უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარკვეული პირობით დაუჭერს

უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარკვეული პირობით დაუჭერს

საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარკვეული პირობებით დაუჭერს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც უმრავლესობის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმრავლესობის დღევანდელ განცხადებაში რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა. მისი თქმით, პირველი არის ის, რომ მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა და პირდაპირი შანტაჟისა პარლამენტის წევრებზე, საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო საკონსტიტუციო ქვორუმის შეგროვება.

რაც შეეხება მეორე ტენდენციას, ბაქრაძის განცხადებით, მათმა კოლეგებმა უმრავლესობიდან სატელევიზიო გამოსვლაშიც ვერ შეძლეს თავი შეეკავებინათ პირდაპირი მუქარისგან და ფაქტობრივად, ულტიმატუმის სახით ესაუბრებოდნენ ოპოზიციას, რაც მიუღებელია.

"ის, რომ ზეგ გასამართ კენჭისყრაზე ვერ მიიღებენ მხარდაჭერას, დიდწილად განპირობებული იქნება სწორედ იმ ენით, ურთიერთობის იმ ფორმით, რომლითაც ისინი ცდილობენ ჩვენი მხარდაჭერის მოპოვებას", - განაცხადა ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერის განცხადებით, მთავრობა ცდილობს მოსახლოებას აჩვენოს, რომ ხელი ეშლება საქმეში, სწორედ ამიტომ ვერ ასრულებს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებას და არსებობს მთავრობის დათხოვნის "მზაკვრული მსოფლიო გეგმა".

"არანაირი მზაკვრული გეგმა არ არსებობს და არავინ არ აპირებს მათთვის ხელის შეშლას. თავი დაანებონ კუდიანებზე ნადირობას, "ნაციონალების" დადანაშაულებას, შეგზავნილი აგენტების ძებნას და იმუშაონ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, თუ უმრავლესობას აქვს შიშები, რომ იქნება გამოყენებული მექანიზმი და აპრილში მთავრობას დაემუქრება კრიზისი, ისინი მზად არიან, ამ თემაზე დასხდნენ და ისაუბრონ.

"მაგრამ ამ ქვეყანაში ბევრი სხვა შიშიც არსებობს. ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ ისეთი ფორმით, რომელიც სკამების დაკარგვის შიშთან ერთად, სხვა შიშებსაც მოუხსნის ჩვენს მოსახლეობას. ეს არის შიში, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ჩვენ მზად ვართ, მოვუხსნათ მთავრობას შიშები და ხმა მივცეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამავე დროს, ერთ პაკეტში მოვხსნათ ის შიში, რომელიც აქვს საქართველოს მოსახლეობას, რომ ევროპული კურსი შეიძლება შეიცვალოს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

უმცირესობა ასევე სთავაზობს უმრავლესობას, მოიხსნას ოპოზიციაზე ზეწოლა. ბაქრაძის განცხადებით, ისინი სთავაზობენ უმრავლესობას, ამოქმედდეს კონსტიტუციის ის ნაწილი, რომლითაც 3/4 იქნება საკონსტიტუციო ქვორუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობის წინაშე მუდმივად აღარ იქნება ცდუნება "გადაითრიოს იქით მხარეს რამდენიმე დეპუტატი".

იხილეთ ვიდეო: თავი დაანებონ კუდიანებზე ნადირობას და გააკეთონ საქმე - დავით ბაქრაძე

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა