სალომე გოგიაშვილი - "როდესაც "იმედი" განახლდა, ვიფიქრე, ღირდა იქ მუშაობის დაწყება, მაგრამ შევცდი"

სალომე გოგიაშვილი -  "როდესაც "იმედი" განახლდა, ვიფიქრე, ღირდა იქ მუშაობის დაწყება, მაგრამ შევცდი"

მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი და მისი მეწყვილე დავით ქაცარავა ჰომოფობიური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს, ეს ტელეწყვილი ეკრანზე აღარ გამოჩენილა. რასაკვირველია, დავინტერესდით, როგორ განვითარდა მოვლენები, რას უკავშირება მათი გაუჩინარება და სალომეს ინტერვიუ ვთხოვეთ. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ, თუმცა შემდეგ სხვა საკითხებზეც გადავინაცვლეთ.

- "იმედის" დილის გადაცემის წამყვანები აღარ ვართ, რადგან ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაგვათავისუფლა. მოგეხსენებათ, ჩემი და დავით ქაცარავას საუბარი ელტონ ჯონის შესახებ ჰომოფობიურ გამოსვლად შეაფასეს და ბოდიშის მოხდას გვთხოვდნენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. სხვა ტელეკომპანიებსა და სხვა წამყვანებსაც ვკითხეთ მსგავსი შემთხვევების შესახებ, მაგრამ არც ბოდიში მოუხდიათ ასეთი განცხადებისთვის და მით უმეტეს, ამის გამო სამსახურიდან ვინმე არ დაუთხოვიათ. როგორც წესი, ტელეკომპანია თავისი თანამშრომლების ინტერესებს იცავს და ცდილობს, სიტუაცია დაარეგულიროს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა.

- კონრეტულად ვინ გაგათავისუფლათ სამსახურიდან?

- პირდაპირ არავის უთქვამს, სამსახურიდან გათავისუფლებულები ხართო, მაგრამ გაგვიშვეს უხელფასო შვებულებაში, გვითხრეს, ცოტა ხანი შეისვენეთ, ჩამოვლენ ამერიკელები, მათთან განვიხილავთ ამ საკითხს და მერე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებსო. რად უნდოდა ამას ბევრი ფიქრი, გასაგები იყო, რომ არაპირდაპირი გზით დაგვითხოვეს, თანაც, საოცარი რა იყო იცით? ჩვენი ბოლო ეთერიდან რამდენიმე დღეში "იმედის დილის" "პრომოდან" მეც და ჩემი მეწყვილეც ამოჭრილი ვიყავით, არადა, ჯერ კიდევ ვითომ ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებად ვითვლებოდით, საწყენია, ამდენი მატყუარა ადამიანის გარემოცვაში რომ მოვხვდით. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო მე და დავით ქაცარავამ გავმართეთ პრესკონფერენცია, სადაც "იმედის" ხელმძღვანელობასა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელთაც ჩვენთან პრეტენზია გაუჩნდა, ბოდიშის მოხდა მოვთხოვეთ. იურისტთან გავდივართ კონსულატაციებს და სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაფერს სწორად გავაკეთებთ. ზემოხსენებული ორგანიზაციის წევრები გახლავან უსაქმური ხალხი, რომელნიც ჩასაფრებულები არიან და ცდილობენ, მცირე გამონათქვამზეც კი პროვოკაცია მოაწყონ. გადაცემის პროდიუსერებთან არანაირი პრეტენზია და სასაყვედურო არ მაქვს, რადგან გვერდში გვედგნენ და ჩვენს აზრს იზიარებდნენ, მათ შორის იყო თამუნა, რომლის გვარიც არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრია, მაგრამ, როგორც ხედავთ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფაქტით შეწუხებული არ ვარ, მირჩევნია სამსახურიდან გამათავისუფლონ, მაგრამ ხალხს ვუყვარდე, ქუჩაში ჩემ მიმართ სითბოს გამოხატავდნენ, ვიდრე მიმყავდეს გადაცემა, რომელიც მხოლოდ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს მოეწონებათ.

- საერთოდ, როგორ დაბრუნდი "იმედის" ეთერში?

- ტელევიზიიდან დამირეკეს, მთხოვეს ჩემი ჩანაწერების მიტანა, შემდეგ გავიარე კასტინგი, ცოტა ხანში დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდოდათ, დილის გადაცემა წამეყვანა. სიმართლე გითხრათ, მაშინვე არ დავთანხმებულვარ, ჩემი ქმრის დაყოლიება გამიჭირდა, არ უნდოდა, ისევ ამ ტელევიზიაში დავბრუნებულყავი.

- რატომ?

- კარგად ხედავდა ჩემს განცდებს, რომელიც "იმედის" დატოვების შემდეგ მქონდა. მოგეხსენებათ, მაშინაც დილის გადაცემა მიმყავდა, მაგრამ ერთ დღეს ჩათვალეს, რომ აღარ ვიყავი საჭირო. ახლა, როდესაც "ტელეიმედი" განახლდა, ვიფიქრე, სიტუაცია შეიცვლებოდა და ღირდა იქ მუშაობის დაწყება, მაგრამ შევცდი. ამ შემთხვევაში ჩემი ქმარი მართალი აღმოჩნდა, ამის შემდეგ მას დავუჯერებ და მის აზრს უფრო მეტად გავითვალისწინებ (იღიმება).

- ჩვენს ბოლო ინტერვიუში მით­ხარი, რომ დიზა­ი­ნერობას აპირ­ებდი, შენი ესკ­ი­ზებით უნდა შე­გექმნათ სამოსი, ამ კუთხით როგორაა საქმე?

- იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩემი ქმრის საქმიანობის გამო ვიყავი წასული, ჩემმა მეწყვილემ, ვისთან ერთადაც ვაპირებ ამ საქმის წამოწყებას, უჩემოდ არაფერი გააკეთა, მე მელოდებოდა, ახლა კი უკვე ამ საქმეს სერიოზულად მივხედავთ.

"მეც მასთან ერთად ვიღვიძებ"

- დილის ძილი მიყვარს, მაგრამ ჩემი მეუღლე, ვახო, სამსახურში 11 სათზე მიდის, ამიტომ მეც მასთან ერთად ვიღვიძებ და ერთად ვსაუზმობთ. დილით ჭამა არ მიყვარს, მაგრამ ჩაის ან ყავას მივირთმევ ხოლმე, მერე ქმარს ვაცილებ და საკუთარი თავის მოწესრიგებაზე გადავდივარ, რათა ჩემს საქმეებს მივხედო. ახლა აღარ ვმუშაობ, მაგრამ ოჯახი, პირადი საქმეები, მეგობრები იმდენ დროს მოითხოვს, რომ მთელი დღე მაინც დაკავებული ვარ.

სარკესთან

- დილის შხაპის შემდეგ კანს სათანადო კრემებით ვანებივრებ, შემდეგ ვიწესრიგებ თმას, რომელზეც თითქმის ყოველთვის თავად ვზრუნავ. შემდეგ ვდგები კარადასთან და ვიწყებ ფიქრს, რა ჩავიცვა, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ბოლოს ვიცვამ და გავდივარ. მიუხედავად იმისა, რომ თავის მოწესრიგება ცოტა დროს ნამდვილად არ მოითხოვს, საჭიროების შემთხვევაში შემიძლია 10 წუთშიც მზად ვიყო სახლიდან გასასვლელად. რაც შეეხება ხასიათის გამოკეთების მიზნით საშოპინგოდ წასვლას, შეიძლება ვიყო ცუდ განწყობაზე, იმ მომენტში ფული არ მქონდეს, მაგრამ სხვანაირად გამოვიდე მდგომარეობიდან, სულაც არაა ამისთვის აუცილებელი საყიდლებზე სიარული. საერთოდ, ძალიან გულჩათხრობილი ადამიანი ვარ, ჩემგან ყველა მიჩვეულია, რომ სულ კარგ ხასიათზე უნდა ვიყო, ამიტომ საკუთარი პრობლემის გულში ჩახვევა ვიცი. თუმცა, რასაკვირველია, არსებობს ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე მეგობარი, რომლებთანაც ვიხსნები. ამას წინათ ცუდ ხასიათზე ვიყავი, მეგობართან ერთად ერთ-ერთ კაფეში გახლდით, იქიდან გამოსული, გვერდზე მდებარე მაღაზიას ვესტუმრე, ერთი მაისური მომეწონა და შევიძინე, მაშინ დავრწმუნდი, რომ შოპინგი ნამდვილად ერთგვარი თერაპია ყოფილა, რადგან ხასიათი მართლაც გამომიკეთდა. იმ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ფაქტმა მიშველა, თუმცა, საერთოდ, ეკლესიაში მისვლა ყველა ადამიანზე ბევრად დადებითად მოქმედებს, პირადად მე ტაძარში იმდენად ვწყნარდები სულიერად, რომ ამ გრძნობას ვერაფერს შევადარებ.

საფირმო კერძი

- მართალია, დიდი ოჯახი და დიდი სახლი გვაქვს, სადაც საქმეც ბევრია, მაგრამ მყავს ძიძა, რომელიც ჩემი ოჯახის წევრი უფროა, ვიდრე ძიძა, მეხამუშება კიდეც, ამ სიტყვას რომ ვამბობ. ის ყველანაირად მანებივრებს, მეხმარება ყველანაირ საქმეში და ცდილობს ცხოვრება შემიმსუბუქოს. ვერ ვიტყვი, რომ ჭურჭლის რეცხვასა და უთოობაზე ვგიჟდები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ყველაფერს ვაკეთებ. სამზარეულოში ფუსფუსიც მიყვარს, ჩემი მეუღლე სამსახურიდან წამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მირეკავს, მეუბნება, რა მოვუმზადო და მეც შეძლებისდაგვარად ვუსრულებ. ახლა გაგიმხელთ ჩემი საფირმო სოკოს სუპის რეცეპტს, რომელიც უგემრიელესია და მის დასაგემოვნებლად მეგობრებსაც ვეპატიჟები ხოლმე. ამ სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კონსერვის სოკო, ოღონდ დაჭრილი, რომელსაც დაასხამთ იმდენ წყალს, რომ სოკო დაიფაროს და აადუღებთ, შემდეგ დაამატებთ 2-3 ცალ ოთხად გაჭრილ კარტოფილს, შემდეგ ე.წ. "პერლოვკას", ბოლოს ჩაუმატებთ ერთ ყუთ გამდნარ ყველს და ურევთ მანამ, სანამ ყველი კარგად გალღვება, ქვაბს დააფარებთ სახურავს, ადუღებთ კიდევ 10 წუთი და უგემრიელესი კერძი მზადაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ოჯახში მწვანილი არ უყვართ, არ ვუმატებ, თორემ გემოვნების მიხედვით ამ წვნიანს შეიძლება გახეხილი სტაფილოც დაემატოს და მწვანილიც. აქვე კიდევ ერთი კერძის რეცეპტს გაგიმხელთ. მოხარშეთ ქათამი, გააცალეთ კანი და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, ცალკე ტაფაზე ოდნავ მოშუშეთ სტაფილო, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, ზემოდან დააყარეთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ქათამი, დაახეხეთ ყველი, შემდეგ ფენად დააწყვეთ ოთხკუთხედებად დაჭრილი კარტოფილი, ბოლოს - მაიონეზი, შედგით ღუმელში და ნახევარ საათში ეს ულამაზესი და უგემრიელესი კერძი მზად იქნება, ნამცხვარივით იჭრება და ძალიან ლამაზია.

შვილები

- მოგეხსენებათ, ორი შვილი მყავს, მაშიკო 10 წლისაა, დათუნა კი - 5-ის, რომელსაც ციბუკას ვეძახი. ციბუკა ზის და სულ მულტფილმებს უყურებს, შედეგად კი რუსული ენა ისე კარგად ისწავლა, სახლშიც რუსულად გველაპარაკება, იმედია, ამას პოლიტიკურ ელფერს არ მისცემენ (იცინის). მაშიკო კარგი გოგოა, კარგად სწავლობს, ბეჯითია, უამრავ მასწავლებელთან დადის და არ გვაბრაზებს. კვირამონაცვლეობით ჩვენთან ვახოს შვილებიც მოდიან, აქედან დადიან სკოლაში და ვცხოვრობთ ტკბილ ოჯახად, ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ვახო კიდევ იმიტომაა დასაფასებელი, რომ შესანიშნავი მამაა, შვილები ყველანაირად უზრუნველყოფილი ჰყავს, რაც ძალიან მახარებს, ჩემთვის ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია და მოხარული ვარ, რომ ვახო სამაგალითო მამაა როგორც თავისი, ასევე ჩემი შვილებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ მეხუთე შვილიც შემოემატა ჩვენს ოჯახს, ეს გახლავთ ძაღლი, რომელზე ზრუნვაც საკუთარ თავზე ავიღე და როგორც შვილს, ისე ვუვლი.

რამ აგრძნობინა ასაკი

- იცით, როდის ვიგრძენი, რომ ასაკში შევდივარ? როცა მივხვდი, რომ ღამის კლუბებში სიარული აღარ მსიამოვნებს. არსებობენ წყვილები, რომლებიც ღამის კლუბებში ხშირად დადიან და გართობის ასეთი წესი აქვთ, მე მირჩევნია, მეგობრები ჩემთან მოვიდნენ, დავსხდეთ და სახლში მშვიდად ვისაუბროთ, იშვიათად მიჩნდება კლუბში ან სხვა ადგილას წასვლის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვახო სამსახურიდან ახალი მოსული იყოს, უარს არასდროს ამბობს, კარგად მყვება ასეთ საკითხებში და ერთად მივდივართ გასართობად, თუმცა ბოლო დროს ეს იშვიათად ხდება, რადგან, როგორც გითხარით, მეგობრების სტუმრობა უფრო მახარებს (იღიმის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები