ია ფარულავა - ”მამაკაცი არ უნდა გიყვარდეს, მისი უნდა გესმოდეს, მაგრამ მას სიგიჟემდე უნდა უყვარდე”

ია ფარულავა - ”მამაკაცი არ უნდა გიყვარდეს, მისი უნდა გესმოდეს, მაგრამ მას სიგიჟემდე უნდა უყვარდე”

"დღის შოუს" დახურვის შემდეგ ია ფარულავამ რადიოსივრცეში დაიდო ბინა. ამბობს, რომ ასე უფრო კომფორტულია. არც მაკიაჟი სჭირდება და ხანდახან შეიძლება, სპორტულად ჩაცმულმაც წაიყვანოს გადაცემა. "ია ფარულავას რადიოშოუ" - ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც მსახიობს ყოველ ოთხშაბათს "პირველი რადიოს" ეთერში მიჰყავს. არ უყვარს სიტყვა სკანდალური, ფიქრობს, რომ ამ სიტყვას ხანდახან ჟურნალისტები არასწორად ვიყენებთ ცნობილი ადამიანების მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი სატელევიზიო გამოსვლები ყოველთვის სკანდალურობით გამოირჩევა და როცა ია ეთერშია, მაყურებელი მისგან ხმაურიან განცხადებებს ელოდება.

რესპონდენტს ინტერვიუს ჩასაწერად რადიოში ვესტუმრეთ. ფოტოსესიის შემდეგ ინტერვიუ დაიწყო, დრო ბევრი გვქონდა, ეთერამდე 40 წუთი რჩებოდა. დიდი ხანია, რაც იას ვრცელი ინტერვიუ "რეიტინგში" არ დაბეჭდილა, ამიტომ შევეცადეთ, ბოლო დროს მის გარშემო მომხდარ საინტერესო ამბებზეც დაგვესვა შეკითხვები.

- ყოველთვის მაინტერესებდა რადიოში მუშაობა. არ ჩანხარ, უფრო ინტიმური გარემოა. უამრავი ადამიანი გისმენს და ამ დროს არც მაკიაჟზე ზრუნვა გჭირდება და არც იმაზე ფიქრობ, თმა როგორ გაქვს. შეიძლება, ხანდახან სპორტულადაც გეცვას. ახლა მითხრეს, რომ შეიძლება, რომელიმე არხზე ჩემი გადაცემის ლაივი გავიდეს, არ ვიცი, ვფიქრობ. დღეს უკვე მეორე გადაცემა მაქვს, ჯერ არ ვიცი, რამდენად მისმენს მსმენელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ "დავიქოქები".

- იქნებ, გადაცემის სპეციფიკაზე მოგვიყვეთ.

- თამამად ვსაუბრობთ, როგორც ია ფარულავას სჩვევია, ყოველგვარი კომპლექსების გარეშე, ნებისმიერ თემაზე, რომელიც დღესდღეობით მომწიფებულია საზოგადოებაში, ოღონდ არა პოლიტიკაზე - ეს ჩემი თემა ნამდვილად არ არის.

- ყვითელ თემებზე?

- თბილისელ ქალბატონებში პატარა გამოკითხვა ჩავატარე და აღმოჩნდა, რომ თბილისში სექსის დიდი დეფიციტია. თუ ამას ყვითელს ეძახით, სერიოზული პრობლემაა და რეალურად ტრაგედიაა. ამ თემას გადაცემას აუცილებლად მივუძღვნი, მაგრამ პირველივეს ვერა, არ მინდა, მსმენელმა შოკი მიიღოს. თემები მექნება თავის მოვლაზე, როგორ გამოვიყურებოდეთ ათი წლით ახალგაზრდად, როგორ აზროვნებენ მილიონერები, როგორ შევაყვაროთ კაცს თავი პირველივე პაემანზე. ასეთი თემები ძალიან საინტერესოა და ეთერში ყოველთვის მეყოლება სტუმარი.

- რა პრინციპით არჩევთ სტუმრებს?

- რატომღაც ასეთი აზრი მომივიდა თავში, რომ ხანდახან სტუმრად არაცნობილი ადამიანი დავპატიჟო, რომელიც თბილისში ან რომელიმე რეგიონში ცხოვრობს. ძალიან კარგი ლოგიკა აქვს და თემაზე კომპეტენტურად ლაპარაკობს. ამისთვის სულ არ არის საჭირო, "თსუ" ან "მაღლივები" ჰქონდეს დამთავრებული. მე თვითონ მომბეზრდა ცნობილი სახეები, ჩემი თავის ჩათვლით, რომლებიც ვითომ კომპეტენტურები ვართ ამა თუ იმ საკითხში.

- ცნობილი სახეების დეფიციტი არ გვაქვს?

- ერთი-ორი კინკილა ცნობილი სახე ვართ და აღარ შემიძლია, რამდენ არხსაც ჩართავ, ყველგან ჩვენ ვართ. მე, მაგალითად, პირდაპირ გეტყვით და შეგიძლიათ სათაურადაც გამოიტანოთ, გული მერევა, ჩემი თავი რომ კიდევ ეკრანზე დავინახო, აღარ შემიძლია.

- თქვენ არ ხართ ისეთი სახე, რომელიც მაყურებელს მობეზრებული ჰყავდა. დოზირებულად აწვდიდით თავს საზოგადოებას, მაგრამ სკანდალურად.

- მაგაშია საქმე, მე, უბრალოდ, ბუნებით შოუვუმენი ვარ. რას ეძახით სკანდალს?.. საქართველოში ადამიანმა თუ რაღაც სიტყვა თქვა, ე.ი. სკანდალურია. ადვილად იცით ამ სიტყვის მიწებება ადამიანზე. ამბობთ, რომ ყველაზე სკანდალური ქალები არიან ლალი მოროშკინა, შორენა ბეგაშვილი, ია ფარულავა. რატომ ვარ სკანდალური, მაგალითად, მე? რა ვთქვი ისეთი, რაც სწორი არ იყო, რა გავაკეთე ისეთი, რაც იმ მომენტში მართებული არ იყო?!.. ეს სკანდალურობა პირდაპირობა და გულახდილობაა, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ძალიან აკლია. საზოგადოება უამრავ ნიღაბს ატარებს და ხომ ხედავთ, სადამდე მივედით, კომუნიკაციის სერიოზული პრობლემაა. ჯანსაღი კომუნიკაციის მომხრე ვარ, კახურად, რასაც ფიქრობ, თქვი.

- გადაცემა, რომლებშიც კი თქვენ ყოფილხართ სტუმრად, ეთერში გასვლისთანავე საზოგადოების განსჯის საგანი გამხდარა. თქვენ მიერ ნათქვამი ტერმინებიც დამკვიდრდა.

- რა, "სექსი პარკეტზე?" ჯერ კიდევ ბნელეთში რომ ვსხედვართ, უყურონ ამერიკულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს", იქ ნებისმიერი მოცეკვავის შეფასებისას მხოლოდ სექსი აკერიათ პირზე. ერთხელ ვთქვი, შოუს დასაწყისში, მაგრამ მაშინ ძალიან ცოტა ბავშვი იჯდა დარბაზში, იმიტომ რომ პირველი ორი გადაცემა უფროსები მოდიოდნენ. ნელ-ნელა შეიცვალა და "ბასტი-ბუბუს" კონტინგენტად იქცა და უკვე შეგნებულად აღარ ვამბობდი ასეთ სიტყვებს. ღამის ეთერია და მსგავსი რაღაცები მომგებიანია, ხომ ხედავთ, ხალხს ეს დაამახსოვრდა.

- რაღაც მომენტში თქვენმა გამონათქვამებმა გოჩა ჩერტკოევის პერსონაც კი გადაფარა.

- სხვათა შორის, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო, რატომ ფარულავა? ხალხს ჰგონია, რომ ია ფარულავა უტვინო დედაკაცია, რომელსაც წიგნი არ აქვს წაკითხული და სულ სექსი აკერია პირზე. სინამდვილეში ასე არ არის, მე ჩემთვის საშინლად და ამაზრზენად ღრმა ადამიანი ვარ და ამ ყველაფერს "ლაითი" რაღაცებით ვფარავ. რა ვიცი, მუშაობს, მაყურებელი ამას გემრიელად მიირთმევს.

- ხშირად თქვენი პერსონის მიმართ გაღიზიანებაზე მეტად ინტერესი უფრო იყო.

- ერთი კარგი თვისება მაქვს, თუ რაღაცას არასწორად ვიტყვი, ღია ეთერში შემიძლია ვაღიარო, რომ ეს იყო შეცდომა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ერთია, რომ ჯერ კიდევ პოპულარული ვარ, ხალხს აინტერესებს, რას ვიტყვი, როგორ ვარ და ამჯერად რადიოს მეშვეობით გაიგებენ, რადგან აქ უფრო გულახდილი ვიქნები, ცენზურა ნული მაქვს და ვისაც მინდა, იმას მოვიწვევ და რასაც მინდა, იმას ვიტყვი. "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდიც მაქვს, სადაც ნებისმიერს შეუძლია შეკითხვის დასმა. მინდა, გადაცემაში მოვიდნენ ჩვეულებრივი სტუმრები და აღარ მინდა ეს ძალიან კომპეტენტური ვარსკვლავები, რომლებმაც ყველაფერი იციან და სინამდვილეში არაფერი არ იციან.

- ამ სიტყვებით მათ ხომ არ გაანაწყენებთ?

- იცით, რა არის, ყველაფერს თავისი დრო აქვს. დროა, ხალხმაც ხმა ამოიღოს და თავისი აზრი დააფიქსიროს, თუნდაც სისულელე იყოს.

- ვარსკვლავები ვახსენეთ და პირველი სერიოზული დაპირისპირება ამ სფეროში თქვენსა და თაკო გაჩეჩილაძეს შორის მოხდა. დღეს რა ურთიერთობა გაქვთ?

- რა ურთიერთობა უნდა მქონდეს გაუწონასწორებელ ადამიანთან, რომელიც ძალიან უზრდელია. თქვენ არ იცით, რა მოხდა კულისებში და როგორ შევიკავე თავი, რომ პროექტი არ დავტოვე. ეს ალინა არველაძის ხათრით მოხდა. თაკო გაჩეჩილაძემ კულისებში საშინელი შეურაცხყოფა მომაყენა, არ მინდა ახლა იმ სიტყვების გამეორება. ამას არაერთი ადამიანი შეესწრო.

- საზოგადოებას თქვენი დაპირისპირება იმიტომ გაუკვირდა, რომ ის თქვენი ძმისშვილის, ქრისტინეს მეგობარია.

- მერე რა მოხდა, მაინც გაუწონასწორებელი და უზრდელია. არც მე ვარ ფრთიანი ანგელოზი, თუ შემომილაწუნებენ, ისეთს გავულაწუნებ... კარგია, რომ მალე გავიდა პროექტიდან.

- ამბობდნენ, რომ სასამართლომდე მივიდოდა თქვენი დაპირისპირება.

- რამდენი ხანია, შოუბიზნესში ვარ, არაერთმა ადამიანმა სცადა, ჩემთვის ეჩივლა და არც ერთ მათგანს არ შეუტანია სარჩელი. ეს ყველაფერი ტყუილია. ჩემ წინააღმდეგ არც ერთი სასამართლო არ ყოფილა.

- რადიოზე ვისაუბროთ, გადაცემაში ვის სტუმრობას ისურვებდით?

- არ ვიცი, განსაკუთრებულად არავის სტუმრობა არ მინდა.

- პრემიერ-მინისტრს არ მოიწვევდით?

- რა უნდა პრემიერ-მინისტრს ჩემს გადაცემაში, ჩვენ ხომ "ლაით" თემებზე ვსაუბრობთ.

- მას არ შეუძლია "მსუბუქ" თემებზე საუბარი?

- (ფიქრობს) რა თემაზე მოვიწვევდი? ალბათ უფრო ოჯახზე სასაუბროდ. ძალიან ერთგული მეუღლეა და ეს მართლა დასაფასებელია. ბევრი ქართველი მამაკაცისთვის სამაგალითო უნდა იყოს, როგორი მეუღლეც არის პრემიერ-მინისტრი.

- პრეზიდენტს თუ მოიწვევდით?

- არ ვიცი, რა თემაზე მოვიწვიო? ქართული ღვინის ტექნოლოგიები (იცინის).

- თქვენი ინტერვიუები ყოველთვის გულახდილობით გამოირჩევა, არასოდეს გინანიათ?

- არა, როგორ შეიძლება, გულახდილობა ინანო. საერთოდ, ამბობენ, რომ ყველაფერი არ უნდა თქვა, შეიძლება, ბოლომდე არ გავიხსნა და ჩემი სულის ხვეულებში არ გამოგზაუროთ, მაგრამ რასაც ვამბობ, გულიდან ვამბობ და ხალხს მაინც ვუყვარვარ, მიუხედავად ჩემი ასეთი გამოხდომებისა თუ სკანდალურობისა. ხალხმა კიდევ უფრო შემიყვარა "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ. თავიდან იყო აგრესია, რატომ ფარულავა, მაგრამ შემდეგ დაინახეს, რომ ია კი არ ზის და უაზროდ ისვრის სიტყვებს, არამედ სახლში მეცადინეობს და რომ მოდის, კომპეტენტურად აფასებს კონკურსანტებს. მინდა გითხრათ, რომ სექსი პარკეტზეც იყო ნამეცადინები გამონათქვამი, სპონტანურად არ გაჩენილა. კიდევ ერთხელ ვამბობ, შოუვუმენი ვარ. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" დარბაზიდან "უუ"-ს ყვირილი გაიხსენეთ. როდესაც მაყურებელს ჟიურის რეპლიკა მოსწონდა, ტაშით და ყვირილით ხვდებოდა, მაგრამ როცა არ მოსწონდა, ჩუმდებოდა. რატომ უნდა გაჩუმდეს? უნდა გამოხატოს. მე ვასწავლე, ამ დროს თქვით-უუუ. პატარა მასტერკლასი ჩავუტარე. თუ რაღაც არ მოგვწონს, უნდა გამოვხატოთ, ადრე უხერხული სიჩუმე დაისადგურებდა ხოლმე, მერე აიტაცეს.

- პირად ცხოვრებაზე როდესაც ლაპარაკობთ, მაშინაც საკმაოდ გულახდილი ხართ, არ არსებობს კითხვა, რომ პასუხს თავი აარიდოთ.

- დიახ, დასვით კითხვა (იღიმება).

- ახლა მარტოა ია ფარულავა?

- არა, მყავს მეგობარი მამაკაცი, მარტო არ ვარ. ორი წელია ერთად ვართ. ბევრმა იცის ვინ არის ის ადამიანი, თქვენს ჟურნალშიც დაიწერა ჭორის სახით (ორი წლის წინ "რეიტინგში" რაჭის ყოფილ გუბერნატორ ოთარ სირაძისა და ია ფარულავას რომანზე ვწერდით - ავტ.).

- ისევ ერთად ხართ? ამბობდნენ, რომ დაშორდით.

- რატომ, არ შეიძლება, ორი წელი ერთ კაცთან ვიყო? არ დავშორებულვართ, ერთმანეთის მიმართ არანაირი ვალდებულებები არ გვაქვს. გადასარევი ურთიერთობა გვაქვს მე და ამ პიროვნებას. არ ვაპირებ მისი სახელისა და გვარის გაპიარებას.

- როგორია შეყვარებული ია ფარულავა?

- მე არ ვარ შეყვარებული, მივხვდი, რომ სიყვარული არ არის საჭირო. ამას რამდენიმე წლის წინ მივხვდი. მამაკაცი არ უნდა გიყვარდეს, მისი უნდა გესმოდეს, მაგრამ მას სიგიჟემდე უნდა უყვარდე. ქალს საკუთარი თავის სიყვარული სჭირდება და არა მამაკაცის.

- როგორ ფიქრობთ, ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს ის ადამიანი, არ ეწყინება?

- არა, რადგან "გაიასნებული" გვაქვს ყველაფერი. მიყვარს მარტოობა, კარგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქალს მამაკაცის ენერგია სჭირდება.

- პოლიტიკაზე გკითხავთ, ყოველთვის ახერხებდით, რომ ნეიტრალურობა შეგენარჩუნებინათ.

- მე არასოდეს ვიყავი მიშას კარის ბულბული და არც აქეთ მხარეს ვაპირებ ვაზელინის გადასმას. პოლიტიკოსები წავლენ და მოვლენ და მე ყოველთვის ვიქნები აქტუალური. გახსოვთ, ათი წლის წინ ვინ იყვნენ მინისტრები?

- არასოდეს გქონიათ რომელიმე პარტიიდან შეთავაზება?

- არა, არასოდეს უთქვამთ, მოდი, მხარი დაგვიჭირე და აქციაზე გამოდიო. აქციაზე ვიყავი ვარდების რევოლუციის დროს. მახსოვს, ავტობუსზე ავედი და "რუსთავი 2"-მა ჩამწერა. მაშინ სრულიად საქართველო პარლამენტის წინ იყო. არ მაინტერესებს პოლიტიკა, არ მესმის. ძალიან ბევრი ხვეული და თამაშებია. არ მინდა, ჩემი ტვინი ამ ფიქრებით დაბინძურდეს. ჯერ კიდევ არ დამდგარა საქართველოში ის დრო, რომ ისეთი პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებიც რასაც ფიქრობენ, იმას ამბობენ. თუ ასეთი დრო დადგება, მაშინ კი...

- წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი დიდ პოლიტიკაში?

- არა, მაგრამ მე მაქვს გამოცდილება, რომ მასები კარგად დავიჭირო, ჩემი აზრი გადავდო. კარგი ორატორი ვარ, თუ დინებაში ვარ შესული. პოლიტიკა ნიშნავს უძილო ღამეებს, სტრესს, ჭაღარას, ნაოჭებს, რაც მე არ შემიძლია და არ მივცემ თავს ამის უფლებას.

- თქვენი ცხოვრების გზას რომ გადავხედოთ, ძლიერი ქალბატონი ხართ.

- კი, ძლიერი ვარ, მაგრამ ბედიც მწყალობს. ძლიერი მფარველი ანგელოზები მყავს. როდესაც ძალიან მიჭირს და იმედი მაქვს გადაწურული, ბოლომდე ვეშვები ემოციურად ქვესკნელში, აუცილებლად იწყება ზეასვლა. დეპრესია ხელოვან ადამიანს აუცილებლად ემართება, მაგრამ ისეთი დეპრესია არ მქონია, რომ ლოგინიდან ვერ ავმდგარიყავი და ვერ მებანავა. ამ დროს საკუთარ თავს თვითონ ამოვქაჩავ ხოლმე.

- რა რეცეპტს ფლობთ?

- ეს უკვე ალქიმიაა (იცინის).

- სად ისწავლეთ ალქიმია, თუ წლებმა გასწავლათ?

- ამერიკაში ვისწავლე. ახლა ისეთ თემებს ვეხები, რომლებიც მკითხველმა ნაკლებად იცის. მე ხომ ყოველთვის ცანცარა ია ფარულავას ვაწვდი მათ. ალქიმია ჯადოქრობას კი არ ნიშნავს, უბრალოდ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უღრმავდება და ანალიზს იწყებს, ეს უკვე ალქიმიაა, აბა, რა არის. ჰერმესი ამბობდა, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავთან მარტო ვერ რჩებიან, ძალიან სუსტი ადამიანები არიან.

- როდის გბეზრდებათ საქარ­თველოში ცხოვრება და რას აკეთებთ ამ დროს?

- ამერიკის პასპორტი მაქვს და ქვეყნიდან გავდივარ. ხან მეგობრებთან ერთად, ხანაც მარტო. დიდი ხანია, რაც ქვეყნიდან არ გავსულვარ.

- მარტო ცხოვრობთ?

- დიახ, ჩემს ფისო ზუზისთან ერთად. ვიღვიძებ დილას და ზუზი გვერდზე მიწევს კარგი კაცივით. ლოგინზე ბეწვები აქვს დაყრილი. მერე ვდგებით და ხან წიწიბურას, ხანაც ჰერკულესის ფაფას ვიკეთებ. დავლევ ყავას, შემდეგ სოციალურ ქსელს ვსტუმრობ, ერთ-ორ ვარჯიშს ვატარებ ჩეხოვის მეთოდიდან. შემდეგ ვიცვამ საუნის შარვალს და ვატრიალებ ველოსიპედს. ყოველდღე ვსტუმრობ სილამაზის სალონს. მე არ მჭირდება, ვიღაცამ მომიწყოს სიურპრიზები, არავისზე არ ვარ დამოკიდებული. ადრე ალბათ მინდოდა, რომ ჩემთვის ვინმეს სიურპრიზი მოეწყო, მაგრამ ვხვდები, შენს თავს რომ სიურპრიზს მოუწყობ, ისეთს ვერავინ მოგიწყობს. მაგრამ ისეც არ გეგონოთ, ხანდახან ჩემი მეგობარი მამაკაციც მიწყობს სიურპრიზებს.

- თქვენი ცხოვრების ამ ეტაპს რას დაარქმევდით?

- რაღაც ძალიან მაგარის დასაწყისია (იღიმება).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება