ვერიკო ტურაშვილი საარჩევნო კონცერტებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ვერიკო ტურაშვილი საარჩევნო კონცერტებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ამჯერად მომღერალ ვერიკო ტურაშვილს დავუსვი ჩემი სახალისო შეკითხვები. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემმა რესპონდენტმა ძალიან იმხიარულა და იუმორნარევი პასუხებით ახლა თქვენ გაგახალისებთ.

- ვერიკო, წარმოიდგინე, ქუჩაში ელოდები ტაქსის და ამ დროს პრეზიდენტმა გამოიარა თავისი მანქანით, გთავაზობს წაყვანას.

- (იცინის) პრეზიდენტს თავისი მანქანა ჰყავს?

- კი, ცისფერია.

- (იღიმება) პრეზიდენტს პირადად ვიცნობ. რა თქმა უნდა, დავთანხმდებოდი მის შემოთავაზებას, აბა, უარს ხომ არ ვეტყოდი?!. მაგრამ თან ბევრს ვიცინებდი. გამიკვირდებოდა, პრეზიდენტი საჭესთან ცოტა უცნაურია.

- ანრი ჯოხაძე გიხსნის სიყვარულს...

- აუ, არა!.. ანრი სიყვარულს ვერ ამიხსნის. გარდა იმისა, რომ კარგი მეგობრები ვართ, ნათელმირონობაც გვაკავშირებს. ჩვენი მეგობრის შვილი გვყავს მონათლული. ამიტომაც ასეთ მდგომარეობაში ვერ ჩავცვივდებით, თუმცა მსმენია უარესი შემთხვევებიც, მაგალითად, საკუთარი შვილის ნათლიას რომ ცოლად მიჰყვებიან. ეს ჩემთვის მიუღებელია და ამას არასდროს გავაკეთებდი.

- წარმოიდგინე, გოგი დოლიძის შვილი გიჩივის, მამაჩემის სიმღერა რატომ შეასრულეო.

- არა მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს, რადგან სიმღერაზე უფლებები კომპოზიტორს აქვს და არა შემსრულებელს. ასეთ შემთხვევაში დავიცავდი ჩემს უფლებებს. რამდენიმე წლის შემდეგ ჩემმა ნათესავმა რომ გამოთქვას პრეტენზია, სიმღერას "წვიმა მოგონებებს ასველებს" სხვა რატომ ასრულებსო, მგონი, არ იქნება სერიოზული. ბევრი მღერის სხვების სიმღერებს.

- მარიამ საჯა­იას მაგივრად პარლამენტში ადგილს გთ­ავაზობენ.

- არ ვიცი, მარიამ საჯაია როგორ ასრულებს თავის მოვალეობებს, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, ჯობია, ყველამ ის საქმე აკეთოს, რაც კარგად გამოსდის და რაშიც ერკვევა. შესაბამისად, მე, რა თქმა უნდა, უარს ვიტყოდი ამ შეთავაზებაზე, რადგან ამ საქმის პროფესიონალი არ ვარ.

- უცნობი თაყვანისმცემელი ბრილიანტის უძვირფასეს ბეჭედს გიგზავნის. მიიღებ ამ საჩუქარს?

- შეიძლება, დაბნეულობისგან იმ წუთას მივიღო, მაგრამ მერე აუცილებლად დავუბრუნებ. თუკი ის ადამიანი მომწონს, ვიცნობ და ჩვენს ურთიერთობას აქვს რაიმე პერსპექტივა, შესაძლოა, დავიტოვო, მაგრამ სხვა შემთხვევაში მივაბრუნებ. სიმართლე გითხრა, ყოფილა საჩუქრები, მაგრამ ბრილიანტის ბეჭდები არავის გამოუგზავნია ჩემთვის. არც ისეთი შემთხვევა ყოფილა, გადამიხედავს და ახალი მანქანა მდგარა ეზოში, ჩემთვის კი გასაღები ამოუტანიათ (იცინის). ისე, ასეთი საჩუქრის მიღებაზე კი დავფიქრდებოდი. ამას ხუმრობით ვამბობ (იცინის). ხომ შეიძლება, ვინმემ მანქანა მაჩუქოს და მერე ვითომ ვერ ვიპოვე ის ადამიანი, რომ დამებრუნებინა საჩუქარი (იღიმება). ზოგადად, ძვირფასი საჩუქრების მიღება უცნობი ადამიანებისგან არ მიმაჩნია სწორად. არ არის სწორი, საჩუქარი მიიღო ადამიანისგან, რომელიც უბრალოდ, ძვირად ღირებული საჩუქრებისთვის გჭირდება. ამას არ ვაკეთებ, ამიტომაც არ მყავს მანქანა (იცინის).

- კობა დავითაშვილი 50 ლარს გთხოვს შემდეგ ხელფასამდე.

- ვაიმე, კობას არ ვიცნობ, ვიფიქრებდი, "კომედი შოუდან" მირეკავენ-მეთქი. თუ შემხვდებოდა და მეტყოდა, რომ ნამდვილად ის არის და 50 ლარი სჭირდება, არ ვასესხებდი, ვაჩუქებდი.

- "ევროვიზიაზე" გამგზავრებენ ერთი პირობით, თუ ფანოღურ სიმღერას შეასრულებ.

- "ევროვიზიაზე" მთლად ბოდეთი ვიდექი (იცინის), მაგრამ არა მგონია, ისეთი ფორმატი იყოს, სადაც ფანოღები სრულდება. თუმცა დიდი შანსია, რომ მოეწონოთ, თუკი კარგად შეფუთავ. ამის მიუხედავად, "ევროვიზიაზე" ფანოღს არ შევასრულებდი.

- გია სურამელაშვილი დუეტს გთავაზობს.

- ყველას აქვს თავისი საქმე, რეპერტუარი და ჰყავს თავისი მსმენელი, არ მომწონს, როდესაც დგანან და ამ ყველაფერს მუქ ფერებში წარმოაჩენენ. გია სურამელაშვილს თავისი სტილი და ჟანრი აქვს, რომელიც ჩემსას არ შეესაბამება. თუკი ხუმრობით შევასრულებდით დუეტს, რატომაც არა, მაგრამ სერიოზულად, არა მგონია, რომ საინტერესო დუეტი გამოგვივიდეს.

- შენ, ნინო ძოწენიძესა და თამთა ჭელიძეს "მულენ რუჟში" გიწვევენ გულახდილი სამოსით გამოსასვლელად.

- ხომ ვიმღერეთ ერთხელ გულახდილად? ამაზე მეტი გულახდილი რა უნდა იყოს, მაშინ სულ შიშველი უნდა გამოხვიდე. პერანგი და ქვედა საცვალი მეცვა. ეს საახალწლო პროექტი იყო და ჩემი აზრით, ისე გამოვიყურებოდი ტრანსსექსუალის პარიკში, რომ პედრო ალმოდოვარის გმირს უფრო ვგავდი, ვიდრე "მულენ რუჟის" მოცეკვავეს (იცინის). ამ ჩანაწერს ჩემს მეგობრებს ვუგზავნი ხოლმე და ერთად ვხალისობთ. ეს უფრო კლოუნადას ჰგავდა, ვიდრე ნამდვილ "მულენ რუჟს", თუმცა თუკი ხარისხიანი გადაღება იქნებოდა და კარგი პროექტი, ალბათ დავფიქრდებოდი.

- კრიმინალური ქრონიკა შენი ფოტოთი იწყება და ზედ აწერია - "იძებნება".

- (იცინის) ჯერ გამეცინებოდა, მერე კი სიტუაციაში გარკვევას დავიწყებდი. ძველ ცოდვებს გავიხსენებდი...

- მაია ასათიანის მაგივრად გთავაზობენ "პროფილის" წაყვანას.

- არა, არ მინდა. ეს მაიას გადაცემაა და მისი წაყვანა ფანტასტიკუად გამოსდის, ამიტომ ჯობია, მან გააგრძელოს "პროფილის" წაყვანა. მე სხვა პროექტს გავაკეთებდი. სხვათა შორის, ტელევიზიიდან მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გადაცემის მომზადებაზე. ვფიქრობ, მუსიკალური გადაცემა გავაკეთო. პოლიტიკა ყველას მოჰბეზრდა. თანაც, მუსიკალური გადაცემა ჩვენს ტელესივრცეში არ არის. ჩვენ მაინც ვუშველოთ ჩვენს თავებს (იცინის)!..

- ლეიბორისტების ჰიმნს შეასრულებდი?

- საარჩევნოდ? არა. ისე ვიმღერებდი შალვასთან ერთად კლუბში. პოლიტიკა აღარ მინდა. საერთოდ, წინასაარჩევნო კონცერტებსა და ტურნეებზე უარს ვიტყვი. აღარ მინდა და იმიტომ. იმედი მაქვს, მომავალი არჩევნებისთვის ისეთი დრო დადგება, ყველა თავის საქმეს გააკეთებს. წინასაარჩევნო კონცერტებში მომღერლები ძირითადად ფინანსური დაინტერესების გამო მონაწილეობდნენ. თუკი ისევ შესთავაზებენ, ის დაფიქრდება, უღირს თუ არა. ამის გამო და-ძმა, ნათესავები და კოლეგები ერთმანეთს გადაეკიდნენ. ჯობია, შოუბიზნესი პოლიტიკის გარეშე იყოს, არც სუპერსტარი პოლიტიკოსები არიან საჭირო.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ვერიკო ტურაშვილის ახალი სიმღერა და ვარსკვლავური კლიპი 14 ქართველი მსახიობით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება