რატომ ვერ მრავლდებიან ქართველები საქართველოში?

რატომ ვერ მრავლდებიან ქართველები საქართველოში?

ინიციატივამ, რომ პირველი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება, ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა დააინტერესა. ითქვა, რომ მშობიარობის თანხას ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც თებერვლიდან ამუშავდება და თუ აქამდე სახელმწიფო მხოლოდ სოციალურად დაუცველ ქალთა მშობიარობას აფინანსებდა, 1-ლი ივლისიდან დაფინანსება საყოველთაო გახდება. შეცვლის კი მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ უმწვავეს დემოგრაფიულ სიტუაციას - ამ საკითხზე დემოგრაფი, ასოცირებული პროფესორი ანზორ სახვაძე გვესაუბრება:

- ბოლო წლებში ქვეყანაში დატრიალებულმა სოციალურმა და პოლიტიკურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას. მაგალითად, თუ 1990 წელს საქართველოში 92 815 ბავშვი დაიბადა, 2011 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 58 015-მდე შემცირდა. 2012 წლის მონაცემები ჯერ ხელთ არ გვაქვს, მაგრამ შობადობის შემცირება თვალში საცემია. 2003 წელს შობადობის მაჩვენებელი თითქმის მინიმუმამდე დავიდა - 46 ათასის ფარგლებში მერყეობდა. შემდგომ წლებში კი ახალდაბადებული ჩვილების რიცხვმა კვლავ მოიმატა და 2009 წლისათვის პიკს მიაღწია - გაიზარდა 63 377-მდე. ძველი ხელისუფლება ცდილობდა, რომ შობადობის ზრდაზე გაეკეთებინა აქცენტი, რომელიც 2003 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში შეინიშნებოდა, თუმცა ეს გამოწვეული იყო არა შობადობის ინტენსივობის ზრდით, არამედ სხვა ფაქტორის ზეგავლენით: მოგეხსენებათ, 1990-იან წლებამდე დაბადებული ბავშვები სწორედ ახლა შედიან ფერტილურ ასაკში, ანუ იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც 1980-იან წლებში დაიბადნენ, დღეს თვითონ გვევლინებიან მშობლებად. სამწუხაროდ, მათ სულ მალე შეცვლის შემდგომ წლებში დაბადებული მცირერიცხოვანი თაობა, რაც შობადობის დონის მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში საქართველომ ემიგრანტების სახით ისედაც დაკარგა მილიონზე მეტი ადამიანი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შობადობის დონის ამაღლებასა და ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყობენ ხელს.

- ბატონო ანზორ, კონკრეტულად რა ღონისძიებებს გულისხმობთ?

- მისასალმებელია მთავრობის ახალი ინიციატივა, რომ 2013 წლის 1-ლი ივლისიდან ყველა მშობიარობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება, ასევე მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში გადასახადების გაუქმებაც, რაც სერიოზული შეღავათი იქნება მათთვის, ვინც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო თავს იკავებს ბავშვის გაჩენისაგან. ამგვარ ღონიძიებებს შეიძლება მივესალმოთ, თუმცა მარტო ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარება სასურველ ნაყოფს ვერ გამოიღებს.

- რატომ?

- აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ისეთი პრობლემა, როგორიც არის ერთ წლამდე ბავშვთა გარდაცვალება. უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ის, რომ ჩვილები აღარ კვდებოდნენ. მოდი, კვლავ გადავხედოთ სტატისტიკას: 2005 წელს საქართველოში 916 ერთ წლამდე ბავშვი გარდაიცვალა, 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი 703-მდე შემცირდა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი დანაკარგია. კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებითაც იმოქმედებს, საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების დონეს შეამცირებს. საკმაოდ "შთამბეჭდავი" ციფრები გვაქვს მკვდრადშობადობის მიხედვითაც. მაგალითად: 2011 წელს ქვეყანაში 563 გარდაცვლილი ბავშვი დაიბადა. ამიტომ, მხოლოდ ის, რომ მშობიარობა უფასო იქნება, პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან ქალს განსაკუთრებული ყურადღება და სამედიცინო მომსახურება სჭირდება მშობიარობამდეც და მის შემდგომ პერიოდშიც. შობადობა კომპლექსური პრობლემაა და ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება ხელს შეუწყობს შობადობის მატებასაც და მკვდრადშობადობის შემცირებასაც. როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ქვეყანაში მოსახლეობის ის რაოდენობა მაინც შენარჩუნდეს, რომელიც ამჟამად არის. მხოლოდ სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში შეიძლება ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, რომ მოსახლეობა აღარ შემცირდეს.

- ბატონო ანზორ, განსაკუთრებით საგანგაშოა გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც მომავალში საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდება.

- დიახ, ეს პროგნოზი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგან 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა შეიძლება 3 მილიონამდე შემცირდეს. თანაც, რამდენი იქნება მათგან ქართველი და რამდენი - სხვა ეროვნების წარმომადგენელი, არ ვიცით, რადგან საქართველოში აღარ მიმდინარეობს ეროვნულ ჭრილში დემოგრაფიული მონაცემების რეგისტრირება, რაც ართულებს ქვეყნის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის განსაზღვრას. სხვათა შორის, შობადობის კლების ტენდენცია მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეინიშნება. რატომ? - ადრე ადამიანი განიხილებოდა, როგორც სამუშაო ძალა და ოჯახიც დაინტერესებული იყო, ბევრი ბავშვი ჰყოლოდა, დღეს ბევრი შვილის ყოლა, ასე ვთქვათ, არარენტაბელურია. რატომ გააჩენს დედა ბავშვს, რომელიც მომავალში უმუშევრობისა და უსახსრობისათვის არის განწირული? ამიტომ, აუცილებელია სტიმული, მშობელს ბავშვის გაჩენის სურვილი რომ გაუჩნდეს. ვფიქრობ, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს შვილების რაოდენობასთან მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მიბმა. მაგალითად, თუ ადამიანს ეცოდინება, რომ მისი პენსია დამოკიდებული იქნება შვილების რიცხვზე, სტიმული მიეცემა, უფრო მეტი ბავშვი გააჩინოს და თუ შვილები ვალდებულნი იქნებიან, ხელფასიდან გადაურიცხონ მშობელს გარკვეული თანხა, ეს ბევრს გაუჩენს მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი იყოლიოს. მხოლოდ მსგავსი ღონისძიებების გატარებით შევძლებთ ჩვენი ერი გადაშენებას გადავარჩინოთ.

ბატონმა ანზორ სახვაძემ მოგვაწოდა საქართველოს დემოგრაფიული მონაცემები, კერძოდ - მოსახლეობის რიცხვი, ასევე, ცოცხლად დაბადებულ, 1 წლამდე გარდაცვლილ და მკვდრადშობილ ბავშვთა რიცხვი:

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"