შემზარავი წერილი ციხიდან - "მახოს გვარი გაიგეთ, ეგ არის ელექტროშოკით წამების სპეცი"

შემზარავი წერილი ციხიდან - "მახოს გვარი გაიგეთ, ეგ არის ელექტროშოკით წამების სპეცი"

შემზარავი წერილი ციხიდან (სტილი დაცულია):

"მოგესალმებით დიდი პატივისცემით. ამ 8 წლის მანძილზე არაადამიანურად და სადისტურად მეპყრობოდნენ. მე თქვენი იმედი მაქვს, რომ გააგებინებთ, ვისაც ჩათვლით საჭიროდ. 2006 წლის ბუნტის დროს ციხის "ბალნიცაზე" ვიწექი. იმ დღეს, როდესაც სროლა და ადამიანების დახოცვა დაიწყეს, კარის გისოსებიდან ვიყურებოდი. დამინახეს, მაგრამ ჩემთვის არავის ეცალა. იმ დღეს არა, მაგრამ მეორე დღეს ამოცვივდნენ და დამიწყეს ცემა.

ვეხვეწებოდი, პლასტმასი მაქვს თავში-მეთქი. მიპასუხეს, გუშინ ხომ ნახე, რამდენი დავხოცეთ, იმათ სიაში ხარო და ნეკნები დამიმტვრიეს, ტვინის შერყევა დამმართეს. ორი კვირა ლოგინად ჩავვარდი. მერე რუსთავის მე-6 საპყრობილეში წამიყვანეს. 2007 წელი იყო უკვე, მიღების დროს, ანუ საკანში სანამ შემიყვანდნენ, მომკლეს ცემით. იმ წელს სამჯერ 20-20 სუტკა მომცეს, ზამთარში საცვლების ამარა ვიყავი, ტიტველი. იმ დროს უსაფრთხოების უფროსი მახო იყო, გაიგეთ მისი გვარი. ეს კაცი პატიმრებს ელექტროშოკით აწამებდა. ჩემთანაც ამოდიოდა კარცერში და ელექტროშოკით მაწამებდა. გონებას ვკარგავდი, მაგრამ წყალს მასხამდნენ და მერე ისევ ელექტროშოკში მატარებდნენ. თავს რომ ვერ ვუშველე, თავი ჩამოვიკიდე. ჩემდა საუბედუროდ, გადამარჩინეს. მერე ფეხები და მარცხენა ხელი დავილურსმე. თან ჩემი ადვოკატი დავიბარე. სამი დღე ვიჯექი ასე დალურსმული, მერე ახალ "რეზბალნიცაზე", მე-8 საპყრობილეში გადამიყვანეს.

წყალბურთელი ვიყავი, წამალი ცხოვრებაში არ გამიკეთებია, "რეზბალნიცაზე" კი ბინძური ნემსით "ცე" და "ბე" ჰეპატიტი გადამდეს. ამაზე ერთი ამბავი ავტეხე, იცოდნენ, რომ ციხემდე ჰეპატიტი არ მქონია და დამიწყეს მკურნალობა უკვე ახალ "რეზბალნიცაზე", მაგრამ ამ ახალ ადგილზეც 2009 წლის 3 ივლისს შემომიცვივდნენ პალატაში. რა გინდათ-მეთქი. გვაგინებო და დამესივნენ, ჩამარტყეს თავში და ლიფტში ჩამაგდეს. ჩამიყვანეს მორგში, დამიწყეს ცემა. ჩემ გარდა მორგში ოთხი ავადმყოფი იყო, ისინი მალე აიყვანეს, მე კი დამტოვეს. თვე-ნახევრის მანძილზე ჩავყავდი მორგში და მცემდნენ. მიდიოდა ფურთხება, სიგარეტებით წამება. ამომწვარი მაქვს მთელი ტანი. ბოლოს საცვლების ამარას მკვდრებს სადაც ჭრიან, იქ მაგდებდნენ. მეუბნებოდნენ, ბოთლით გაგაუპატიურებთ, ხმას თუ ამოიღებო.

ოღონდ არ გავეუპატიურებინე და ვითმენდი. მერე, სადაც მიცვალებულებს მალავენ, იქ უნდოდათ ჩემი ჩაკეტვა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მაცივარში ჩავკეტოთო. მეორემ უთხრა, რომ ჩავკეტოთ, გაიგუდებაო. მაცივარში კი შემაგდეს, მაგრამ კარი ღია დატოვეს და მკვდართან ვიჯექი. რომ ჩამოდიოდნენ საცემრად, ვეუბნებოდი, ქართველები ხართ, ღმერთის არ გეშინიათ-მეთქი? უფრო მირტყამდნენ. ჩემებს არ მანახებდნენ. ღამის 3, ხან 4 საათზე შემოვიდოდნენ და ჩამიყვანდნენ მორგში. თან კვდებოდნენ სიცილით, წამო-წამო, ახალი მკვდარი უნდა გაგაცნოთო. არ მქონდა გამოსავალი და თავის მოკვლა დავგეგმე, რომ ვეღარ გადავერჩინე. მიპოვეს და მაინც გადავრჩი. ფსიქიკა, ჯანმრთელობა შემირყიეს, გულის მანკი დამმართეს. დედა ინვალიდი მყავს. რა ვქნა, დამეხმარეთ. აქ ღვიძლი მეშლება, დავიღუპები, დამეხმარეთ, გთხოვთ. ამდენი ხანი გავიდა და დღეს საკნის კარი რომ იღება, კიდევ მგონია, რამეს დამიშავებენ-მეთქი. 4 ნოემბერს 32 წლის გავხდი. ახლა რომ მივედი, ალექსამ და მაიზერამ მითხრეს, შენ ხომ არ დაგავიწყდა მორგიო. მახოს გვარი გაიგეთ, ეგ არის ელექტროშოკით წამების სპეცი. ალექსას და მაიზერას ვინაობაც გაიგეთ. კიდევ უფროსები, 2009 წლის ჯალათები: "რეზბალნიცის" უფროსი ალეკო მუხაძე, მისი მოადგილე გოგა ბუთლიაშვილი, რეჟიმის უფროსი ავთო პოპიაშვილი, უსაფრთხოების უფროსი ნიკო ხატიაშვილი. კიდევ სახალხო დამცველი მჭირდება. წინასწარ მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ირაკლი მარაქველიძე".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ