ჯენიფერ ლავ ჰიუიტი სიყვარულზე ოცნებობს

ჯენიფერ ლავ ჰიუიტი სიყვარულზე ოცნებობს

სერიალ "მოჩვენებებთან მოლაპარაკისა" და მრავალი ამერიკული მელოდრამის ვარსკვლავი ჯენიფერ ლავ ჰიუიტი ცოტა ხნის წინ დაშორდა თავის ბოიფრენდ ჯეიკი კენედის. 31 წლის მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ საშინლად ვერ იტანს მარტოობას.

"ჩემს წიგნში ვიპოვი პასუხებს..."

"არ მიყვარს კლუბებში წვეულებებზე სიარული, - ამბობს ჯენიფერი, - არ მივეკუთვნები იმ გოგონების რიცხვს, რომლებიც ყოველ ღამე იცვლიან კაცებს. მიყვარს ურთიერთობები, მომწონს სერიოზული რომანების გაბმა. ზოგიერთ ადამიანს უხარია, როცა ვინმეს შორდება და თავისუფლდება, მაგრამ მე არა".

ბედის ირონიით, ბოიფრენდთან განშორება, რომელიც ფილმში "მოჩვენებებთან მოლაპარაკე" მისი პარტნიორი იყო და დაინიშნენ კიდეც, დაემთხვა ლიტერატურულ ბაზარზე ჯენიფერის ახალი ბიოგრაფიული წიგნის გამოსვლას, რომელიც მკითხველებს რომანტიკული ურთიერთობების შესახებ მოუთხრობს. თავის წიგნში მსახიობი პირად გამოცდილებასა და უიღბლო რომანებზე ჰყვება. კინოვარსკვლავის თქმით, ახლა თავისი წიგნის გადაკითხვას და მასში რაიმე საქმიანი რჩევის პოვნას აპირებს:

"ჩემს წიგნში არასდროს მითქვამს, რომ ვიცი, როგორ უნდა აიგოს იდეალური ურთიერთობები, - ამბობს მსახიობი, - ამ წიგნით მკითხველებს გავაცანი საკუთარი თავი, ასევე ის, რომ მეც იგივე პრობლემები მაქვს. ახლა, როცა ისევ მარტო ვარ, მინდა საკუთარი ქმნილება გადავიკითხო და მასში ვიპოვო პასუხები ყველა საკითხზე. სიყვარულზე ვოცნებობ. მინდა დამოუკიდებელი შეყვარებული ქალი გავხდე, რომელმაც იპოვა შესანიშნავი პარტნიორი ცხოვრებაში, გააჩინა შვილები და შექმნა ოჯახი".

ჰიუიტს მართლაც ბევრი რომანი ჰქონდა. დანიშნული იყო შოტლანდიელ მსახიობ როს მაკოლზე, ხვდებოდა მუსიკოს ჯონ მაიერს, მსახიობებს ჯოი ლორენსსა და კარსონ დეილის. თუმცა საკურთხევლამდე ერთხელც ვერ მივიდა, რადგან მის რომანტიკულ ბუნებას ბოლომდე ვერც ერთი მამაკაცი ვერ ჩახვდა.

თავის წიგნში ჯენიფერი მკითხველს იმასაც უამბობს, როგორ უნდა იფლირტაონ სწორად, წერონ სასიყვარულო წერილები ინტერნეტით, როგორ მოიქცნენ საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ, და კიდევ იმას, თუ რა სურთ სინამდვილეში მამაკაცებსა და ქალებს.

"მე ვფიქრობ, დრო მოვიდა, სხვებს გავუზიარო ყველაფერი ის, რაც ვისწავლე ჩემი რომანების წყალობით, - აღნიშნა ჯენიფერმა წიგნის პრეზენტაციაზე, - ვიმედოვნებ, რომ ქალები, რომლებიც წიგნს წაიკითხავენ, ჩემს შეცდომებზე ბევრ რამეს ისწავლიან".

კრიტიკის შესახებ...

"ეს ჰოლივუდის განუყოფელი ნაწილია. თავიდან ძალიან მთრგუნავდა, ვიჯექი და ვტიროდი, როცა ვკითხულობდი, რა საშინელებებს წერდნენ ჩემზე, ჩემს წონაზე, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ამაზე უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. თუ ადამიანები მე მიწოდებენ მსუქანს, მაშინ ამერიკაში ათასობით მოზარდი გოგონაა, რომლებიც ჩემზე ცუდად გრძნობენ თავს. ამიტომაც აღარ ვრეაგირებდი ამ პროვოკაციებზე. მიყვარს შოუბიზნესი. არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ გამუდმებით მასში ვარ ჩაყვინთული. სუპერმარკეტშიც რომ მივდივარ, სვიტერში გამოწყობილი, ვიცი, რომ ფოტოს გადამიღებენ და არც ისე კარგად გამოვალ იმ ფოტოებზე. ადრე ეს მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას. არ მინდა ისეთი ცხოვრება, როცა პაწაწინა მიზეზის გამოც კი საჭიროა გაპრანჭვა და სახლიდან ისე გასვლა. მინდა ნორმალური ადამიანი ვიყო. ცეკვებიდან ან იოგის გაკვეთილებიდან გაოფლილი გამოვალ, ასეც უნდა იყოს და ნურავის გაუკვირდება. ხოლო თუ გაუკვირდება, ეს მისი პრობლემა იქნება.

რაც შეეხება მოდას, მიყვარს გამოწყობა. მოდა ერთგვარი მსახიობობაა. გეძლევა საშუალება, გარკვეული როლი ითამაშო, და ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო. ეს შესანიშნავია! ყველაზე მეტად "პრადას" კაბები მიყვარს. არასდროს გამოდის მოდიდან. როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ველური სტილი მქონდა, მაგრამ ახლა კლასიკას ვამჯობინებ, კომფორტულ ნივთებს, რომლებიც ყოველთვის მოდაშია".

აღმაფრენებისა და დაცემების შესახებ

"მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს. არც კი ვფიქრობ, რომ ჩემს კარიერაში შეიძლება ილაპარაკო აღმაფრენისა და დაცემის შესახებ. რასაკვირველია, იყო ისინი, როგორც ყველა მსახიობისა და მომღერლის ცხოვრებაში. მაგრამ საერთო ჯამში, ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება