რუსეთი 300 წლიან "პარტიანკებზე" უარს იტყვის

რუსეთი 300 წლიან "პარტიანკებზე" უარს იტყვის

მიმდინარე წელს რუსეთის არმია თავის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ატრიბუტზე, "პარტიანკებზე" უარს იტყვის. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააკეთა. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე ხმარებიდან არა მხოლოდ თავად "პარტიანკა", არამედ თვითონ მისი სახელიც უნდა ამოვიდეს.

"პარტიანკებს" რუსი ჯარისკაცები დაახლოებით 300 წელიწადია, ჯერ კიდევ პეტრე პირველის მმართველობიდან ხმარობენ. შემდეგ მას როგორც მეფის რუსეთის, ასევე საბჭოთა არმია ხმარობდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში "პარტიანკები" ჯარისკაცის გარდერობის უცვლელი ატრიბუტი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, "პარტიანკა" ქსოვილის ნაჭერია, რომელსაც ჯარისკაცი ჩექმების ჩაცმის წინ ფეხზე იხვევს. ამ შემთხვევაში ის წინდის ფუნქციას ასრულებს. თუმცა მისგან განსხვავებით "პარტიანკები" ტერფზე გარკვეული წესის მიხედვით უნდა დაიხვეს. არსებობს ორი სახის - ზაფხულის და ზამთრის "პარტიანკები". ზაფხულის- ბამბისგან, ზამთრის კი - შალისგან მზადდება.

გასულ საუკუნეში პრაქტიკულ "პარტიანკებს" არა მხოლოდ საბჭოური არმია ხმარობდა. ევროპის ქვეყნების უმეტესი ნაწილი წინდებზე 1960-იან წლებში გადავიდა. 1990-ში მათზე უარი ფინეთმა, 2004-ში კი უკრაინამ თქვა. დღეს "პარტიანკების" ყველაზე აქტიური მომხმარებელი რუსეთის არმიაა.

მიჩნეულია, რომ ისინი წინდებზე უკეთ რუსეთის არმიაში არსებულ ყველა სახის ფეხსაცმელზე მიდიან. ამ შემთხვევაში საუბარი შედარებით იაფ ქერზის ჩექმებზეა, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში ჯარისკაცები ხმარობენ. უხეში ქერზა წინდებს ადვილად ხევს. ამიტომაც ასეთი ჩექმების ხმარებისას "პარტიანკების" მოხმარება უფრო გამართლებულია. ამ შემთხვევაში ჯარისკაცის ფეხებს ორმაგად შემოხვეული რბილი ნაჭერი იცავს.

2007 წელს რუსეთის თავდაცვის უწყებამ ჯარისკაცებისთვის ახალ ფორმაზე დაიწყო მუშაობა. გეგმით მასში ქერზის ჩექმები თანამედროვე ბათინკებით, "პარტიანკები" კი - წინდებით უნდა ჩანაცვლებულიყო. მაგრამ ფინანსურმა ფაქტორმა გეგმებს ხელი შეუშალა. ბათინკების დამზადება უფრო ძვირი ჯდება. ჰიგიენურობიდან გამომდინარე წინდები "პარტიანკებთან" შედარებით ხშირ რეცხვას საჭიროებენ. შესაბამისად მათი რაოდენობა არმიაში "პარტიანკებისას" 3-4-ჯერ უნდა აღემატებოდეს. ეს კი დამატებითი ხარჯებია არმიისთვის.

დღეს საკუთარი არმიისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრი ახალ ფორმას ქმნის. თუმცა სავარაუდოდ, კომუნისტური გადმონაშთი ხმარებაში გარკვეული პერიოდით მაინც დარჩება. სანამ ზურგის სამსახური ჯარის საჭირო რაოდენობის წინდებით სრულ მომარაგებას შეძლებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა