მუხრან მაჭავარიანი - ძე ქუხილისა!

მუხრან მაჭავარიანი - ძე ქუხილისა!

ერთ პოეტს უთქვამს, პოეტისთვის კარგი სიკვდილი უკანასკნელი კარგი ლექსიაო. ასეთ სიკვდილს ალბათ ვერც ინატრებდა სიცოცხლეში - მუხრან მაჭავარიანმა სცენაზე დაასრულა სიცოცხლე და "წარმოთქმული უკანასკნელი ლექსიც" სამშობლოს მიუძღვნა - მისი ბოლო სიტყვა "სამშობლო" იყო. როგორც იცხოვრა, ისევე გარდაიცვალა - ალბათ ბედნიერი, რომ თავისი ხალხიცა და ოჯახიც იქვე ჰყავდა და რაც იწინასწარმეტყველა ლექსით, ისე აუხდა: მართლა "თხემით ტერფამდე შეიძრა მთელი საქართველო"...

დღეიდან პროექტი "ჩემი რჩეული" ჟურნალ "გზასთან" ერთად პოეტი-აკადემიკოსის, მუხრან მაჭავარიანის სამტომეულს წარმოგიდგენთ, "გზის" ამ ნომერში კი დიდ პოეტს პროფესორები, ბატონები სოსო სიგუა და გიორგი გოგოლაშვილი გაიხსენებენ.

სოსო სიგუა:

- ალბათ იშვიათია შემოქმედი, რომლის ბუნებაშიც ასე იყოს შერწყმული პოეტი, დეკლამატორი, მოღვაწე... და სწორედ დეკლამაცია იყო მისთვის ბრწყინვალე პოეზიის ხალხში გატანის ერთ-ერთი საშუალება. ბევრჯერ გამიხსენებია ეს საოცარი ფაქტი: ფოთში ვიყავით და იქ ერთი კაცი შეგვხვდა, აფხაზეთიდან გახლდათ, სოხუმიდან ლტოლვილი, გვარად არძინბაია. იმ კაცმა უთხრა მუხრანს: თქვენი ყველა ლექსი ზეპირად ვიციო. ნათქვამი ხუმრობად მივიღეთ, მაგრამ მუხრანი მაინც დაინტერესდა, მოდი, ვთხოვოთ ამ კაცს, ერთი ლექსი წაგვიკითხოსო. და იმ კაცმაც დაიწყო, - ერთი, ორი, სამი და აღარ გაჩერდა. ყველანი შევცბუნდით... მახსოვს კიდევ ასეთი: მუხრანმა უნივერსიტეტში თავისი შემოქმედებითი საღამო ჩაატარა. 1978 წლის 14 აპრილი ახალი ჩავლილი იყო. გამოვიდა პოეტი გაჭედილ სააქტო დარბაზში და ლექსებით ისეთი მუხტი გადასცა აუდიტორიას, იმწუთას რომ ეთქვა, ავდგეთ ახლა, წავიდეთ და კომუნისტური ხელისუფლება დავამხოთო, ალბათ, ყველა იქ მყოფი, როგორც ერთი, გაჰყვებოდა მუხრანს... ეს კომუნისტური რეჟიმის დროს იყო. გარდაცვალებამდე კი, ჩვენს დროში, როდესაც უკვე მომრავლდნენ პატრიოტული პოეზიისადმი ნიჰილისტურად განწყობილი ადამიანები, განსაკუთრებით - ახალგაზრდები, მახსოვს, მისი ალბათ ერთ-ერთი ბოლო შემოქმედებითი საღამო მოეწყო უნივერსიტეტში, რექტორის კაბინეტის გვერდით აუდიტორიაში. რა თქმა უნდა, არც იმჟამინდელი რექტორი მობრძანებულა შეხვედრაზე და არც ბევრი პროფესორ-მასწავლებელი. მართალია, აუდიტორია გადაჭედილი იყო, მაგრამ ახალგაზრდების ერთ ნაწილში, ცხადია, ზემოთ ხსენებულ ნიჰილისტებში, მუხრანის პოეზიისადმი თითქოს ცინიკური დამოკიდებულება მაინც იგრძნობოდა. როდესაც მუხრანი გამოვიდა და თავისი ლექსების კითხვა დაიწყო, ის ნიჰილისტებიც კი, ფეხზე წამომდგარნი უკრავდნენ ტაშს მუხრან მაჭავარიანს. ასე გადმოიყვანა პოეტმა ის ახალგაზრდობა თავის მხარეს, რადგან ყველა ქართველში არის რაღაც ნაციონალური სიმი, რომელსაც აჟღერება, შეხმიანება სჭირდება და რომლის დათრგუნვასაც ბევრი ცდილობს. ამითაც ძალიან მნიშვნელოვანია მუხრანის პოეზია. მან ქართულ პოეზიას პირველი ლექსებიდანვე დაატყო დიდი კვალი. ერთ-ერთი საუკეთესო ქართული პატრიოტული ლირიკული ლექსი - "საბა" მუხრანმა 20 წლის ასაკში დაწერა და მას შემდეგ, 1950-იან წლებში, თავისი პოეზიით, შემოქმედებით, რამდენიმე გამორჩეულ პოეტთან ერთად, მიმართულება მისცა ქართული ლექსის განვითარების გზას.

1960-იან წლებში, როდესაც ყველაფერი ნაციონალური იკრძალებოდა და მხოლოდ შეფარვით ითქმოდა, მუხრან მაჭავარიანის ლექსი იყო ქართული პატრიოტული სულისკვეთების თავშესაფარი. ასე იყო შემდეგაც, 1970-80-იან წლებში და არ იყო შემთხვევითი, რომ 1990 წელს, როდესაც საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, "მრგვალი მაგიდის" სიაში პირველ ნომრად იყო ზვიად გამსახურდია, მეორე ნომრად კი - მუხრან მაჭავარიანი. ისინი იყვნენ ნათლია და ნათლული და დღეს ერთმანეთის მახლობლად განისვენებენ მთაწმინდის პანთეონში.

გიორგი გოგოლაშვილი:

- როცა ვისმენ მუხრან მაჭავარიანის მიერ წაკითხულ თავის ლექსს, მახსენდება უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მისთვის ნათქვამი სიტყვები: ერთხელ მაცხოვარმა თავის მოწაფეებს მიმართა, ძენო ქუხილისანოო. დღეს ეს გამოთქმა - "ძეო ქუხილისა" შენ შეგფერისო. ამიტომაც გამოიყენა უწმინდესის სიტყვები მუხრან მაჭავარიანის მეუღლემ, ქალბატონმა ლამარა ბოკერიამ, მუხრანზე მოგონებების წიგნის სახელწოდებად. ჩემთვის ძალიან საცნაური იყო, რაც პოეტის ქალიშვილმა - ნანა მაჭავარიანმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში (გულისხმობს გაზეთ "ყველა სიახლეში" დაბეჭდილ ჩემს ინტერვიუს ქალბატონ ნანასთან. - ავტ.) აღნიშნა: თურმე ბატონი მუხრანი ლექსებს ზეპირად ქმნიდა. მიმოდიოდა ოთახებში და ზეპირად თხზავდა, ასწორებდა, ცვლიდა და ლექსის მხოლოდ საბოლოო ვარიანტი გადაჰქონდა ქაღალდზე. ქალბატონი ლამარა იგონებს, ორი ოთახი გავაერთიანე, მუხრანს ლექსების შესაქმნელად სივრცე რომ ჰქონოდაო. ჩემთვის, როგორც ენათმეცნიერისთვის, ნიშანდობლივი ისიც არის, რომ როდესაც ბატონი მუხრანის ნაწერებს ვკითხულობ, სასვენ ნიშნებს იქ ვერ ვნახულობ, სადაც უნდა იყოს. როდესაც ამას ჩავუღრმავდი და ბატონი მუხრანის წაკითხულს ლექსში გამოყენებულ სასვენ ნიშნებს შევადარე, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ პირობითი ნიშნები იყო და სადაც ხელს აიქნევდა პოეტი, ძახილის ნიშანსაც სწორედ იქ სვამდა. ამას გრამატიკულად ვერ ახსნი. ასე რომ, მუხრან მაჭავარიანმა არა მარტო შექმნა გენიალური ლექსები, არამედ ისიც გვიკარნახა, როგორ წავიკითხოთ ის, სად დავსვათ ძახილის ან კითხვის ნიშანი, სად გავჩერდეთ და ა.შ. და ჩვენ - ენათმეცნიერებს არ უნდა გვეწყინოს, რომ ბატონი მუხრანის პოეზია არ ემორჩილება იმ გრამატიკულ წესებს, რომლის მორჩილებასაც ბევრს მოვუწოდებთ.

მუხრან მაჭავარიანი ჩემი თაობისთვის მხოლოდ პოეტი არ იყო. ქუთაისში ვცხოვრობდი და მახსოვს, მოსწავლეობისას თბილისიდან ჩამოტანილი ხელნაწერებით ვსწავლობდით მის ლექსებს. ის ლექსები თქვენც გეცოდინებათ: "თუ ვინმე ფიქრობს,/ დადუმდეს ენა,/ ვერ მოესწრებით, არა და ვერა!/ შოთა რომ არა,/ ვაჟა რომ არა,/ ტატო რომ არა,/ კიდევ ჰო, მარა/ ესენი როა,/ ახლა კი დროა, სოლომონ რომა/ კვლავ დაიქუხოს საქართველომა" - ან კიდევ: "ირიჟრაჟებს... დღე მოიწევს კრიალა,/ ტოროლა ცას შეასკდება... იალა!/ ჩირგვიანა,/ ჩიტიანა,/ ხიანა.../ ფოთლიანა,/ ლელიანა,/ ტყიანა,/ დედამიწა ხარობს ყველაფრიანა!/ ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ კი არა,/ გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად!/ მიწიანა,/ კაციანა,/ ციანა,/ საქართველოს - მოთმინების ფიალას!"

წლების შემდეგ, ერთხელაც გავკადნიერდი და ბატონ მუხრანს ვუამბე, როგორ ვეცნობოდით მის შემოქმედებას და რამდენი კითხვა გაგვიჩინა მისმა ლექსებმა. საბედნიეროდ, იმ ჩემი მოწაფეობისდროინდელ ქუთაისშიც მოიძებნებოდნენ ადამიანები, ამ კითხვებზე პასუხს რომ გვაძლევდნენ. ამიტომაც ვიყავით მუხრან მაჭავარიანის ლექსების წაკითხვის შემდეგ ცოტათი სხვანაირები... შემიმჩნევია, როგორ აღიზიანებდა, მის ლექსს შეცდომით თუ წაიკითხავდნენ. ერთხელ ვუთხარი კიდეც, ჩემი თაობა ხელნაწერებით სწავლობდა ათასჯერ გადაწერილ თქვენს ლექსებს, სადაც გადამწერები უეჭველად დაუშვებდნენ შეცდომებს, ჩვენ კი ასევე დავიმახსოვრებდით, ამიტომ ეს ნუ გაგაბრაზებთ, ჩვენ კი არ დავისწავლეთ ცუდად, ბრალი თქვენია, ამისთანა კარგი ლექსები რომ გაქვთ-მეთქი... სხვათა შორის, ხშირად ვამბობთ რომელიმე შემოქმედზე, რაღაცით დაიწყო და მერე, ნელ-ნელა გაიზარდაო. მუხრან მაჭავარიანი არ გაზრდილა, მოვიდა პოეზიაში მუხრან მაჭავარიანად და ამად დარჩა!

81 წლის მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, ინფარქტით გარდაიცვალა. ვინ იცის, რამდენი პოეტი ინატრებდა ასეთ სიკვდილს!

"ისე კარგია მაისის ღამე!

ქუჩებიც ისე კარგია ახლა!

ასე მგონია, ვაბიჯებ ჰაერს,

და ნელა-ნელა მივდივარ მაღლა..."

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს