ქუთათურები "ლიაიას ბორდელის" დახურვას ითხოვენ

ქუთათურები "ლიაიას ბორდელის" დახურვას ითხოვენ

ქუთაისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე, "ლიაიას ბორდელად" ცნობილ დაწესებულებას ყოველდღიურად რამდენიმე ასეული არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სტუმრობს. მის სიახლოვეს მცხოვრებთ ძალაუნებურად უწევთ არა მარტო მათი ჩხუბისა და აყალმაყალის, არამედ იმის მოსმენაც კი, ვის როგორ და რა ფასად მოემსახურებიან. ასეთი გარიგება პირდაპირ ქუჩაში, მათი ფანჯრების წინ ხდება. აღშფოთებული ადამიანები ამბობენ, რომ მათ ლამის ყოველდღე უწევთ საპატრულო პოლიციის გამოძახება, რადგან "ლიაიას ბორდელის" მაღალი "ტარიფებით" გაღიზიანებული შეზარხოშებული მამაკაცები არა მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელობას, არამედ მთელ დასახლებას გინებით იკლებენ.

"გვიან ღამით მოდის, ვინ - მთვრალი, ვინ - ფხიზელი. თუ ბორდელში თავისუფალი ქალები დახვდათ, კი შედიან და ისმის იქიდან სიცილ-კისკისი, თუ არ დახვდათ და, არეულობა იწყება. მომსახურე პერსონალზე განაწყენებულები იგინებიან და არყისა და შამპანურის ცარიელ ბოთლებს ესვრიან ჩვენს სახლებს. ასე ცხოვრება აღარ შეგვიძლია. ისეთი სიტყვები ისმის ჩვენს ფანჯრებთან, რომ ოჯახის წევრების გვრცხვენია. იქნებ მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება", - ამბობს კოსტავას ქუჩის მცხოვრები თინა ბეშკენაძე.

"ლიაიას ბორდელის" მფლობელმა ლიამ ჩვენთან გასაუბრებას თავი აარიდა. აღნიშნული დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი მეზობლების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ დაწესებულება, რომელიც კოსტავას ქუჩაზეა, სასტუმროა და არა ბორდელი: "რა ბორდელი, რის ბორდელი, აქ სასტუმროა, სადაც ხალხი დადის. გეთანხმებით, აქ ბიჭები და გოგოებიც ხშირად მიდიან, მაგრამ გვეუბნებიან ცოლ-ქმარი ვართო და ქორწინების მოწმობას ხომ არ მოვთხოვთ?!"

"პროდუქტი" - დაბალხარისხიანი, მომხმარებელი - ფასზე ორიენტირებული. ჩხუბი, კამათი, ყაყანი - "რა ამბავია, დამიკელი!" "ვერა, ვერ დაგიკლებ", დამა გულივით ქალი ვარ, ვერ მხედავ?" - მსგავსი ვაჭრობა, როგორც გვიამბობენ, ქუთაისის ყველა ბორდელში ხდება. ვაჭრობა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სადაც გამყიდველი ყიდის "პროდუქტს", მომხმარებელი იხდის საფასურს და კმაყოფილია. პროსტიტუციის ქუთაისური პორნობაზარი საშუალებას გაძლევთ, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე აირჩიოთ სასურველი "პროდუქტი".

ვიცით, რომ ბორდელის ფუნქციობა და პროსტიტუცია დანაშაულია, თუმცა მაინც რა სანქციას ითვალისწინებს აღნიშნული ქმედება და კონსტიტუციის რომელი მუხლი ირღვევა აღნიშნული ქმედებით? - ამ კითხვით ქუთაისის საიას (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ფილიალს მივმართეთ.

"სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე­ მუხლის თანახმად, პროსტიტუციისთვის ადამიანი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე" - ამბობს საიას იურისტი.

P.S. კულუარული ინფორმაციით, იგეგმება ბორდელების ლეგალიზება და მაშინ ნამდვილად გაუმართლებს კოსტავას ქუჩაზე არსებულ "ლიაიას ბორდელად" მონათლულ დაწესებულებას, თუმცა მოქმედი კანონით, ალბათ, მეძავებსაც მოსთხოვენ სალარო-აპარატების დადგმას, ქვითრის ამოწერას და ინდმეწარმეების მსგავსად მათაც დაბეგრავენ. სამაგიეროდ, მეძავებს უკვე ოფიციალური სამსახური ექნებათ, ბიუჯეტში კი დიდძალი თანხა შევა. ბორდელების ლეგალიზებით მომსახურების ხარისხიც აიწევს და ჰიგიენური პირობებიც გაუმჯობესდება.

ირაკლი ვაჩიბერაძე, ქუთაისიდან

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"