ დასს. საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდები. ველი, როდის გააერთიანებენ სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის მმართველის პოსტებს. მეც სწორედ ამ გაერთიანებულ თანამდებობას ველოდები, რუსთაველის თეატრში დიქტატორი რომ ვიყო (იღიმის)...

რუსთაველის თეატრის მეორე სართულზე ვცხოვრობ. თეატრში ბიძინა ივანიშვილმა სახელოსნო გამიკეთა, გამირემონტა, სადაც შემიძლია რეპეტიციების გამართვა. ვინაიდან ჩემს ბინაში ჩემი შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ, მე სახელოსნოში დავსახლდი (იღიმის). მეტი ადგილი აღარ მაქვს და აქედანაც რომ გამაგდონ, ვეღარსად ვიცხოვრებ.

- ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ გსურთ ამ თეატრში დიქტატორობა და სწორედ სიტყვა "დიქტატორმა" გამოიწვია საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება...

- 9 წლის განმავლობაში ითმენდა ქართველი ხალხი დიქტატორს და რაღა მე ვერ ამიტანენ დიქტატორად (იცინის)?!

- ჩვენი ქვეყნისთვის როგორი იყო გასული წელი?

- ძალიან კარგი, რადგან ის ჭირი, რომლითაც ვიყავით დასნეულებული, მოვიშორეთ, სახადივით მოვიხადეთ. მართალია, ნაციონალები ბოლომდე არ წასულან, საბოლოოდ არ განვკურნებულვართ, მაგრამ ჩვენი საქმე მაინც უკეთესობისკენ მიდის. სააკაშვილს რაინდობა და ვაჟკაცობა რომ ჰქონდეს, გადადგებოდა, მაგრამ სად აქვს ეს თვისებები?!

- ვის ისურვებდით 2013 წელს მეკვლედ - სააკაშვილს თუ ივანიშვილს?

- როგორი ცუდი ადამიანიც უნდა იყოს ივანიშვილი, მაინც მას ვისურვებდი მეკვლედ.

- ახალ სპექტაკლზე როდის იწყებთ მუშაობას?

- ასე უცებ რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლს ვერ დავდგამ, თუმცა მაქვს ჩანაფიქრი, იდეა, დავდგა ისეთი უჩვეულო სპექტაკლი, როგორიც ჯერ არ დამიდგამს. მანამდე კი ძველ სპექტაკლებს აღვადგენ, "გავასწორებ", მოვუვლი და ამის შემდეგ ვნახოთ, როგორ განვახორციელებ ჩემს ახალ ჩანაფიქრს. ეს იქნება პიესა, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავს და რომელშიც პირდაპირ არ დავადებ ხელს ამა თუ იმ ადამიანს, ასევე არ იქნება ქრონიკა. თანამედროვე საქართველოს ოჯახებში, სიყვარულში, მეგობრობასა თუ სხვა ურთიერთობებში თითქოს არ ერევა მთავრობის ხელი, მაგრამ ასე არ არის. სპექტაკლში ნაჩვენები იქნება, ამ ყველაფერის გამო ზნეობრივად რა დაემართა საქართველოს და მაინც როგორ გაძლო და შეძლო, რომ ძმას ძმისთვის არ ეღალატა და ქართველ კაცს - თავისი მრწამსისთვის. ეს იქნება ტრაგიკომედია, უამრავი პატარ-პატარა ეპიზოდით დატვირთული. უნდა შევქმნა ჩვენი ქვეყნის კალეიდოსკოპური სურათი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში დაიხატა.

- 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების ყოფილი წევრების დაპატიმრებისა და დაკითხვის მომსწრენი გავხდით. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

- მიმაჩნია, რომ ყველა დამნაშავემ სასჯელი უნდა მოიხადოს. არ შეიძლება, არ დაისაჯონ ციხეებში პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ავტორები და შემსრულებლები. არ ვიცი, რა ჰქვია ამას. როდესაც ახალგაზრდა კაცებს აწამებენ, შეურაცხყოფენ, შემდეგ ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებენ, ქალებთან ერთად უყურებენ და ტკბებიან. ამაზრზენია! ქართველი კაცის წამებასა და გახრწნას ვერავის მივუტევებ. ყველამ უნდა მოიხადოს სასჯელი!

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმუქრებიან, რომ კვლავ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში...

- რა ჰქნან?.. კედელთან არიან მიყენებული და ვერსად გაიქცევიან! იციან, რომ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგონ და ციხეში აღმოჩნდებიან. ნაციონალები იმ მორიელივით არიან, საფრთხე რომ შეექმნება, საკუთართ სხეულს რომ იგესლავს და იკლავს თავს. წარმოგიდგენიათ, ესენი რომ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის როგორ სისხლისღვრას მოაწყობდნენ?! თუმცა, მორჩა, დამთავრდნენ! ძალიან მალე, ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძებთ და მაგათი სახსენებელიც აღარ იქნება.

- რას უსურვებთ 2013 წელს საქართველოს?

- ის, რაც ქართველმა ხალხმა პირველ ოქტომბერს ჩაიდინა, საოცრება იყო და უდიდესი იმედი ჩამესახა, რომ ქართველ კაცს ვერავინ დაჯაბნის, ვერ გადააშენებს. ქართველებო, არ დაგვავიწყდეს ჩვენი ტრადიციები, ზნე-ჩვეულებები და წინ ვიაროთ! ვისურვებ, რომ საქართველომ ძლიერი ეკონომიკითა და სტაბილური მდგომარეობით ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქოს!

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"