ლეგენდური "ტიტანიკის" ასლი

ლეგენდური "ტიტანიკის" ასლი

მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, 58 წლის ავსტრალიელი ბიზნესმენი, კლაივ პალმერი ახალ "ტიტანიკს" აშენებს. "ტიტანიკი 2" ლეგენდური ლაინერის ასლი იქნება. კლაივ პალმერი მადნეულის მოპოვების სფეროში მოღვაწეობს და პოლიტიკაშიც აქტიურადაა ჩართული. მას დიდი წვლილი მიუძღვის ავსტრალიის ტურიზმის განვითარებაში, აქვს სასტუმროთა ქსელი ავსტრალიის შტატ კვინსლენდში, ცხენების ბიზნესი, საკუთარი საფეხბურთო გუნდი - Gold Coast Unied. კლაივ პალმერი მსოფლიოშია ცნობილი თავისი ქველმოქმედებით, ეხმარება კიბოთი დაავადებულებს, უნარშეზღუდულ ადამიანებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. მას "საამაყო ავსტრალიელის" ტიტულიც კი მიანიჭეს.

ცოტა ხნის წინ კლაივ პალმერმა სიდნეიში პრესკონფერენცია მოაწყო და "ტიტანიკი 2"-ზე ილაპარაკა. ცნობილ ბიზნესმენს ექსკლუზიურად "ყველა სიახლისთვის" ვესაუბრე.

- რატომ გადაწყვიტეთ "ტიტანიკი 2"-ის მშენებლობა?

- პროექტზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვფიქრობდი. ჩემს მეუღლეს, რომელიც, სამწუხაროდ, კიბოთი გარდაიცვალა, სურდა, მე განმეხორციელებინა ეს პროექტი. მას ლეგენდური "ტიტანიკის" შესახებ აინტერესებდა ყველაფერი, აგროვებდა ფოტოებს, იძიებდა მასალებს. მოგეხსენებათ, 2012 წლის 15 აპრილს "ტიტანიკის" დაღუპვიდან 100 წელი შესრულდა. მეც გადავწყვიტე, კატასტროფიდან 100 წლისთავზე მისი ასლის მშენებლობა წამომეწყო.

- წინამორბედის ზუსტი ასლი იქნება "ტიტანიკი 2"?

- "ოლიმპიკის" კლასის ინგლისური ლაინერი ტრაგიკული ბედის მქონე "ტიტანიკის", ფაქტობრივად, ზუსტი ასლი იქნება. წინამორბედისგან მხოლოდ უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა და ნავიგაციისა და უსაფრთხოების ახალი სისტემა განასხვავებს. გემზე განლაგებული იქნება ფეშენებელური რესტორნები, სპორტდარბაზები, აუზები, ბიბლიოთეკები, საკონფერენციო დარბაზები და სხვა. ახალი ლაინერის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. პირველი რეისი იქნება "ლონდონი - ნიუ-იორკი".

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- მიმაჩნია, რომ ოჯახი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი მყავს, ჩემს ამჟამინდელ მეუღლესთან კი - პატარა გოგონა. მე და ჩემმა პირველმა მეუღლემ ერთმანეთი გემზე გავიცანით და სწორედ მაშინ შევპირდი, რომ მისთვის გემს ავაშენებდი. მისი გარდაცვალება ჩემთვის ტრაგედია იყო. დეპრესიიდან ანამ გამომიყვანა. მასაც მეუღლე ჰყავდა გარდაცვლილი. ერთმანეთი სულიერად გავაძლიერეთ და ახალი ცხოვრება დავიწყეთ. ჩემი უფროსი ვაჟი კომპანიაში ჩემთან ერთად მუშაობს. მინდა, შვილებსაც ის ინტერესი და საქმისადმი სიყვარული ჰქონდეთ, რაც მე მაქვს.

- ვიცი, ცხენების ფერმებიც გაქვთ.

- ძალიან მიყვარს ცხენები... ცხენით ჯირითი 7 წლისამ ვისწავლე. ჩემი პირველი მასწავლებელი მამა იყო. ცხენის დანახვისას სულიერად ვმშვიდდები. ჩემი შვილები ფერმაში უვლიან ცხენებს, საკუთარი ხელით აჭმევენ, აბანავებენ. ცხენებს დოღისთვის ვამზადებთ. საერთოდაც, ძალიან მიყვარს ცხოველები. შინ 4 ძაღლი და მაიმუნი, სახელად ჩიკო გვყავს. ჩიკოს ყველაფერი ესმის. ტელეფონსაც კი პასუხობს, როცა შინ ვრეკავ - ყურმილს იღებს და დუმს, მე კი ვიცი, რომ მისმენს და ველაპარაკები ხოლმე (იცინის).

- თქვენი აზრით, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?

- ვფიქრობ, საქმის სიყვარულის, ნებისყოფისა და მიზანდასახულობის გარდა, საჭიროა, გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელიც დაბრკოლებების დაძლევაში დაგეხმარება, სტიმულს მოგცემს და გაგამხნევებს.

სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" სიდნეიდან,

თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს