გიგი უგულავას სასამართლო პროცესის საინტერესო დეტალები

გიგი უგულავას სასამართლო პროცესის საინტერესო დეტალები

25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმე განიხილა. დარბაზმა ვერ დაიტია დედაქალაქის მერის გულშემატკივრები. "ნაცმოძრაობის" საპარლამენტო დელეგაცია თითქმის სრულად იყო წარმოდგენილი. სხდომას ასევე ესწრებოდა "ნაცმოძრაობის" თბილისის საკრებულოს დელეგაცია. გულშემატკივრების ნაწილმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ისინი სასამართლოს ფოიეში თითქმის 5 საათი მოთმინებით ელოდნენ პროცესის დასრულებას.

თბილისის მერს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება) ედება ბრალი.

პროკურატურის მტკიცებით, გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გიორგი უგულავა იყო.

2008 წლის მდგომარეობით, შპს "ტელეიმედის" საკონტროლო წილის მფლობელი ჯოზეფ ქეი გახლდათ. ხელისუფლების სახელით, მას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი შეხვდა და პირდაპირი მუქარით დაიყოლია, "ტელეიმედი" დაეთმო.

გიორგი უგულავას მითითებით, ჯოზეფ ქეიმ თავისი წილი დავით კეზერაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ, პანამაში რეგისტრირებულ კომპანია "ბორდეხ ლიმიტედ"-ს გადასცა, ხოლო თანხის გადახდა განხორციელდა შემდეგი სქემით: უგულავა მოელაპარაკა შპს "ახალი რიყის" მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 მლნ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 მლნ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 მლნ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ ქეისთვის. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს, თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება და მერიის მიერ დაფუძნებული "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდიდან" რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით, შპს "ახალ რიყეს" გადაურიცხა 17 მლნ დოლარი. ამის შემდეგ შპს "ახალი რიყეს" ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ ქეის კომპანიას შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება და ქეის კომპანიას ჩაერიცხა 8 მლნ 811.189 დოლარი ანუ ტელეკომპანია "იმედი" მისაკუთრებულია საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით.

პროკურატურას უკვე დაკითხული ჰყავს მოწმეები, მათ შორის - ჯოზეფ ქეი.

ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან:

"2008 წლის 15-16 დეკემბერს ვიმყოფებოდი თბილისში, ჩემს სახლში. ღამის საათებში მობილურზე დავით კეზერაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, მივსულიყავი მასთან ოფისში. ვუთხარი, რომ დაცვა და მძღოლი გაშვებული მყავდა და დრო მჭირდებოდა. მითხრა, თვითონ გამომიგზავნიდა ვინმეს. დაახლოებით ღამის 3-ის ნახევარზე, მანქანით მომაკითხა უცნობმა პირმა და წამიყვანა კეზერაშვილის ოფისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩის დასაწყისში. ოფისში ჩემთვის უცნობი 20-მდე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომელი დამხვდა. მიმაცილეს კეზერაშვილის კაბინეტამდე, სადაც ის მარტო იყო. მისალმების შემდეგ მან კატეგორიული ტონით მითხრა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო და უნდა დამეთმო "ტელეიმედი", აქვე დაამატა, რომ ინა გუდავაძე, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე აპირებდა ჩემ წინააღმდეგ სარჩელების შეტანას სასამართლოში და შეეცდებოდა ტელეკომპანიის წართმევას. ვუპასუხე, რომ "ტელეიმედთან" დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან ვაწარმოებდი და ამ საკითხზე აუცილებლად მჭირდებოდა მასთან დალაპარაკება. არ ვაპირებდი "ტელეიმედის" დათმობას, რადგან პირველად სხვაგვარად ვიყავით შეთანხმებულნი.

კეზერაშვილი გავიდა კაბინეტიდან, რამდენიმე წუთში დაბრუნდა, ტელეფონი მომაწოდა და ხაზზე იყო მიხეილ სააკაშვილი. მან მითხრა, რომ ტელევიზია უნდა დამეთმო: ჩათვალე, მე მაძლევ "ტელეიმედს", გონივრულად თუ მოიქცევი, ჩვენი მეგობრობა ამის შემდგომაც გაგრძელდება, უბრალოდ, ტელევიზია მე უნდა მომცე და კეზერა რასაც გეტყვის, დაუჯერე, ჩათვალე, მე გეუბნებიო, - და ტელეფონი გამითიშა. ამ საუბრის შემდეგ კეზერაშვილმა მითხრა, - ხომ ხედავ, ეს მარტო ჩემი ინიციატივა არ არის; ტელევიზია აუცილებლად უნდა დაგვითმო; თუ ჭკვიანი ებრაელი ხარ და გინდა, ჩვენთან მეგობრობა გააგრძელო, დათმე, თუ არ დათმობ, ამ ოთახიდან ვეღარ გახვალო. ისიც დაამატა, - ჩვენ შენ არ გწირავთ, ტელევიზიაში რა ხარჯებიც გასწიე, სრულად აგინაზღაურდებაო. საუბრისას მას ხელში დიდი ზომის ხანჯალი ეკავა და ჩვევისამებრ, ხელში ატრიალებდა. მისი მუქარა რეალურად აღვიქვი და ვუპასუხე, არ მქონდა არჩევანის საშუალება და იძულებული ვიყავი, დავთანხმებულიყავი. ასევე ვკითხე, თუ ვისზე უნდა გადამეფორმებინა ტელევიზია. დავით კეზერაშვილმა დამამშვიდა, ხარჯებზე არ მენერვიულა; ყველაფერს დაითვლიდნენ და სრულად ამინაზღაურებდნენ. რაც შეეხება "ტელეიმედის" გადაფორმებას, ამ დეტალებზე ყველაფერს გიორგი უგულავა მეტყოდა.

მეორე დღესვე შევხვდი თბილისის მერს მის სამუშაო ოთახში. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. მითხრა, რომ გადაფორმებისთვის საჭირო ყველა იურიდიულ დოკუმენტს თვითონ გაამზადებდა და მხოლოდ დოკუმენტებზე უნდა მომეწერა ხელი. ასევე განმიცხადა, რომ სრულყოფილად დაითვლიდნენ იმ დანახარჯს, რაც მქონდა გაწეული "ტელეიმედში" და ამინაზღაურებდნენ. ამის შემდგომ, პერიოდულად მიგზავნიდნენ სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტაციას, რომელსაც ზედმეტი კითხვების გარეშე ვაწერდი ხელს. უგულავასგან ისიც ვიცოდი, რომ ფორმალურად მიტოვებდნენ იქ 10%-ს. 2009 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც მოვაწერე ხელი ყველა იურიდიულ დოკუმენტაციას, შევხვდი დავით კეზერაშვილს და გიგი უგულავას მისსავე კაბინეტში. ვუთხარი, რომ დახარჯული იყო დაახლოებით 11 მილიონი დოლარი. უგულავამ მითხრა, რომ ისინი უფრო იყვნენ ჩახედულები და ჩემი დანახარჯები შეადგენდა დაახლოებით 10 მილიონს და ამას ამინაზღაურებდნენ. იძულებით დავთანხმდი მათ წინადადებას. ისიც ვკითხე, საიდან წამოვიდოდა ეს თანხა, მაინტერესებდა ფულის წარმომავლობა, რომ პრობლემები არ მოჰყოლოდა თანხის ჩარიცხვას. მიპასუხეს, რომ ეს ფული წამოვიდოდა დავით იაკობაშვილის ფირმიდან, რომელსაც მათი თქმით, ჰქონდა მათი ფული. ვინაიდან ვიცნობდი დავით იაკობაშვილს და ვიცოდი მისი ფინანსური შესაძლებლობები, ეჭვი აღარ შემპარვია ფულის წარმომავლობაში და ჩემს ლონდონის ოფისის მენეჯერს დავავალე, მათთვის მიეწოდებინა დიდ ბრიტანეთში ღია კომპანიის რეკვიზიტები. მითითებულ ანგარიშზე გადმოირიცხა დაახლოებით 8 მლნ 800.000 დოლარი. ამით უკმაყოფილო ვიყავი, ვინაიდან შეთანხმებულზე გაცილებით ნაკლები გადმომირიცხეს. დავით კეზერაშვილმა მითხრა, არ მენერვიულა და დარჩენილ თანხასაც მომცემდნენ, თუმცა დღემდე არ აუნაზღაურებიათ".

თავის ჩვენებაში ჯოზეფ ქეი ამ ფაქტის გაუმჟღავნებლობაზეც საუბრობს: "იურიდიულად გაფორმდა "ტელეიმედის" გასხვისება, მაგრამ ფაქტის გასაჯაროება არ მომხდარა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ჩემ წინააღმდეგ განაგრძობდა ჩივილს. უგულავას მოვთხოვე, მომხდარიყო ამის გაშუქება. იგი დამთანხმდა და სასწრაფოდ გაუკეთა ორგანიზება "ტელეიმედის" გასხვისების თემის გაშუქებას. 2009 წლის 25 თებერვალს მან მოიყვანა ვიღაც არაბი, სახელად მარკი, რომელთან ერთად ჩვენ მოვაწყვეთ ერთობლივი პრესკონფერენცია, თითქოს "ტელეიმედი" შეისყიდა "რაკიინ ჯორჯიამ", რომელიც იყო უმსხვილესი არაბული კომპანია და ახორციელებდა დიდ ინვესტიციებს საქართველოში. გიორგი უგულავას მითითებით, მე მოვახდინე ამ პირის წარდგენა, როგორც არაბი ინვესტორის".

რაც შეეხება უგულავასთვის წარდგენილ მეორე ეპიზოდს: იგი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის დაფინანსებას. პროკურატურის მტკიცებით, უგულავას დავალებით, "ნაცმოძრაობის" აქტივისტებისთვის ფულის დარიგების მიზნით, შპს "თბილსერვის ჯგუფში" სპეციალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც ფიქციურად გაფორმდა 764 აქტივისტი, ე.წ. პარტიული კოორდინატორი. ამ სამსახურში მათ არც ერთი დღე არ უმუშავიათ, მაგრამ დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან ხელფასის სახით, 4 მლნ 130.728 ლარი დაერიცხათ.

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე, უგულავასთვის გირაოს სახით, მილიონი ლარის შეფარდება მოითხოვა. განაცხადა, რომ მას მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედებოდა ბრალი, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში 20 მილიონ ლარს შეადგენდა მითვისებული თანხა, ამიტომ გირაოდ მილიონის მოთხოვნა ადეკვატური იყო. პროკურატურა ასევე ითხოვდა, უგულავას საზღვარგარეთ გასვლის უფლება შეჩერებოდა და ასევე, საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადებულიყო.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, მისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ ის საქართველოში არ იმყოფება და თავს არიდებს გამოძიებას.

პროკურატურის მოთხოვნებს კატეგორიულად არ დაეთანხმა ბრალდებული უგულავა და მისი ადვოკატი გოგიტა გაბაიძე. გაბაიძემ მოითხოვა, დაესაბუთებინა პროკურატურას, თუ რატომ დაუწესეს ამხელა თანხა და რა გზებით შეეძლო ამის გადახდა თბილისის მერს. გაბაიძის მტკიცებით, უგულავას მილიონი არა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა ითხოვს მის დაკავებას. ადვოკატმა სთხოვა სასამართლოს, აღმკვეთის არც ერთი ღონისძიება არ შეეფარდებინა დედაქალაქის მერისთვის, თუმცა ალტერნატივის სახით, წარადგინა ორი შუამდგომლობა. "ნაცმოძრაობის" წევრი პარლამენტარები პირად თავდებობაში უდგებოდნენ გიგი უგულავას, მათ არც თბილისის საკრებულოს დელეგაცია ჩამორჩა და სასამართლოს, დეპუტატების ხელმოწერილი შუამდგომლობაც წარუდგინეს.

პროკურატურა კი ირწმუნებოდა, რომ უგულავას თანხის გადახდა არ გაუჭირდებოდა, რადგან ბოლო 5 წელი მასა და მისი ოჯახის წევრებს მხოლოდ ხელფასის სახით, 800 ათასი ლარი აქვთ მიღებული. ამას შეეწინააღმდეგა ადვოკატი და თქვა, უგულავას მრავალრიცხოვანი ოჯახის გამო, ხელფასი უკვე დახარჯული აქვსო. მოსამართლემ პროკურატურისგან იმის გარკვევა სცადა, ირიცხებოდა თუ არა რაიმე უძრავი ქონება უგულავას სახელზე, რომ ამით მომხდარიყო გირაოს უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, პროკურატურა ამ კუთხით მოუმზადებელი აღმოჩნდა: მან მხოლოდ იმის ცნობა წარადგინა, რომ უგულავას მამის სახელზე 400 კვმ ფართობის ბინა ირიცხება. თუმცა ამას არ ერთვოდა აუდიტის დასკვნა და არ იყო შეფასებული ამ ქონების ღირებულება. როგორც ირკვევა, დედაქალაქის მერს თავის სახელზე არანაირი უძრავი ქონება არა აქვს გაფორმებული.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, მასაც ადვოკატი გოგიტა გაბაიძე იცავს. მან ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი ჩინოსნის დასაცავად თქვა, რომ კეზერაშვილიც არ აღიარებს ბრალს, და მოითხოვა, სასამართლოს მისთვის 5.000-ლარიანი გირაო შეეფარდებინა.

გიგი უგულავამ კი პროცესზე თავისი პოზიცია დააფიქსირა:

- არც ერთ ეპიზოდში არ ვთვლი თავს დამნაშავედ. ხსენებული ბრალდება წარმოადგენს თბილისის ადგილობრივ თვითმმართველობაზე დევნის მცდელობას. როცა პროკურატურა მილიონიან გირაოს ითხოვს, ეს წარმოადგენს ჯეკპოტის მოხსნის სურვილს. ამხელა თანხას იმ მარტივი მიზეზით ვერ გადავიხდი, რომ თანხა არ გამაჩნია. თავად ბრალდება აღიარებს, რომ ეს მითვისებული თანხები ჩემს მფლობელობაში არ არის. ვთვლი, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. პასუხი ჩვენს კითხვებზე არა აქვს. დაუსაბუთებელია ბრალდების პოზიცია მეორე ნაწილშიც. მე მაქვს სამსახურებრივი მივლინებების აუცილებლობა საზღვარგარეთ... ამ დღეებში პრეზიდენტთან ერთად, აზერბაიჯანში უნდა წავიდე, ასევე იგეგმება კონგრესზე ჩემი გამოსვლა და ამის შეზღუდვა მიმაჩნია არჩეული მერის სამსახურებრივი უფლებების შეზღუდვად. მესამე მოთხოვნა, რომ მე ყოველკვირა გამოვცხადდე საგამოძიებო ორგანოში, ცინიზმის მწვერვალია. ეს არის ოპონენტის დამცირებისა და შეურაცხყოფის მცდელობა... არჩევნების შემდეგაც ბევრჯერ მომიწია საზღვარგარეთ წასვლამ, მაგრამ იქ დარჩენა არ მიცდია. ამ სიამოვნებას დღევანდელ ხელისუფლებას ჩემი წასვლით არ მივანიჭებ. ჩემს ინტერესში შედის, ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა...

პროკურორმა გააპროტესტა უგულავას სიტყვა და მოსამართლეს მიმართა მოწოდებით, მისთვის შენიშვნა მიეცა, რადგან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ მოსამართლემ ბრალდებულს სიტყვის დასრულების უფლება მისცა:

"აღნიშნული ბრალდება და აღმკვეთი ღონისძიების ფორმები მიუთითებს კონკრეტულად ივანიშვილის სურვილს, რომ ხელში ჩაიგდოს დედაქალაქის თვითმმართველობა", - თქვა უგულავამ.

ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. დარბაზში ის მხოლოდ ორსაათ-ნახევრის შემდეგ დაბრუნდა. ლოდინით აშკარად დაიღალნენ ბრალდებული ქალაქის მერი და მისი გულშემატკივრებიც.

ამ დროს, ფოიეში "ნაცმოძრაობის" აქტივისტი ქალები დახვდნენ. მათ წრეში მოიქციეს ჩიორა თაქთაქიშვილი და იმის განხილვას შეუდგნენ, თუ სასამართლო მერს გირაოდ მილიონს შეუფარდებდა, ეს თანხა რა გზით მოეგროვებინათ.

- ჩიორა, შენ ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ და ხომ დაგვეხმარები ფულის მოძიებაში? ჩვენ ასეთი იდეა გვაქვს: ვაპირებთ, გავხსნათ ფონდი გიგის სახელზე და ასე შევაგროვოთ ეს თანხა. მჯერა, უპრობლემოდ შევძლებთ ამას და გიგის დავიხსნით, - გაანდო აზრი ერთ-ერთმა ქალბატონმა და სხვებიც დაეთანხმნენ.

ჩიორამ გაიღიმა და უპასუხა:

- მგონი, ეს საჭირო აღარ გახდება.

- ჩვენი ვალდებულება იყო, აქ ვყოფილიყავით. სასწრაფო საქმე მქონდა, მაგრამ მაინც მოვედი. დარბაზში ვეღარ შევედით. აქ რომ ვდგავართ, ესეც ხომ ბევრ რამეს ნიშნავს, - თქვა მეორემ.

შუახნის ქალბატონმა კი დაიჩივლა:

- იმ დღეს ფინანსთა სამინისტროსთან აქცია რომ იყო, არ გავჩერებულვარ, სულ ტაშს ვუკრავდი და მას მერე საშინლად მტკივა ბეჭები, ხელებს ვეღარ ვამოძრავებ, მაგრამ რას დავეძებ, - მთავარია, ჩვენს გიგის ეშველოს.

- გოგო, ეს დღეები მე სულ რაიონებში ვრეკავ და ჩვენს აქტივისტებს ამ ყველაფერზე ვესაუბრები. ყველანი მზად უნდა ვიყოთ, მიშა ერთს როდის დაიქუხებს, ვინ იცის, და ხომ იცით, სასწრაფოდ უნდა შევიკრიბოთ, ამიტომ ვრეკავ რაიონებში, ხალხი რომ არ მოდუნდეს და მობილიზებული იყოს.

- ისე გაბრაზებული ვარ ზუგდიდელებზე, მიშას რა გაუკეთეს?!. ვერ ვიტან მათ, - თქვა გაბრაზებულმა აქტივისტმა.

ამ დიალოგით იყვნენ გართული გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფი, უგულავას გულშემატკივრები და ბოლოს დარბაზისკენ მიმავალი თბილისის მერი ერთ-ერთმა ქალბატონმა ასეთი სიტყვებით გააცილა:

- აბა, მაგრად, დედიკო, არ ინერვიულო!

მერმა მას გაუღიმა და დარბაზისკენ წავიდა. მართალია, მოსამართლის ლოდინში ყველა დაიღალა, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, - აბა, მოსამართლე მალე რომ დაბრუნდეს, იმასაც იტყვიან, წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება დაწერილიო.

გამოცხადებულ განჩინებას კი ყველა ტაშით შეხვდა, რადგან მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი (გიგი) უგულავას მიმართ და ის ყველანაირი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა. სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ასევე განიხილა პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა ბრალდებული უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე და არც ეს დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს იმის გათვალისწინებით, რომ თავს არიდებს გამოძიებას. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა: თუ არანაირ გარიგებას ადგილი არ ჰქონდა, ქალაქის მერი სრულიად უდანაშაულოა, წაყენებული ბრალი არ არის დადასტურებული და სარწმუნო, მაშინ სასამართლოს დავით კეზერაშვილისთვის რატომღა უნდა შეეფარდებინა პატიმრობა? კეზერაშვილს ცოტა ხნის წინ "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში წაუყენეს ბრალი და მაშინაც პატიმრობა შეეფარდა.

წინასასამართლო სხდომა 10 აპრილს, 3 საათზე გაიმართება.

პროცესიდან გამოსული თბილისის მერი სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალზე კმაყოფილი იყო. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია გამოჩნდება და ბევრ ფაქტს შეიტყობს საზოგადოება. "მაქვს განცდა, რომ ღრუბლები "იმედის" თავზე გროვდება, იმიტომ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში ჯოზეფ ქეი "იმედის" კანონიერი მესაკუთრე გამოდის", - თქვა უგულავამ. ირწმუნება, რომ იგი დაინტერესებულია სიმართლის დადგენით.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ