"თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბევრი ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ"

"თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბევრი ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ"

თბილისში იპოთეკარების მიერ უსახლკაროდ დატოვებული ოჯახების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ღია ცის ქვეშ დატოვებული ადამიანები თაღლითობის მსხვერპლი შეიქნენ. ასეთი ბედი ეწია შავიშვილებსაც, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ მათი სახლის მეპატრონე, პოლიციელი, ვინმე ლევან ხორნაული გამხდარიყო. როგორ აღმოჩნდა თამარ მეფის გამზირზე მდებარე ბინა პოლიციელის საკუთრებაში, ამის შესახებ ეთერ შავიშვილი გვესაუბრება:

- თაღლითობის მსხვერპლი შევიქენით. 2012 წლის 5 ნოემბერს, სრულიად მოულოდნელად, ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილებიდან ჩვენს ოჯახში მოვიდა პოლიციელთა 20-კაციანი ჯგუფი. სპეცოპერაციას კახაბერ გურგენიძე ხელმძღვანელობდა. მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოგვყარეს ქუჩაში. მითხრეს, სახლი ლევან ხორნაულს ეკუთვნის, რომელიც ქუჩაში გელოდება მოსალაპარაკებლადო. ეზოში დამხვდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელშიც დედაჩემი და ჩემი და ჩასვეს. როცა ლევან ხორნაული დარწმუნდა, რომ მარტო დავრჩი, სპეცოპერაციის ხელმძღვანელს ხელით რაღაც ანიშნა და დაიწყეს სახლიდან ნივთების გამოყრა. ხორნაული მემუქრებოდა, მიყვიროდა. პოლიციელებს არ წარმოუდგენიათ გამოსახლების ოქმი.K კითხვაზე, როგორ გახდა ჩემი სახლი ხორნაულის საკუთრება, პასუხს არავინ მცემდა. ვანდალურად გამოგვყარეს საკუთარი სახლიდან, დაიკარგა ძვირფასი საგვარეულო ნივთები. ორი კვირა ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ვცხოვრობდით, მერე ახლობელმა შეგვიფარა, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ასე და რატომ არ უნდა მოგვეცეს ჩვენს ბინაში ცხოვრების საშუალება?

- რა გაარკვიეთ, როგორ მოხდა თქვენი ბინის გასხვისება?

- გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს დაუდგამთ თვალი ჩემი ბინისთვის. ერთ დღეს სტუმრად გვეწვია ნათესავი მერი ჩხარტიშვილი, ლევან ხორნაულის დედასთან, მზია ხორნაულთან და მერი სხირტლაძესთან ერთად. მერი ჩხარტიშვილი ხშირად სტუმრობდა ჩვენს ოჯახს. მან სთხოვა დედას, ხვალ ნოტარიუს მერი ბუბაშვილთან გამომყევი, რაღაც საბუთებზე, როგორც მოწმემ, იქნებ ხელი მომიწეროო. დედას ნოტარიუსთან დახვდნენ ხორნაულის დედა და მერი სხირტლაძე. ჩვენმა ნათესავმა კი მოუცლელობა მოიმიზეზა და დედას სთხოვა, მის ნაცვლად ფორმალურად მოეწერა ხელი საბუთებზე. აქედან დაიწყო ყველაფერი. თურმე დედამ იპოთეკაში ჩადო ბინა. საინტერესოა ერთი დეტალიც: ის თანხა, რომელიც თითქოს დედას, დიდონა ჭყონიას გადაეცა იპოთეკის სანაცვლოდ, დაფარულია. მაგრამ, ამის მიუხედავად, ბინა მაინც გაიყიდა, თან ორჯერ და ორივე შემთხვევაში ლევან ხორნაულმა შეიძინა: პირველად 2004 წელს, მეორედ - 2005 წელს. საქმეში არ არის 2004 წლის ნასყიდობის დოკუმენტი და არც ის საბუთი, რომლის მიხედვითაც თითქოს 2005 წელს დედამ მინდობილობის საფუძველზე მიჰყიდა ბინა ხორნაულს. საქმეში არც ნოტარიუს მერი ბუბაშვილის მიერ დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება დევს. საქმეს გამომძიებელი სოფო საჯაია იძიებდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის მიკერძოებული იყო. საჯაია მეორე იპოთეკარ მერი სხირტლაძესთან შინ მივიდა და სამი საათის განმავლობაში აიძულებდა ეთქვა, რომ ის ორჯერ იყო ნოტარიუსთან და ემუქრებოდა. გარდა ამისა, არ ჩატარებულა ხელნაწერების ექსპერტიზა. ამის შემდეგ საქმე გადაეცა პროკურორ თეა გიორგაძეს, რომელიც საერთოდ არ იცნობდა საქმეს. კანონის მიხედვით, სახლი აუქციონზე უნდა გაეტანათ. ადვოკატის შეკითხვაზე, რატომ არ გაიყიდა სახლი აუქციონზე, თეა გიორგაძემ განაცხადა, რომ მან გაითვალისწინა დედაჩემის თხოვნა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. გიორგაძემ და საჯაიამ დედას უთხრეს, ლევან ხორნაულმა პატივი გცათ, აქამდე რომ არ გამოგყარათ ამ სახლიდანო. ღიად დარჩა ბევრი შეკითხვა და ასე შეწყდა ძიება.

- ეჭვი გაქვთ, რომ ვინმე მფარველობს ლევან ხორნაულს?

- საჯარო რეესტრიდან ამოვიღე ამონაწერი, რა ქონებას ფლობენ ლევან ხორნაული და მისი დედა. მზია ხორნაულის სახელზე 89 ჩანაწერია, ლევანის სახელზე - 23. საქართველოს მასშტაბით ისინი ამდენ სახლს და მიწის ნაკვეთს ფლობენ. კანონიერი გზით კი ამდენ ქონებას ვერ დააგროვებ. ფაქტია, რომ ლევან ხორნაულს ვიღაც მფარველობს. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა ეს გზა კახეთის პოლიციის ყოფილ უფროს გიორგი სიბაშვილთან მიდის. ჩვენს სახლთან, მარჯანიშვილზე, იყო სიბაშვილის კანტორა. ყველა გზა ამ ხალხთან მიდის. უბრალო მევახშე და პოლიციელი ამას ვერ მოახერხებდა. ამას აკეთებს გარკვეული ჯგუფი. თბილისელები ერთნაირი სქემით რჩებიან ღია ცის ქვეშ და ამბობენ, რომ ამ თაღლითებს სოსო თოფურიძე, ზურაბ ადეიშვილი და კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი გიორგი სიბაშვილი მფარველობენ. თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბევრი ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ. ისიც კი აღიზიანებთ, შენი უფლებების დაცვას რომ იწყებ. გემუქრებიან, ამას როგორ ბედავო. როგორ შეიძლება ყველა ჩემნაირად დაზარალებულის საქმეს სოფო საჯაია იძიებდეს, საქმის პროკურორი კი თეა გიორგაძე იყოს? მათ ექსპერტიზის დასკვნაც გააყალბეს. გვაქვს ჩანაწერი, სადაც მერი სხირტლაძე აღიარებს, რომ ეს იყო თაღლითური გარიგება. ამბობს, რომ მას და მზია ხორნაულს მოეწონათ ჩემი ბინა, დედაჩემს თაღლითურად მოაწერინეს ხელი იპოთეკურ ხელშეკრულებაზე. ჩვენ მორალურად გაგვანადგურეს. ცოცხალი ვარ, მაგრამ უსახლკაროდ დარჩენილი მკვდარზე უარესად ვარ. ჩემი სახლი მინდა!

ინტერვიუ: "ამ თაღლითებს ადეიშვილი, თოფურიძე და სიბაშვილი მფარველობდნენ"

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)