ანი ტყებუჩავას ქალური ხრიკები და მიამიტი ბუნება

ანი ტყებუჩავას ქალური ხრიკები და მიამიტი ბუნება

"ის ხშირად ეკითხება საკუთარ თავს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა? გადაწყვეტილების მიღებამდე საქანელასავით ირწევა. ხშირად არ ჰყოფნის მოხერხებულობა, იყოს ეშმაკი. სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ან მზესავით ანათებს, ან დარდისგან მკვდარია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ სასწორს. ეს, მსახიობ ანი ტყებუჩავას ზოდიაქოს ნიშანია.

- რამდენიმე წლის წინ, ბიცოლას რჩევით ასტროლოგს პირადი ჰოროსკოპი შევადგენინე; მაშინ "დასი" ახალი დამთავრებული იყო და ახლობლები კარიერის აწყობაში მგულშემატკივრობდნენ. ვიცოდი, პირადი ჰოროსკოპის შედგენა ეკლესიურად გამართლებული არ არის, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა. ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი ზოდიაქოს ნიშანი სასწორია, მაგრამ ასტროლოგმა დაბადების საათის მიხედვით მითხრა, რომ ლომი ვარ. სიმართლე გითხრათ, ამან გამახარა - ლომი ხომ სიძლიერის სიმბოლოა, მეფური ნიშანია. ისიც მესიამოვნა, რომ პლანეტა ვენერა მფარველობს. ყველა ქალი ცდილობს, იდუმალებით მოცული იყოს და ზოგჯერ ამის გამო, სასაცილოებიც კი ვართ.

- "ის ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე".

- ვერ ვიტყვი, რომ დათმობაზე იშვიათად მივდივარ. მგონი, პირიქით უფროა - დამთმობი ხასიათი მაქვს. ლმობიერი ვარ და ცოტა არ იყოს, მიამიტიც.

- ამას ასტროლოგებიც აღნიშნავენ. "ღორის წელში დაბადებულ ადამიანს ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან".

- კი, ასეა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემი გულის შიგნით "ცხოვრობენ". მათ ყოველთვის ვუსმენ და არასდროს ვაკონტროლებ, ხოლო ვინც გულს მიღმა არის, მისი აზრები და შეხედულებები ნაკლებად მაინტერესებს; თუ ვინმე სიმართლეს არ ლაპარაკობს ან ნათქვამს სხვა ქვეტექსტი უდევს, თავს ზრდილობიანად ვუხრი და ვშორდები. საერთოდ, უკონფლიქტო ადამიანი ვარ.

- "მას არ უყვარს კამათში ჩართვა. მხოლოდ მათთან საუბრობს, ვისაც პატივს სცემს".

- ნამდვილად ასეა! ჯანსაღი კამათი, მსჯელობა მიყვარს. ვღიზიანდები, როცა შეუფერებელ გარემოში პოლიტიკაზე, არჩევნებზე კამათობენ და მით უმეტეს, როცა კამათში არაკომპეტენტური ადამიანები ერთვებიან.

- "ის ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს ვინმესთან შეჯიბრების სურვილს".

- ვაღიარებ, კარგი მოთამაშე ვარ, რაშიც ალბათ, ჩემი დიპლომატიურობა მიწყობს ხელს. თუმცა, ისიც მართალია, რომ ვინმესთან შეჯიბრების სურვილი, თითქმის არასდროს მაქვს. ვიცი, ამქვეყნად ყოველთვის მოიძებნებიან ჩემზე ლამაზი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები. ღმერთმა ნუ ქნას, სხვანაირად იყოს. ვფიქრობ, ადამიანებთან ურთიერთობაში თავმდაბლობა და სიმშვიდე ყოველთვის ამართლებს; ამავე დროს, უნდა გქონდეს ჯანსაღი ამბიციაც - ეს კარიერაში წინსვლისთვის აუცილებელია, მაგრამ მე დღემდე ვერ ვისწავლე, როგორ გავხდე ამბიციური. თეატრალურში რომ ჩავაბარე, პირველივე დღეს მითხრეს: სიტყვა - "ვიცი", ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული რაღაცის გაკეთება შეგიძლიაო.

- "იშვიათად ცრუობს და მაშინაც, მხოლოდ თავდაცვის მიზნით".

- მართალია, ტყუილი არ მიყვარს. სიცრუე მამძიმებს და რატომ უნდა მოვიტყუო? შეიძლება იშვიათად, ისიც - ბავშვური, უწყინარი ტყუილის თქმა მომიხდეს. სიცრუეს სიმართლით ცხოვრება მირჩევნია.

- "ხშირად არ ჰყოფნის მოხერხებულობა, იყოს ეშმაკი".

- ხშირად მეუბნებიან, - ზედმეტად თავმოყვარე ხარ და პირდაპირი ადამიანი ხარო, - ეშმაკობას კი ხასიათის სიმსუბუქე და სილაღე სჭირდება. ვიღაცისთვის ეშმაკური ხრიკები შეიძლება, ადვილი მოსაფიქრებელი იყოს, ჩემთვის კი ეს ძალიან ძნელია.

- შენთვის ქალური ხრიკებიც უცხოა?

- ყველა ქალმა თავისებური ხრიკი იცის. ჩემი ხრიკები უწყინარია, რადგანაც ინტრიგების ხლართვა არ მახასიათებს და ჩახლართული ამბებიც ნაკლებად მიზიდავს.

- "მას ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ ბოლომდე მათი ერთგულია".

- 4-5 ახლო მეგობარი მყავს. ერთმანეთისთვის ოჯახის წევრებივით ვართ. ერთი ბავშვობის მეგობარი მყავს, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე ვიმეგობრებ.

- "სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ან მზესავით ანათებს, ან დარდისგან მკვდარია".

- სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. დარდისგან მაშინ "ვკვდებოდი", როცა ნაადრევ ასაკში უიმედოდ ვიყავი შეყვარებული. იმ პერიოდში სულ მეძინებოდა, "გარდატეხის ასაკს" თან უამრავი კომპლექსიც ახლდა. როცა გიყვარს და უყვარხარ, მზესავით გაანათებ, აბა, რა იქნება?!

- როგორც ვიცი, ახლა სწორედ ასეთი პერიოდი გაქვს...

- ნამდვილად ასეა, შეყვარებული ვარ!

- შენს რჩეულს როდის გაგვაცნობ?

- მაშინ, როცა ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე მიეცემა. ამ ეტაპზე კი ეს ურთიერთობა მხოლოდ ჩვენია და მას მოვლა, გაფრთხილება სჭირდება.

- მის ვინაობას გაგვიმხელ?

- მხოლოდ იმას გეტყვი, რომ რეკლამების რეჟისორია, - ანუ ხელოვანია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ჩემი აზრით, წყვილს შორის უფრო მეტი გაგება და ჰარმონიაა მაშინ, როცა ერთი სფეროს წარმომადგენლები არიან.

- "ის ამაყია საკუთარი თავით. თუ მის დამცირებას შეეცდებით, თქვენ წინაშე ამაყი და საშინელი ღრიალა "ცხოველი" აღიმართება".

- ხმის მაღალი ტემბრი მაქვს, მაგრამ ღრიალა არ ვარ. ჩემი აზრით, როცა ვინმე შენს დამცირებას შეეცდება, მას წყნარად და ლაკონიურად უნდა აუხსნა, რომ ეშლება.

- "ვერ იტანს სიბნელეს და მარტოობას".

- პირიქით - განმარტოება მიყვარს. ამ დროს ვფიქრობ საკუთარ თავზე, საქმეზე, მომავალზე... ზოგჯერ განმარტოების დროსაც კი ვმუშაობ, ვმეცადინეობ, პერსონაჟზე ვფიქრობ.

- "უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობა".

- ასტროლოგებს ვეთანხმები: ღამის კლუბებში მუდმივად სიარული და "ტუსოვკები" ჩემი ცხოვრების წესი არ არის. ღამის კლუბში იშვიათად მივდივარ და მაშინაც, მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ვერთობი. ღრეობას ვერ ვიტან, ხალხმრავლობაში ვერ ვისვენებ.

- "გადაღლილობისას განტვირთვის საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვაა".

- მართლაც ასეა! ერთი პერიოდი, როცა სიგარეტს თავი დავანებე, ძალიან მეშინოდა, წონაში არ მომემატებინა, ამიტომ ყოველდღე დავრბოდი, მერე შინ დაბრუნებული ჯერ თავს ვიწესრიგებდი, შემდეგ კი წამოვწვებოდი და წიგნის კითხვით ვერთობოდი. ეს პროცესი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ დახარჯული ენერგია უკან ორმაგად მიბრუნდებოდა.

- "მოუსვენარია, მაგრამ საქმის დროს აჩქარება არ უყვარს".

- ჩვევად მაქვს, რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვაკეთებ. სწრაფი ვარ. როცა სამზარეულოში ვტრიალებ, ერთდროულად 2 სადილს ვამზადებ. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ საქმიანობას: ამ შემთხვევაში აჩქარება დიდად არ მიყვარს, მაგრამ გადაღებები ისეთ ტემპშია, გვინდა თუ არა, აჩქარება ყველას გვიწევს.

- "ის ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?"

- ბოლო დროს ვცდილობ, რაც შეიძლება ცოტა კითხვა დავსვა...

- რატომ, ეს ცუდია?

- შეიძლება ვიღაცისთვის კარგი იყოს, ვიღაცისთვის - ცუდი. არის ასაკი, როცა შეცდომების დაშვება გეპატიება, მაგრამ წლების მანძილზე ბევრ რამეს სწავლობ...

- "მერყევია. გადაწყვეტილების მიღებამდე საქანელასავით ირწევა".

- გადაწყვეტილების მიღებისას მართლაც, ბევრს ვფიქრობ; მაშინაც კი, როცა შემიძლია მარტივად ვთქვა: "ჰო" ან "არა".

- "ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია".

- ვგმობ ძალადობას! მისი გამოვლინების ნებისმიერი ფორმა ჩემთვის მიუღებელია.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ გაწონასწორებული სასწორი არის ადამიანი, ანგელოზის თვისებებით.

- (იცინის) ეს შეფასება გაზვიადებული არ არის?! მე ანგელოზი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ადამიანების უმეტესობის მსგავსად, ვცდილობ, რაც შეიძლება უკეთესი გავხდე. კარგი და ცუდი თვისებები ყველას გვაქვს. სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს.

- დაბოლოს, სერიალთან დაკავშირებით გკითხავ: "ჩემი ცოლის დაქალები" როდიდან განახლდება?

- როგორც ვიცი, გადაღებები თებერვლიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ფილმი - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" კარგი გამოვიდა, რაც ძალიან მიხარია. სხვათა შორის, ეს ფილმი ჩემს მშობლებს ჯერ არ უნახავთ - ბილეთები ვერ ვიშოვე, რამდენიმე დღის უკვე წინასწარ გაყიდულია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ლიფონავა არის ნიჭიერი ადამიანი და მასთან ერთად მუშაობა ცხადია, არა მარტო საინტერესო, არამედ სასიამოვნოც არის.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება