გაქართველებული უკრაინელი რძალი და საპირფარეშოში გატარებული დაუვიწყარი ახალი წელი

გაქართველებული უკრაინელი რძალი და საპირფარეშოში გატარებული დაუვიწყარი ახალი წელი

დედალამაზიშვილების რძალი - მარინა კარპი უკვე მეორე წელია, ახალ წელს საქართველოში, მეუღლესთან და მის მშობლებთან ერთად ხვდება. ამბობს, რომ საქართველოში ახალ წელს არაფერი ჯობს და საახალწლო სამზადისშიც შეძლებისდაგვარად მონაწილეობს.

- ჩემი ოჯახის წევრები ახალ წელს ტრადიციულად, საჩუქრებით ულოცავდნენ. ზოგჯერ ისინი საჩუქრებს მთელი კვირით ადრე ყიდულობდნენ და ნაძვის ხის ქვეშ აწყობდნენ, მაგრამ მათი გახსნისა და ნახვის უფლება არ გვქონდა. არაერთხელ მივპარულვარ და შესაფუთი ქაღალდის შიგნით შეჭვრეტა მიცდია, იმ იმედით, რომ რაიმეს დავინახავდი, მაგრამ როგორც წესი, ჩემი მცდელობა ყოველთვის კრახით მთავრდებოდა... მახსოვს, ხელები მექავებოდა, ისე მინდოდა საჩუქრების გახსნა, მაგრამ ვიცოდი, არ შეიძლებოდა და რომც გამერისკა, დავისჯებოდი. ჰოდა, მეც ოჯახურ კანონს ვემორჩილებოდი.

მოგეხსენებათ, უკრაინაში მკაცრი ზამთარი იცის, მაგრამ ამასაც თავისებური ხიბლი აქვს: თოვლის ბაბუას ერთხელ რომ გავაკეთებდით, სამი თვე არ დნებოდა. ჩვენ საშობაო ტრადიციაც გვაქვს: პატარები კარდაკარ დადიან და ხალხს საშობაო სიმღერას უმღერიან, მადლიერი ოჯახი კი ბავშვებს ტკბილეულით უმასპინძლდება, ხანდახან - ფულსაც ჩუქნიან. ბავშვები მასპინძლის კართან ფეტვს ყრიან (რაც ბარაქის სიმბოლოა) და ოჯახს ასე ლოცავენ. უსურვებენ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და უფლის მფარველობას. ბავშვობაში მეც მომიბნევია ფეტვი მეზობლებისა და ნაცნობების კართან. როგორც ვიცი, საქართველოშიც არსებობს მსგავსი ტრადიცია და თუ არ ვცდები, "ალილო" უნდა ერქვას.

- არ ცდები, მართლაც ასე ჰქვია. ახლა გიგისთან ერთად, უკრაინაში ხარ (ინტერვიუ ჩაწერილია ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე). საახალწლოდ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ?

- რა თქმა უნდა, ვაპირებთ! კიევში რამდენიმე დღით ჩამოვედით. აქ ისე ცივა, რომ მთელი დღეები შინ ვზივართ, გარეთ ცხვირის გაყოფაც კი არ გვინდა. წეღან ტრადიციაზე მეკითხებოდი და ახლა გამახსენდა, რომ უკრაინაში საახალწლო სუფრას აუცილებლად ამშვენებს სალათი "ოლივიე". თუ მაგიდაზე ეს სალათი არ დევს, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ახალი წელი არ მოვა... რაც შეეხება ტკბილეულს, სუფრის აუცილებელი ატრიბუტია კანფეტი, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ.

- საქართველოში გატარებულ ახალი წლის დღესასწაულზე რას გვეტყვი?

- ახალ წელს საქართველოში უკვე მეორედ ვხვდები. შარშან "მგზავრებს" რუსთავში ჰქონდათ კონცერტი და მეც მათთან ერთად ვიყავი. კონცერტი თორმეტის ნახევარზე დასრულდა, ჩვენ კი სასწრაფოდ, მანქა ნაში ჩავსხედით და თბილისისკენ გამოვეშურეთ. იმედი გვქონდა, რომ ახალ წელს შინ შევხვდებოდით, მაგრამ დამდეგს მანქანაში შევეგებეთ. ახალი წლის ქუჩაში აღნიშვნა სულაც არ მომწონს. ვფიქრობ, რომ ეს ოჯახური დღესასწაულია. სამწუხაროდ, 2013-ს ოჯახთან ერთად ვერ შევეგებებით, რადგან "მგზავრებს" გუდაურში აქვთ კონცერტი და მეც მათთან ერთად ვიქნები. თუმცა, ეს ამბავიც მახარებს, რადგან თხილამურებზე სრიალი მიყვარს და წელს ამით გულს ვიჯერებ.

- ქართული საახალწლო ტრადიციების შესახებ რა იცი?

- თითქმის ყველა ტრადიცია კულინარიას უკავშირდება, მე კი ამ საქმის დიდი ცოდნით ვერ დავიტრაბახებ. სამაგიეროდ, შარშან ვისწავლე ქართული საახალწლო სიმღერა - "ფიფქები" და მთელი დღე ვმღეროდი. ბოლოს, გიგის თავი ისე მოვაბეზრე, ლამის მოსაკლავად გამომეკიდა (იცინის)... ქართული კერძებიდან ყველაზე მეტად, ბაჟე მიყვარს; ამ კერძის გარეშე დღესასწაული წარმოუდგენლად მიმაჩნია. მიყვარს გოზინაყიც. შარშან ეს ნუგბარი დედას (გიგის დედას, ქალბატონ ციცი ფალავანდიშვილს გულისხმობს. - ავტ.) მეგობართან ერთად მოვამზადე. ნუ, მე ნიგოზი დავჭერი, გოზინაყის გაკეთებაში წვლილი შევიტანე (იცინის). სხვათა შორის, ადრე არ მეგონა, ეს ქართული ნუგბარი თუ იყო. გოზინაყს უკრაინაში დედაც ამზადებდა, მერე კი სულ ხელებში მირტყამდა, რადგან ძალიან, ძალიან ბევრს ვჭამდი.

- საინტერესოა, როგორი კულინარი ხარ?

- ოოო... ეს რა მკითხე (იცინის)?! ვაღიარებ, სადილების მომზადება არ მეხერხება. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი ქმარი მყავს. გიგი არასოდეს წუწუნებს იმის გამო, რომ კერძებს ვერ ვუმზადებ. ჩემდა საბედნიეროდ, მას ძალიან უყვარს სოსისი და მეც ამით ვსარგებლობ.

- როგორც ვიცი, საქართველო ძალიან გიყვარს...

- (მაწყვეტინებს) რა თქმა უნდა, მე ხომ ქართველი ვარ! ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ჩემს ცხვირს დააკვირდეს; აბა, რანაირი უკრაინელი ვარ? სად გინახავთ უკრაინელი კეხიანი ცხვირით (იცინის)?.. ისე, ხუმრობა იქით იყოს და ვისაც თხილამურები უყვარს, მიხვდება, რატომ მაქვს კეხი; სრიალის დროს ცხვირით რამდენჯერმე თუ დაეცემით, როგორი სწორი ცხვირიც უნდა გქონდეთ, მას ფორმას მაინც ვერ შეუნარჩუნებთ. ადრე მეც სწორი ცხვირი მქონდა, მაგრამ ამაში გიგი ვერაფრით დავარწმუნე. ბოლოს, მითხრა, - ძველი ფოტოები მიჩვენეო. ვუჩვენე, მაგრამ მაინც არ დამიჯერა, - ამ ფოტოზე არაფერი გეტყობა, რომ სწორი ცხვირი გქონდაო...

- რაიმე განსაკუთრებული მოგონება ხომ არ გაკავშირებს ახალ წელთან?

- განსაკუთრებულად დამამახსოვრდა 2011 წლის შემობრძანება. მაშინ გიგი 1 თვის გაცნობილი მყავდა. იმ ზამთარს მშობლებთან ერთად მოსკოვში, ნათესავებთან წავედი. 31 დეკემბერს სახლში ერთი ამბავი იყო, მე კი საპირფარეშოში იატაკზე ვიჯექი და "სკაიპით" გიგის ველაპარაკებოდი. რა თქმა უნდა, მაშინ მოსკოვში ყოფნას თბილისში ჩამოსვლა მერჩივნა, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვსულიყავი, ლამაზი არ იქნებოდა... სხვათა შორის, თბილისში 3 დღის შემდეგ, მაინც ჩამოვედი...

- გიგიმ თუ იცოდა, საპირფარეშოდან რომ ელაპარაკებოდი?

- რა თქმა უნდა! უფრო მეტიც - თავადაც საპირფარეშოს იატაკზე იჯდა (იცინის). ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ლაპარაკში ხელს ხმაური და ხალხი არ შეგვიშლიდა... გიგისთან ლაპარაკს რომ მოვრჩი, ქუჩაში გავედი, იქ კი მინუს 20 გრადუსი ყინვა იყო. თუ გინდა, არ გაიყინო, უნდა იცეკვო. ჰოდა, იმ ყინვაში ყველანი 70-იანი წლების მუსიკაზე, თავდავიწყებით ვცეკვავდით.

- დაბოლოს, რას უსურვებ ჩვენი ჟურნალის მკითხველებს?

- ყველა წყვილს ვუსურვებ, რომ მათი ბედნიერება არასოდეს დასრულდეს, ხოლო მას, ვისაც მეორე ნახევარი ნაპოვნი ჯერ არ ჰყავს, დიდი სიყვარული ეპოვოს. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ მეუღლის გვერდით დაძინება და გაღვიძებაა. მინდა, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს...

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება