"ყველაზე ბედნიერი იმ მომენტში ვიყავი, როდესაც გოგიჩამ დამირეკა და მითხრა, გამოვედიო"

"ყველაზე ბედნიერი იმ მომენტში ვიყავი, როდესაც გოგიჩამ დამირეკა და მითხრა, გამოვედიო"

ირინა ბათიაშვილი ბევრი ჩემი რესპონდენტისგან, პირველ რიგში, იმით განსხვავდება, რომ ცაციაა და მშობლებს და ბებია ბაბუებს სახელებით მოიხსენიებს. ზეპირად იცის საქართველოს უახლესი ისტორია. ეს ალბათ არცაა გასაკვირი. მართალია, მის დაბადებამდე, მაგრამ ბევრი რამ, რაც ბოლო დროს საქართველოს ისტორიაში მოხდა, მის სახლში მრგვალ მაგიდასთან გადაწყვეტილა. სიგიჟემდე უყვარს მამა და ძალიან უნდა, მისი სამი წლის შვილი ირაკლი ბათიაშვილის მსგავსი ღირსეული ადამიანი გაიზარდოს.

წარსული, რომლითაც ირინა ძალიან ამაყობს

- მინდა, ჩემი ცხოვრების ისტორიის მოყოლა დავიწყო ჩემი დიდი ბაბუით, ირაკლი ბათიაშვილით. ბაბუა ძალიან ძლიერი ბიოლოგი იყო. საბჭოთა კავშირის პერიოდის დროს ევროპისა და ამერიკის მასშტაბით იბეჭდებოდა მისი ნაშრომები. გარდაცვალების წინ კი აღიარეს, როგორც საუკეთესო ენტომოლოგი. თხუთმეტი წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პრორექტორი იყო. მისი ბიუსტი დღესაც დგას ამ ინსტიტუტში. ჩემი დიდი ბაბუის ისტორია ძალიან მეამაყება. შემდეგ ფოტოზე დიდ ბაბუასთან ერთად არის ბებიაჩემი ირინა კუჭუხიძე, რომელიც კინოკრიტიკოსია. გარეგნულად მას მამსგავსებენ. ბებიაჩემი არის ემირიტუსი. ეს ნიშნავს, რომ მას მიანიჭეს მუდმივი პროფესორის წოდება. ემირიტუსის წოდება საქართველოში ძალიან ცოტას აქვს მინიჭებული. ბებია ჩემი საუკეთესო მეგობარია. მას ყველაფერს ვუყვები. ფოტოზე არის გიგა ბათიაშვილი, ბაბუაჩემის ძმა და მამაჩემის მამა, დიმა ბათიაშვილი. გიგა ცნობილი არქიტექტორია. დიმა ბათიაშვილი რეჟისორია, მისი ყველასთვის საყვარელი ფილმი "არასერიოზული კაცია". დიმა ზუსტად იმ პერიოდში გარდაიცვალა, როდესაც მამა დაჭერილი იყო. დიმა პირველი იყო, ვისაც ჩემს დაწერილ ლექსებს ვუკითხავდი. მთელი ცხოვრება რეჟისორობა მინდოდა. დიმასთან ერთად ბევრ ფილმს ვუყურებდი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ იურიდიულზე ჩამებარებინა. დიმა ისეთი ადამიანი იყო, თავის თავზე ლაპარაკი არასდროს არ უყვარდა. მე აღმოვაჩინე პროდიუსერ ტონინო გუერას ინტერვიუ.

საქართველოში რომ ჩამოვიდა, მერე იტალიურ ჟურნალს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, ქართული კინო ისეთი მნიშვნელობის არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო "არასერიოზული კაციო". საქართველოში სტუმრობისას შესთავაზა დიმას, წასულიყო იტალიაში. დიმას უპასუხია, მოქეიფე კაცი ვარ, თბილისის გარეშე არ შემიძლია და ვერ წამოვალო. მასთან და მის მეგობრებთან ერთად ვიზრდებოდი. ხშირად მითქვამს, ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ასეთ ადამიანებს რომ ვხვდებოდი-მეთქი. მათგან იმდენი რამ ვისწავლე, რაც დამეხმარება მთელი ცხოვრება ღირსეულად გამევლო. ფოტოზე არის მამაჩემიც ირაკლი ბათიაშვილი.

- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, რომ ბაბუამ, დიმა ბათიაშვილმა, ფილმის სცენარი დატოვა, რომლის რეჟისორი უნდოდა, შენ ყოფილიყავი.

- სცენარს "ძია მიტო" ჰქვია. სულ მეუბნებოდა, მე თუ ვერ შევძელი, ფილმი შენ გადაიღეო. ამბობდა, ვიცი, ჩემი შვილის დაჭერას ვერ გადავიტანო და მართლაც ასე მოხდა. ბაბუას მამას გათავისუფლებამდე გული გაუსკდა და წამებში გარდაიცვალა.

- მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იურისტი ხართ, არ ფიქრობთ, რომ ეს ფილმი გადაიღოთ?

- აუცილებლად გადავიღებ ამ სცენარის მიხედვით ფილმს. მე ალბათ უფრო თანარეჟისორი ვიქნები. სულ ვფიქრობ, ქართულ კინოში დღეს ვინაა ისეთი რეჟისორი, ვინც შეძლებს, დიმას თვალით დაინახოს ყველაფერი.

- შემდეგი ფოტო ისტორიულია. ეროვნული მოძრაობის ბიჭები ბევრს მოსწონდა. ირაკლი ბათიაშვილს, სანამ დედათქვენს გაიცნობდა, ოჯახი ჰქონდა...

- მამა პირველ მეუღლეს დიდი ხნის გაშორებული იყო, დედა რომ გაიცნო. ძალიან ბევრ ქალბატონს შევხვედრივარ, ვისაც უთქვამს, ირაკლი ეროვნული მოძრაობის ლიდერი რომ იყო, ისე მოგვწონდა, ვგიჟდებოდითო. მაგრამ მე ვიცი მამისა და დედის სიყვარულის ამბავი, რომელიც დღესაც გრძელდება. უკვე ძალიან ბევრი წელია, ერთად არიან და გიჟდებიან ერთმანეთზე. ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ. თან მამა ძალიან მოსიყვარულე და თბილია მაიასთვის. როდესაც ირაკლი წელიწად-ნახევარი ციხეში იყო, მივხვდი, როგორ შეიძლება, ცოლს ქმარი უყვარდეს და გვერდში დაუდგეს. ამ პერიოდის განმავლობაში დედა სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეხსნა ირაკლი ციხიდან.

- შემდეგ ფოტოზე ძალიან პატარა, რამდენიმე თვის იქნებით.

- ამ სურათზე ძალიან მამსგავსებენ მამიკოს. სულ ვამბობ, რომ მამა არანორმალურად მიყვარს. ის ჩემთვის ყველაფრის მაგალითია, ღირსების, ვაჟკაცობის და მამობის. სულ ვეუბნები, შენ ჩემთვის ჰაერი ხარ, რითიც მე ვსუნთქავ. ძალიან მიყვარს ჩემი ლამაზი დედა, რომელიც, პირველ რიგში, ჩემი მეგობარი და მესაიდუმლეა. დედა ფსიქოლოგია, კერძოდ, პიარფსიქოლოგია. პროფესია მას ყველასთან ურთიერთობაში ეხმარება. ხშირად ვთხოვ ხოლმე რჩევას, განსაკუთრებით ჩაცმასთან დაკავშირებით. მომდევნო ფოტოზე დედა და მამა ძალიან ახალგაზრდები არიან.

- რომელ წელს დაიბადეთ?

- 1990 წელს ვარ დაბადებული. ეროვნული მოძრაობის ქარ-ცეცხლი გადავლილი იყო. ჩვენს სახლში არის მრგვალი მაგიდა, სადაც ეროვნული მოძრაობის გმირები იკრიბებოდნენ. ზუსტად ამ მაგიდასთან გაერთიანდა ეროვნული მოძრაობა. აქ ძალიან ბევრი რამ გადაწყვეტილა. გული მწყდება, რომ ახალი თაობიდან ბევრმა არც იცის, რა მოხდა 9 აპრილს. მაშინ რომ არ ყოფილიყო ის სულისკვეთება და თავისუფლების წყურვილი, ახლა კაცმა არ იცის, ვიქნებოდით თუ არა დამოუკიდებლები. 9 აპრილს მომიტინგეების დაშლა რომ დაიწყეს, მამა ქალებში გადახტა, რომ მათ დახმარებოდა და თავში იმდენი "დუბინკა" მოხვდა, რომ გაითიშა. მორგში წაიღეს. ერთმა ექიმმა ირაკლი იცნო. უნახავს, რომ პულსი ოდნავ უცემდა. მორგიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ირაკლის ლიკვიდაცია უნდოდათ. ბრძანება იყო, რომ ლიდერების ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ. ირაკლიმ თავისი სისხლით მოაწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობას... ორი წლის ვიყავი, როდესაც მამა აფხაზეთის ომში იბრძოდა.Mმამა იმ დროს საქართველოს საინფორმაციო ცენტრს ხელმძღვანელობდა. ირაკლი იყო პირველი მინისტრი, რომელმაც დაშალა "კგბ" და საქართველოს უშიშროების სამინისტრო შექმნა. ჩემი პირველი ფოტომეხსიერება ის იყო, რომ ირაკლისთვის შოკოლადებს ვაგროვებდი, იმ იმედით, რომ მამა ომიდან დაბრუნდებოდა. მომდევნო ფოტო სწორედ ამ ასაკში მაქვს გადაღებული.

- უცნაური ბედი აქვს ირაკლი ბათიაშვილს. 9 აპრილს მორგში აღმოჩნდა, ორი წლის წინ 26 მაისს კი რამდენიმე დღით გაუჩინარდა და ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

- ბებიაჩემი მომიყვა, რომ 9 აპრილს ირაკლის დაჭერა უნდოდათ და რუსმა ჟურნალისტმა იური როსტმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ხელში აიყვანეს ირაკლი და ისე წაიყვანეს ისეთ ადგილას, სადაც ვერ იპოვიდნენ. ირაკლი გონზე რომ მოვიდა, ვერ გააჩერეს, გარეთ გავიდა და იყვირა, დამიჭირეთ, აქ ვარო და დაიჭირეს. მეორე დღეს თბილისში კომენდანტის საათი მოიხსნა და საბჭოთა კავშირი დაიშალა. უფლის მადლია, ასე რომ გადარჩები. 26 მაისს რამდენიმე ბიჭი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, სპეცრაზმი ამბობდა, ბათიაშვილი ადგილზევე უნდა მოვკლათო. ამბობენ, 26 მაისს ირაკლი სახურავიდან სახურავზე როგორ გადავიდაო. არ ვიცი, ეს ვის უნდა გაუკვირდეს. კოდორი რომ ჩვენი იყო, ირაკლის ამაში დიდი წვილილი მიუძღვის. ფეხით აქვს შემოვლილი ზამთარშიც და ზაფხულშიც ის ხეობა. აფხაზეთში მებრძოლი ადამიანისთვის აღარაფერი არაა სახურავიდან სახურავზე გადასვლა.

- იმასაც ეჭვის თვალით უყურებენ, რომ მან სახურავზე რამდენიმე დღე გაატარა.

- უკვირთ, როგორ მოახერხა ირაკლიმ გადარჩენა. ირაკლი მარტო თვითონ კი არ გადავიდა, რამდენიმე ადამიანიც გადაიყვანა სახურავიდან სახურავზე, ვისაც არ შეეშინდა. 26 მაისს ძალიან ცუდად ვიყავი. ინფორმაცია მოგვდიოდა, ჩვენ გვყავს მამათქვენი და ბიძათქვენი და ვაწამებთო. ზოგი იმასაც ამბობდა, მკვდრები არიანო. მეგონა, რომ მე მომკლეს. ძალიან ცუდად ვიყავი.

როდის ატყუებდა დიმა ბათიაშვილს

- თქვენს ბავშვობას დავუბრუნდეთ. ბაბუასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე რამდენი წლის იქნებით?

- დახლოებით ოთხი წლის. მე და დიმა ძალიან ვეწყობოდით ერთმანეთს. დიმამ მასწავლა ჭადრაკის თამაში. სულ ვატყუებდი და ისე ვუგებდი. ისიც ვითომ ტყუვდებოდა. მივყავდი თეატრალურ ინსტიტუტში ან რომელიმე ფილმის გადაღებაზე, პირველად დიმასთან ერთად ვუყურე ფედერიკო ფელინის "გზას" და ეს არასოდეს დამავიწყდება.

- მომდევნო ფოტოზე სკოლის მოსწავლე უნდა იყოთ.

- სურათი 53-ე სკოლის დირექტორთან, ლამარა მარგველაშვილთან ერთად მაქვს გადაღებული. სამწუხაროდ, ქალბატონი ლამარა ცოტა ხნის წინ გარდაიცვლა და ამის გამო გული ძალიან მტკივა. ფოტოზე დაახლოებით ცამეტი წლის ვიქნები. ესპანეთში ძალიან ლამაზ ქალაქ გრანადაში ვიყავით კონფერენციაზე ჩასულები. მთლიანი კავკასია მხოლოდ მე წარვადგინე და იმ კონფერენციაზე გავიმარჯვე. ჩემი თემა იყო, წყალი, წყლის მენეჯმენტი და რესურსები. გაგიჟდნენ, რომ ნახეს საქართველოში რამხელა წყლის რესურსი გვაქვს. მაშინ პატარა ვიყავი და სერიოზული დასკვნები მქონდა ამ ყველაფერზე გაკეთებული. მეორედაც წავედი კონფერენციაზე, მაშინ თემა განათლებასთან დაკავშირებით მქონდა.

"მეორე ნახევრის პოვნა ლატარიასავითაა"

- შემდეგ ფოტოზე მიამბეთ. როგორც წარწერიდან ჩანს, სურათი იური მეჩითოვის გადაღებულია.

- სურათი სამი წლის წინაა გადაღებული ჩემი და ვალერკას ქორწილზე. ცნობილი ლიტველი დიზაინერი იოზეს სტატკევიჩუსი მისწორებს კაბას. ის ჩემი საქორწინო კაბის დიზაინერი იყო და ქორწილში ჩამოვიდა. ათმეტრიანი შლეიფი მქონდა. რომ მოვდოდი, რამდენიმე კაცს ეჭირა. ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. დილით მეგობრების ზარმა გამაღვიძა. წვიმს, მაგრამ შენთვის მაინც კარგი ამინდიაო, მითხრეს. კარგად გავერთეთ. მერე დაიბადა ჩვენი სიცოცხლე, ვაკო. რომელზეც ოჯახში ყველას მზე და მთვარე ამოსდის. შემდეგ ფოტოზე ვაკო ბაბუებთან ერთადაა. ჩემი მამამთილი, ვალერი გელაშვილი, ხაშურის დეპუტატია. ფოტო ვაკოს ნათლობაზეა გადაღებული. პატრიარქმა მონათლა. ფიზიოლოგიური მშობიარობა მქონდა. რომ დაიბადა და გულზე დამაწვინეს, ვაკომ დიდი ლურჯი თვალებით შემომხედა. მოგვიანებით თვალების ფერი შეეცვალა. ახლა მომწვანო-თაფლისფერი თვალები აქვს. პატარა ვაკოს ორივე ბაბუას უფრო ამსგავსებენ, ვიდრე მშობლებს. თავიდან ჩემს ქმარს ჰგავდა, მერე ნელ-ნელა ბაბუებს დაემსგავსა და ორივე ძალიან ამაყობს. სულ ასეირნებენ და ბაბუების გათამამებული შვილიშვილია. ვაკოს კომპიუტერით თამაში უყვარს, მაგრამ საბოლოო ჯამში იქამდე მივდივართ, რომ ამბობს, წიგნი წამიკითხეო და მე ამით ბედნიერი ვარ. ძალიან მინდა, ჩემს შვილს კითხვა უყვარდეს.

- მომავალი მე­უღლე როგორ გაიცანით?

- ერთმანეთი სამი წლის წინ მაისში იაპონურ რესტორანში გავიცანით. გაცნობიდან ერთ თვეში ცოლობა მთხოვა და ოთხ თვეში ცოლად გავყევი. თავიდანვე მომეწონა და შემიყვარდა. სიონში ვიყავით მეგობრებთან ერთად, მაშინ მთხოვა ცოლობა და დავთანხმდი. მეორე დღეს დავიწყე ქორწილზე ფიქრი.

- არ ფიქრობთ, რომ რისკზე წახვედით, როცა ერთი თვის გაცნობილ ადამიანს გაჰყევით ცოლად?

- ვფიქრობ, რომ მეორე ნახევრის პოვნა ლატარიასავითაა. შეიძლება, ძალიან დიდი ხანი იცნობდე და ცოლად რომ გაჰყვები, მიხვდე, რომ ის ის არაა, ვისაც გინდა დაუკავშირო შენი სიცოცხლე. შეიძლება, ერთი კვირა იცნობდე და მიხვდე, რომ იმ ადამიანთან მთელი ცხოვრების გატარება გინდა. შეიძლება, ყველაფერი პირიქით მოხდეს. მომავალზე წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი კარგადაა. მომდევნო ფოტო რამდენიმე თვის წინ გვაქვს გადაღებული.

- მომდევნო ფოტოს გადაღების ისტორია როგორია?

- სურათი ავჭალის კოლონიასთან მამაჩემის მხარდამჭერ ახალგაზრდების აქციაზეა გადაღებული, ამ პერიოდში ჩემი მეგობრები ძალიან დამიდგნენ გვერდში. ჩვენ გულწრფელად ვიბრძოდით უსამართლობის წინააღმდეგ.

- ყველას გვახსოვს, რა მოხდა შენს ერთ-ერთ დაბადების დღეზე. ლევან გოგიჩაიშვილი გათავისუფლების შემდეგ ნახე?

- ყველაზე ბედნიერი იმ მომენტში ვიყავი, როდესაც გოგიჩამ დამირეკა და მითხრა, გამოვედიო. ამ პერიოდში ლევანს ტელეფონით ვეკონტაქტებოდი. ლევანი ჩემთვის ძმასავითაა. სულ ვამბობ, ლევანი და ჯაბა ჯიშკარიანი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, რომლებიც მამაჩემის ციხეში ყოფნის დროს ძმებივით მედგნენ გვერდში. მათ რომ ჩემი დახმარება დასჭირდეთ, მეც ზუსტად ისევე დავუდგები-მეთქი გვერდით. თხუთმეტი წლიდან ვმეგობრობთ. პოლიტიკური აქტიურობის გამო დაიჭირეს ლევანი. მაშინდელი მთავრობა ვერ იტანდა ახალგაზრდულ მოძრაობას. ლევანს იმ აქტიურობის გამო ოთხი წელი მოუწია ციხეში ყოფნამ. სამაგიეროდ, ახლა სამართლიანობა აღდგა.

- მომდევნო ფოტოზეც გვიამბეთ.

- მე და გია გაჩეჩილაძემ ნოემბრის აქციებზე ვიმღერეთ "რაღაც ახალი ხდება", რომელიც მაშინ ციხეში მყოფ მამაჩემს და 7 ნოემბერს ეძღვნებოდა. სიმღერა ირმა ინაშვილმა და უცნობმა დაწერეს. ამ სიმღერაზე მოგვიანებით კლიპიც გადავიღეთ. რომელშიც ნაჩვენებია ის სულისკვეთება და ხალხის ერთიანობა, რაც ნოემბრის პერიოდში იყო.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"