რას ედავება ნუნუ დუღაშვილი ირინა ბაირამაშვილს

რას ედავება ნუნუ დუღაშვილი ირინა ბაირამაშვილს

კომპოზიტორმა ნუნუ დუღაშვილმა მომღერალ ირინა ბაიარამაშვილს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა. უთანხმოება ირინა ბაირამაშვილსა და ნუნუ დუღაშვილს შორის ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბაირამაშვილი მოლდოვაში კონკურს "ოქროს ხმაზე" ნუნუ დუღაშვილის სიმღერით წარდგა. ეს სიმღერა ბაირამაშვილმა პროექტ "ახალი ხმის" ერთ-ერთ საფინალო ტურშიც შეასრულა. ისევე როგორც 2011 წელს, სიმღერის შესრულების უფლება კომპოზიტორისთვის მომღერალს არც ამჯერად უთხოვია... გვესაუბრება ქალბატონი ნუნუ დუღაშვილი:

- ჩემი სიმღერა "კახეთო" ირინა ბაირამაშვილმა 2011 წელს მოლდოვაში სიმღერის კონკურსზე შეასრულა, სადაც ის მესამე ადგილზე გავიდა, თვითონ სიმღერა კი - პირველ ადგილზე. მას კონკურსზე ფულადი პრიზიც გადაეცა. საავტორო უფლებების დარღვევის გამო მივმართე საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას, მაგრამ მათ სულ სხვა კუთხით წაიყვანეს საქმე, იქ ლაპარაკი იყო ფულზე და არა საავტორო უფლებებზე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხება არ აქვთ ხელოვანებთან. ირინა ბაირამაშვილს მე რა ფული უნდა მოვთხოვო? ვითხოვ დიპლომს, სადაც წერია, რომ ევროპის ერთ-ერთ კონკურსზე ჩემმა სიმღერამ აიღო პირველი ადგილი.

- არ იცოდით, "ოქროს ხმაზე" და "ახალ ხმაში" ირინა ბაირამაშვილი თქვენს სიმღერას რომ შეასრულებდა?

- არა, ეს ტელეეკრანიდან შევიტყვე. სწორედ ამის გამო ვარ აღშფოთებული. სიმღერის ავტორი ხომ უნდა ყოფილიყო მითითებული? ვიდრე ბაირამაშვილი კონკურსზე გაემგზავრებოდა, აჩვენეს სიუჟეტი, სადაც ჩემი ხსენებაც არ ყოფილა. ამ სიმღერის არანჟირება კონკურსისთვის ირაკლი მენთეშაშვილმა გააკეთა და სიუჟეტში ისე ჩანდა, თითქოს ირაკლი იყო "კახეთოს" ავტორი. დავურეკე ირაკლის და ისიც გაოგნებული იყო. მითხრა, ჟურნალისტებს სამუშაო პროცესის გადაღება უნდოდათ და მე უარი ვუთხარი, მეტი არაფერი ვიციო. თვითონ ბაირამაშვილსაც ვესაუბრე, მან განმიცხადა, პატარა აფერისტი კახელი ვარო! რა უნდა ველაპარაკო?! მე ის მომწონს, როგორც მომღერალი, მაგრამ არასერიოზული გოგოა. ასე თუ გააგრძელა, ცუდ სახელს დაიმკვიდრებს. მე ვთხოვ საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას, რომ ჩემი, როგორც ავტორის სახელი იყოს ნახსენები, სხვას არაფერს მოვითხოვ. დაამტკიცოს უფლებების დაცვის ასოციაციამ, რომ მას რაღაც შეუძლია!

ქალბატონ ნუნუსთან საუბრის შემდეგ ირინა ბაირამაშვილს დავუკავშირდით:

- ირინა, ქალბატონი ნუნუ დუღაშვილი საავტორო უფლებების დარღვევაში გადანაშაულებთ...

- მე და ქალბატონმა ნუნუმ უკვე გავარკვიეთ ეგ საკითხი. ქალბატონი ნუნუ იმან გაანაწყენა, რომ მისი, როგორც სიმღერის ავტორის სახელი არ იყო ნახსენები კონკურსზე. ვაპირებ, გამოვასწორო შეცდომა. ამ დღეებში მივუტან მას დიპლომს, რომელიც მოლდოვაში გადმომეცა. აქამდე ეს მოუცლელობის გამო ვერ მოვახერხე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება