ჟურნალისტი ნათია აბრამია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით "ფეისბუქში" ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
რატომ არ ვიღებ მონაწილეობას მიმდინარე არჩევნებში?
1. ყოფილი დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის, თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა კანონდარღვევით (9 ხმით), შესაბამისად მიმდინარე არჩევნები კანონგარეშეა.
2. იმავე ყოფილი დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის, არჩევა მოხდა კანონიერ მაგრამ საეჭვო ვითარებაში. გენერალური დირექტორად ის იმიტომ დანიშნეს, რომ მისი უსიტყვო მორჩილების იმედი ქონდათ. სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს იმას, თუ რატომ აირჩია საბჭომ იმ გუნდის წევრი, რომელმაც არხი კრიზისამდე მიიყვანა. რატომ დახუჭა თვალი იმაზე, რომ ბარათაშვილი არის ერთ-ერთი წარუმატებელი მენეჯერი, რომელიც ვალის დაგროვებაზე პასუხისმგებელობას უნდა იზიარებდეს.
3. კრიზისის შექმნაში თავად საბჭოს როლი ცალკე საკითხია. მოქმედმა ბორდმა თავი გამოიჩინა არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი მმართველობით. არ მჯერა,რომ საბჭო ამჯერად ეძებს საუკეთესო კანდიდატს, რომ მას დირექტორის პოსტი ჩააბაროს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა (თუმცა ის რამდენიმე კეთილსინდისიერი ადამიანი უმცირესობაშია) საბჭოს წევრებისთვის მნიშვნელოვანია მათ ზურგს უკან მდგომი ლობისტების ან თავმჯდომარის სურვილის გამოხატვა და არა იმ პრინციპების დაცვა, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს.
რა მოხდება როცა კანონი შეიცვლება?
1. სამწუხაროდ არც იმის მჯერა რომ ახალი კანონი იქნება რეალური სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი. ის ძველს ჯობია და მის ავტორებს უდიდეს პატივს ვცემ. მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს არის ინსტიტუცია, რომლის შექმნასაც ჭირდება უფრო მეტი, ვიდრე კანონის შეცვლა.
2. ვშიშობ, რომ ახალი კანონის ამოქმედების პირობებში კვლავ შეიძლება გაჩნდეს ახალი "გახელაძე" და ახალი "ბერძენიშვილი". ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის ინტერესებს გაატარებენ ისინი, მე ვიცი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იარსებებს იქ სადაც რომელიმე პოლიტიკური გუნდის "გულშემატკივრები" მოქმედებენ.
3. მხარს ვუჭერ თანამშრომლებს, რომელთაც რეალურად დამოუკიდებელ გარემოში სურთ მუშაობა. მაგრამ როგორც ადამიანს, რომელიც ნამდვილ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვმუშაობ, მესმის რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა ვერ მოხდება ერთი კანონის, დირექტორის ან რედაქტორის შეცვლით. ამისთვის უდიდესი სურვილიც არ კმარა. მთავარია ორგანიზაციის შიგნით როგორი სტრუქტურა შეიქმნება, როგორ დარეგულირდება და დაბალანსდება მოვალეობები, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს და რითი იხელმძღვანელებს მათი მიღებისას. როგორ მოხდება პროფესიონალების მომზადება, რამდენად გამჭირვალე იქნება თავად სისტემა. ვინ და როგორ გააკონტროებს მთლიან სტრუქტურას, თანამშრომლებს, მენეჯმენტსა და ბორდს. როგორი იქნება თვითრეგულირების და საზოგადოების მხიდან მონოტირინგის მექანიზმები. იმის გამო, რომ ეს მოკლე მიმართვაა და არა სამეცნიერო ნაშრომი, სიიას აქ ვწყვეტ, თუმცა გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
რაში ვხედავ გამოსავალს?
ევროსაბჭოს დახმარებით შესაძლებელია მოხდეს სამწლიანი პროექტის დაფინანსება საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისათვის. თუმცა ამჯერად მნიშვნელოვანია რომ პროექტის ფარგლებში კონსულტანტებს მიეცეთ რეალური ბერკეტები ცვლილებების მოსახდენად. წარსულში ამგვარი პროექტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტრენინგებითა და რეკომენდაციებით. სამწუხაროდ საკმარისი არ არის ათი ან თუნდაც ასი ტრენინგის ჩატარება და შემდეგ უცხოელი კონსულტანტების მხრიდან ისეთი რეკომენდაციებისა და ანგარიშების წერა, რომელსაც ადგილზე გუნდი უბრალოდ არ კითხულობს. გამოცდილებამ გვანახა, რომ მიკერძოებული მენეჯერები მხოლოდ ქვეყნის შიდა პიარისთვის იმეორებენ რომ მათთან ბი-ბი-სის კონსულტანტი იყო მოწვეული. ისინი რეალურად არ ითვალისწინებენ მათ შენიშვნებსა და რჩევებს. საჭიროა, რომ მოწვეულ კონსულტანტთა გუნდს ქონდეს რეალური ცვლილებების განხორციელების პასუხისმგებლობა და საშუალება. თუკი პოლიტიკური ნება არსებობს, უნდა შეიქმმას პირობები, რომ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების გუნდმა შეიმუშაოს მაუწყებლის საზოგადოებრივ რელსებზე გადაყვანის სტრატეგია. გამოცდილ კონსულტანტებს შეუძლიათ განახორციელონ რეალური რეფორმა, თუკი მათ საშუალება ექნებათ მიმართულება მისცენ მაუწყებლის თანამშრომლებს, მენეჯმენტსა და საბჭოს.
საეთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში შესაძლებელია შეიქმნას ისეთი მოდელი, რომელიც საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკას დაეყრდნობა და ადგილობრივ რეალობას მოერგება. კონსულტანტთა გუნდი შექმნის მექანიზმს, აპარატს, სტრუქტურას, მაგრამ მერე ის ყოველდღე უნდა ამუშაო, დახვეწო, გააძლიერო, პროფესიონალი კადრით მოამარაგო, ხელი შეუწყო რომ განვითარდეს. შემდეგ უკვე ქართველ პროფესიონალებზე იქნება დამოკიდებული საქართველო დაძლევს პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობას და ყოფილ სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტს რეალურად საზოგადოებრივ ინსტიტუციად გადააქცევს, თუ ის მუდმივად იქნება ხელისუფლების შტოებისა და პოლიტიკური გუნდების მსახური, მათი გავლენის ობიექტი და დაპირისპირების მსხვერპლი", - წერს აბრამია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2013 წლის 5 მარტს კონკურსი გამოაცხადა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი ორ ტურად ჩატარდება.