როდის წავა პოლიტიკაში ლიკა ლაბაძე

როდის წავა პოლიტიკაში ლიკა ლაბაძე

ბუკლიკოს სამიზნე ამჯერად ლიკა ლაბაძე აღმოჩნდა. "იმედის დილის" წამყვანი ძალიან გავამხიარულე, თუმცა, როგორც მივხვდი, მისთვის უხერხული სიტუაციები არ არსებობს და ცხოვრებას არც ვარდისფერი სათვალით უყურებს. მიწაზე მყარად დგას და ყველანაირი გამოცდისთვის მზად არის. ასეთია თუ არა ლიკა ლაბაძე მართლაც, ინტერვიუში თავად ამოიკითხავთ.

- ლიკა, დავიწყოთ ჩვენი შეკითხვების კორიანტელი. დილის გადაცემაში რეკლამის დროს ეთერში გივარდება შორენა ბეგაშვილი და გეუბნება, რომ რეკლამის დასრულებისთანავე ინტიმურ თემებზე უნდა ილაპარაკოთ.

- არ დავიბნევი და რაზეც მოუნდება, იმაზე ვესაუბრები. სხვა გზა არ გაქვს, ასეთ სიტუაციას უნდა გაუმკლავდე, როცა ღია ეთერში ხარ. მქონია უხერხული შემთხვევები, მაგალითად, "ქრონიკის" გამოშვება უნდა ყოფილიყო 10-წუთიანი და იყო 3-წუთიანი, შესაბამისად, დარჩენილი დრო წამყვანებს ლაპარაკით უნდა შეგვევსო და ამას თავი გავართვით.

- ნინო ანანიაშვილი გირეკავს და გეუბნება, რომ მასთან ერთად ბერას ახალ კლიპში უნდა იცეკვო.

- ის უფრო გამიკვირდება, ნინო ანანიაშვილთან ერთად ცალკე რომ უნდა ვიცეკვო. რადგან მირეკავს, ე.ი. ასეა საჭირო. მის კომპეტენციას დავეყრდნობი და დავთანხმდები.

- გუბაზ სანიკიძე შეხვედრას გთხოვს და გეუბნება, რომ ქუთაისის მაჟორიტარობას გითმობს.

- (იცინის) რა თქმა უნდა, ესეც გამიკვირდება, აუცილებლად გამეცინება, იმიტომ, რომ მე მთავაზობს. შევხვდები.

- მართლა?

- იმდენჯერ შევიცვალე პროფესია, რომ ამ შემთხვევაშიც არ გამიჭირდება და შეიძლება, დავთანხმებოდი კიდევაც მის ამ წინადადებას. არ არის გამორიცხული.

- ანუ საკუთარ თავს პოლიტიკაში ხედავ?

- ჯერ არა, მაგრამ წლების მატებასთან ერთად რატომაც არა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ სფეროშიც ვიპოვო საკუთარი ადგილი.

- დილის გადაცემაში კარი იღება და შემოდის ვეფხვი, დასეირნობს სტუდიაში...

- გავიქცევი!.. არ დამაინტერესებს, გაწვრთნილია თუ არა. დავტოვებ ყველა წამყვანს და რაც უნდათ, ის უქნიათ. ამას წინათ სიუჟეტი გვქონდა ბოკვრებზე, ეთერში ვთქვი, სიამოვნებით ავიყვანდი ერთ-ერთს-მეთქი, მაგრამ მერე დავამატე, პაატას ვაჩუქებდი-მეთქი (იცინის).

- სამორი გიხსნის სიყვარულს და გეუბნება, რომ შენი ცოლად მოყვანა სურს.

- ვაიმეეე... ძალიან ისეთი... უხერხული შეკითხვაა. აუცილებლად შევხვდებოდი მასაც და გავიგებდი, რა უნდა.

- როგორც ჩანს, ძალიან თამამი ადამიანი ხარ.

- რისკიანიც ვარ და მიყვარს თამამი ნაბიჯების გადადგმა. მიყვარს სიახლეები, ახალ სფეროსთან შეხება, შეიძლება, ბევრი მეუბნებოდეს და მაფრთხილებდეს, არ გინდა ამ ნაბიჯის გადადგმაო, მაგრამ ინტუიცია არასდროს მღალატობს. თუ ვგრძნობ, რომ რაღაც გასაკეთებელია, აუცილებლად ვაკეთებ, მიუხედავად ახლობლების დაჟინებული მტკიცებისა, არ გინდაო.

- მანქანის კარს აღებ და გხვდება შიშველი კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს ბრედ პიტს.

- რაც უნდა ბრედ პიტს ჰგავდეს და თავად ბრედ პიტი იყოს, მაინც არ მესიამოვნებოდა. ასეთი უზრდელობები არ მიყვარს. აუცილებლად გადავაგდებდი მანქანიდან. გავბრაზდებოდი. რაც უნდა სიმპათიური იყოს ბიჭი, თუკი თავხედია, ის ჩემ გვერდით ვერ იქნება. ასევე არც ის მომწონს, თავის გარეგნობას ხაზს რომ უსვამენ. ასეთ შემთხვევებში მამაკაცს ჩემთან მოსასვლელი გზა დაბლოკილი აქვს.

- ზვიად ძიძიგურმა რომ პრესმდივნობა შემოგთავაზოს, დათანხმდები?

- არა მგონია. უზრდელი რომ არ გამოვიდე, აუცილებლად მივიდოდი შეხვედრაზე და მოვუსმენდი. არ მიზიდავს პრესმდივნობა და არასდროს გამივლია თავში, რომ ამ კუთხით მემუშავა.

- დავით აქუბარდია გირეკავს და გთავაზობს, მასთან ერთად წაიყვანო სტუდია "სპექტრის" გადაცემები.

- დავთანხმდებოდი, თამამი ექსპერიმენტი იქნებოდა. როგორი გამოვიდოდა ჩვენი ტანდემი, იქ მისვლის და გადაცემის წაყვანის შემდეგ ვნახავდი.

- წარმოიდგინე, იღვიძებ ქუჩაში, გაცვია სხვისი ტანსაცმელი, ჯიბეში რამდენიმე თეთრი გიჩხრიალებს.

- ასეთი რამ გამორიცხულია. ისე არასდროს ვსვამ, რომ მეორე დღეს არაფერი მახსოვდეს. მაშინვე მივხვდებოდი, რომ ვიღაცამ სპეციალურად გამიკეთა ასეთი რამ. ჯერ სახლამდე მივაღწევდი როგორმე, ჩუმად, რომ არავის დავენახე, მერე კი ამ საქმის გამოძიებას შევუდგებოდი და დავადგენდი, ვინ ჩამაგდო ასეთ სიტუაციაში.

- სამაგიეროს გადაუხდიდი?

- ალბათ (იცინის).

- შენთან მოდის სიმპათიური ბიჭი, რომელიც გეუბნება, რომ წარსულში მისი ცოლი იყავი.

- თუ მომეწონებოდა, ხელმეორედ გავყვებოდი.

- ალისა რომ იყო საოცრებათა ქვეყანაში...

- ვისარგებლებდი შემთხვევით და მოვივლიდი ყველა ზღაპრულ ადგილს, ასევე ვისარგებლებდი ზომაში გადიდებისა და დაპატარავების უპირატესობით და აქა-იქ, საინტერესო ადგილებში შევიპარებოდი. თუ მეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ისე დამთავრდებოდა, როგორც ზღაპარშია, არ შემეშინდებოდა. საერთოდ, ისეთი სიზმრები მაქვს, რომ ალისას თავგდასავალი დიდად არ განსხვავდება მათგან. რამდენჯერმე ამხდენია ის, რაც დამსიზმრებია, მაგალითად, სიზმარში მინახავს, რომ მძივი გამწყვეტია და მეორე დღეს მართლაც ასე მომხდარა, ან ადამიანი მინახავს სიზმარში და მეორე დღეს რეალურად შემხვედრია.

- კულტურისტ ქალად რომ გაიღვიძო ერთ დღესაც და შეჯიბრებაში იღებდე მონაწილეობას...

- გავიდოდი შეჯიბრებაზე, მაგრამ წავაგებდი, თუმცა მონაწილეობაზე უკან არ დავიხევდი. არ მიყვარს კონკურსები, გამიზნულად წავიდოდი წაგებაზე, რადგან ჩემი სხეული კულტურისტი ქალის პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებს. სპეციალურად ნავარჯიშები სხეულები აქვთ.

- "სექსი დიდ ქალაქში" - ქართული ვერსია რომ გადაიღონ და მონაწილეობა შემოგთავაზონ, თანაც, გულახდილი სცენების თანხლებით, მისაღები იქნებოდა შენთვის?

- ქერის როლს დავთანხმდებოდი, რადგან მისი ცხოვრება ძალიან ჰგავს ჩემსას, გარკვეული ელემენტებით. თამამ სცენებს რაც შეეხება, არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ალბათ უარს ვიტყოდი. მსახიობობის გამოცდილება კი მაქვს.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება