ლია მუხაშავრია: "არ ვფიქრობ, რომ პატიმართა ციხეებიდან გამოშვების შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდება"

ლია მუხაშავრია: "არ ვფიქრობ, რომ პატიმართა ციხეებიდან გამოშვების შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდება"

"რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემა ჯერჯერობით სრულყოფილი არ არის, ვერც იმ ახალ და სამართლიან საქართველოში ვიღვიძებთ, რომელსაც საზოგადოება გასული წლის 2 ოქტომბერს მოუთმენლად ელოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მცირე ნაბიჯებით მივდივართ ვითარების გაუმჯობესებისკენ", - ამბობს ჩვენთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია. მას სასამართლო სისტემაში მომხდარ ცვლილებებსა და ბოლოდროინდელ აქტუალურ მოვლენებზე ვესაუბრეთ.

-  ქალბატონო ლია, ბოლო დროს განხორციელებული ამნისტიის ფარგლებში ძალიან ბევრი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პატიმარი ვიხილეთ. რა პრინციპით ხდება პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრა?

-  არსებობს ევროსაბჭოს ორი რეზოლუცია, ერთი 2001 წელს მიიღეს, ხოლო მეორე, 2012 წლის იანვარში, რომელიც უფრო პირველის დაზუსტებაა, ვიდრე ცალკე რეზოლუცია. ჩვენდა საბედნიეროდ, ამ მეორემ სულზე მოგვისწრო. სწორედ იმ ამნისტიის კანონშია მოხსენიებული პატიმრების კატეგორიებად დაყოფა კრიტერიუმების მიხედვით, ოღონდ იქ ყველაფერი მკაფიოდ და ცალსახად არ არის განსაზღვრული. ამიტომაც, პოლიტპატიმრის კატეგორიაში მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დევნილები კი არა, სხვებიც მოხვდნენ.

იურიდიულად ამ ნიშისთვის საყოველთაოდ მიღებული დეფინიცია არ არსებობს. საერთაშორისო ამნისტიას პოლიტდევნილად მიაჩნია პირი, რომელიც დაკავებულია ბრალდების წარდგენის გარეშე პოლიტიკური არეულობების, დემონსტრაციების ან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების დროს; ასევე, თუ ის დაკავებულია საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, ან ხელისუფლებასთან ოპოზიციის გამო ისე, რომ არ იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს... თუმცა, რეზოლუციაში მოცემულ კრიტერიუმებს რომ მივყვეთ, ეს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დევნილებს შეეხებოდა. საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების შეცვლამ პატიმართა 25 ათასამდე გაზრდა გამოიწვია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. დაპატიმრებულ ადამიანთა უმეტესობა პოლიტიკის ცვლილების შედეგად დევნის მსხვერპლი იყო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდა და სასამართლო უწყებამ ამას მხარი დაუჭირა, რისი დასტურიც არის კოტე კუბლაშვილის მაშინდელი ინტერვიუ, სადაც ის ღიად ამბობს, რომ მხარს უჭერს მკაცრი სისხლის სამართლის განხორციელებას, უამრავი ადამიანი უდანაშაულოდ ან პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მართლმსაჯულების მიერ ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ამ რაოდენობის პატიმრების არსებობა, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ.

მაგალითად, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული გიორგი ზერეკიძის ოჯახი წინა ხელისუფლების მიერ მთლიანად რეპრესირებული იყო, ეს მოგვიანებით დადასტურდა მამამისის ტრაგედიით. "ნაციონალებმა" ეს მოზარდი აქციეს სანიმუშოდ დასჯილ არასრულწლოვნად, რათა ნულოვანი ტოლერანტობის შედეგი რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური ყოფილიყო.

-  თუმცა, ამნისტირებულებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული...

-  საზოგადოებამ კარგად იცის, დასჯისა და დაშინების რა მეთოდებს იყენებდნენ მათ მიმართ და როგორ იწერებოდა აღიარებითი ჩვენებები. დანაშაულში ეჭვმიტანილებს ადვოკატის აყვანის სურვილიც კი არ ჰქონდათ, უბრალოდ, ცდილობდნენ, ისეთი ადვოკატი მოეძებნათ, რომელიც უფრო ხელსაყრელ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდა. სიმართლის დასადგენად ბრძოლას გამამართლებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშიც კი არ ჰქონდა აზრი. ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში არ დარჩენილა ადამიანი, რომელსაც უსამართლო მართლმსაჯულებასთან არ ჰქონდა საქმე, ან მისი ოჯახის წევრი არ ყოფილიყო დაპატიმრებული ან ახლობელი ადამიანის დაპატიმრებით არ დამუქრებოდნენ.

-  ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თქვენ რას ფიქრობთ?

-  პირდაპირ გეტყვით, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ძალიან დიდი ანტიპათია მაქვს, რადგან ის იყო იმ ბოროტების ერთ-ერთი სათავე, რომელსაც ჩვენ ამდენ ხანს ვებრძოდით. მისი გენერალური პროკურორობის დროს დამკვიდრდა ძალზედ მახინჯი ტენდენციები, მაგრამ ტოტალიტარული რეჟიმების თვისებაა საკუთარი თავის გადასანსვლა. ამის ერთი-ერთი ასეთი მაგალითია ოქრუაშვილი, რომელიც ახლა მსხვერპლია. მისი ამბავი ჩემთვის არის კომიკური და ტრაგიკული. ოქრუაშვილი არის ადამიანი, რომელიც სააკაშვილმაც გამოიყენა და ახლაც იყენებენ, რადგან გამოყენებადი სუბიექტია. სხვა სიტყვაც შემიძლია გამოვიყენო, მაგრამ არ ვიკადრებ, ისე კი იმსახურებს. ამიტომაც, ოქრუაშვილი რაც უფრო გამოყენებადი სუბიექტი იქნება სასამართლო დავებისთვის, მით უკეთესია მართლმსაჯულებისთვის, რადგან ინფორმირებულია. მისი დაკავება მოჰყვა ინგა გრიგოლიას თოქშოუში მის "გამობრწყინებას", რადგან მაშინ აღიარებითი ჩვენება მისცა. თუ მან იცოდა იმ ფაქტებზე, რომლებზეც გადაცემაში ლაპარაკობდა და არ განაცხადა, ეს მძიმე დანაშაულია და სწორედაც იმსახურებდა დაკავებას. თუ ეს დანაშაულები სხვებთან ერთად ჰქონდა ჩადენილი, მით უმეტეს იმსახურებდა დაკავებას. როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი, უდანაშაულობის პრეზუმფციას ვიცავ და ვიტყვი, რომ მისი რანგის პოლიტიკოსი ალბათ თანამონაწილე იყო, ავტორსა და დამკვეთს შეგნებულად არ ვამბობ, ამიტომ მისი დაკავება სავსებით სამართლიანი გახლდათ. თუმცა, მაშინ სხვა პოლიტიკური ვითარება იყო, მისი აყვირება და ჩვენების მიცემა თავად იმ ხელისუფლებას არ აძლევდა ხელს, ამიტომ გაისტუმრეს საფრანგეთში, სადაც სვებედნიერად ცხოვრობდა.

-  ახლა რა ხდება?

-  ეს ადამიანი ახლაც ცდილობს, საკუთარი ინფორმატიულობა გამოიყენოს. ამ თვალსაზრისით მისი გათავისუფლება, შესაძლოა, მართლაც გამართლებული იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ სერიოზულ მასალებს მისცემს გამოძიებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლმსაჯულებას დიდი შეღავათებით უნდა დაუძვრეს. პირადად მის წინააღმდეგ ბევრ ადამიანს აქვს მტკიცებულება. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოცხადდეს სრულიად უდანაშაულოდ და იმ ბრალდებებისგან ბოლომდე არ უნდა გათავისუფლდეს. თუ ასე მოხდა, ეს სააკაშვილის დროს დამკვიდრებული ტენდენციის გაგრძელება იქნება.

-  ამ დღეებში გავრცელდა მეგის ქარდავას შეკვეთით გადაღებული ფარული კადრები, რომლითაც წინა ხელისუფლება თურმე "ცისფერ აგენტურას" ამუშავებდა. როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდა ხელისუფლებას იმ კადრების გამოყენება და ხომ არ დაირღვა ამით ადამიანის უფლებები?

-  ამ კადრების გავცელებამ, თანაც შუადღისას, მეც ძალიან დამაფიქრა. საინფორმაციო საშუალებებს შეეძლოთ, ეს კადრები ღამე, 12 საათის შემდეგ ეჩვენებინათ და ამით არავის უფლება არ დაირღვეოდა. რაც შეეხება ძალოვანი უწყების გადაწყვეტილებას, როგორც იურისტი, ვერ დავიჯერებ, რომ ამ სკანდალური კადრების ჩვენებით მათ საზოგადოებას დამკვეთის ნამდვილი სახე დაანახვეს. ყველამ კარგად იცის, მეგის ქარდავა რომ ურჩხული იყო და ფოლკლორშიც კი უნდა დარჩეს. ბავშვებს გუდიანი კაცით კი არა, ქარდავათი უნდა აშინებდნენ, მაგრამ ასეთი კადრების გავრცელებით რა დაუდასტურდება მას, მის მიერ დაკვეთილი წამების ფაქტებთან შედარებით, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის მიღმა სულ სხვა რამე იმალება, გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება არც კი ფიქრობს ქართველი საზოგადოების ნაწილის ისედაც წამხდარი ზნეობის გაკეთილშობილებაზე. ასეთი ვიდეოკადრების ჩვენებით ცდილობს, საზოგადოებამ იფიქროს, რომ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები ძალზე გავრცელებულია. ვერც შს მინისტრის განცხადებას დავეთანხმები, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახვეთ, რა საშინელ დროში ვცხოვრობდითო, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა მაშინ... ერთი სიტყვით, ამ კადრების შემდეგ, როგორც გამოცდილი იურისტი ვფიქრობ, რომ ჰომოსექსუალიზმი ჩვეულებრივი რამ ყოფილა და ამ ფონზე კიდევ უფრო კარგად ვხედავ, რატომ აქვს ხალხს ასეთი გამძაფრებული ფობია არატრადიციული ორიენტაციის მიმართ.

-  რას გულისხმობთ?

-  იმას, რომ ეს არსებობს ქვეყანაში და სირაქლემას პოზის მიღება ვერაფერს შეცვლის. სწორი მიდგომაა საჭირო როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების მხრიდან. უკვე დროა, საქართველოში დავიწყოთ საუბარი სექსუალურ და სხვა უმცირესობების უფლებებზე, რომელიც პოპულარული არ არის, სამწუხაროდ, და საზოგადოება ვერ აცნობიერებს კარგად ამ უფლებების დაცვის მნიშვნელობას, ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და დღეს თუ ისინი არ ჩანან, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს უმრავლესობის ძალადობრივი პოლიტიკა, რომელიც მათ აიძულებს, დამალონ ორიენტაცია და იყვნენ ფარული ცხოვრების წესის იძულებით მატარებლები.

-  სხვა საკითხებზეც გკითხავთ, რამდენად დიდია იმის საფრთხე, რომ მართლმსაჯულების თემის პოლიტიზება საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სტაბილურობას? და კიდევ, თქვენი აზრით, რამდენად იმუშავებს ის, რომ პარლამენტის დადგენილებით, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონი ამნისტირებულების მიმართ უფრო მკაცრი იქნება?

-  დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ამნისტირებულებს ნაპატიებ სასჯელს ახალჩადენილი დანაშაულის სასჯელი ემატება და მათზე შეკრებითობის პრინციპი გავრცელდება. არ ვფიქრობ, რომ პატიმართა ციხეებიდან გამოშვების შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდება. ღარიბაშვილის უწყების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ეფექტიანად და ქმედითად მუშაობს. გარდა ამისა, არ ვფიქრობ, რომ ის ხალხი, რომელიც ახლა ციხეებიდან გამოდის, დამნაშავე იყო და ჩადენილი დანაშაულისთვის ჩასვეს. ამიტომ მგონია, რომ მათი გათავისუფლება საფრთხეს არ შეიცავს და საზოგადოებას თავის ტკივილს არ მოუმატებს. ამაზე მეტად სახიფათოა ის ორი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლებიც პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე გამოუშვეს. ასე რომ, ჩვენ მართლმსაჯულების სისტემით კატეგორიულად უკმაყოფილო ვიყავით, მაგრამ, მიუხედავად იმ მწვავე კრიტიკისა, რაც აქამდე გამოვხატე დღევანდელი პოლიტიკური ელიტის მისამართით, აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოლიტიკას, რომელიც გამომუშავდა და მოქმედებს დღეს სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ. ყველამ კარგად ვიცით, რამდენი ცოდვა აქვთ ამ მოსამართლეებს ჩადენილი, მაგრამ ისედაც საძირკველმორყეულ ქვეყანაში ერთი ხელის მოსმით სასამართლოს შეცვლა, შესაძლოა, დესტაბილიზაციის საფუძველი გამხდარიყო. ამიტომ, ასე ხელაღებით ამის გაკეთება არ შეიძლება. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებას ეს ესმის და იმას არ აკეთებს, რაც თავის დროზე, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოხდა, - როდესაც მოსამართლეები ერთი ხელის მოსმით გაყარეს. ახალი ხელისუფლება ბევრს აძლევს შანსს, დაამტკიცოს, რომ არის ღირსეული იურისტი და შეძლებს მოსამართლის მანტიის მორგებას. მეორე მხრივ, შეცვლის პროცესი იქნება, მაგრამ ძალიან აწონ-დაწონილი ნაბიჯების გადადგმით. კარგია, როცა ხელისუფლება ცდილობს, ამ სისტემაში პირდაპირი ჩარევა და ზეწოლა არ მოახდინოს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ