"23 წლის გოგონას წაართვეს უმთავრესი - დედობის უფლება"

"23 წლის გოგონას წაართვეს უმთავრესი - დედობის უფლება"

ეს წერილი ე.წ. არამიანცის ერთ-ერთი კლინიკის ყოფილ დირექტორს, ამჟამად "ამთელ ჰოსპიტალის" ექიმს, ნოე ლეჟავას ეკუთვნის და მისი ადრესატი ბიძინა ივანიშვილია.

"ბატონო ბიძინა, წინასწარ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ რა ვქნა, თქვენდამი დიდი ნდობის ფაქტორმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ვარ 38 წლის სტაჟის მქონე ექიმი, აქედან 30 წელი ვიყავი ქალაქის N1 საავადმყოფოში კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ ჩვენი საკითხი რა მოსატანია, როდესაც დაიშალა ქვეყნის ჯანდაცვა. "ამთელ ჰოსპიტალის" გინეკოლოგიურ კლინიკაში 24 ოქტომბერს მოხდა სამედიცინო დანაშაული. 23 წლის გოგონას, არარსებული და "შეკერილი" დიაგნოზით გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც გოგონა დარჩა საშვილოსნოს გარეშე. ბატონო ბიძინა, გთხოვთ დამეხმაროთ სიმართლის ძებნაში. თუ მე ვარ არასწორი, დადგეს ჩემი სერტიფიცირების საკითხი".

ამ წერილის გაგზავნამდე, N1 გინეკოლოგიური კლინიკის საოპერაციოში ინციდენტი მოხდა. პროფესორი ნოე ლეჟავა გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ იაშვილს დაუპირისპირდა: "შევვარდი საოპერაციოში, დავადექი თავზე იაშვილს, ვფიქრობ, რომ გადავეფარო გოგონას და ამ დროს დაიწყო საშვილოსნოს ამოღება. ვიყვირე, ნუ აკეთებ ამას, ნუ ღუპავ ბავშვს-მეთქი", - ჰყვება "კვირის პალიტრასთან" ნოე ლეჟავა.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმეს პრემიერ-მინისტრის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტრო და პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაცია სწავლობს. როგორც "კვირის პალიტრას" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ეს იქნება 2013 წლის იანვრის ყველაზე ხმაურიანი საქმე სამედიცინო სექტორში.

ნოე ლეჟავა, პროფესორი:

- 2012 წლის 23 ოქტომბერს მორიგე ვიყავი, დღის მეორე ნახევარში დამიძახა თამარ იაშვილმა და მითხრა, დამირეკეს სადაზღვევო კომპანიიდან, ავადმყოფი სეფსისის ცენტრიდან ჩვენთან გადმოჰყავთ, რადგან იქ დაპირისპირება მოხდა ავადმყოფის პატრონებსა და მედპერსონალს შორისო. მოკლედ, 17.40 სთ-ზე (დრო აქ მნიშვნელოვანია) ეს გოგონა, 23 წლის ნათელა გაძვერაშვილი გადმოიყვანეს დიაგნოზით -“"საკეისრო კვეთის შემდგომი ენდომეტრიტი, შემოფარგლული პერიტონიტი". იცით, რატომ ვუსვამ საათებს ხაზს? სეფსისის ცენტრს ავადმყოფმა მიმართა ჩვენთან გადმოყვანამდე სამი საათით ადრე, ანუ 14.30 სთ-ზე. არადა, პერიტონიტის დიაგნოზის დასმიდან ერთიI საათის განმავლობაში თუ ავადმყოფს ოპერაცია არ გაუკეთდა, იღუპება. გამოდის, სეფსისის ცენტრში დაისახა მოქმედების მეტად საინტერესო გეგმა.

- პაციენტისთვის საშვილოსნოს ამოკვეთის გეგმას გულისხმობთ?

- დიახ. როგორც შემდგომ გავარკვიე, 10 დღით ადრე ნათელა გაძვერაშვილს მე-4 სამშობიაროში ჰქონია საკეისრო კვეთა გაკეთებული, საიდანაც გაეწერა სრულიად ჯანმრთელი და შემდგომშიც არანაირი გართულება არ ჰქონია. 23 ოქტომბერს პაციენტმა მუცლის არეში დისკომფორტი იგრძნო და თავის ექიმს მიაკითხა, მაგრამ მე-4 სამშობიაროს არ აქვს ამბულატორიულად მიღების უფლება და ექიმმა ურჩია, სეფსისის ცენტრისთვის მიემართა. როგორ დაუსვა სეფსისის ცენტრმა 23 წლის გოგონას ეს სასიკვდილო დიაგნოზი, ჯანდაცვის სამინისტრომ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. როდესაც პაციენტი ჩვენთან გადმოიყვანეს, გინეკოლოგიურად და რექტოვაგინალურადაც გავსინჯე. ვერაფერი ვნახე, იმ დიაგნოზის ნასახიც არ ჰქონდა, რაც იქ იყო ჩაწერილი. ახლა ესეც დაწერეთ - მე ვარ გამოცდილი ექიმი. სანამ სეფსისის ცენტრი გაიხსნებოდა, 1984 წელს მე ჩამოვაყალიბე სეპტიური გინეკოლოგიის განყოფილება. მოკლედ, გაძვერაშვილი ჩემთან რომ მოსულიყო, ვეტყოდი, წადი, შვილო, შინ, ოყნა გაიკეთე და მორჩა-მეთქი. მელოგინე ქალს ნაწლავთა ატონია, ანუ გაზების დაგროვება ყოველთვის აწუხებს და მით უმეტეს საკეისრო კვეთის შემდეგ.

არაფერი არ ჰქონდა ამ გოგონას, არც სიცხე, მაჯა ნორმალური, მაგრამ ვინაიდან ასეთი ამბავი იყო ატეხილი, ვურჩიე, შვილო, დარჩი აქ დილამდე-მეთქი. სისხლის ანალიზებიც გავუკეთეთ და არაფერი დაფიქსირდა. ცალკე პალატაში დავაწვინე, ოყნა გავაკეთებინე ექთანს და იმ ღამეს მშვიდად ეძინა. დილით ექიმი მეუბნება, ბატონო ნოე, თქვენს ავადმყოფს საოპერაციოდ ამზადებენ იაშვილის განკარგულებითო. გამიკვირდა, იაშვილს არც გაუსინჯავს და ოპერაციაზე როგორ გაჰყავდა? გადასამოწმებლად პაციენტის ისტორია მოვითხოვე, მაგრამ რად გინდა, არ არსებობდა... მხოლოდ მეორე დღეს გაჩნდა ჩანაწერი, რომ ანთებითი პროცესი განვითარდა და ნაკერები დაშალა. ამაზე საშინელი დიაგნოზი გინეკოლოგიაში არ არსებობს. 70%-ის შემთხვევაში ადამიანი კვდება და ამ დიაგნოზს იაშვილი სვამს ისე, რომ არც გაუსინჯავს ავადმყოფი.

ჩემი კოლეგაც ეხვეწა იაშვილს, არ არის ეს ქალი საოპერაციოო. არა, "ია ვსიო ზნაიუო", - გაიძახოდა. ისტორიაში ჩავუწერე, გთხოვთ, სასწრაფოდ მოიწვიოთ კონსილიუმი-მეთქი. იგნორი! კიდევ არა მგონია, რომ საოპერაციოში შეიყვანს, ასე როგორ გაწირავს ბავშვს-მეთქი. და აი, ვიგებ, რომ დაუწყია ოპერაცია. შევვარდი საოპერაციოში და დავადექი თავზე. მუცელი გახსნილია და გაკრიალებულია ყველაფერი. ვეუბნები იაშვილს, რას აკეთებ, ნუ დაღუპავ ბავშვს, შეაჩერე ოპერაცია-მეთქი.

- კი მაგრამ, იაშვილის ასისტენტი ექიმები ვერ ხედავდნენ, რომ არ იყო საოპერაციო?

- ხედავდნენ, მაგრამ ამოიღებდნენ ხმას და გააგდებდა სამსახურიდან. საშვილოსნო კი არა, თავი რომ მოაჭრა ავადმყოფს, ჩუმად იქნებიან სამსახურის დაკარგვის შიშით. ვადგავარ ასე თავზე, ვფიქრობ, რომ გადავეფარო და ამ დროს დაიწყო საშვილოსნოს ამოღება. ვიყვირე, ნუ აკეთებ ამას, ნუ დაღუპავ ბავშვს-მეთქი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"