სკარლეტ იოჰანსონი - "მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, საფუნთუშეში ვიმუშავებდი"

სკარლეტ იოჰანსონი - "მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, საფუნთუშეში ვიმუშავებდი"

როგორც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გაირკვა, 26 წლის მსახიობი ოცნებობს, ულამაზო ქალის როლი ითამაშოს, უყვარს პური და ეშინია საკუთარი ბიუსტის. სკარლეტმა მისთვის და ჟურნალისტებისთვის საინტერესო ბევრ თემაზე ისაუბრა.

სილამაზის შესახებ...

- სილამაზის რეცეპტი დედისგან მერგო მემკვიდრეობით: სვი ბევრი წყალი, არასდროს დააყენო მაღვიძარა და არასდროს მოსწიო სიგარეტი.

ჩემი ნატურალური თმის ფერი მუქი ქერაა. მამაჩემი - დანიელი კაცი - ნამდვილი ქერა იყო. ერთხელ კულულიც კი მოვაცალე და სალონში წავიღე, რომ ზუსტად ისეთ ფერად შეეღებათ ჩემი თმა.

იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ჩემგან კომპიუტერულ თამაშს გააკეთებენ. ეს უკეთესია, ვიდრე კინოში. კომპიუტერულ თამაშებში ცელულიტი არ ჩანს... არასდროს ვეკითხები საკუთარ თავს, რამდენად სექსუალურად გამოვიყურები. მე ის მაღელვებს, გიჟს ხომ არ ვგავარ.

ცხოვრების შესახებ...

...ქორწინების მთავარი პლუსი ის არის, რომ საკუთარი თავის შესახებ იგებ რაღაც ისეთს, რაც არასდროს იცოდი. იდეალურ სამყაროში ყველა ახალ ნაცნობობას დავიწყებდი იმით, რომ საკუთარ თავს ვეტყოდი: "რა საჭიროა მთელი ეს თავაზიანი ბოდვა. შეიძლება, ერთბაშად სულში ჩაგხედოთ?"

მარტო ჭამა არ მიყვარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორია ჩართული. ძალიან მიყვარს პური. მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, საფუნთუშეში ვიმუშავებდი.

ჩემი თაობა საბრალო თაობაა. რაზე გავიზარდეთ? საზიზღარი კევი, ტკბილხმოვანი ბიჭებისგან შემდგარი პოპჯგუფები და რეპისა და მეტალის ამაზრზენი ჰიბრიდები...

არასდროს მქონია ლიფტში სექსი ბენისიო დელ ტოროსთან. ეს უბრალოდ ხუმრობაა, რომელიც გაუფრთხილებლობით წამოვისროლე ერთ უტვინო ჟურნალისტთან. სიტყვასიტყვით ასე ვუთხარი: "ახლა თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ბენისიო დელ ტოროსთან ლიფტში სექსი მქონოდეს". მათ კი შემდეგ მთელი ეს "ვგრძნობ" და "თითქოს" მოაცილეს და ახლა, მგონი, სიცოცხლის ბოლომდე მომიწევს შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მქონდა თუ არა სექსი ბენისიოსთან ლიფტში.

თუ შენს ცხოვრებაში სიწყნარეა და არ იცი, რა გააკეთო - მოიცადე. მაგრამ არა მეტისმეტად დიდხანს, ხოლო თუ ძალიან დიდი ხანია ელოდები - გააკეთე რამე.

ბედნიერებაა, როცა არის საშუალება, საითაც გინდა იქით მიმართო შენი სიგიჟე.

პოპულარობის შესახებ...

...ვარსკვლავობა, ჩემი გაგებით, არის კარგი მაგიდის მიღება კარგ რესტორანში, ურიგოდ.

მახსოვს, ერთხელ ლოს-ანჯელესში დავბოდიალებდი, აქეთ-იქით ვიყურებოდი და უცებ დავინახე უშველებელი სარეკლამო აბრა, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული. რა გავაკეთე? დავამუხრუჭე. მეტი რა უნდა გააკეთო, როცა ხედავ საკუთარ ძუძუებს, ბრონტოზავრის ზომისას?

წითელ ხალიჩაზე გამოსვლა არის ოფლიანი ხელისგულები, გამშრალი პირი, გახშირებული სუნთქვა და არაკონტროლირებადი პანიკის ზოგადი მდგომარეობა...

შეუძლებელია საკუთარი თავი შეამზადო პოპულარობისთვის. დღემდე არ ვიცი, რა გავაკეთო, როცა პიცას ვყიდულობ, ამ დროს კი ორმოცდაათი კაცი მიღებს ფოტოს.

იცით, რით განსხვავდება ვარსკვლავური ქორწინება ჩვეულებრივი წყვილის ქორწილისგან? ჩვეულებრივ, ყველა ფიქრობს: კარგი იქნებოდა ქორწილში ბევრი ადამიანი ყოფილიყო ფოტოაპარატებით. ჩვენ კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, ასეთი ხალხი კარში გავუძახოთ.

არც ფეისბუქი მაქვს, არც ტვიტერი. რაც ნაკლებად ვანაგვიანებ ტვინს უაზრო ინფორმაციით, მით უფრო ბედნიერი გოგო ვხდები.

კარიერის შესახებ...

...18 წლისა უკვე 25 წლისას ვთამაშობდი - ისე გამოვიდა, რომ ნამდვილი ბავშვობა არ მქონია. მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ყველაფერს ათმაგად ვისრულებ, როგორც კი შემთხვევა ჩამივარდება.

ამქვეყნად ყველაზე მეტად მინდა ულამაზო ქალის თამაში...

ადამიანებს გამუდმებით ერევათ ერთმანეთში - ეკრანზე შიშვლად გამოჩენა და პორნოფილმში თამაში.

ყველა ამბობს, რომ მაყურებელი წყვეტს ყველაფერს. მაგრამ სინამდვილეში, მაყურებელი არაფერს წყვეტს. მაყურებელი უბრალოდ იღებს იმას, რასაც აძლევენ.

მინდა ვიმუშაო, ვიმუშაო და ვიმუშაო, კიდევ - ვიყო იმ ადამიანებთან, ვისთან ყოფნაც მსიამოვნებს. მეტი არაფერი მჭირდება. არ მინდა ვიყო ვიღაცის მუზა და საერთოდაც, საკუთარი თავისგან ყოველთვის მეტს ველოდი...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება