რას სთხოვს ზუზუ ბიძინა ივანიშვილს

რას სთხოვს ზუზუ ბიძინა ივანიშვილს

ზუზუსთვის, იმავე ზაზა ბეჟაშვილისთვის პაემანზე თაიგულით ხელში მისვლა და სასურველ ქალთან ერთად ქუჩაში ხელკავით სეირნობა, წარმოუდგენელია. როგორც გვითხრა, ქალს "სხვანაირი" ზრახვების გარეშე, შინ ეპატიჟება. ცხოველების დიდი მოყვარული გახლავთ. ვირთხებს ვერ იტანდა, მაგრამ მღრღნელების შესახებ გადაცემის ნახვის შემდეგ, მათზე წარმოდგენა შეეცვალა. გვითხრა: საინტერესო და მაზალო არსებები ყოფილანო...

ახლახან ზუზუ რუსთაველის თეატრის მსახიობთან - მანანა აბრამიშვილთან და ნიკა რამიშვილთან ერთად მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს...

- გოგა ოსეფაშვილისგან, რომელიც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტად გამეცნო, ვრცელი წერილი მივიღე. ის მწერდა, რომ ფილმის გადაღება სურდა და სურვილი ჰქონდა, მასში მონაწილეობა მიმეღო. როცა ამ ადამიანს შევხვდი, მივხვდი, რომ საინტერესო პიროვნებასთან მქონდა საქმე. ამიტომ ყოველგვარი ხვეწნა-მუდარის გარეშე დავთანხმდი მის წინადადებას. უფრო მეტიც: ფილმში ქალის როლის შესრულება რუსთაველის თეატრის მსახიობს - მანანა აბრამიშვილსაც ვთხოვე. მანანა მენდო და დამთანხმდა. ფილმის პირველივე მასალის ნახვისას მივხვდით, რომ გოგას ჩვენ კი არ დავეხმარეთ, პირიქით - მე და მანანას ის დაგვეხმარა, რადგან ძალზე საინტერესო სამუშაო გვქონდა. ფილმი დეტექტიური ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება. გოგამ თავისი ნამუშევარი ინტერნეტში განათავსა. ვფიქრობ, იჩქარა, რადგან როცა ფილმი საფესტივალოდ უნდათ, ჯერ ფესტივალზე გზავნიან და მხოლოდ ამის შემდეგ ათავსებენ ინტერნეტში... გოგას წარმატებას ვუსურებ!

- როგორ ფილმში მონაწილეობას არ დათანხმდები?

- ბანალურია, მაგრამ ალბათ პორნოგრაფიულ ფილმში ვერ ვითამაშებდი. თუმცა, როცა კარგ რეჟისორთან გაქვს საქმე, ამ ჟანრშიც შეიძლება საკუთარი ძალების მოსინჯვა. მოკლედ, არსებობს რეჟისორების კატეგორია, რომელთა შემოთავაზებასაც არ დავთანხმდებოდი.

- შენს ცხოვრებაში არის თუ არა ისეთი რამ, რაც არ გინდა, რომ პრესაში დაიბეჭდოს?

- მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებთან ყოველთვის ზედმეტად გულახდილი ვარ, ასეთი რაღაც მაინც არის...

- ვთქვათ, შენგან დაწუნებული რეჟისორი გირეკავს და ფილმში მონაწილეობას დაჟინებით გთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალის პრესისთვის გადაცემით გემუქრება...

- შანტაჟს მიწყობს? ჩემი აზრით, როცა ადამიანი ასეთი რამით გემუქრება, ადრე თუ გვიან, მუქარას მაინც შეასრულებს. ამიტომაც ვეტყვი: მიდი, ბიჭი, "გააჟღერე" ის, რაც გინდა-მეთქი...

- "ბიჭი" - რატომ, იქნებ ქალია?

- რატომღაც, ჯერ ქალ რეჟისორთან არ მიმუშავია...

- რეჟისორმა თანამშრომლობა რა ფორმით უნდა შემოგთავაზოს, რომ დაგითანხმოს?

- საქმისადმი მის დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგს უბრალოდ, ფილმის გადაღება უნდა, ამბავზე ანუ სიუჟეტზე მერე ფიქრობს. ჩემი აზრით, ეს დანაშაულია. ერთ ოთახში, უბრალო კამერით ისეთი ფილმის გადაღება შეიძლება, რომელიც მთელ მსოფლიოს დააინტერესებს, მაგრამ ფილმის გადაღების მიზანი მსოფლიოს დაინტერესება არ უნდა იყოს.

- ანეკდოტებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- მეზიზღება ანეკდოტის მოსმენაც და მოყოლაც! ვერც ვერასდროს ვიმახსოვრებ. სამაგიეროდ, ჩემს ძმას უყვარს ანეკდოტების მოყოლა. ჰოდა, ასეთ დროს იმაზე ვიცინი, რომ მოსმენილზე არ მეცინება, მას კი ჰგონია, რომ მის ნაამბობზე ვხალისობ; ამიტომ მიყვება და მიყვება გაუთავებლად...

- ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ შენ ურჩევ, რომელ ანეკდოტს მოჰყვეს საჯაროდ...

- ბატონი ბიძინა ანეკდოტებს ჰყვება?! არც კი მომისმენია... თუ "ამხელა" ბიძინა ივანიშვილი დამაბრალებს, - ზუზუ ანეკდოტებს მირჩევსო, - ვერ გეტყვი, რომ მეწყინება. ისე კი, ვთხოვ, ანეკდოტების შერჩევას ნუ "დამიჩემებს". ჯობია, ბატონ ბიძინას ის უთხრათ, რომ 8 წელია, ქირით ვცხოვრობ, არადა, წლის საუკეთესო მსახიობი ვარ ევროპაში. ძველ მთავრობაზე წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ მახსოვს, ეს წარმატება კულტურის სამინისტრომ არც მომილოცა: კვიპროსის საერთაშორისო კინოფესტივალზე 140 ფილმი იყო წარდგენილი. წარმოგიდგენიათ, რამდენი ევროპელი მსახიობი მონაწილეობდა? ჰოდა, მათ შორის "ოქროს აფროდიტე" მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის (ფილმში - "განყოფილება") მხოლოდ მე გადმომცეს. დღესდღეობით კი სასაცილო თანხის ფასად, 8 მარტს ერთ-ერთი საღამოს წამყვანი უნდა ვიყო. ძალიან მაზალო სიტუაციაა...

- ერთი დღით რომელ ცნობილ ადამიანად ყოფნას ისურვებდი?

- იმდენად კარგი პროფესია მაქვს, სულ ვამბობ: არანაირი არ ვარ, რადგან შემიძლია, ყველანაირი ვიყო-მეთქი. ბევრი ცნობილი, ისტორიული პიროვნების როლს შევასრულებდი, რეალობაში კი ჩემი ცხოვრებაც მეყოფა - პრობლემებითა და საინტერესო თუ უინტერესო მოვლენებით.

- ვთქვათ, შორენა ბეგაშვილის სხეულში გაიღვიძე...

- დავფიქრდებოდი. შორენას ძალიან ვაფასებ. კარგი, ლამაზი და მიზანდასახული გოგოა. ალბათ, მის ცხოვრებაში რაღაცებს ცოტათი გამოვასწორებდი; იმით დავიწყებდი, რომ საზოგადოებას უფრო შემოქმედებითად "მივაწვდიდი" ჩემს თავს. დარწმუნებული ვარ, შორენა უფრო მეტად ნიჭიერია, ვიდრე საზოგადოება იცნობს. საქართველოში ასე ხდება: ვიღაცას მხოლოდ კომედიურ ჟანრში ხედავენ, ვიღაცას - ეროტიკულში. რეჟისორი რომ ვიყო, შორენას არაეროტიკულ როლზე მოვსინჯავდი და ბევრად ეროტიკული გამოჩნდებოდა...

- შორენას თაყვანისმცემლებს როგორ დაუძვრებოდი ხელიდან?

- ერთ გოგონასთან "ვძმაკაცობ", რომელსაც ასეთი რამ ემართებოდა: სამსახურს იშოვიდა - კარგ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, მერე კი შინ ტირილით ბრუნდებოდა, - უფროსი "დამეპადხოდა", გამეპრანჭაო. ვუთხარი, - მაშინ დაიღუპები, შე დეგენერატო, როცა აღარავინ გაგეპრანჭება, რამეს არ გაგრძნობინებს, თორემ ახლა უნდა გიხაროდეს-მეთქი (იცინის). ჰოდა, შორენასაც უხაროდეს, ბევრი თაყვანისმცემელი რომ ჰყავს...

- ზუზუ, ვთქვათ, რომანტიკულ ვახშამზე შენთვის სასურველი ქალი ჩანთიდან ძაფის გორგალს იღებს, ქსოვას იწყებს და გეუბნება: ყურადღებას ნუ მომაქცევ, ამ ჯემპრის მკლავს ჩავამთავრებო...

- არაორდინარულია, მომეწონა! იცი, გააჩნია, ამას როგორ გააკეთებს. თუ ფაჩუჩი აქვს დასამთავრებელი და "წინდა თავზე დამახვია", არ მომეწონება, მაგრამ თუკი გამაღიმებს, რატომაც არა? რადგანაც რომანტიკულ ვახშამზე ქსოვას იწყებს, ე.ი. ცოტა "დარტყმული" იქნება, მე კი ასეთი ადამიანები მიზიდავს. ხშირად აღმინიშნავს: როცა ვინმეზე ვამბობ, - "აფრენს"-მეთქი, ეს ჩემგან დიდი კომპლიმენტია! აბა, რა უნდა ქნას, ბოკალი სხვანაირად დაიჭიროს, ტუჩები გამიპრუწოს?!.

- ვთქვათ, ქსოვას პირველსავე შეხვედრაზე იწყებს...

- აბა, მეორე და მესამე შეხვედრაზე წინდის ქსოვა რომ დაიწყოს, უკვე ნერვებს მომიშლის. ასეთი საქციელი პირველ რომანტიკულ ვახშამზეა საინტერესო, ოღონდ - ხაზს ვუსვამ: გააჩნია, ამას როგორ გააკეთებს...

- რეალურად, შენი თანდასწრებით, ქალს არაორდინარული საქციელი თუ ჩაუდენია?

- ჩემთან შეხვედრას რომ დათანხმდა, ეს უკვე არაორდინარულია (იცინის).

- ვთქვათ, შენი სახლის ეზოში მიხეილ სააკაშვილი და შალვა ნათელაშვილი დომინოს თამაშობენ და შენც გეპატიჟებიან...

- ვიფიქრებ, რომ ეზოში დომინოს მოთამაშეები მიხეილ სააკაშვილსა და შალვა ნათელაშვილს უბრალოდ, მივამსგავსე. ისე, დომინო არ მიყვარს და შესაბამისად, მათ მიპატიჟებას არ მივიღებ. აი, ნარდზე - დავფიქრდებოდი...

- ვთქვათ, შენი ყველაზე სანდო მეგობარი 1 დღით, უკანონოდ დაჭერილი შვლის ნუკრის მოვლას გთხოვს, რადგან თავად აუცილებელი საქმის გამო ქალაქიდან მიემგზავრება.

- აუცილებლად მოვუვლი. ხანდახან ცხოველები უფრო მიყვარს, ვიდრე - ადამიანები. თუკი ცხოველს უვლი, ეს დანაშაულია? ზოგჯერ ეს კანონები მაგიჟებს, რა. აბა, რა უნდა ვქნა, ნუკრი ტყეში "ჩავაბარო"?.. ისე, მოიცა, ჩემმა მეგობარმა შვლის ნუკრი დაიჭირა და ჩუმად მომიყვანა?

- ეგ არ ვიცი, მაგრამ ეს ცხოველი შინ უკანონოდ ჰყავდა...

- თუ ვიცი, რომ ნუკრი უნდა მოკლას, თავად იმ მეგობარს მოვკლავ, რომელიც ძალიან მენდობა! ვისაც შვლის ნუკრი მოკლული ჰყავს, ის არაადამიანად მიმაჩნია! ვერაფრით ამიხსნია, ნადირობაში რა "კაიფია"? მგონი, შინაგანად ცხოველთა დამცველი ვარ. როგორ შეიძლება, ნუკრს უყურებდე, შემდეგ იარაღი ესროლო და მისი ბარკალი მიირთვა?!

- ვეგეტარიანელი ხარ?

- არა, მაგრამ კვებაზე დიდად არ ვგიჟდები. ხანდახან მონადირეები ისეთ ამბებს ჰყვებიან და თან - ამით ამაყობენ, რომ პროტესტის გრძნობა მიჩნდება...

- ვთქვათ, დილით ლამაზ, მაგრამ შენთვის უცნობ მანდილოსანთან ერთად იღვიძებ...

- ასეთი რამ მომხდარა (იცინის)... ისიც არ მხსომებია, ღამით რაიმე საინტერესო იყო თუ არა...

- ვთქვათ, ახალგაღვიძებულს, გოგონა გსაყვედურობს: როგორ შეიძლება, ქორწინების ღამეს ასე დამთვრალიყავიო?

- ცოლი შემირთავს? ნუ, რაღას ვიზამთ? წარსულში ქექვას რა აზრი აქვს? ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. სხვათა შორის, წარსულში არასდროს ვიქექები...

- დაბოლოს, შენი შემოქმედებითი გეგმების შესახებ რას გვეტყვი?

- მოსკოვში გამგზავრებას და "მიმინოს" რიმეიქში მონაწილეობას ვგეგმავ. ასევე, თეატრის რეჟისორთან - გაგა გოშაძესთან თანამშრომლობას ვაპირებ.

- წარმატებას გისურვებ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება