ნინო მითაიშვილი - "დოი, მაპატიე, რომ ვსუნთქავ"

ნინო მითაიშვილი - "დოი, მაპატიე, რომ ვსუნთქავ"

მსახიობ ნინო მითაიშვილს თეატრში არაერთი როლი აქვს შესრულებული, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სერიალის - "შუა ქალაქში" წყალობით გახდა. მსახიობს სურათების გადაღება დიდად არ უყვარს, რადგან მიაჩნია, რომ არაფოტოგენურია. თუმცა, საოჯახო ფოტოალბომი მაინც დამათვალიერებინა და ერთად გადავავლეთ თვალი, რა გარეგნული ცვლილებები განიცადა ბავშვობიდან დღემდე.

- მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი. მახსოვს, ძალიან მიყვარდა ცხოველები და მათთვის მე და ეზოს ბავშვები თავშესაფრის აშენებას ვცდილობდით. ხშირად მიმქონდა სახლიდან რძის ნაწარმი, რომლითაც ქუჩაში მაწანწალა ცხოველებს ვუმასპინძლდებოდი. ამის გამო, დედა ხშირად ძალიან მიბრაზდებოდა. აი, ეს სურათი რომ გადამიღეს, მაშინ დაახლოებით, სამი წლის ვიქნებოდი. მახსოვს, საგანგებოდ შემომსვეს ავტომობილზე, საიდანაც რამდენჯერმე ჩამოვსრიალდი და შემეშინდა. ამ ფოტოს გადაღება არ მინდოდა.

- პრანჭია იყავი?

- ბავშვობაში დედას კოსმეტიკას ხშირად ვიყენებდი. მას თვალის ჩრდილის სამსართულიანი ნაკრები ჰქონდა, რომელშიც სხვადასხვა ფერის პომადაც ეწყო. პომადას ხილის სუნი ჰქონდა და ეს მიზიდავდა. ამიტომ ხშირად ვპარავდი დედას და ვისვამდი. დღეს ასეთი კოსმეტიკური საშუალება თითქმის ყველა ქალს აქვს, მაშინ კი იშვიათობას წარმოადგენდა. პომადის წასმის გამო დედა ცხადია, მიბრაზდებოდა, მაგრამ უკან არ ვიხევდი. ასევე, ძალიან მომწონდა და ხშირად ვპარავდი მარჯნის მძივს, რომელიც ალბათ სამი მეტრი იქნებოდა. ეს მძივი ახლა მე მაქვს, მაგრამ ძალიან პატარაა დარჩენილი, რადგან ბავშვობისას ხშირად ვწყვეტდი და მეკარგებოდა.

- სკოლის ასაკში როგორ გამოიყურებოდი?

- აი, ეს სკოლის პერიოდში გადაღებული ფოტოსურათია. აქ დაახლოებით, 10 წლის ვარ. ფოტო ბოტანიკურ ბაღშია გადაღებული: ჩვენ იქვე ახლოს ვცხოვრობდით და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბავშვობა ბოტანიკურ ბაღში მაქვს გატარებული.

- სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონების უმრავლესობა იმიჯს რადიკალურად იცვლის, გაპრანჭვას იწყებს...

- (მაწყვეტინებს) გაპრანჭვა მე სკოლის დამთავრებამდე დავიწყე - მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმის სურვილი გამიჩნდა. მაშინ მოდაში "პლათფორმა" იყო. ვიცოდი, რომ ასეთი ფეხსაცმელი დედას ჰქონდა, მაგრამ როცა მოვიძიე, არ აღმოაჩნდა, - გადაუყრია, რის გამოც ძალიან გავბრაზდი; შემდეგ ბებიას ვესტუმრე და მასთან აღმოვაჩინე პლათფორმისძირიანი ფეხსაცმელი. მე დიდი ზომის ტერფი მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ბებიას ფეხსაცმელი მიჭერდა, მაინც ვიცვამდი. სასაცილო ის იყო, რომ ფეხი ხშირად მიტრიალდებოდა, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი და თქვენ წარმოიდგინეთ, "მაღლებით" "რეზინობანასაც" კი ვთამაშობდი.

- იმ პერიოდში ვინმეს ეპრანჭებოდი?

- ერთ კონკრეტულ პიროვნებას კი არა, ყველას ვეპრანჭებოდი. მახსოვს, ქუჩაში რომ მივდიოდი, მაინცდამაინც იმ ადგილას მიტრიალდებოდა ფეხი, სადაც ბიჭები იდგნენ და ამის გამო სულ დაძაბული ვიყავი (იცინის).

- ამ სურათში მოკლე ვარცხნილობა გაქვს...

- ერთი პერიოდი მოკლე ვარცხნილობას ვატარებდი, მაგრამ ამ ფოტოზე თმა უბრალოდ, შეკრული მაქვს და "ჩოლკა" შეჭრილი. მაშინ 14 წლის ვიყავი და თმის წითლად შეღებვისა და პირსინგის გაკეთების სურვილიც მქონდა, მაგრამ დედა მეწინააღმდეგებოდა. თუმცა, თმის შეღებვაზე მაინც დავითანხმე და საბოლოოდ, სტაფილოსფრად შევიღებე. შავი წარბები, სტაფილოსფერი თმა - მაშინ ალბათ, სასაცილო დასანახავი ვიქნებოდი, მაგრამ მე ძალიან მომწონდა.

- თმას ხშირად იღებავ?

- ახლახან დავიწყე თმის ხშირ-ხშირად შეღებვა, ბუნებრივად კი ყავისფერთმიანი ვარ.

- ნამზეური თუ მოგწონს?

- იმდენად მომწონს, რომ ვრისკავ და სოლარიუმშიც დავდივარ ხოლმე.

- მაკიაჟს ყოველდღე იკეთებ?

- საერთოდ, თეთრი კანი მაქვს და ეს "სითეთრე" არ მომწონს. ამიტომაც, მაკიაჟს თითქმის ყოველდღე ვიკეთებ. "დაზაგრულს" კი - მაკიაჟი არ მჭირდება, მხოლოდ ტუჩსაცხს ვისვამ.

- ამ სურათზე გრიმს თავად იკეთებ...

- ჰო, სპექტაკლისთვის გრიმს ყოველთვის დამოუკიდებლად ვიკეთებ. სხვათა შორის, თვითნასწავლი ვარ (იღიმის).

- წარბების კორექცია როდის გაიკეთე?

- დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა წარბების კორექციის სურვილი გამიჩნდა. ამ პერიოდში, ადამიანს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება მოსწონს. მახსოვს, ამ ასაკში ჩემმა დამ წარბი მოიპარსა... ერთ ამბავს გავიხსენებ: სპორტსკოლაში დავდიოდი. ყოველთვის გრძელი წამწამი მქონდა და რატომღაც, ხელს მიშლიდა. ერთმა მეგობარმა მითხრა, - მოიჭერი და ყველაფერს უკეთესად დაინახავო. "მხედველობის გაუმჯობესების" ეს მეთოდი ჩემს მეზობელსაც ვასწავლე, რომელმაც ძალიან დაბალზე მოიჭრა და დღემდე მსაყვედურობს: შენ გამო წამწამები აღარ მეზრდებაო (იცინის).

- სკოლის ასაკში ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებდი უპირატესობას?

- გარდატეხის ასაკში ძალზე გამხდარი ვიყავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცური, დიდცხვირიანი, უხეში "ბატინკები" მეცვა, დახეული ჯინსის შარვლით დავდიოდი, რომელსაც ბევრი წარწერა ამშვენებდა; დიდი ზომის კაცის პერანგებს ვიცვამდი, ჯაჭვებიც მქონდა გაკეთებული. მოკლედ, "ასხმული" დავდიოდი. მახსოვს, იმ პერიოდში ჭიპის გახვრეტაც მსურდა, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს. ტანისამოსის შესაძენად ყოველთვის მომყვებოდა დედა და გამუდმებით იმას მეხვეწებოდა: ნინო, ძალიან თხელი ფეხი გაქვს და ეგ "ბატინკები" არ მოგიხდება, სხვა რამე იყიდეო. მე კიდევ, მიკვირდა და ვბრაზობდი: რატომ არ მომიხდება-მეთქი?..

- ახლა როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- ჩემს გარდერობში არა მარტო სპორტულ, არამედ კლასიკურ სამოსსაც ნახავთ. ვცდილობ, ეს ორი სტილი ერთმანეთს კარგად შევუხამო და მგონი, ეს გამომდის კიდეც.

- როგორც ვიცი, ადრეულ ასაკში გათხოვდი...

- მე და ჩემმა მეუღლემ ძალიან ადრე, 18 წლისებმა შევქმენით ოჯახი და ახლა 12 წლის შვილი - ელენე გვყავს, რომელსაც ჩემსავით, ძალიან უყვარს ცხოველები. ერთ-ერთ დაბადების დღეზე შვილს სიურპრიზი გავუკეთეთ და ლატვიიდან ჩამოყვანილი ძაღლი ვაჩუქეთ. მას ბასტი ჰქვია და ვფიქრობ, ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ის ძალიან ცელქი, ჯიუტი და მოსიყვარულეა. ამ სურათზე ჩემი შვილი და ბასტია აღბეჭდილი.

- შენი მეუღლის ფოტოსურათი არ წამოგიღია...

- გიორგი სამართალმცოდნეა. არ უყვარს ინტერვიუები. ჩვენ ერთმანეთი შემთხვევით, ქუჩაში გავიცანით; უფრო სწორად, ის მეგობარმა გამაცნო. ჰოდა, ჩვენი სიყვარული გაცნობისთანავე დაიწყო და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. ხშირად ამბობენ, - ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ინგრევაო, მაგრამ ჩვენ საწინააღმდეგოს ვამტკიცებთ!

- ოდესმე, გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- ცხვირი მაქვს გატეხილი და ვგრძნობ, თანდათან გვერდზე "მიდის". ამის გამო ცხვირის ოპერაციის გაკეთებაზეც კი მიფიქრია, მაგრამ თავს ვიკავებ იმიტომ, რომ მეშინია. ჩემს გარეგნობაში სხვა ყველაფერი მაკმაყოფილებს.

- შენს ალბომში სპექტაკლებზე გადაღებული ფოტოსურათები ჭარბობს...

- ვფიქრობ, რომ არაფოტოგენური ვარ და ამიტომაც, ბავშვობიდან არ მიყვარდა სურათების გადაღება; როგორც კი ფოტოაპარატს დავინახავ, მაშინვე გავრბივარ. ამიტომაც არის, რომ ბევრი ფოტო არ მაქვს. რაც მქონდა, იქიდანაც ზოგი ჩემმა შვილმა დაჭრა, ზოგიც - კედელზე გააკრა. ფოტოალბომი, რომელიც დღეს მოგიტანეთ, დედასთან მქონდა შენახული და ამიტომ გადარჩა. აი, სცენაზე მდგომს კი კამერების წინ პოზირება არ მიჭირს, ამ დროს თავს ლაღად ვგრძნობ. სურათი, სადაც სათვალე მიკეთია, სპექტაკლის - "გაყრა" დროს არის გადაღებული. წინასაპრემიერო ღელვა იყო. ვთამაშობდით მიკროფონებით, რომელიც არცთუ ხარისხიანი გახლდათ და კულისებში რომ გავდიოდით, მიკროფონების გამორთვა გვიწევდა, რადგან სულ პატარა ამოსუნთქვაც კი ისმოდა. ჩემი სცენა რომ დავამთავრე და კულისებში გავედი, ღრმად ჩავისუნთქე. უცებ, დოიმ იღრიალა, - ვინ სუნთქავსო? კულისებიდან თავჩაღუნული გამოვედი და მოვიბოდიშე: დოი, მაპატიე, რომ ვსუნთქავ-მეთქი. ჰოდა, მას მერე ამ სიტყვებს ხშირად მახსენებენ (იღიმის).

- სურათი მალკოვიჩთანაც გაქვს გადაღებული...

- ეს ფოტოსურათი თბილისის საერთაშორისო ფესტივალზეა გადაღებული, როცა მალკოვიჩი თბილისში იყო ჩამოსული. სამწუხაროდ, მასთან გასაუბრება ვერ მოვახერხე, რადგან ძალიან ეჩქარებოდა.

- სარკის წინ ტრიალი თუ გიყვარს?

- სულ გადარბენაზე ვარ და სარკის წინ დიდხანს დგომას ვერ ვახერხებ. ხშირად მაკიაჟს გზადაგზა, მანქანაში ვიკეთებ. თუმცა, თუკი სადმე საგანგებო შეხვედრაზე მივდივარ, გულმოდგინედ ვიპრანჭები ხოლმე.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)