ვინ როგორ აღნიშნავს ნათლისღების დღესასწაულს

ვინ როგორ აღნიშნავს ნათლისღების დღესასწაულს

ნათლისღება ქრისტიანობის უპირველესი საიდუმლო, ნათლისღების დღესასწაული კი ერთ-ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი დღე გახლავთ; ეს არის დღე, როდესაც იესო ქრისტე მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მოინათლა. "საიდუმლოითა ნათლისღებისათა კაცი იშვების სულიერად, განიწმიდების და შეერთდების ღმერთთან"; "ვინც ნათელიღო, იგი არის მოწაფე უფლისა იესო ქრისტესი და მოზიარე მისის მადლისა", - წერს წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე.

ტრადიციულად, ყოველი ნათლისღების წინა საღამოს ტაძრებში წყლის კურთხევის ცერემონია ტარდება, შემდეგ კი ნაკურთხი წყალი მორწმუნე მრევლს სახლში მიაქვს, ამრავლებს და მთელი წლის განმავლობაში იყენებს. ამ წესს ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად იცავს.

ნათლისღების დღესასწაული, როგორც წესი, ნათლიებმა და ნათლულებმა ერთად უნდა აღნიშნონ - ტაძარში მისვლით თუ ერთმანეთთან სტუმრობით. მიუხედავად ნათელმირონობის დიდი პატივისცემისა, მოუცლელობის თუ სხვა რამ მიზეზების გამო, ბევრი ამას ვერ ახერხებს. თუმცა, როგორც ჩემი რესპონდენტები აღნიშნავენ, ნათლია-ნათლულების მიმართ მათი სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან დიდია.

ია ფარულავა, მსახიობი:

- შვიდი ნათლული მყავს, აქედან სამთან კონტაქტი აღარ მაქვს, რადგან საზღვარგარეთ ცხოვრობენ. როგორც წესი, ნათლისღებას ნათლულები მირეკავენ, მილოცავენ. მიხარია, რომ მათ ყოველთვის ვახსოვარ, შინ მეპატიჟებიან და ა.შ. მოკლედ, ნათლულების ყურადღება ძალიან სასიამოვნოა. სამწუხაროდ, პირადად მე, არც ისეთი ყურადღებიანი ნათლია ვარ, როგორიც წესით, უნდა ვიყო. იმედია, მალე გამოვსწორდები (იცინის).

სოსო ჯაჭვლიანი, მსახიობი, პოლიტიკოსი:

- ნათლისღება მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. პირადად მე, ბევრი, ალბათ ოცამდე ნათლული მყავს და თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. ენაცვალოთ ჩემი თავი, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას ვერ ვხვდები; ვისთანაც ვახერხებ, მასთან მაქვს ურთიერთობა. როგორც იცით, ნათელმირონობა მეცხრე თაობამდე მიჰყვება ადამიანს.

- თქვენ სად მოინათლეთ?

- სხვათა შორის, კომუნისტების დროს, 1980-იან წლებში, მოსკოვში მოვინათლე, მაშინ კი ხალხი იშვიათად ინათლებოდა. სიმართლე გითხრათ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია - ჩვეულებრივად შევედით ტაძარში და მომნათლეს. ის დღე კარგად დამამახსოვრდა. ერთი ნათლია მყავს - მარინა ნანეიშვილი. ჰოდა, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და არა მარტო მას, არამედ ჩემს ნათლულებს, სრულიად საქართველოს ეს დღესასწაული მივულოცო, სიკეთე და სიხარული ვუსურვო.

ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი:

- იმ ლამაზი დღესასწაულების შემდეგ, რასაც შობა და ახალი წელი ჰქვია, კიდევ უფრო ლამაზ დღესასწაულს - ნათლისღებას ვზეიმობთ და მინდა, ეს დღე ყველას მივულოცო. ცხრა ნათლული მყავს და ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ვნახულობთ ხოლმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შენი ნათლული მთელი წლის განმავლობაში გახსოვდეს და არა - მხოლოდ ნათლისღებას. პირადად მე, ერთი ნათლია დამრჩა, რომელიც სოჭში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ შორს არის, მის მხარში დგომას მუდმივად ვგრძნობ.

- თქვენ როგორი ნათლია ხართ?

- ვერ ვიტყვი, რომ შესანიშნავი ნათლია ვარ, რადგან რიგი გარემოებების გამო, ხშირად საკუთარი შვილების მიმართაც ვერ ვარ ყურადღებიანი. ჩემი ნათლულები ჩემი მეგობრების შვილები არიან. ჩემი შვილების ნათლიებიდან კი საზოგადოებისთვის ნაცნობი - მარინა სალუქვაძე და მაია ბარათაშვილი არიან. ბავშვებს მათთან არაჩვეულებრივი, ხშირი ურთიერთობა აქვთ; მარინა და სანდრო კარგი მეგობრები არიან, ჩემი უმცროსი ვაჟიშვილი და მაიაც იოლად პოულობენ საერთო ენას. ჩემს ვაჟსაც მუსიკალური ნიჭი აქვს და როდესაც მაიას უსმენს, სულ მეუბნება, - კიდევ კარგი, მაიას დავემსგავსე და არა - შენო; მე ხმა და მუსიკალური სმენა არა მაქვს...

ირაკლი ჩოლოყაშვილი, მსახიობი:

- ნათლისღებას აღვნიშნავ, მაგრამ ჩემი სამსახურისა და დღის რეჟიმის გადამკიდე, ისე კარგად ვერა, როგორც საჭიროა. ტაძარში კვირა დღეს ვახერხებ მისვლას. შვიდი ნათლული მყავს და ერთადერთი, რაც შემიძლია, მათ ლოცვებში ვიხსენიებ ხოლმე. რამდენიმე ადამიანი სტუდენტობისას მოვნათლე; მაშინ არც ისე კარგად მქონდა გაცნობიერებული ამ ყველაფრის მნიშვნელობა. უნდა ვეცადო, რომ ბევრად უკეთესი ნათლია და კარგი ქრისტიანი ვიყო. პირადად მე, ბავშვობაში, პაპას გარდაცვალების შემდეგ, მშობლების მეჯვარეებმა მომნათლეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილია, მეორეს კი მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით, ეს დღესასწაული მივულოცო.

- თქვენ როდის მოინათლეთ?

- ექვსი წლის ასაკში, სიონის საკათედრო ტაძარში მოვინათლე. სამწუხაროდ, ჩემი ნათლია გარდაიცვალა, მე კი დღემდე შენახული მაქვს მისი ნაჩუქარი ალუმინის ჯვარი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მაშინ სასწრაფო წესით მომნათლეს, რადგან ბებია გარდაიცვალა და ამ რიტუალის ჩატარება აუცილებელი იყო. კარგად მახსოვს ნათლობის ცერემონია. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც, სასიამოვნო განცდა მქონდა. საერთოდ, ნათლობა მისტიკური რამ არის და ყველა ადამიანს ვუსურვებ, მოინათლოს, რადგან მოუნათლავი ბევრია. პატარაობიდანვე სიონის ტაძრის მრევლი ვიყავი და ყველა საეკლესიო დღესასწაული, აღსარება, ზიარება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ; ყოველ ჯერზე, როცა ადამიანს ვნათლავდი, პასუხისმგებლობას უფრო მეტად ვგრძნობდი, ვიდრე რაიმე აღფრთოვანებას... ჩემი ნათლულებიდან თბილისში არიან: ლაშა შარანგია, ლუკა ღვინიაშვილი და ტაისია ჯაკობია, რომელიც ჩემი ქრისტინეს (იმედაძე) შვილია. ყველას გისურვებთ, ნათლისღების დღესასწაულის მადლი ყოველთვის გფარავდეთ; გასხივოსნებულები, გახარებულები და ღვთის მადლით სავსე ყოფილიყავით.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- ბევრი, ოცზე მეტი ნათლული მყავს. მათგან ზოგი ჩემი მეგობარია, ზოგი ჩემზე უფროსიც კი არის, ზოგიც მეგობრის შვილი გახლავთ და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთ ნათლულთან კონტაქტიც აღარ მაქვს; არ ვიცი, რას საქმიანობენ და სად არიან...

ჩემი შვილის - ლაშას ნათლიები სოსო წერეთელი და ქეთინო ბიძიშვილი გახლავან. ერთი წლის იყო, სიონის საკათედრო ტაძარში რომ მოვნათლეთ.

- თქვენ როდის მოინათლეთ?

- დაახლოებით, სამი წლის ვიქნებოდი, როცა მომნათლეს. მოგეხსენებათ, კომუნისტების პერიოდში ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდა და როგორც მშობლებისგან გადმოცემით ვიცი, ნათლობის ცერემონია ფარულად ჩატარებულა. ჩემი ნათლია ალექსანდრა მალაღურაძე იყო, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. საერთოდ, ნათლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის შინაგანი სამყაროს, სულიერების დახვეწისა და განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ნათლისღება ერთ-ერთი ყველაზე დიდებული დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. ღმერთმა მოგვცეს იმდენი ძალა, რომ უფალი ჩვენს გულებსა და გონებაში გაცხადებულიყოს. ქართველებს, პირველ რიგში, მისი მადლი, სიყვარული, მფარველობა და ერთმანეთის გაგება გვჭირდება, რაც უფალმა უნდა მოგვმადლოს.

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- 19 იანვარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს ლამაზი, რელიგიური დღესასწაული ჩემთვის მტკივნეულია იმ თვალსაზრისით, რომ ჩემი პედაგოგის, ბატონი შალვა გაწერელიას დაბადების დღე გახლდათ. ნათლისღებასა და მის იუბილეს ყოველთვის ერთად აღვნიშნავდით ხოლმე. ვწუხვარ, რომ წელს ნათლისღებას მასთან ერთად, აუდიტორიაში ვეღარ შევხვდებით...

- თქვენი ნათლია ვინ არის?

- გივი ბერიკაშვილი, უმაგრესი ადამიანი! 12 წლის ვიყავი, როცა მომნათლა და ეს რიტუალი ძალიან კარგად მახსოვს. მე და ჩემი და ქაშუეთის ეკლესიაში, ერთად მოგვნათლეს. მისი ნათლიაც საშუალო ტანის კაცი იყო, ჩვენ კი საკმაოდ მაღლები ვიყავით. ჰოდა, როცა მამაომ თქვა: ნათლიები უკან დადექით და ბავშვები წინ დააყენეთო, ჩვენს ზურგს უკან მდგარი კაცები ვეღარ დაინახა (იცინის). მერე ისევ გვერდიგვერდ დაგვაყენეს და ასე მოგვნათლეს.

- ბატონი გივი როგორი ნათლიაა?

- ის ზრუნავს ჩემზე, თუ ზრუნავს! შესანიშნავი ნათლიაა. დღეს მსახიობი რომ ვარ, ეს სწორედ მისი და მისი ოჯახის დამსახურებაა. მსახიობობა დამანათლა და ყველაფერში ძალიან დამეხმარა. პირადად მე, ერთი ნათლული მყავს და სამწუხაროდ, მასთან კონტაქტი არ მაქვს. ჰოდა, ჩემს ნათლულს თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართავ, იქნებ როგორმე დამიკავშირდეს...

- თქვენი შვილის ნათლიები ვინ არიან?

- ჩემს შვილს ცხრა ნათლია ჰყავს. სამწუხაროდ, ერთი ნათლია გარდაეცვალა. ის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა, უნიჭიერესი გოგონა იყო...

- ჩვენს მკითხველს რას უსურვებთ?

- თქვენი ჟურნალი ძალიან მიყვარს და პირველ რიგში, თქვენ და თქვენს კოლექტივს მივულოცავ შობა-ახალ წელს და ნათლისღებას. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! თქვენს მკითხველს ვუსურვებ, ხშირად შეეძინოს "გზა" და კარგი სტატიების კითხვით დამტკბარიყვნენ. კიდევ, ჯანმრთელობას, მშვიდობას გისურვებთ! ჩემი აზრით, ქვეყანაში მშვიდობა აუცილებელია იმისთვის, რომ ხალხს "ეჟურნალებოდეს" და ედღესასწაულებოდეს. გაიხარეთ ყველამ!..

ბაია დვალიშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- თხუთმეტი ნათლული მყავს. გადასარევი ნათლია არ ვარ, მაგრამ დაბადების დღეებსა თუ სხვა მნიშვნელოვან დღეებში მათ ნამდვილად არ ვივიწყებ. მე ორი არაჩვეულებრივი ნათლია მყავდა. ორივე ექიმი იყო და მედიცინის სიყვარული დამანათლეს. ჩემი ნათლულები, ვინც უკვე გაზრდილია, ჭკვიანები და წარმატებულები არიან თავ-თავიანთ საქმეში, რაც ძალიან მახარებს. იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ და იმაზე ბევრად უკეთეს საქართველოს შექმნიან, ვიდრე ჩვენ დავუტოვებთ.

ზალიკო სულაკაური, მხატვარი:

- ნათლია და ნათლულები კი მყავს, მაგრამ ხშირად ვამბობ, რომ ცუდი ნათლია ვარ, რადგან ნათლიამ ნათლულის სულიერ მხარეზე უნდა იზრუნოს, ტაძარში ატაროს, ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას აზიაროს და ა.შ. მე კი ამ მხრივ მოვიკოჭლებ. თუმცა, ვაღიარებ, ჩემი ნათლიები და ნათლულები ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, მათაც ვუყვარვარ. მე და ზურიკო ძალიან პატარები ვიყავით, როცა მოვინათლეთ. სახელები მოგეხსენებათ, მწერალმა ედიშერ ყიფიანმა დაგვარქვა, რომელიც ახლა დიდუბის პანთეონში განისვენებს. ჩემი ნათლია მწერალი გიორგი ცოცანიძეა, უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანი. ძალიან საყვარელი ნათლულები მყავს და ნათლისღებას ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ვეხმიანებით. მამაჩემს ოთხი შვილი, თოთხმეტი შვილიშვილი ჰყავს და ვხუმრობ ხოლმე, - შვილები და შვილიშვილები ერთმანეთში ისე ერევა, კალკულატორით დადის-მეთქი. ჰოდა, ნათლულების ამბავში მეც ასე ვარ (იცინის); შვიდი ნათლული მყავს. ისინი ჩემი მეგობრების შვილები არიან.

- თქვენი შვილების ნათლიები ვინ არიან?

- გიორგი ციხელაშვილი - ჩემი მეჯვარე და ჯონ ლენონა - დავით მგალობლიშვილი, ჩემი მეგობარი. ნათლიებზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა და თქვენის ნებართვით, გიამბობთ: მიხოს ეუბნებიან, - ბავშვი მოგვინათლეო. - რას ლაპარაკობ, ჩემიც სხვას მოვანათლინეო (იცინის).

ნათლისღების დღესასწაულს ყველას გილოცავთ! თქვენს, ჩემს, ყველას ნათლიებსა და ნათლულებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ! ბედნიერებაა და ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობა, როცა ბევრი ნათლული გყავს. ასეთი დიდი ჯვრის ზიდვა ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენს უწმინდესს თუ შეუძლია.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"