რატომ ეპარება სახლიდან შვილს მარიამ საჯაია

რატომ ეპარება სახლიდან შვილს მარიამ საჯაია

21 წლის მარიამ საჯაია "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახე, ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატია. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი ხშირად ოპონირებას უწევს საპარლამენტო უმრავლესობას და ყოფილი ხელისუფლების ინტერესების დაცვასაც ცდილობს. ასაკის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა თავად ამბობს, რომ პოლიტიკაში მთავარი არა ასაკი, არამედ - ხედვაა. მისი გარეგნული სილამაზე და მომხიბვლელობაც ბევრჯერ გამხდარა განსჯის საგანი და მის წარმატებას ამ ფაქტორითაც ხსნიან. თავად ახალგაზრდა დეპუტატს არ მიაჩნია, რომ გარეგნობას რაიმე მნიშვნელობა აქვს პოლიტიკაში. მისი თქმით, ყველაზე მთავარი ადამიანის უნარი და შესაძლებლობებია.

- მარიამ, როგორ აღმოჩნდი "ნაციონალურ მოძრაობაში"?

- შარშან, თებერვალში, საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა და დეპუტატის ასაკობრივმა ცენზმა 21 წლამდე დაიწია. პრეზიდენტის და საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა იყო, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩართულიყო ამ პროცესებში. ყოველ ახალ არჩევნებზე პარტიას ახალი სახეები ჰყავდა... ახალგაზრდების ხელშესაწყობად არაერთი პროექტი განხორციელდა: ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა, სტუდენტური დასაქმების, საზაფხულო ბანაკების პროგრამები და სხვა. ანაკლიაში სტუდენტებს უცხოელები გვიტარებდნენ ტრენინგებს. პრეზიდენტი აქტიურად იყო ჩართული და ცდილობდა ლიდერების გამოვლენას. მეც ვიყავი ლიდერების სკოლაში, შემდეგ მეორე პროგრამაშიც ჩავერთე, საზაფხულო დასაქმების პროგრამის სპიკერად ამირჩიეს და თანატოლებს ვაცნობდი პროგრამებს. დიდი სურვილი მაქვს, ახალმა ხელისუფლებამაც გააგრძელოს ახალგაზრდების დასაქმებაზე ზრუნვა. დიდი დაპირებები იყო, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავთ მათგან კონკრეტულ ნაბიჯებს. ვხედავ მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცებაზე ზრუნვას. ამას ემსახურება საკონსტიტუციო ცვლილებები.

- 21 წლის გოგონასთვის ალბათ წარმოუდგენელი იყო დეპუტატობა. კონკრეტულად, ვისგან მიიღე შეთავაზება და თუ გიფიქრია, რომ რთულ საქმეს ეჭიდებოდი?

- ეს მართლა მოულოდნელი იყო. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" რამდენიმე ახალი სახე უნდა ყოფილიყო. ნამდვილად არ მეგონა, მე მათ რიცხვში თუ ვიქნებოდი. როგორც ჩანს, სპიკერობის დროს თავის წარმოჩენამ იქონია გავლენა. პარტიიდან დამირეკეს და საბუთების მიტანა მთხოვეს. ჩამოთვლილი საბუთებით ისე მივედი ოფისში, არ ვიცოდი, რისთვის სჭირდებოდათ. როცა ანკეტა შეავსეს, აღმოვაჩინე, რომ დეპუტატობის კანდიდატთა სიაში ვიყავი.

- ამ წინადადებას მაშინვე დათანხმდი?

- პირველი რეაქცია, გაოცება იყო. ისე, ყოველთვის ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე, მათი შეხედულებები ჩემს აზრებს ემთხვეოდა და არ ეწინააღმდეგებოდა ჩემი შინაგანი დამოკიდებულება და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა. ვფიქრობ, ამიტომაც შემარჩიეს. ამ წინადადებას დავთანხმდი, მაგრამ გადაწყვეტილება მაშინვე არ მიმიღია.

- დედათქვენი, ქალბატონი ნაზი არონია, "ნაცმოძრაობის" სიით პარლამენტის წევრი იყო. როგორ შეხვდა ის ამ წინადადებას? საერთოდ, ოჯახურმა ფაქტორმა ხომ არ განაპირობა, რომ "ნაცმოძრაობის" მომხრე და სახე ხარ?

- დედა ძალიან გამოცდილია და მას რჩევა ვკითხე. მეც დავფიქრდი, მაგრამ იმდენად კარგად ამიხსნეს, რატომ იყო საჭირო ახალგაზრდების ყოფნა პარლამენტში, ეს რომ ჩემებს ვუთხარი, მათაც სწორად გაიგეს. მე არ ვიყავი ერთადერთი ახალგაზრდა იმ სიაში. პროპორციული სიით 22 წლის კიდევ 2 გოგონა და 23 წლის ბიჭი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების შედეგების გამო, ისინი პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

- ქალბატონი ნაზი ცნობილი მოსამართლე იყო, შემდეგ სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა, 2004-2008 წლებში პარლამენტის წევრი იყო, მერე - დესპანი, ოჯახისთვის დრო რჩებოდა?

- დედას ყოველთვის ცოტა დრო ჰქონდა ოჯახისთვის, მაგრამ სამსახურის შემდეგ სულ ჩვენთან იყო. 8 წლით უფროსი ძმა მყავს. როცა დედა პარლამენტარი გახდა, ისიც თბილისში წამოვიდა. მე მამასთან ერთად 14 წლამდე ზუგდიდში ვიზრდებოდი, მერე მეც წამოვედი. ფაქტობრივად, ოჯახი ორად იყო გაყოფილი. ჩემი წამოსვლის შემდეგ მამა მუდმივად თბილისსა და ზუგდიდს შორის დადიოდა.

- ბავშვები დედის მოუცლელობას არ აპროტესტებდით?

- ამას მივეჩვიე... როცა მოსამართლე იყო, ბაღიდან ყოველთვის ყველაზე ბოლოს გამოვყავდი. ზოგჯერ მასწავლებელს თავის სახლშიც წავუყვანივარ და დედა იქ მაკითხავდა. ვაპროტესტებდი, მაგრამ ეს ჩემი დამოუკიდებლობისთვის უკეთესი აღმოჩნდა.

- მარიამ, იურიდიულზე სწავლობ, პროფესიის არჩევაშიც დედას ხომ არ მიჰბაძე? მამაზეც გვიამბე.

- მამა ინჟინერი იყო, ერთი წელია, რაც გარდაიცვალა. ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი გახლდათ, თანამედროვე, ჯანსაღი შეხედულების. მოსწონდა ოჯახში საქმიანი ქალი რომ ჰყავდა, დედას სულ გვერდით ედგა. ყველანაირად ხელს უწყობდა. ძალიან ლიბერალი იყო, რაც ჩემს აღზრდაზე მნიშვნელოვნად აისახა. ალბათ მამას დამსახურებაა ნაწილობრივ, რომ მეც ძლიერი განათლებული ქალი მინდოდა ვყოფილიყავი - მესწავლა, მიმეღწია წარმატებისთვის და ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. ამ ყველაფრისთვის ოჯახიდან ხელშეწყობა მქონდა.

- მამას შენს ამბებს უყვებოდი?

- მამა ძალიან თბილი, მეგობრული იყო. იმდენად დიდ პატივს ვცემდი, მორიდებისა და მოწიწების განცდა უფრო მქონდა. ყველაფერზე აზრს ვეკითხებოდი. როცა რამე კარგი მოხდებოდა, პირველი მას ვურეკავდი, ვცდილობდი, გამეხარებინა. მამა ყველას მიმართ კრიტიკული იყო, მეც არასდროს მეტყოდა - ყოჩაღო. ერთხელ მითხრა, მიხარია შენი წარმატება, მაგრამ სიტყვა "ყოჩაღს" არ გეტყვი, მინდა, უფრო მეტი იშრომო და მეტი გააკეთოო. ხანდახან ხუმრობით ვიტყოდი, - მამას ჯინაზე უკეთესად ვსწავლობ-მეთქი. უნივერსიტეტში სწავლის დროს რეიტინგით პირველი ვიყავი და ამის გამო გადასახადისგანაც გამათავისუფლეს. ესეც მამას ვახარე. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. მეორე კურსზე ვიყავი, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია - "ადამიანის უფლებების დაცვა და XXI საუკუნე" დავაფუძნე, რამდენიმე პროექტი მქონდა, ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას ეხებოდა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებით ჩავატარეთ კვლევები. მერე განათლების სამინისტროში დავიწყე მუშაობა.

- როცა დეპუტატობა შემოგთავაზეს, მაშინ ქვეყანაში სხვა ვითარება იყო, არჩევნების შემდეგ "ნაცმოძრაობა" მცირე გუნდით აღმოჩნდა პარლამენტში. მმართველი გუნდის დეპუტატობისთვის იყავი ალბათ შინაგანად მზად, რეალურად კი ოპოზიციაში ხარ. ეს მძიმე ტვირთი არ არის?

- ჩემი აზრით, არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ ყოფილი მმართველი გუნდი გადადის ოპოზიციაში. ჩვენი წუხილები უკავშირდება იმას, თუ რა ძალა არის ხელისუფლებაში და რამდენად სასიკეთოა მათი მმართველობა ქვეყნისთვის, მისი განვითარებისა და პერსპექტივებისთვის. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ საჭირო გახდა ტაქტიკის შეცვლა. ახლა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების კრიტიკა გვიწევს. ჩემი სურვილია, ჩემი თანატოლებისთვის საჭირო პროგრამები განხორციელდეს. მზად ვარ, ჩემი მოსაზრება გავუზიარო სხვებს და გავაჟღერო ის, რაც დღეს ახალგაზრდებს უნდათ. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემს გუნდთან ერთად უმრავლესობაში ვიქნები თუ ოპოზიციაში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პროფესიიდან გამომდინარე ავირჩიე. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომიტეტია და ბევრ საქმეშია ჩართული. როცა ხალხი გაძლევს მანდატს, შენგან ელოდება გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებს და ამიტომ ბევრი უნდა იშრომო. ყოველდღიურად ვხვდები ჩემს თანაგუნდელებს და ვხედავ, როგორ აქვთ გაცნობიერებული თავიანთი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ყოველ კვირას ვხდებით ამომრჩევლებს, ვისმენთ მათ მოსაზრებებს...

- საზოგადოების დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ კრიტიკულია. ისიც ვნახეთ, ზუგდიდში პრეზიდენტს კვერცხებით რომ დახვდნენ. ალბათ ხალხთან შეხვედრის დროს მსგავს დამოკიდებულებას შენც აწყდები. ეს არ გიქმნის დისკომფორტს?

- არ იფიქრო, რომ ზუგდიდელები დახვდნენ ასე პრეზიდენტს. ერთი პატარა მართული ჯგუფი იყო, რომლებსაც ამაში ფულს უხდიან. მეც ვხვდები ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჩემი "ფეისბუკის" გვერდზეც იწერება კრიტიკა და კარგი განწყობის წერილებიც. როცა ჯანსაღი კრიტიკაა, ამას ვითვალისწინებ. როცა მაქვს არგუმენტირებული პასუხი, მათ კრიტიკასაც ვპასუხობ. "ფეისბუკის" გვერდზე არასოდეს წამიშლია კრიტიკული წერილი, თუ ის არ არის ვინმეს პირადი შეურაცხყოფის შემცველი. ბევრი ოპოზიციონერიც მყავს მეგობრებში და განვიხილავთ "ფეისბუკზე" სხვადასხვა საკითხს. ყოველთვის უნდა მოისმინო განსხვავებული აზრი, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია, გაარკვიო სიმართლე. ვიცი, რომ არასდროს არ უნდა ავყვე ჭორებს.

- მახსოვს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტთან ერთად იყავით დუბაიში შენ და ალანა გაგლოევა, ამას მაშინვე გამოეხმაურე და "ფეისბუკზე" წერდი: "ოდესმე ხომ უნდა შეეშვან ზოგიერთები ბინძური თემებით სპეკულირებას?! ვისაც ჰგონია, რომ დუბაიში ვერთობი, რამდენიმე წუთში მობრძანდეს ტაბიძეზე, დავწერ, სადაც ვიქნები და დარწმუნდეს, რომ თბილისში ვარ". ალბათ შენი მისამართით მსგავს ამბებს ხშირად ისმენ, როგორ რეაგირებ ამაზე?

- რაღაც პერიოდულობით ვრცელდება ასეთი ჭორები. როცა სისულელე ვრცელდება, პირველ რიგში მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანს მოუვიდეს ასეთი რამ თავში. ეტყობა, ადამიანების ფანტაზია ძალიან შორს მიდის და იმას ცდილობენ, ვიღაცის სახელი შებღალონ, განიხილავენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. მერე როცა გავაანალიზე, ძალიან გავბრაზდი. როცა იცი სისულელეა, ამაზე რაიმეს მტკიცება არ ღირს, მაგრამ ყველაფრის იგნორირებაც ძნელია. ამიტომ ვცდილობ, ხშირად ცრუაზრები გავაბათილო. ცხადია, არასასიამოვნოა, როცა ასეთ საშინელ ჭორებს იგონებენ შენზე, მაგრამ მართლა იმდენად ვარ დაკავებული საქმეებით, არ მრჩება დრო იმისთვის, რომ ამაზე ბევრი ვიფიქრო. როცა იცი, რომ ტყუილია, ამაზე ნერვიულობა არ ღირს. ერთადერთი, რაზეც ძალიან ვნერვიულობ და რასაც განვიცდი, ეს არის პოლიტიკური პროცესები, რაც ქვეყნაში მიდის. რა ვქნა, ვიღაცას რომ არ მოვწონვარ, ამაზე ნერვიულობა არ ღირს.

- თქვენი გუნდი პრეზიდენტთან ერთად ავღანეთში იყო. იქნებ იქაური ამბები გაიხსენო?

- ეს იყო ძალიან დიდი ემოცია, სამხედრო ფორმა პირველად მეცვა... ავღანეთში ქართველი გოგონა, შორენა სოფრომაძე გავიცანი. საოცრად "ვაჟკაცური" ადამიანია. ამ გოგონას ძმა ცხინვალში, აგვისტოს ომში ოკუპანტებმა იმიტომ მოკლეს, რომ მათი მოთხოვნა არ შეასრულა და ქართული დროშა ფეხით არ გათელა. ომში ძმის გმირულად დაღუპვის შემდეგ შორენამ გადაწყვიტა ემსახურა ქართულ არმიაში და 4 წელია, მსახურობს. ძალიან მებრძოლი სულის გოგონაა, ყველა ჯარისკაცზე ზრუნავს ღვიძლი დასავით. პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს მათ და ასევე ავღანელ ბავშვებს. საერთოდ, დასაფასებელია თითოეული ჩვენი ჯარისკაცის თავგანწირვა. ისინი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში არიან და ამას მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის აკეთებენ. როცა ვერტმფრენით ჰაერში ვიყავით, ორი უმართავი ნაღმტყორცნი იყო დამონტაჟებული ბაზის მიმართულებით და ყოველ წუთს იყო ჩამოგდების საფრთხე. როდესაც ავფრინდით, დასტური ჯერ კიდევ არ გვქონდა მიღებული, რომ ცეცხლი შეწყვეტილ- იყო, თუმცა საბედნიეროდ, დაშვებამდე ჯარისკაცებმა საფრთხის განეიტრალება შეძლეს.

- არ შეგეშინდა?

- დაძაბული ნამდვილად ვიყავი, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი... სასადილოში შევხვდით ყველანი ერთად ახალ წელს. ჯარისკაცებს ჰქონდათ თავიანთი განრიგი - ნაწილი გადიოდა, მეორე ნაწილი შემოდიოდა და თითოეული მათგანი მართალია, ჩვენ გვერდით იჯდა, მაგრამ გონებით სრულიად გადართული იყვნენ უსაფრთხოებაზე...

- ოჯახის წევრებმა უპრობლემოდ გაგიშვეს ავღანეთში?

- მათ ეს დაბრუნების შემდეგ გაიგეს. არ მინდოდა, ენერვიულათ. მით უმეტეს, იქ ღამით კავშირი ითიშება და რომ ვერ დამიკავშირდებოდნენ, ინერვიულებდნენ. ამიტომ ვუთხარი, რომ თანაგუნდელები ერთად აღვნიშნავდით ახალ წელს და აუცილებელია ჩემი იქ ყოფნა-მეთქი. ისიც დავამატე, - ხომ იცით, ხაზები გადატვირთულია და შეიძლება ვერ დამიკავშირდეთ-მეთქი. დაბრუნების შემდეგ ყველაზე მძაფრი რეაქცია ჩემს ძმას ჰქონდა. ძალიან ინერვიულა, - რაღაც რომ მოგსვლოდა, რა უნდა მექნაო?! ჩემი ძმა მამაჩემის საქმეს აგრძელებს, ახლა ზუგდიდში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ჰყავს ორი პატარა, - დემეტრე და ცოტნე. ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი მრჩეველი პირველ რიგში მაინც ჩემი ოჯახია. თუმცა გადაწყვეტილებებს ყოველთვის მე ვიღებ.

- პარლამენტში შეიძლება ეროვნული ტანსაცმლით მოგიხდეთ სიარული. რომელ ტრადიციულ სამოსში წარმოგიდგენია შენი თავი?

- ახლანდელი ჩანაწერი გულისხმობს, რომ პარლამენტის წევრის ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, საქმიანი, ასევე იყოს ტრადიციული, ეროვნული. ვფიქრობ, არ იყო საჭირო ამის დამატება. შეიძლება რაღაც ელემენტი შევიტანო ჩემს ჩაცმულობაში, მაგრამ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვის რა აცვია. მთავარია, შინაგანად რა ღირებულების მატარებელი ხარ.

- თბილისსა და ქუთაისს შორის გაუთავებელი სიარული დისკომფორტს არ გიქმნის?

- არ ვფიქრობ, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს. პარლამენტის ქუთაისში დარჩენა მთელი დასავლეთ საქართველოს განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. რომ არ ყოფილიყო გადმოტანაზე საუბარი, უკვე ძალიან ბევრი ინვესტიცია იქნებოდა განხორციელებული, მეტი ადამიანი დასაქმდებოდა და გაუმჯობესდებოდა მათი მატერიალური მდგომარეობა. უმრავლესობას პარლამენტის თბილისში გადმოტანა მხოლოდ პირადი კომფორტისთვის სჭირდება, მეტი არაფერი. პირადად მე ისე მომწონს ქუთაისში ყოფნა, რომ არ მიწევდეს თბილისში საქმიანი შეხვედრების გამო და ლექციებზე ჩამოსვლა, სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ. შეიძლება იმიტომ, რომ პატარა ქალაქში, ზუგდიდში გავიზარდე.

- შენ ჯერ ისევ სტუდენტი ხარ, უნივერსიტეტში გაცდენების გამო არ გსაყვედურობენ?

- უნივერსიტეტისგან ხელშეწყობა მაქვს. ლექციებზე შეძლებისდაგვარად დავდივარ, გაცდენებს საპატიოდ მითვლიან და ეს დიდი შეღავათია. წელს ვამთავრებ ბაკალავრიატს და აუცილებლად ვაპირებ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ალბათ აუცილებლად უცხოეთში გავაგრძელებ სწავლას.

- გყავს პატარა ბიჭი. ცოტა რამ პირად ცხოვრებაზეც გვიამბე.

- მყავს სამი წლის შვილი, ბუკა სამარგულიანი. მას სულ ვენატრები. ძირითადად, დედაჩემთან არის და კვირა გამოშვებით მხედავს. დედაჩემიც ქუთაისში მუშაობს, კონტროლის პალატაში აპარატის უფროსია და ამიტომ ძირითადად იქ ვართ. ბავშვი მე რომ დამინახავს, სხვას არ ეკარება. ვცდილობ, სახლიდან საქმეზე ჩუმად გავიპარო, რომ არ ინერვიულოს. ბაღში ჯერ არ დადის, 2 მარტს გახდა სამი წლის. მეუღლეს გაცილებული ვარ. დედა ძალიან მეხმარება შვილის აღზრდაში. ქუთაისში ძალიან კარგი პარკია და ხშირად იქ ვსეირნობთ. თუ თბილისში ვართ, აქაც ვასეირნებ. ის არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ და რომელსაც მუდმივად ჩემთან ყოფნა უნდა. ვცდილობ, მისთვის დრო გამოვნახო.

- შენ სულ გენატრებოდა დედა, ახლა შენი შვილიც იმავე მდგომარეობაშია, თუ განიცდი ამას?

- ვფიქრობ, ეს დაეხმარება, რომ დამოუკიდებლად მიიღოს მომავალში გადაწყვეტილება და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. როცა ყოველ ნაბიჯს ვიღაც გიკონტროლებს, გიგეგმავს, ეს დამოუკიდებლობის ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს. ამიტომ ძალიან არ ვნერვიულობ და არ მიმაჩნია, რომ ძალიან ვაკლივარ ჩემს შვილს. უფრო მეტად ვინერვიულებდი, საკუთარ თავზე რომ არ მქონოდა გამოცდილი.

- შენ ისიც აღნიშნე, რომ სამაგიეროდ, მამა სულ შენ გვერდით იყო...

- დედაჩემს ძალიან უყვარს პატარა და ათი დედის მაგივრობას უწევს. რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, ბუკას მასთან ურთიერთობა აქვს. მასთან ერთად წელს ბაკურიანშიც იყო.

- შენს პირად ცხოვრებაში ხომ არ არის რაიმე სიახლე?

- არაფერი.

- წარმატებებს გისურვებ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა