"ბავშვობაში ფსიქიატრიულის პაციენტი ვიყავი და არ მომხედეს"

"ბავშვობაში ფსიქიატრიულის პაციენტი ვიყავი და არ მომხედეს"

ინჟინერი მამისა და ეკონომისტი დედის ოჯახში გაიზარდა. მსახიობობა ადრეულ ასაკში გადაწყვიტა, მაგრამ 24 წლისამ ჩააბარა თეატრალურში, ამბობს, ბებერი სტუდენტი ვიყავიო. სასიყვარულო ურთიერთობებში ასაკს არაფრად მიიჩნევს. მექალთანის იარლიყიც მიაკრეს მსახიობს, მაგრამ დიდად არც ეს ადარდებს. "სხვებზე ისეთებს ამბობენ, მექალთანე მერქვას მირჩევია", - მითხრა ინტერვიუს ბოლოს ზაზა ბეჟაშვილმა. მას ამ სახელითა და გვარით ცოტა თუ იცნობს. ზუზუს გმირი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ძალიან პოპულარულია. ის კატოს პირველ, უქნარა და უპასუხისმგებლო ქმარს, ნიკას თამაშობს.

დღეს ზუზუს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- თბილისში დავიბადე. ორი უბანი მახსოვს მშობლიურად - მამის სახლი დიღმის მასივში იყო, სკოლაც იქ დავამთავრე, დედა ვერელია და იქაც დიდ დროს ვატარებდი, განსაკუთრებით მას მერე, რაც მამა გარდაიცვალა, 4 წლის ვიყავი მაშინ. ვერიდან დავდიოდი სკოლაში, დიღმის მასივში. ვერაზე იტალიური ეზო გვქონდა და ძალიან თბილი ურთიერთობები მახსოვს. დედა ბუღალტერ-ეკონომისტია. ზოგადად ძალიან ზარმაცი ქალია, მაგრამ მაინც მუშაობდა. კომუნისტების პერიოდში ხომ არსად არ აგვიანებდნენ, დედა ყოველთვის აგვიანებდა და რატომღაც ყოველთვის ეპატიებოდა, თან საათობით აგვიანებდა. პედიატრიის ინსტიტუტში მუშაობდა გარკვეული პერიოდი. ძალიან მიყვარდა მის სამსახურში მისვლა. მახსოვს, ვასწრებდი კიდეც დედას სამსახურში მისვლას. მამა ინჟინერი იყო, არაზარმაცი, მოწესრიგებული, პუნქტუალური. 41 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა.

- დედმამიშვილები გყავს?

- სამი წლით უფროსი ძმა მყავს, კახა. საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს და ორივე ძალიან ბედნიერი ვართ ამ ფაქტით (იცინის).

- როგორც უმცროსს, გათამამებდნენ მშობლები?

- ასე ვერ ვიტყოდი, თვითონ ვითამამებდი თავს. მე როგორი ბავშვიც ვიყავი, ისეთი შვილი რომ მყავდეს, შეიძლება მოვკლა. შემეძლო უმიზეზოდ დავწოლილიყავი იატაკზე და ფეხები მებაკუნებინა. ეგოისტურად ვითხოვდი ყველაფერს.

- გაგდიოდა?

- რაღაც ეტაპამდე გამდიოდა, დედის წყალობით. თუმცა მახსოვს 2-3 შემთხვევა, როცა იმდენად გადავიყვანე დედაჩემი ჭკუიდან, ტანზე დამახია ყველაფერი და გარეთ გამაგდო. 9 წლის ვიქნებოდი. ზამთარი არ იყო მაშინ, ამაში გამიმართლა. ფსიქიატრიულის პაციენტი ვიყავი ბავშვობაში და ვერ მომხედეს, არ მიმკურნალეს. ჩემნაირ ბავშვს არ უნდა გაუვიდეს ერთხელ, იმიტომ, რომ მერე სულ თავისას გაიტანს.

- მამისგან რა გახსოვს, რით ჰგავხარ მას?

- გარეგნობით ვგავარ, ჩემი და მისი ფოტო ერთად რომ ნახოთ, სიძველით მიხვდებით, რომელია მამაჩემი. ხასიათით დედას ვგავარ. თვითონ არ უნდა ამის აღიარება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ზარმაცი ვარ, ოღონდ არა საქმეში. საქმეს არ გავაფუჭებ, მაგრამ ურეჟიმობა, ღამის თენება, დაგვიანება - ჩემი სტილია.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლებისგან?

- დედისგან მახსოვს, რომ არ უნდა მოვიტყუო. ვცდილობ გავითვალისწინო. შეიძლება, ზოგჯერ მართლაც დამჭირდეს ტყუილის თქმა, ვერც იმას ვიტყვი, რომ არ გამომდის, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება და მართლა განვიცდი, რომ ვიცრუე.

- 4 წლისამ თუ გააცნობიერე მამის დაკარგვა?

- არა... მამა მახსოვს რატომღაც ერთი დილის ფრაგმენტიდან, როგორ მიდიოდა სამსახურში. მახსოვს, რომ გარდაიცვალა, დედამ ნათესავთან წაგვიყვანა, გაგვარიდეს სიტუაციას. ბოლოს მაინც მოგვიყვანეს. მახსოვს პანაშვიდები, საცოდავად რომ გიყურებენ, დაგტირიან.

- როგორი იყო ფინანსური მდგომარეობა, სოციალური ფონი ოჯახში...

- კომუნისტების პერიოდში შიმშილი ნაკლებად იყო, თუმცა ფუფუნებაში არ გვიცხოვრია. დედა მაინც ცდილობდა, არ გვეგრძნო უმამობა. მოსკოვის ფორმა გვეცვა, გამოვირჩეოდით სასკოლო ჩანთით, რვეულებით და "პენალითაც" დანარჩენებისგან. 43 მოსწავლე ვიყავით კლასში და მარტო მე არ მყავდა მამა. ერთხელ შემოვიდნენ კლასში დირექტორი, სასწავლო ნაწილი, დამრიგებელი სლუკუნით, რა საწყალია ბეჟაშვილიო და მაჩუქეს ქურთუკი. ეს სკოლის შინაგანაწესი იყო, ობლისთვის ქურთუკი უნდა ეჩუქებინათ. საშინელი ქურთუკი იყო. მოკლე მქონდა მკლავები, მიწელავდნენ და იყვნენ ერთ ამბავში. მერე დედაჩემი მივიდა სკოლაში და ეჩხუბა პედაგოგებს. ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ეს ჩემთვის. საცოდავის იმიჯი ყველაზე საშინელია ჩემთვის. ზოგს მოსწონს ეს იმიჯი. ზოგს, ფული რომ აქვს, მაინც ამბობს, არ მაქვსო. მოსწონთ, რომ ეცოდებათ... გაჭირვება მახსოვს 90-იანი წლებიდან. ეს იყო ქვის ხანა. იყო ოჯახები, რომელთაც ამას გაუძლეს, რაღაც ჰქონდათ გადანახული, ვიღაცებმა ოქროები გაყიდეს, ზოგმა მუთაქები გახსნა. ჩვენთან დაიწყო შიმშილი, სიცივე, დეპრესია. გაყინულ სახლშიც გამიღვიძია და მშიერიც წავსულვარ სკოლაში.

- ზუზუ, ქუჩამ რა გამოცდილება მოგცა?

- მე "ქუჩის აკადემიას" ჩემს ცხოვრებაში "დამოუკიდებლობის აკადემიას" დავარქმევდი. სახლიდან წავედი, გამოვედი მე-9 კლასიდან, სიმღერა მინდოდა. საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე. დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება, ავირჩიე ის ხალხი მეგობრად, ვინც მე მინდოდა, უბნიდანაც წავედი. ვერ გეტყვი, რომ ბირჟაზე ვიდექი. ჩემი ძმა იყო მაგ ცხოვრების ოსტატი და მისი ხათრით ვერავინ ვერაფერს მიბედავდა. ისე, მომწონდა ეს მფარველობა...

- სახლიდან რატომ წახვედი?

- პროტესტი მქონდა იმის, რომ უნდა მეცხოვრა ისე, როგორც მოსწონს სხვას. არ მიყვარს რეჟიმში ცხოვრება, როცა გითითებენ, რა არის ცუდი და რა - კარგი. ჩვენთან სახლში ყოველთვის "წესიერი" ხალხი მოდიოდა და ეს მაღიზიანებდა, პროტესტი დაგროვდა და წავედი, ჩემნაირები ვიპოვე.

- როგორები იყვნენ შენნაირები?

- ისეთები, როგორებიც დღეს მყავს გარშემო. ხალხი, რომელსაც უყვარს მუსიკა, გართობა, ღამე არ სძინავს. მაშინ გავსინჯეთ ალკოჰოლიც. 14 წლის ვიყავი, ნიკა ლომიძე რომ გამაცნეს. აი, ასეთი ტიპები იყვნენ ჩემნაირები.

- დედა არ განიცდიდა შენს სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ?

- დედა ჩემიანი იყო და დღემდე ასეა. საბედნიეროდ, ისეთი არაფერი ჩამიდენია, მისთვის გული რომ მეტკინა.

- პროფესია როგორ აირჩიე?

- იმდენად ადრე მოვინდომე მსახიობობა, რომ ყველაზე გვიან გამომივიდა. როგორც გითხარით, მე-9 კლასიდან გამოვიტანე საბუთები და საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე თეატრალური განხრით. მაპატიოს ამ სასწავლებელმა, მაგრამ საშინელი მდგომარეობა დამხვდა, არ მომეწონა სიტუაცია, ხალხი, ცოტა ვერ მასწავლეს, ცოტა არ ვისწავლე, მივხვდი, რომ არ იყო ჩემი. მერე ღამის სკოლაში შევიტანე საბუთები, დავამთავრე და ჩავაბარე თეატრალურში. ბებერი სტუდენტი ვიყავი, 24 წლის, მაგრამ ჩემი კურსელები უფრო ჰგავდნენ 30 წლისებს, ვიდრე მე. ჯგუფელებმა ჩემი ასაკი რომ გაიგეს, მეკითხებოდნენ, ბალზამს ხომ არ იკეთებო (იცინის).

- პირველი ხელფასი, პირველი ჰონორარი...

- კიროვის პარკში იყო "ელიტ კლუბი", სადაც ჩემი მეგობარი მუშაობდა და ერთ-ერთ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა. რაღაც შოუს სტილში იყო გაკეთებული, არც გაგვივლია, ვიდექით და 60 ლარი მომცეს. მუსიკალური კასეტები შევიძინე ამ ფულით. მერე ისეთი მეგობრები შევიძინე, რომლებიც იმ პერიოდისთვის შემდგარნი იყვნენ თავიანთ პროფესიაში. იმ პერიოდისთვის კოლოსალურ თანხებს მჩუქნიდნენ. ახლა რომ სახლი მაჩუქო, ისე მიხაროდა მაშინ 100 დოლარი. ეს დიდი თანხა იყო, ხალხი 100 დოლარზე თვეობით ცხოვრობდა, ოჯახსაც ვეხმარებოდი მაშინ ნაჩუქარი ფულით.

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- პირველად ალბათ მზრუნველობის გამო შემიყვარდა. სხვანაირად იღვიძებ, როცა გიყვარს.

- ზუზუ, სახელი გაქვს გატეხილი, ამბობენ, რომ ასაკით შენზე ბევრად უფროს ქალებთან გაქვს რომანი...

- მქონია რამდენიმე ასეთი რომანი, მაგრამ მაშინ იყო ეს დიდი სხვაობა, დღეს ათი წელი არაფერია. არაფერ შუაშია ასაკი, თუ ჰარმონიაში ხარ ადამიანთან. პროთეზიან ქალთან კი ნამდვილად არ ვყოფილვარ.

- მექალთანეს რომ გიწოდებენ, ესეც გაღიზიანებს?

- იცი რა, ისეთ საშინელებებს ამბობენ ზოგზე, ჯობს თქვან, რომ ქალი მიყვარს. მართლა მიყვარს, მაგრამ არა ავადმყოფურად. უბრალოდ, ბევრ გოგოსთან ვმეგობრობ, ხშირად მხედავენ გოგონებთან და ამიტომ მომაკრეს ეგ იარლიყიც.

- ზუზუ, 36 წლის ხარ, არც ერთხელ არ გიფიქრია ოჯახის შექმნაზე?

- ოჯახზე არა, მაგრამ სამი წელი რომ ადამიანთან იცხოვრებ, რა მნიშვნელობა აქვს, ოფიციალურია თუ არა ურთიერთობა, შემომხედე და წარმოიდგინე, მე - ქმარი, ცოლეურები, სიდედრ-სიმამრი, არ შემიძლია! არც ვტიპობ, არც ვფილოსოფოსობ. პატარა ვარ ჯერ ალბათ. დიდი ბიჭი რომ გავიზრდები, ალბათ დავფიქრდები, რა ფორმა მივცე ამ ურთიერთობას.

- ამასობაში ამოიცანი ქალის ფენომენი? კარგად იცნობ ქალებს?

- ამოცნობილი ქალები არ მიყვარს, წაკითხული წიგნივითაა. ვისთანაც მქონია ურთიერთობა, ყველამ ბევრი მასწავლა. ცუდად არავინ მახსენდება. რატომღაც მერე არავინ აღარ მელაპარაკება, მაგრამ მე ყოველთვის მენატრება მათთან მეგობრობა.

- შენ თუ ასწავლე მათ რამე?

- ალბათ, ცალმხრივად არაფერი ხდება. მაგრამ ამის აღიარება უჭირს ხალხს. მე არ მიჭირს... ბევრ ქალთან მქონია ურთიერთობა, არა მხოლოდ სექსუალური. ბევრი "ძმაკაცი" ქალი მყავს, ვინც თავის პირადულზე მეჭორავება. ასე რომ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვიცნობ ქალებს.

- მაშინ გაგვიმხილე, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?

- ჰარმონია სჭირდება ქალსაც და კაცსაც. აქ სქესი არაფერ შუაშია. ადამიანმა ყველა წუთისგან სიამოვნება უნდა მიიღოს, მაშინ არის ბედნიერი. თუ რამე სერიოზული, ტრაგიკული არ ხდება, ყველაფერს იუმორით უნდა შეხედო.

- დღეს რას აკეთებს ზუზუ?

- ვუდი ალენის პიესას "სიკვდილი აკაკუნებს" დგამს გაგა გოშაძე და ამაზე ვმუშაობთ. სავარაუდოდ, ვაკის სარდაფში დაიდგმება ეს სპექტაკლი. პარალელურად ვმუშაობდი მოკლემეტრაჟიან ფილმზე "თევზი". ეს მისტიკური დრამა სტუდენტის გადაღებულია, დეტექტივი ვითამაშე. თავიდან მე და მანანა აბრამიშვილმა ჩავთვალეთ, რომ დავეხმარეთ ამ სტუდენტს, მაგრამ საბოლოო ვერსია რომ ვნახეთ, მივხვდით, რომ თვითონ დაგვეხმარა. კარგი გამოვიდა, საფესტივალო ფილმია. პარალელურად "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილზე" ვიყავი დაკავებული და სრული საგიჟეთი მქონდა.

- დასასრულ, შეცდომებზეც ვისაუბროთ, შენს რომელ ნაბიჯს ნანობ ყველაზე მეტად?

- ვნანობ, რომ დედას ვუყვირე რამდენჯერმე, მეგობრებს ვაწყენინე, ვატკინე, მაგრამ ასეთია ზუზუ, ფიცხი, მაგრამ გულჩვილი. ესაა ჩვენი ცხოვრება, შეცდომებზე ვსწავლობთ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება