რა შემთხვევაში დათანხმდებოდა მეძავის როლს ნუკი კოშკელიშვილი

რა შემთხვევაში დათანხმდებოდა მეძავის როლს ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილს ბუკლემ სახალისო შეკითხვებით მიმართა. ნუკიმ ყველა შეკითხვას გულმოდგინედ უპასუხა, თუმცა ინტერვიუს ბოლოს გაგვიმხილა, რომ ყველაზე მეტად ალ კაპონესგან თავის დაღწევის ხერხებზე დაფიქრდა. ასე რომ, წინ მხიარული კითხვა-პასუხი გელოდებათ.

- წარმოიდგინე, იღვიძებ ალ კაპონეს მეგობარ გოგონად, განგსტერულ ამერიკაში.

- ვეცდები, თავი დავაღწიო. ვეტყვი, რომ სხვა ქვეყანაში მაქვს საქმე და გავიქცევი. ფილმებიდან ნანახი გვაქვს, განგსტერების ცოლები როგორ ცხოვრობენ, მაგრამ მაინც არ მომინდებოდა. ალ კაპონეს რამენაირად მოვატყუებდი და გავექცეოდი.

- რუსული ტელეარხიდან გირეკავენ და სალომე გოგიაშვილსა და ია ფარულავასთან ერთად გთავაზობენ "ყოფილი ცოლების კლუბის" მსგავსი გადაცემის წაყვანას.

- არანაირი პრობლემა არ არის. რუსულს ქართულზე უკეთესად ვფლობ. იასა და სალომესთან ერთად გადაცემას სიამოვნებით წავიყვანდი. სამივეს ძალიან გვიყვარდა "ყოფილი ცოლების კლუბი". მართლა რომ დამირეკონ, ალბათ დავფიქრდები, რადგან ეს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას ნიშნავს.

- კინოში მეძავის როლს დათანხმდებოდი?

- (დაფიქრდა) პირდაპირ გეტყვი, თუმცა შეიძლება, მკითხველმა არასწორად გამიგოს. საქართველოში რომ იღებდნენ, არ დავთანხმდებოდი. ამით იმას არ ვამბობ, რომ ქართველი რეჟისორები არ მომწონს, ფანტასტიკური რეჟისორები გვყავს, მაგრამ ასეთ სცენებს ესთეტიკურად აქ მაინც ვერ იღებენ. თუკი უცხოეთში გადამიღებდნენ და ჩემი პარტნიორი ბრედ პიტი ან ჯონი დეპი იქნებოდნენ, თანაც, ამ ფილმს "ოსკარზეც" ექნებოდა პრეტენზია, მაშინ დავთანხმდებოდი (იღიმის).

- რობერტ რედფორდთან ერთად გიღებენ მერილ სტრიპის მაგივრად.

- მტკივნეულ ადგილზე დამაბიჯე!. მერილ სტრიპზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს ეს მსახიობი. ჩემი დაქნეული ხასიათიდან გამომდინარე, ამ როლზე უარს ვიტყოდი, რადგან მერილს ამას ვერ გავუკეთებდი და მას ვერ გავანაწყენებდი.

- როგორც ჩანს, რობერტ რედფორდი ბრედ პიტისნაირად არ გიყვარს.

- როგორ არა, ძალიან მიყვარს, მაგრამ სანამ ხვეწნის რეჟიმში იქნებოდნენ, მანამდე ახლოს გაცნობას მაინც მოვასწრებდი.

- ლელა წურწუმიასთან ერთად საქეიფო სიმღერის ჩაწერას გაძალებენ.

- ლელაზე ვგიჟდები, არაჩვეულებრივი ადამიანია და ფანტასტიკური იუმორის გრძნობა აქვს. ვფიქრობ, რომ თვითონ ლელა იტყოდა უარს ჩემთან დუეტზე, რადგან ყრუ ვარ. არც ხმა მაქვს და არც არაფერი. საშინლად ვმღერი. კი ჩავწერდი სიმღერას, მაგრამ არსად არ გაუშვებდნენ.

- წარმოიდგინე, 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ხარ...

- დაველოდები, სანამ გარეთ ყველაფერი არ დამთავრდება და მერე გამოვალ.

- ადევნებდი თვალს ამ მოვლენებს?

- ვცდილობ, საინფორმაციოს ნაკლებად ვუყურო და ნერვები არ მოვიშალო, მაგრამ მაინც ვადევნებ ხოლმე თვალს ახალ ამბებს. ესეც ვნახე და არ მიყვარს ხალხის განსჯა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს საქციელი არასწორი იყო.

- ვისი მხრიდან?

- ხალხის მხრიდან. მგონია, იქ არ უნდა მისულიყვნენ.

- ჩიორა თაქთაქიშვილი მოდის შენთან და გეუბნება, დამმალეო. უკან გაგულისებული ადამიანები მოსდევენ.

- ჩიორა თაქთაქიშვილი ვინ არის?

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელსაც ცხვირში ხელი მოარტყეს.

- დავმალავ აუცილებლად. რომელი მოძრაობის წევრია, რა მნიშვნელობა აქვს?!. რატომ უნდა გავიმეტო ადამიანი საცემად, თანაც, როცა უკან ხალხი მოსდევს.

- საუკეთესო უკანალების შეჯიბრების წამყვანად რომ მიგიწვიონ, რა რეაქცია გექნება?

- ამაზე ალბათ უარს ვიტყვი. იმიტომ არა, რომ უკანალების კონკურსია, იმიტომ, რომ ასეთი შეჯიბრებები მეაბსურდება. ვფიქრობ, რომ რეიტინგი არ ექნება. გადაცემა კვირა-ნახევარში დაიხურება. ვინ უყურებს ამ გადაცემას?.. საერთოდ, გადაცემის წაყვანას იმის მიხედვით ვთანხმდები, მე დამაინტერესებდა თუ არა ამ გადაცემის ყურება. რადგან არ დავინტერესდებოდი, შესაბამისად, არც წავიყვანდი.

- მანანა მანჯგალაძე გადადგა და პრეზიდენტის პრესსპიკერობას შენ გთავაზობენ.

- არა მგონია, რომ ასეთი რამ შემომთავაზონ, მაგრამ რადგან მეკითხები, არ დავთანხმდებოდი, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა, მე კი ჟურნალისტიც არ ვარ. პრეზიდენტის პრესსპიკერობა დიდი ნახტომია. ვერ ავიღებდი ამ პასუხისმგებლობას. საერთოდ, პოლიტიკური გადაცემის წაყვანაც არასდროს მნდომებია. 22 წლის ასაკში ეს არასერიოზულიც იქნებოდა. გარდა ამისა, პოლიტიკური თემები არ მაინტერესებს. ვერ გეტყვი, რას ვიფიქრებ 40 წლის ასაკში, მაგრამ ახლა ასეთი აზრი მაქვს. ჩემთან არის ბაცნობა, სისულელეები, ამის წაყვანა, კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკური გადაცემის წაყვანა ჩემგან აბსურდია.

- გირეკავს თანამდებობის პირი და გთხოვს, რომ როგორც "მის საქართველოს" ჟიურის წევრმა, მის პროტეჟეს გაამარჯვებინო.

- რადგან თავად ვიცი, რას ნიშნავს იქ დგომა 20 გოგონაში, არაფრით არ დავთანხმდებოდი. ოღონდ თანამდებობის პირს კი არ გავანაწყენებდი და არ ვეტყოდი, ეს როგორ გამიბედე-მეთქი, უბრალოდ, ვეტყოდი, ჟიურიში მხოლოდ ბუტაფორია ვარ და არაფერს ვწყვეტ-მეთქი. ჩაწყობები და მსგავსი რაღაცები მესულელება.

- გუბაზ სანიკიძე გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ ქერა ქალები სულელები არიან, სიის სათავეში კი შენს სახელსა და გვარს აცხადებს.

- გუბაზ სანიკიძე ვინ არის?

- პოლიტიკოსი, "ქართული ოცნების" წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი.

- გასაგებია. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი ვინ არის, მისი აზრიც არ მაინტერესებს. სულაც რომ ვიცოდე მისი ვინაობა, ასეთ რამეს თუ იტყოდა, მაინც არ დამაინტერესებდა. არც ვუპასუხებდი. რაზე უნდა გამეცა პასუხი, არა, არ ვარ სულელი-მეთქი (იცინის)?!.

- იუნა შაფათავა, რომელმაც ახლახან თქვა, ბისექსუალური ვარო, გირეკავს და პაემანზე გეპატიჟება.

- ვაიმე, შენ რას უპასუხებდი?

- უარს ვეტყოდი.

- მეც ასე მოვიქცეოდი. კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი, ხახახა-ხიხიხითი.

- როგორც ვხვდები, უხერხული სიტუაციებიდან თავის დაძვრენას ადვილად ახერხებ.

- იუმორის გრძნობა მეხმარება. ყველა უხერხული სიტუაციიდან ადვილად გამოვდივარ. მომწონს ჩემი ეს თვისება. ერთადერთი, რაზეც შენი კითხვებიდან დავფიქრდი, განგსტერისგან თავის დაღწევაა (იღიმება).

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება