რა ჭორი აუგორეს გასულ ზაფხულს ელისო ჩაფიძეს

რა ჭორი აუგორეს გასულ ზაფხულს ელისო ჩაფიძეს

გასული 2012 წელი, ჟურნალისტ ელისო ჩაფიძისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. აქტიური ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე გახდა და თავის მშობლიურ კუთხეში, ტყიბულის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, პავლე კუბლაშვილს დაუპირისპირდა. მოქმედ დეპუტატს დიდი ანგარიშით მოუგო კიდეც. ელისო დღეს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატია და ახალ წელს თავის მშობლიურ სოფელ მუხურაში შეხვდა.

ელისო ჩაფიძე:

- გასული 2012 წელი ძალიან დაძაბული და საინტერესო და უდიდესი ცვლილებების წელი იყო. გასულ წელს არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა ბევრი რამ, არამედ ვფიქრობ, საქართველო დაადგა განვითარების ახალ გზას. დიდი ხანია, უკუღმა ტრიალებდა საქართველოს ბედის ბორბალი - 1991 წლიდან უამრავი ტრაგედია გამოვიარეთ. იყო დაპირისპირებები, დაძაბული მოვლენები, ომი, შიმშილი, კონფლიქტები. 2012 წელს გაჩნდა იმედი, რომ ყველაფერი კარგისკენ შემობრუნდებოდა. ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის გზას უნდა დაადგეს. საქართველოში მილიონ 800 ათასი ადამიანი გვყავს სოციალურად დაუცველი და ეს უნდა შეიცვალოს, საქართველოს მოქალაქე ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს. პირადად ჩემთვისაც ეს წელი მნიშვნელოვანი იყო. ბოლო 17 წელი ვემსახურებოდი საყვარელ პროფესიას - ჟურნალისტიკას, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, შარშან კი პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში გადავდგი. ჩემმა არჩევანმა გაამართლა - არც მოველოდი, თუ 11 თვის განმავლობაში ადამიანს შეეძლო, მაჟორიტარული არჩევნები მოეგო. მით უმეტეს, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, როცა ტყიბულის რაიონში ჩამოვედი.

ჩვენს პარტიას თანხების დახარჯვის საშუალებაც არ ჰქონდა. დღეს ამის გამო უფრო მეამაყება ჩვენი გამარჯვება. ანგარიშვალდებული ვარ ჩემი ტყიბულელების წინაშე, ამიტომ ყველა მოქალაქის სატელეფონო ზარს ვპასუხობ, თუ სხდომაზე არ ვარ და მათ შეძლებისდაგვარად, პრობლემების გადაჭრაში ვეხმარები. არავისგან არ ვარ დედამიწის ზურგზე დავალებული, ჩემი ტყიბულელებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარდა, რომელმაც სტიმული მომცა: მან წარმოიდგინა ჩემი პოლიტიკოსობა და ჩათვალა, რომ ამის გაკეთება შემეძლო.

- 2012 წელს ვინ იყო შენი მეკვლე და საერთოდ, როგორ უყურებ ამ ტრადიციას?

- ეს ლამაზი ტრადიცია მიყვარს. ცოტა მითებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ადამიანებს ცხოვრებას ულამაზებს. კი არ მჯერა, უბრალოდ მიყვარს, როგორც ლეგენდა. ბარბარობას, ახალ წელს, ეს უხდება, ცხოვრებას გვილამაზებს. ჩემი მეკვლე ჩემთვის ყველაზე უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი 14 წლის დისშვილი, ლუკა ხატიაშვილი იყო. ძალიან დიდი სიხარული იყო მისი დაბადება. ჩემი დისა და სიძის პირველი შვილია, ოჯახის პირველი შვილიშვილი, ჩემი პირველი დისშვილი და უდიდეს სიყვარულსა და სითბოში გაიზარდა. გაამართლა ჩემი დისშვილის ფეხმა და ამას სულ მახსენებს. სულ აინტერესებს, როგორია პოლიტიკაში ყოფნა.

- წელს ვისთან ერთად შეხვდი ახალ წელს?

- ჩემს ტყიბულში შევხვდი წელს ახალ წელს. ძალიან კარგი განწყობილება მაქვს. პოლიტიკამ ჩემს მშობლიურ მხარეში, ჩემს ხალხთან, დედაჩემთან დამაბრუნა და ესეც ძალიან მიხარია. ახალი წლის დადგომა მივულოცე გიორგი ბოჭორიშვილს, 10 წლის უნიჭიერეს ტყიბულელ ბავშვს, რომელიც უდიდეს თანადგომას იჩენდა ჩემ მიმართ არჩევნების დროს. მოვინახულე და ახალი წელი მივულოცე მოხუცებს, რომლებიც ლოგინად არიან ჩავარდნილები. 31 დეკემბერს, 12 საათს კი დედასთან, ჩემს ძმასთან, რძალთან და ძმისშვილებთან ერთად შევხვდი. სამი წელია, ტყიბულში არ შევხვედრივარ ახალ წელს. დარწმუნებული ვარ, 2013 წელი განსაკუთრებული იქნება ჩემთვის და საქართველოსთვისაც. მუხურა არის ჩემთვის ყველაზე სასურველი და საყვარელი ადგილი. მჯერა, ადამიანი იმ ადგილიდან, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ბავშვობა გაატარა, უდიდეს ენერგიას იღებს და ეს უიოლებს პრობლემის დაძლევას.

ამ დღეებში უდიდესი ენერგიით ავივსები საკუთარი მიწა-წყლიდან და მომავალში იმედია, ყველა სირთულეს გავუმკლავდები. ვიცი, ბევრი სირთულე გველოდება, არ არის იოლი გზა, რასაც დავადექით. მეც ბევრი რამ უნდა ვისწავლო, ახალ საფეხურზე უნდა ავიდე, როგორც პოლიტიკოსი. მაჟორიტარობა დიდი პასუხისმგებლობაა და მინდა, ღირსეულად გავართვა ამას თავი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სხვა ადამიანებს დავეხმარო. ბევრი ადამიანი რომ არ მყავდეს საპატრონო, ცოტას ვიზარმაცებდი. ადამიანისთვის მთავარია შრომისმოყვარეობა. არასოდეს დანებდე, არასოდეს დაყარო ფარ-ხმალი, უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების.

- რა იქნება შენი პრიორიტეტი 2013 წელს?

- ბევრი გეგმა მაქვს, ტყიბულში გზების გაყვანა მინდა, სკოლების მშენებლობა. ძალიან მინდა ტყიბულელები დასაქმდნენ. 2013 წლისთვის ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი, არც ერთი მოხუცი, საქართველოს არც ერთი მოქალაქე მშიერი არ იყოს და მომავლის არ ეშინოდეს. თუ 2013 წელს ჩემი ოცნება ასრულდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. უნდა გავამართლო, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა.

- ალბათ წელს მეკვლემ უკვე პირად ცხოვრებაში წარმატება გისურვა, არა?

- პირადში ცვლილებებს ვგეგმავ. შეიცვლება ჩემი პირადი ცხოვრება. რამდენი წლისაც უნდა გავთხოვდე, მინდა, ეს მოხდეს ძალიან დიდი სიყვარულით. ოჯახი არ შევქმნა მარტო იმისთვის, რომ ვალდებული ვარ, გავთხოვდე. რომანტიკოსი ვარ და დღემდე ამ თვალსაზრისით უკომპრომისო ვიყავი. ბედნიერი ვარ, ყოველთვის ვცხოვრობდი ნამდვილი გრძნობებით და საკუთარი თავი არასოდეს მომიტყუებია. მინდა, ასე გავაგრძელო.

- წელს საახალწლოდ კერძების მომზადებამ თუ მოგიწია?

- ასეთ დროს მაქსიმუმ, სალათებს შევაშველებ სუფრას. როგორც წესი, ოჯახში გოზინაყს ყოველთვის მე ვაკეთებ და გემრიელიც გამომდის. ძირითადად, დედა საქმიანობს. ისე, სახლში ბევრი ადამიანი მყავს, რომლებიც გემრიელ კერძებს ამზადებენ. "თეთრხელება" ადამიანი ვიყავი, სულ ვოცნებობდი, რომ კარგი კერძების მომზადება მცოდნოდა და დრო მქონოდა სამზარეულოში ტრიალისთვის, მაგრამ სულ ვმუშაობდი, წერა-კითხვაზე გადაყოლილი ვიყავი და მთლად ბოლომდე იმის დაჯერება, რომ ხაჭაპურების ცხობის მეტი არაფერი ვიცი, არ გამოუვიდათ. ამ ზაფხულს ეს ჭორი ამიგორეს და ძალიან ვიმხიარულე.

- მეკვლე ყოველთვის ლუკაა?

- როგორც წესი, ლუკაა. წელს სოფელში ჩამოვიდა ახალი წლის შესახვედრად. გადის გარეთ და 12 საათზე შემოდის ტკბილეულით ხელში, ყველა ჩვენგანს ტკბილეულს გვთავაზობს და ამბობს სურვილებს. ამის შემდეგ ვანთებთ შუშხუნებს. სახლში ბევრი ბავშვია, ღმერთმა გვამრავლოს და მხიარულად აღვნიშნავთ ახალ წელს. არის ბევრი სატელეფონო ზარი, ბევრი მილოცვა, სიყვარული, სითბო... მოკლედ, კარგი ახალი წელი გვაქვს და გვიხარია...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"