ვინ და რატომ გადაურიცხა გიგა ნასარიძეს 2,6 მილიონი ლარი

ვინ და რატომ გადაურიცხა გიგა ნასარიძეს 2,6 მილიონი ლარი

პარლამენტმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივის "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" განხილვა დაიწყო. როგორც პრეზიდენტმა ორი კვირის წინ განმარტა, ფაქტობრივად, ეს არის მორიგი ფინანსური ამნისტია, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას და სასჯელისგან იმ მსჯავრდებულთა გათავისუფლებას, რომლებმაც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ეს არის, ძირითადად, გადასახადების დამალვა, ფულის გათეთრება და სხვა ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაული. ფინანსური ამნისტიის პროექტით, არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. ჩადენილი დანაშაულების ამნისტირების გარდა, სააკაშვილი პარლამენტს სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან რიგი მუხლების ამოღების ინიციატივით მიმართავს კონკრეტული ფინანსური დანაშაულობების დეკრიმინალიზაციის მიზნით. პრეზიდენტი ზოგ დანაშაულზე თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიებების შემსუბუქებასაც ითხოვს.

საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებული მუხლების უმრავლესობა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სადღეისოდ მოქმედი ფორმულირებებითა და სანქციებით სააკაშვილის მთავრობის ინიციატივითა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერითაა მიღებული. ისმის კითხვა: თუკი ეს საკანონმდებლო ბაზა გამართლებული და სახელმწიფოსათვის საჭირო იყო სულ რაღაც 4 თვის წინ, რა შეიცვალა ამჟამად და რატომ სურს სააკაშვილს მისივე ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების შეცვლა? პასუხი მარტივია - შეიცვალა ხელისუფლება, შეიცვალა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მორალურ-ფსიქოლოგიური გარემო, რომელშიც წამყვანი ადგილი სამართლიანობის აღდგენამ დაიკავა. ახალი ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოების მიერ მოთხოვნილი სამართლიანობა აღადგინოს და კეისარს კეისრისა მიაგოს. სწორედ ამის პრევენციას ცდილობენ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" გარეგნულად ჰუმანურ და კეთილშობილურ საფარველში შეფუთული საკანონმდებლო ინიციატივით. სააშკარაოზე გამოდის სულ უფრო მეტი ფაქტი, თუ როგორ გადიოდა ბიუჯეტიდან მილიონები მმართველი პარტიის მეგობარ ფირმებზე, ხოლო შემდეგ მათი დიდი ნაწილი "ატკატის" სახით ბრუნდებოდა "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების მომსახურებაზე. ცნობილი ხდება ისიც, თუ როგორ კეთდებოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული ორგანიზაციებისა და პირების სასარგებლოდ საეჭვო წარმომავლობის მილიონიანი ე.წ. შემოწირულობები ე.წ. ბიზნესმენებისგან.

სააკაშვილის ინიციატივას კიდევ ერთი ფარული მიზანი აქვს. ფინანსური ამნისტია, ძირითადად, შეეხება ფულიან ადამიანებს, რომლებიც ბოლო 9 წლის განმავლობაში, ნებსით თუ უნებლიეთ, საეჭვო ფინანსურ-ეკონომიკური ოპერაციებით "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურებოდნენ. ფინანსური ამნისტიით სასჯელისგან გათავისუფლებულნი დავალებული იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, რომელსაც ასეთი ხალხი ნამდვილად სჭირდება. დამოუკიდებელი ექსპერტების აზ­რით, მოჩვენებითი მშვიდობიანობის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობას" რევანშზე ხელი არ აუღია და თბილისსა თუ რეგიონებში მხარდამჭერების მობილიზაციას და წინააღმდეგობის რესურსების დაგროვებას განაგრძობს. რეიტინგდაკარგულ "ნაციონალურ მოძრაობას," რომელსაც ბოლო კვლევებით მხოლოდ 5%-იანი მხარდაჭერა აქვს, გაუჭირდება ხალხის მობილიზება, მით უმეტეს, ძალისმიერი დესტრუქციული ქმედებისათვის. რჩება ერთადერთი გზა - მოსყიდვა და გადმობირება მნიშვნელოვანი საზღაურის სანაცვლოდ, რასაც დიდი ფინანსები სჭირდება. მეორე რესურსი საინფორმაციო ომის წარმოებაა, რასაც ასევე სერიოზული ფინანსები სჭირდება. ბოლო თვეებში ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში ახალი ონლაინგამოცემები და საინფორმაციო სააგენტოები გაჩნდა, რომლებიც ნაციონალებზე მუშაობენ, ისევე როგორც ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული "ექსპერტები". ამ უკანასკნელთა "ექსპერტული სერვისი" (ნაციონალების პოლიტიკის გამართლება) სანდო წყაროების ცნობით, საკმაოდ კარგად ანაზღაურდება "ნაციონალური მოძრაობის" სალაროდან. ასევე გულუხვად ფინანსდებიან ახალშექმნილი არასამთავრობოები, რომელთა დამფუძნებლები "ნაციონალური მთ­ავრობის" ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" მომხრეების მობილიზაციის უპრეცედენტო კამპანიას და რეგიონებში წინააღმდეგობის კერების შექმნას გეგმავს. ნდობადაკარგულ პარტიას კი ხალხის მობილიზაცია მხოლოდ მოსყიდვით და გადმობირებით შეუძლია.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილმა 2012 წლის ბოლოს აშშ-ში ახალი ლობისტური ფირმა Prime Policy დაიქირავეს და 860.000 დოლარი გადაუხადეს. ნაციონალები არც მალავენ, რომ ამჯერად ლობისტური ფირმა უშუალოდ სააკაშვილისა და მისი პარტიის ინტერესების დაცვაზე იმუშავებს. აშშ-დან მოდის ინფორმაცია 5-მილიონიან გარიგებაზე სააკაშვილსა და მის ლობისტებს შორის, რომ აშშ-ის კონგრესს საქართველოს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ სავაჭრო-ეკონომიკური სანქციები დააწესებინონ. ხელისუფლებიდან და შესაბამისად ბიუჯეტის უკონტროლო განკარგვიდან ჩამოცილებული ნაციონალები, შესაძლოა, მათ მიერ წინდახედულად ოფშორულ ზონებში გადატანილი ფულითაც ფინანსდებიან. ლაპარაკია მილიონებსა და, შესაძლოა, მილიარდებზეც. ნაციონალებისთვის არც ევროპული და ამერიკული კერძო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის წყარო დაშრეტილა ბოლომდე.

"ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განხორციელებული საეჭვო ფინანსური ოპერაციის თვალსაჩინო მაგალითია ექს-იუმორისტ გიგა ნასარიძის მიერ არჩევნების წინ სახელდახელოდ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდებას" დაფინანსების სქემა. როგორც ცნობილია, ორგანიზაციამ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული სარეკლამო კამპანია 2012 წლის 11 ივლისიდან დაიწყო, ხოლო 18 აგვისტოს ვიდეოკლიპები უსასყიდლოდ გადასცა "ნაციონალურ მოძრაობას", რისი მიღებაც პარტიამ ოფიციალურად დაადასტურა. ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით კი ნასარიძის ორგანიზაციისთვის მრავალრიცხოვანი შემოწირულობები რატომღაც 2012 წლის 1 იანვრიდან იწყება და 28 ნოემბერს მთავრდება (?!). (01.01.2012-28.11.2012 სწორედ ეს თარიღებია აღნიშნული დოკუმენტზე). გამოდის, რომ ნასარიძის ორგანიზაცია დაფინანსებას მისთვის და მისი რჩეული პარტიისთვის არჩევნების წარუმატებლად დამთავრების შემდეგაც იღებდა, ანუ მაშინ, როცა პოლიტიკური რეკლამა ეთერში აღარ გადიოდა. მთლიანობაში ნასარიძის ორგანიზაციისათვის შემოწირულობებმა 2.6 მილიონი ლარი (?!) შეადგინა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ნასარიძის ორგანიზაცია, როგორც იურიდიული პირი, კანონდარღვევასა და პარტიის მიმართ უკანონო შემოწირულობაში (ვიდეოკლიპების უფასოდ გადაცემაში) ამხილა. კანონის მიხედვით, იურიდიულ პირებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიისთვის ნებისმიერი სახის შემოწირულობის გაღება. აუდიტის სამსახური, რომელიც ამ ყველაფერს ვარდისფერი სათვალით აკვირდებოდა, იძულებული შეიქნა, ხელი გამოეღო და ნასარიძის ორგანიზაცია სიმბოლური თანხით - 5000 ლარით დააჯარიმა. თუმცა ფინანსური ოპერაციებისა და სხვა შემოწირულობების კანონიერება არ შეუს­წავლია. წარმოდგენილი დოკუმენტიდან კი კარგად ჩანს, რომ ერთი-ორი გვარის გარდა, შემომწირველთა სია ბევრს არაფერს ეუბნე­ბა მის წამკითხველს. უცნობია, ნებაყოფლობ­ით თუ განახორციელეს მათ შე­მოწირულობა და იყო თუ არა ეს რეალურად მათი ფული. ნასარიძის ორგანიზაციის "ისტორია" მხოლოდ მცირე ეპიზოდია "ნაციონალური მოძრაობის" თუ სხვების მიერ მის სასარგებლოდ ღიად თუ ფარულად განხორციელებული საეჭვო ფინანსური ოპერაციებისა. შესაბამისად, იმის გარკვევა, თუ ვინ უხდიდა და უხდის ფულს ნაციონალებს, რა წყაროებიდან ფინანსდებიან ისინი და რამდენად კანონიერად, დღეს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია ლამის ბეწვზე კიდია, ორჯერ უფრო აქტუალურია. სწორედ ამის გარკვევას ცდილობს ახალი ხელისუფლება და ამ მცდელობ­ის ნეიტრალიზაციას ემსახურება სააკაშვილის ახალი საკანონმდებ­ლო ინიციატივა ფი­ნანსურ ამნისტი­აზე.

სტატია: მოსახლეობის ჯიბეში ჩაყოფილი "ნაციონალური" ხელი

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები