მერილ სტრიპი: "არ შეიკავოთ ემოციები!"

მერილ სტრიპი: "არ შეიკავოთ ემოციები!"

დეკემბრის ბოლოს ეკრანებზე გამოვიდა კომედია "გაზაფხულის იმედები", რომელშიც მერილ სტრიპმა მთავარი როლი ითამაშა. რამდენიმეგზის ოსკაროსანი მსახიობი ფილმში ქორწინების რეანიმირებას აპირებს. თავად მსახიობს არა მხოლოდ კარიერა აქვს საათივით აწყობილი, არამედ პირადი ცხოვრებაც. ის წლების განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობს ქმარსა და სამ ქალიშვილთან ერთად.

"ჩემი ქორწინება უღრუბლო არ ყოფილა"

ურთიერთობების გადასარჩენად ცოლქმრული წყვილი, მერილ სტრიპისა და ტომი ლი ჯონსის შესრულებით, ექიმ ფელდს მიმართავს. ჰოდა, მოუწევთ იმაში დარწმუნება, რომ უწინდელი სიყვარულის ასაღორძინებლად ყველა საშუალება (ყველაზე უცნაურიც კი) გამოდგება!

- დღეს კინოთეატრებში ძირითადად მოზარდები დადიან. თქვენი აზრით, მათთვის თუ იქნება საინტერესო "სტაჟიანი" ცოლ-ქმრის ცხოვრების სცენები?

- მგონია, რომ ფილმი ისეთ საკითხებს ეხება, რომლებიც ნებისმიერ თაობას აღელვებს. ახლა ისეთი სიჩქარე აქვს აღებული ცხოვრებას, რომ ერთმანეთისკენ ლტოლვა შეიძლება სამ წელიწადშიც კი დაიკარგოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ახალგაზრდობიდან ისწავლონ ყველა პრობლემის გულწრფელად, მოურიდებლად განხილვა.

- ანუ თქვენი შეხედულებით, ეს ამბავი ურთიერთობის ტოტალურ კრი­ზისს ეხება?

- დიახ და, სხვათა შორის, ახალგაზრდებში ის გაცილებით მძაფრად არის გამოხატული. მე და ჩემი მეგობრები მივეჩვიეთ, რომ არაფერი ჩავიკლათ და დავიგროვოთ გულში, თამამად და სახალხოდ ვლაპარაკობთ ყველაფერზე. თითოეული ჩვენგანი ერთსა და იმავე საკითხებს აწყდება: როგორ გამდიდრდეს ურთიერთობები, როგორ გახდეს ისინი უფრო ცოცხალი და მნიშვნელოვანი ორივე პარტნიორისთვის. ბოლოს და ბოლოს, როგორ შევუნარჩუნოთ ყოველდღიურ ყოფას მნიშვნელობა, ვმართოთ საკუთარი ბედი, იმის ნაცვლად, რომ ასაკთან ერთად მიმქრალი ინსტინქტების დინებას მივყვეთ. მინდა, ჩემი ნამუშევრით ასეთი გზავნილი გადავცე მაყურებელს: საკმარისია ზედაპირულად ურთიერთობა! მეჩვენება, რომ დასავლური ცივილიზაციის ჩარჩოებში უკვე გვეშინია სხვა ადამიანების, ყველაზე ახლობლებისაც კი. გარშემო მყოფებისადმი შიშის გამო ერთმანეთთან სიღრმისეულ კავშირს ვკარგავთ. და ამის გამო საშინლად ვიტანჯებით - ჩვეულებრივი გულისხმიერი საუბარი გვაკლია. ასე რომ, ნურაფერს დაიტოვებთ გულში, გამოუშვით ემოციები!

- თქვენი გმირივით მრავალი წელია გათხოვილი ხართ - სამუშაოს თუ შეუშლია ხელი თქვენი ოჯახური ბედნიერებისთვის?

- რომც შეეშალა ხანდახან, მერე რა? ჩემი ქორწინება უღრუბლო არ ყოფილა! იცით, ურთიერთობები შეიძლება გვერდიდან საოცარი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის არსებობს სირთულეები. მთავარია გქონდეს უნარი, გადალახო კრიზისები, იმის ნაცვლად, რომ თავი აარიდო მათ და ყველაფერზე თვალები დახუჭო. საერთოდაც, შეუძლებელია რაიმე ამომწურავი რჩევის მიცემა, უნივერსალური რეცეპტები არ არსებობს. არადა, გარშემო ყველა მეკითხება: "როგორ გამოგდით ეს?" რა უნდა ითქვას... არც ისე იოლად. მაგრამ არ ველოდები, რომ ვინმე მოვა და ჩემ ნაცვლად გადაწყვეტს პრობლემებს.

"აბსოლუტურად ბედნიერი ვარ!"

- თქვენ არ გაგჩენიათ სურვილი, საო­ჯახო ფსიქოლოგისთვის მიგემართათ?

- მადლობა ღმერთს, არა. თუმცა, საერთო ჯამში, ვერც ამაში ვხედავ რაიმე სამარცხვინოს. გადაღებებზე რეჟისორმა დევიდ ფრენკელმა ასეთი სტატისტიკა მოგვიყვანა: წყვილების 90%, რომლებიც ჰგვანან ფილმში ნაჩვენებ ოჯახს, ვერ ახერხებს განქორწინებისთვის თავის არიდებას. მაგრამ მიზეზი სპეციალისტები არ არიან - ადამიანები მათ მეტისმეტად გვიან მიმართავენ, ქორწინების აღდგენა უკვე შეუძლებელია. ამიტომაც ვეცადეთ, სიუჟეტი უკიდურესობებამდე მიგვეყვანა, გვეამბა ცოლსა და ქმარზე, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდ კი ოჯახი გადაარჩინონ.

- ალბათ სიუჟეტში, როგორც ყვე­ლგან, ღალატია ჩარეული?

- ეს მეტისმეტად მარტივი იქნებოდა! თუმცა ნაჩვენებ მოვლენებამდე ხუთი წლით ადრე წყვილმა მართლაც დაიწყო ცალკე დაწოლა - მაგრამ ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცს მეტისმეტად სტკიოდა ზურგი.

- შეგიძლიათ თქვათ, რა ისწავლეთ "გაზაფხულის იმედების" გადასაღებ მოედანზე?

- იცით, ფილმის დასასრულს ყველასთვის მოულოდნელად პატიება ვთხოვე ჩემს "ქმარს" ტომი ლი ჯონსს იმისათვის, რომ არასაკმარისად კარგად ვითამაშე ერთ-ერთ სცენაში. მან კი მიპასუხა: "სამაგიეროდ, მე და შენ მსოფლიოში საუკეთესო პროფესია გვაქვს, ასე არ არის?" და უნებურად გავიღიმე - ამ სიტყვებით დამაბრუნა იმ მდგომარეობაში, რომელიც აუცილებელია შემოქმედებისთვის. მადლობა მას!

- რა იყო თქვენი სურვილი ახალ წელს?

- რა გითხრათ... მე ისედაც აბსოლუტურად ბედნიერი ვარ. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდება!

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება