პრეზიდენტი შს მინისტრს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურთან დაკავშირებით არაკომპეტენტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

 პრეზიდენტი შს მინისტრს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურთან დაკავშირებით არაკომპეტენტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

პრეზიდენტი შს მინისტრს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით არაკომპეტენტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ არის ის ორგანიზაცია, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება ევალება და საზოგადოებრივი წესრიგის დამმრღვევთა წინააღმდეგ ქმედებებს ახორციელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება შს მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნევთ ჩვენც გამოვეხმაუროთ იმ შეფასებას, რომელიც შს სამინისტროში გაკეთდა. ვწუხვართ, რომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ გვიწევს კომენტარის გაკეთება, მაგრამ იძულებული ვართ გამოვეხმაუროთ იმ არაკომპეტენტურ შეფასებას, რომელიც შს მინისტრის მიერ გაისმა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელსაც ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება და მას არ ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა წინააღმდეგ ქმედებების განხორციელება. საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ვალდებულება კანონით აქვს მხოლოდ პოლიციას. უნდა ითქვას ისიც, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების აუცილებლობა არ დამდგარა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დასაცავი ობიექტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ ყოფილა", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

ამ კონტექსტში პრეზიდენტის პრესსპიკერმა ყველა უწყებას მიმართა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება მათთვის მიუღებელია. "შს სამინისტრო არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოსალოდნელი პროვოკაციის თაობაზე. მივმართავთ ყველას, შეწყდეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა. პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა