"პროკურატურაში კადრების დიდი პრობლემაა!"

"პროკურატურაში კადრების დიდი პრობლემაა!"

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერის მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ეს ბრალის დაუსაბუთებლობით ახსნა. საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ კახა კახიშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- ყველასთვის ცხადია, რომ მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ყველამ ვიცოდით, რომ ნაცმოძრაობა გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ეჩვენებინა, რომ მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თანამდებობის არც ერთი პირი არ დაისჯება. ფაქტია, რომ ძალაუფლების ნაწილს ნაცმოძრაობა კვლავაც ინარჩუნებს, თუმცა დაბეჯითებით ცდილობს, თავი დაიმკვიდროს, როგორც უბერკეტო ოპოზიციამ. რეალურად კი მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს: ეს ვითომ თვითმმართველი სასამართლო ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პროკურატურის დაკვეთას ასრულებდა, ახლა კი უშუალოდ ნაცმოძრაობის დაკვეთების შესრულებაზე გადავიდა.

- ბატონო კახა, ვარაუდობენ, რომ პროკურატურის მიერ აღმკვეთ ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს მოთხოვნას ასევე პოლიტიკური ელფერი ჰქონდა.

- მეეჭვება, ასე იყოს. სავარაუდოდ, პროკურატურაში დიდხანს ფიქრობდნენ, რა სახის აღმკვეთი ღონისძიება მოეთხოვათ. მათ იცოდნენ, რომ კუბლაშვილის მიერ მართული სასამართლო პატიმრობას არ შეუფარდებდა. როგორც ჩანს, ამ მოტივით თქვეს პატიმრობის მოთხოვნაზე უარი და გადაწყვიტეს, უპრეცედენტო გირაო მოეთხოვ­ათ. ფიქრობდნენ, რომ ამით ჩიხში მოაქ­ცევდნენ სასა­მა­რთლოსაც და უგულავასაც: თუ უგულავა­ გადაიხდიდა ერთ მილიონს, ბუნებრივად გაჩ­ნდებოდა კითხვა - საიდან ჰქონდა ეს ფული? მეორე მხრივ, სასამართლო ამ­ხელა თანხის მოთხოვნის შემდეგ ვეღარ შეძლებდა სასაცილო გირაოს შეფარდებას, თუმცა, სასამართლო გაცილებით შორს წავიდა და, ფაქტობრივად, უგულავა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა, თანაც ამას იმით ასაბუთებენ, რომ თურმე უგულავა გამოძიებასთან თანამშრომლობს. არადა, რამდენიმე დღის წინ ის ჯიუტად აცხადებდა უარს ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურაში მისვლაზე. მისი იძულებით მიყვანის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებაც კია მიღებული. ამასთანავე, უგულავას არ უთანამშრომლია გამოძიებასთან. ვიცით, რომ მან დუმილის უფლებით ისარგებლა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაანგრია სისხლის სამართლის საქმე, იურისტებმა კარგად ვიცით, წინასწარი გამოძიების სტადიაზე ეს რას ნიშნავს - ბრალის დამტკიცება პროკურატურას ძალიან გაუჭირდება.

- ბევრს ლაპარაკობენ ბრალის დასაბუთებაზე... ეჭვს იწვევს პროკურორთა როგორც კვალიფიკაცია, ასევე მიუკერძოებლობაც...

- რა თქმა უნდა, ყველაფერს სასამართ­ლოსაც ვერ დავა­ბ­რ­ალებთ, არის შემთ­ხ­ვევები, როდესაც პრ­­­­ოკურატურა მოუმზა­დებლად გადის პროცესზე. რეალურად ამ საქმეს არ ვიცნობ და კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ის მუხლები, რომლითაც უგულავას წარუდგინეს ბრალი, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. პროკურატურაში ნამდვილად კვალიფიციური კად­რების დიდი პრობლემაა, იქ დღესაც ად­ეიშვილ­ის პროკურორე­ბი მუშაობენ, რო­მ­ლ­ებიც წლებ­ის განმავლობ­აში ერთი ად­­ამიანის მოთხოვნის საფუძველზე თითხნიდნენ საქმეებს და ხალხს ციხეებში­ უშვებდნენ. ყვ­ელაფერს რომ თა­ვი დავანებ­ოთ­, დაახლოებით 18 000 განცხადებაა შესული მთავარი პროკურატურის კანცელარიაში, რომელთა დიდი ნაწილიც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სწორედ პროკურატურის უკანონო საქმიანობას ეხება. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა 200 ადამიანის პოლიტპატიმრობა ცნო ისე, რომ არც ერთი პროკურორი არ დასჯილა, ანუ ის პროკურორები, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ, ისევ მუშაობენ. მაღალ თანამდებობებზე რჩებიან უშუალოდ ადეიშვილთან დაახლოებული პირები. ასეთ ფონზე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი: ხომ არ ინარჩუნებენ ისინი კავშირებს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კვლავაც ხომ არ ასრულებენ მათ დავალებებს, ანუ აწვდიან ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეებზე? მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ამას წინათ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაახმაურა ინფორმაცია, თუ როგორ მისცა დავალება ამჟამად პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ თავის ძველ ხელქვეითს სამოქალაქო რეესტრში და გააკეთებინა პასპორტი. განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი კი ამბობს, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელები მიზანმიმართულად არ აწვდიდნენ ინფორმაციას, რის გამოც პრობლემები იქმნება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხალხი, ვინც 9 წლის განმავლობაში მუშაობდა ადეიშვილის პროკურატურაში, დიდი კვალიფიკაციითაც ვერ დაიკვეხნის. პრობლემაა ისიც, რომ მთავარმა პროკურორმა საკმარისად მიიჩნია რამდენიმე "იდეის გენერატორი" პროკურორის საქმიანობიდან ჩამოცილება, დანარჩენები კი სამსახურებში დატოვა, რადგან ისინი მხოლოდ შემსრულებლები ყოფილან. ეს განცხადება იურისტისგან, ცოტა არ იყოს, უცნაურია. თუ ადამიანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, დამკვეთია თუ განმახორციელებელი, ეს ბრალის სიმძიმეზე აისახება და სულაც არ გულისხმობს პასუხისგებისგან გათავისუფლებას

- ამ გადაწყვეტილებით რა პოლიტიკური დივიდენდები მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ?"

- უგულავას შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს გაუგზავნა გზავნილი, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა და არაფრის შეეშინდეთ, ანუ ძალა მათ მხარესაა. "ნაცები", რომლებიც მერყეობდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამ პარტიისთვის ყველაფერი დასრულდა, დღეს ისევ გამოცოცხლდნენ და მოლოდინში არიან. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მერაბიშვილმა მითური 19 აპრილის აქცია დააანონსა. ამასთანავე, ძალიან ჭიანურდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავაც ელის. რაც უფრო გაჭიანურდება ეს პროცესი, მით მეტად გაბრაზდება ხალხი და ეს გაბრაზება გადავა პროკურატურასა და საზოგადოდ, ახალ ხელისუფლებაზე. დროა, ამაზე დაფიქრდნენ მთავრობაში. მესმის, რომ კომფორტულია კურსელებთან და ნათესავებთან მუშაობა, მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარ გადაწყვეტილებებს ითხოვს.

- რას გულისხმობთ?

- როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მთავარ პროკურატურაში წამყვან და მნიშვნელოვან პოზიციებზე კბილაშვილმა სწორედ თავისი კურსელები და ის ადამიანები დააწინაურა, რომელთანაც ნათელ-მირონი აკავშირებს. ეს ხალხი პროკურატურაში მუშაობდა ადეიშვილის პერიოდშიც, საინტერესოა, მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნებას" ებრძოდნენ და პროკურატურამ არაერთი უკანონო ბრალდება მოამზადა, რას აკეთებდნენ ეს კურსელები და ახლობლები?

- 19 აპრილის აქცია ახსენეთ. რას შეიძლება ელოდონ ამ აქციისგან მისი ორგანიზატორები?

- ნაცმოძრაობამ თითქოს აღი­არა არჩევნებში დამარცხება და ოპოზიცია დაირქვა, თუმცა არაერთ სახელისუფლებო ბერკეტს კვლავაც ფლობს და მათ დათმობას არ აპირებს. გარდა ამისა, ყველაფერი გააკეთეს, რომ უცხოეთისთვის ეჩვენებინათ, როგორ დევნიან ოპოზიციას, როგორ აპატიმრებენ მის მხარდამჭერებს პოლიტიკური ნიშნით. ფაქტია, რომ ეს ძალა რეალურად გადავიდა დესტრუქციის რეჟიმში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეხედეთ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების რაოდენობას და მათ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს. ეს მაშინ, როდესაც ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილს "ნულოვანი ტოლერანტობა" ჰქონდა გამოცხადებული და ციხეებში ხალხს ვერ ტევდნენ. ამასთანავე, პრეზიდენტი არ ამბობს ოფიციალურად უარს მთავრობის უპირობო დათხოვნის უფლებაზე, თანაც ნაცმოძრაობის რიგი ლიდერები დროდადრო ლაპარაკობენ, რომ ისინი 4 წელიწადს ვერ დაიცდიან და რომ მალე დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ოღონდ არა არჩევნებით და გადატრიალებით. მაშ რითი? - ისინი იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი დაითხოვს მთავრობას, მანამდე კი მოახერხებენ დესტაბილიზაციის ფონის შექმნას, შესაბამისად, ახალი ხელისუფლებისადმი საზოგადოების უკმაყოფილების გაზრდას. მაკვირვებს ახალი პარლამენტის მოქმედება: რატომ არ ჩქარობენ დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას? ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვ­ლილებაა განსახორციელებელი, ბევრი კანონი კი ძირფესვიანად არის შესაცვლელი. ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ საჭირო ტემპით არ მიმდინა­რეობს. ამასობაში ხალხის უკმაყოფილება იზრდება.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ