აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს.

დაახლოებით 80 გვერდიან დასკვნას საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარეებთან ერთად საღამოს 20.00 საათიდან დაახლოებით გამთენიის 05.00 საათამდე განიხილავდნენ. ამის შემდეგ გაიმართა დახურული თათბირი, საბოლოო გადაწყვეტილება კი კვლავ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ღია კენჭისყრაზე მიიღეს.

როგორც საბჭოს თავმჯდომარე კახი ყურაშვილმა განაცხადა, აღმოჩენილ საავტორიზაციო დარღვევებთან დაკავშირებით საბჭოს წევრების აზრი ერთგვაროვანი არ ყოფილა, რიგ ჩამონათვალზე დაფიქსირდა ერობლივი პოზიცია და ისინი არ ჩაითვალა არსებით დარღვევებად, ხოლო რიგ საკითხებზე იყო ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს.

ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტში დაინიშნა მხოლოდ მიწვეული პერსონალი და დირექტორის გადაწყვეტილებით, გაბათილდა პერსონალის შერჩევის საკონკურსო გადაწყვეტილებები.

მორიგ არსებით დარღვევად ჩაითვალა სავალდებულო ლიტერატურის არქონა, ასევე, განათლების აღიარების წესთან დაკავშირებით არსებული დარღვევები. კერძოდ, საუბარია სტუდენტთა სტატუსის შეწყვეტის, შეჩერებისა და შეცვლის საკითხებზე. დარღვევებს შორის ასევე დასახელდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე სასწავლო პროგრამების შესახებ სავალდებულო ინფორმაციის დატანასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც კახი ყურაშვილმა აღნიშნა, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, სტუდენტების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, მომდევნო სემესტრის განმავლობაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ამავე პერიოდში სასწავლებლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცემა, აღმოჩენილი ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაციის მიღების შესახებ ხელახალი განაცხადი წარადგინოს.

აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობა სტუდენტების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ისინი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შენობასთან იმყოფებოდნენ. მათი რამდენიმე წარმომადგენელი კი უშუალოდ სხდომასაც ესწრებოდა. მათ დარბაზშივე გააპროტესტეს საბჭოს გადაწყვეტილება და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და რექტორთან ერთად ადგილზევე უსამართლოდ შეაფასეს მიღებული შედეგი. გარდა ამისა, პროტესტი მოჰყვა შენობასთან შეკრებილი სტუდენტების მხრიდანაც. მათი განცხადებით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ სამომავლოდ, ამის შესახებ უკვე დღის განმავლობაში გამოცხადდება. არ არის გამორიცხული, რომ პროცესი პერმანენტული აქციების ფონზე გაგრძელდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"