გიორგი იაშვილს საჩხერეში დიდი მუსიკალური გეგმები აქვს

გიორგი იაშვილს საჩხერეში დიდი მუსიკალური გეგმები აქვს

ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ, გიორგი (გია) იაშვილმა, რომელიც მიუნჰენში ცხოვრობს და მოღვაწეობს, 20 იანვარს კონსერვატორიაში კონცერტი გამართა.

საღამოს უძღვებოდა ოპერის სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით, რომელმაც პირველ განყოფილებაში შუბერტის "დაუმთვარებელი" სიმფონია" დაუკრა. მეორე განყოფილება კი მთლიანად ქართველ მევიოლინეს დაეთმო.

დიდი ოჯახის, ლუარსაბ (ბუჭუკა) იაშვილის შვილიშვილმა და ნანა იაშვილის ვაჟმა, გიამაც ვიოლინოს მიუძღვნა თავისი ცხოვრება.

33 წელი მის ცხოვრებაში იმ გარდამტეხ მომენტად იქცა, როდესაც ავსტრიაში და გერმანიაში გაზრდილ მუსიკოსს საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირის სურვილი გაუჩინა და ეს კონცერტი გიას დიდ სამომავლო გეგმებს უკავშირდება.

ბავშვობაში, ბაბუამ ერთი წელი საჩხერის სკოლაში მიაბარა, ამიტომ დღეს გიას გული იქითკენ მიუწევს. მას უნდა, რომ იმერეთის მუსიკალური ცხოვრება გამოაცოცხლოს. ის ქართული "მუსიკალური სეზონის" დაარსებას აპირებს, რაც წლის განმავლობაში, თვეში ერთი გალა კონცერტის გამართვას გულისხმობს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მიიღებენ. ესენი არიან: ამერიკელი მევიოლინე ჯოშუა ბელი, (რომელთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია) არგენტინელი პიანისტი მარტა არგერიხი, ამერიკელი დირიჟორი ლორინ მააზელი და სხვები.

სეზონის კონცერტების პარალელურად მას სურს მასტერკლასები და გასვლითი მუსიკალური საღამოები თავად გამართოს საჩხერეში, სადაც მას არა მარტო ნათესავები და მეგობრები, არამედ წინაპრების დიდი თაყვანისმემლებიც ეგულება. შემთხვევითი არ არის, რომ თავისი "ფეისბუქის" გვერდზე მას საკუთარი სოფლის, არგვეთის სახლი აქვს ქავერად შერჩეული. მისი ხელოვნების ფონდის სახელიც ხომ "არგვეთია".

მისი პირველი კონცერტი თბილისში ნამდვილად მოვლენად იქცა. გემოვნებით შერჩეული პროგრამა, შესრულების დახვეწილი მანერა.  მშვიდი, მაგრამ სიღრმისეული ბგერით მან მსმენელი ნამდვილად დაიპყრო.

მოცარტის კონცერტი( A დურ) # 5, კამილ სენ-სანსის ინტროდუქცია და რონდო- კაპრიჩიოზო - ორი სხვადასხვა ჟანრის და ეპოქის ნაწარმოები მან თავის, იაშვილისეულ სტილს დაუქვემდებარა.

დღეს გია წარმატებით გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე. იგი არის კამერული ანსამბლის "Soloiste de art" -ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ეს ორკესტრი, რომელშიც გაერთიანდნენ ზუბინ მეტას და ლორინ მააზელის ორკესტრების წამყვანი ახალგაზრდა მუსიკოსები, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივია.

ის დღეს ავსტრიის და საქართველოს მოქალაქეა. ჯვარი კახეთის სოფელ ვეჯინში დაიწერა, მისი ნახევრად ფრანგი და ნახევრად იაპონელი საცოლე მართლმადიდებლად მოინათლა. შემდეგ იყო ხელისმოწერა პარიზში და ტრადიციული ქორწილი იაპონიაში.

ნარგიზა გარდაფხაძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება