დავით ბერძენიშვილი: "საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერთა რიცხვი ასს ასცდება"

დავით ბერძენიშვილი: "საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერთა რიცხვი ასს ასცდება"

"თუ თქვენი ძალისხმევა გამოიწვევს აშკარა დემოკრატიისგან უკუსვლის გაღრმავებას, საქართველო უკან დაიხევს როგორც დემოკრატიული ქვეყანა და მას წაერთმევა ევროპული პერსპექტივა. ასეთ შემთხვევაში თქვენ გახდებით ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროპის კარს დაუხურავს. თუ საქართველო ევროკავშირის პარტნიორი უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავიზიაროთ და შევასრულოთ საერთო ძირითადი პრინციპები. ქართული დემოკრატიის მარცხი მხოლოდ მათთვის იქნება მისასალმებელი, ვინც ევროპაში კანონის უზენაესობასა და თავისუფლებას ეწინააღმდეგება". - ეს არის ამონარიდი რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტართა 23-კაციანი ჯგუფის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე გამოგზავნილი წერილიდან. ხელმომწერები კი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები არიან. წერილი საკმაოდ მკაცრი და კრიტიკულია. ევროპარლამენტარები მიუთითებენ პარლამენტის წევრებზე, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სასამართლოზე ზემოქმედების მიუღებლობაზე. ამ წერილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. პასუხი მკაცრი, მეტიც, მკვახე გამოვიდა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს პარლამენტის თავმჯდომარის წერილიდან: "წერილით კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილისადმი, რომლითაც თითქოს საქართველოს ევროპული არჩევანის გადარჩენას ცდილობთ, სინამდვილეში თავად შორდებით ევროპას. იმ ევროპას, რომელსაც ვიცნობთ, რომელზეც ვოცნებობთ და რომლისკენაც მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ სიტყვითაც და საქმითაც...

...მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოახერხა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბევრის დაშანტაჟება და მათი პოლიტიკური მომავლის საკუთარ საეჭვო პოლიტიკურ მომავალთან სრულად დაკავშირება. უფრთხილდით მას, ნუ დარჩებით სტერეოტიპების ტყვეობაში, დარჩით ევროპელები!.."

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება საპარლამენტო უმრავლესობისა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს დავით ბერძენიშვილს ვთხოვეთ.

- ბატონო დავით, პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი მკაცრი პასუხი კიდევ უფრო ხომ არ დაძაბავს ურთიერთობას საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის?

- ევროპარლამენტს ჰყავს 754 დეპუტატი, ბიძინა ივანიშვილის მისამართით დაწერილ წერილს კი ხელს აწერს 23 კაცი, თანაც მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიიდან. მეტიც, ხელმომწერთა შორის ერთი ქვეყნის წარმომადგენლები დომინირებენ. მართალია, ხელს რამდენიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც აწერს, მაგრამ, ძირითადად, მაინც პოლონელი დეპუტატები არიან - კაჩინსკის პარტიის წარმომადგენლები და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დეპუტატები. 23 დეპუტატი 754-დან მთელი რაოდენობის სადღაც 2,5%-ია, მაშინ, როდესაც თვითონ ევროპის სახალხო პარტიას ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია აქვს, დაახლოებით 250 კაცის შემადგენლობით. მო­გეხსენებათ, ამ პარტიის წევრია "ნაციონალური მოძრაობაც". საკუთარ პარტიაშიც კი 10%-საც ვერ აგროვებს სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლება მათთვის სასურველ და საკმაოდ უხამს ტექსტზე ხელმოსაწერად. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტის სულ რაღაც 2.5% გელაპარაკება მთელი ევროპის სახელით, სრულიად შესაბამისია საქართველოს პარლამენტისა­ და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პასუხი. არასათანადო პრეტენზიების მქონე 23-კაციანმა ჯგუფმა ევროპის სახელით დააპირა საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო ლანძღვა, შესაბამისად, მიიღო შესაფერისი, კვალიფიციური და გაცილებით კორექტული პასუხი. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ ბევრი საგულისხმო რამ შეახსენა. ამ დეპუტატებს შორის არიან ისეთებიც, ვინც კარგად გვიცნობს და იციან, რას წარმოადგენს რესპუბლიკური პარტია, იციან ჩვენი პოლიტიკური წარსული და დისიდენტობაც. სწორედ ამიტომ გაუსვა ხაზი ამ ფაქტორს პარლამენტის სპიკერმა და მიანიშნა - შეგნებულად ცრუობთო. როგორ შეიძლება რუსეთის ინტერესების გამტარებელი იყოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც რესპუბლიკური პარტიაა? ასე რომ, უსუფაშვილმა მათ სათანადო - 2,5%-იანი ადგილი მიუჩინა ევროპარლამენტის სახელით უპასუხისმგებლო ლაპარაკის გამო.

- გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე. შეფასება დადებითია, თუმცა ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, ვენეცის კომისია გირჩევთ იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელ წევრებს, არ შეუწყდეთ უფლებამოსილება მანდატის ამოწურვამდე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი საკმაოდ მკაფიოდ განაცხდა, რომ იუსტიციის საბჭო შეიცვლება, რას აპირებს პარლამენტი, გაიზიარებს ამ რეკომენდაციას?

- ეს პროცესი წარიმართება მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად და გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. ამ კომისიის შეფასებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები აუმჯობესებს ორგანული კანონის ბევრ დებულებას და კანონს ევროპულ სტანდარტებთან აახლოებს. მოკლედ გეტყვით, რა შეიცვლება - პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ის 15 წევრიდან 2-ს ნიშნავდა. შესაბამისად, პარლამენტი აირჩევს 4-ის ნაცვლად 6 წევრს, ოღონდ ესენი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და არა პარლამენტარები, როგორც ეს აქამდე იყო. იუსტიციის საბჭოში ადგილს შეინარჩუნებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მერწმუნეთ, ეს კანონი გაცილებით გააუმჯობესებს სასამართლო სისტემას.

- რა ხდება იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის განხილვასაც პარლამენტი 20 მარტიდან აპირებს? როგორც ცნობილია, უმცირესობასთან ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ ვერ მოხერხდა და ამ ეტაპზე მოლაპარაკებებიც შეჩერებულია. იმიტომ ხომ არა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო 100 ხმა უკვე გაქვთ?

- 2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადადგა სრულიად არადემოკრატიული ნაბიჯი და უკანონოდ მიიკუთვნა იმგვარი უფლება, რაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ვენეციის კომისიის კრიტიკის საგნად იქცა. მან დაიკანონა არა მხოლოდ მთავრობის დათხოვნის უფლება, არამედ ამ მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების შესაძლებლობაც. დღეს დგას საკითხი ასე, რომ მას ეს ავტორიტარული უფლება ჩამოერთვას. მომზადებულია საკონსტიტუციო ცვლილების პრო­ექტი, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღონ, არჩევანი გააკეთონ წესიერებასა და უწესობას შორის. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერთა რიცხვი ასს ასცდება. ვვარაუდობ, კიდევ რამდენიმე ათეული დეპუტატი დაუჭერს ამას მხარს უმცირესობიდან, ისინი, ვინც ბოლო წამს მოიფიქრებენ დაძრულ მატარებელზე შეხტომას.

- თუმცა მოლაპარაკებები გქონდათ და უმცირესობა გარკვეულ პირობებსაც აყენებდა, მაგალითად, კონსტიტუციაში საგარეო კურსის შეუქცევადობის თაობაზე ჩანაწერის შეტანას და პარლამენტის ქუთაისში დატოვებას...

- ამჯერად, გარდა ორი საკონსტიტუციო ცვლილებისა, სხვა ინიციატივა კონსტიტუციასთან დაკავშირებით მომზადებული არ არის. პირველზე უკვე მოგახსენეთ, მეორე ცვლილების განხილვა კი პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრას ეხება და მარტის ბოლოს დაიწყება. ვფიქრობ, ეს ცვლილებაც განხორციელდება. რაც შეეხება კონსტიტუციაში საგარეო კურსის თაობაზე ჩანაწერს, მე ვიყავი ინიციატორი, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის თაობაზე კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაგვეწერა, ეს კვლავაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუმცა ამჯერად ამგვარი ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე განხილვა არ იგეგმება. პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საგარეო კურსის შესახებ, რომელზეც ხელი საპარლამენტო უმცირესობამაც მოაწერა, რის შემდეგაც კიდევ უფრო კარიკატურულად იქცა ისედაც სასაცილო 19 აპრილის აქციის ანონსი.

- ორი დღის წინ ვანო მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ.

- "ნაციონალური მოძრაობის" გაუფერულებულ ფონზეც კი ვანო მერაბიშვილი საოცრად ფერმკრთალად ჩანს. აშკარაა, რომ ძალიან დასუსტებულია ყოფილი სახელისუფლებო პარტია, რომელსაც დღეს რეალურად ლიდერთა 7-8-კაციანი ჯგუფიღა წარმოადგენს.

ამ პარტიის დაშლის პროცესი შეუქცევადია და მის ერთიანობას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, უნდა გითხრათ, რომ შს მინისტრი მერაბიშვილი და მერაბიშვილი მინისტრობამდე ორი სხვადასხვა პიროვნებაა. მერაბიშვილი პარტიის სპიკერად და ე.წ. მოლაპარაკე თავად რომ არ ვარგა, კარგად ჩანს. ფაქტია, მისგან დიდი მჭევრმეტყველი ვერ დადგება, გარდა ამისა, მერაბიშვილისგან ევროპულ ფასეულობებზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა.

- რას იტყვით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის საქართველოში დაბრუნებაზე, ან შესაძლებლად თუ მიიჩნევთ 19 აპრილისთვის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ჩამოსვლას?

- ეს საკითხები საერთოდ არ მაინტერესებს. ადეიშვილის დაბრუნების თემით, როგორც ჩანს, მომავალი 19 აპრილის ერთგვარ მითოლოგიზებას ცდილობენ, რაც ძალიან კომიკურია. საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული თარიღი 19 აპრილი აქამდე არ ყოფილა და დარწმუნებული იყავით, არც ა.წ. 19 აპრილის შემდეგ იქნება. როგორც უკვე გითხარით, "ნაციონალური მოძრაობის" დაანონსებული აქცია უფრო კარიკატურულია, ვიდრე რაიმე მნიშვნელობის მქონე.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა