ადამიანი, რომელმაც თეა გიორგობიანის ცხოვრება შეცვალა

ადამიანი, რომელმაც თეა გიორგობიანის ცხოვრება შეცვალა

მსახიობი თეა გიორგობიანი პატარაობისას ბალერინობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფეხზე სერიოზული ტრავმა მიიღო და ბავშვობის ამ ოცნებას დაემშვიდობა. შემდეგ მსახიობობა გადაწყვიტა და 17 წლისამ პირველი როლი შეასრულა სატელევიზიო სპექტაკლში - "მოძღვარი", ხოლო 18 წლის ასაკში, გადასაღებ მოედანზე გაიცნო პირველი სიყვარული - კინორეჟისორი ილია ჩაჩანიძე, რომელსაც ცოლადაც გაჰყვა. თუმცა, მათი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა - ილიამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...

- სულ რამდენიმე თვეა, რაც მეორედ შექმენით ოჯახი? როგორ გაიცანით შაკო?

- შაკო საჯაია 4 წლის წინ, მეგობრის წვეულებაზე გავიცანი. მანამდე მას მხოლოდ შორიდან ვიცნობდი. გაცნობისთანავე ჩვენ შორის სიმპათია გაჩნდა, მაგრამ ვინაიდან ჩემზე 9 წლით უმცროსი აღმოჩნდა, მასთან ურთიერთობისგან თავს ვიკავებდი. ვფიქრობდი, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა არც საკუთარი თავის და არც ოჯახის წინაშე. თუმცა, ძალიან მალე მივხვდი, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის. როდესაც ჩვენ შორის პირველი ფიზიკური ურთიერთობა მოხდა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ შეცდომა დავუშვი; პირიქით - სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შაკო ის მამაკაცია, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.

- შაკო თქვენზე ასაკით პატარა რომ არ ყოფილიყო, სიყვარულში პირველი გამოუტყდებოდით?

- საერთოდ, მომხრე ვარ, როცა მამაკაცი დგამს პირველ ნაბიჯს და არა - ქალი. ჰოდა, ამიტომაც, ამის გაკეთებისგან თავს შევიკავებდი, მაგრამ ურთიერთობისას უფრო მეტად თავისუფალი ვიქნებოდი. შაკო იმდენად მამაკაცურია, იმდენად თავდაჯერებული და ჩამოყალიბებული, რომ ასაკი არც ეტყობა. გაცნობიდან ერთ თვეში მასზე სერიოზულად ვფიქრობდი. თუმცა, ვცდილობდი, შაკოს არაფერი შეემჩნია...

- შაკო პროფესიით ვინ არის?

- სტილისტია. ერთ-ერთი გადაღების წინ ვარცხნილობის გასაკეთებლად მასთან მივედი და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მისი გაცნობის შემდეგ ღმერთს ვეხვეწებოდი, ყველაფერი საჭიროებისამებრ მომხდარიყო. წინასწარ არაფერს ვგეგმავდი და თქვენ წარმოიდგინეთ, მეგობრებსაც კი არ გავუმხილე ჩვენი ურთიერთობა.

- რატომ?

- ბედნიერების გაზიარება თითქოს, არავისთვის მინდოდა. მსურდა, ამ სიხარულით მარტო დავმტკბარიყავი. 4 წელი ვიყავით ერთად და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველაფერი ორიგინალურად ხდებოდა და ჩვენი პირველი პაემანიც ორიგინალური იყო: 26 ნოემბერს დაბადების დღე მომილოცა და მკითხა, - "უხა" თუ გიჭამიაო? ვუთხარი, რომ ეს კერძი გასინჯული არ მქონდა. ჰოდა, პირველ პაემანზე რესტორანში, სწორედ "უხაზე" დამპატიჟა.

- ამ ურთიერთობის შესახებ თქვენმა შვილმაც არაფერი იცოდა?

- არა. შვილისთვის არაფრის თქმა არ გამჭირვებია ისე, როგორც ჩემი და შაკოს ამბის გამხელა. ჩემი შვილისთვის (მასაც შაკო ჰქვია) სიმართლის სათქმელად მთელი 4 წელი ვემზადებოდი. არც ის მინდოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა მესამე პირისგან გაეგო - ეს მისთვის ტრაგედია იქნებოდა... როცა სიმართლეში გამოვუტყდი, ჩემდა გასაკვირად, ყველაფერი მშვიდად მიიღო, გამიგო.

- თუ ერთმანეთი ასე გიყვარდათ, 4 წელი როგორ ახერხებდით ამ გრძნობის დაფარვას?

- ისევ შვილის გამო: არ მინდოდა ეფიქრა, რომ თუ გავთხოვდებოდი, მეც დამკარგავდა. ბოლოს და ბოლოს, მას ხომ მამის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი უკვე გადატანილი ჰქონდა. ახლა შაკო 20 წლის არის და როგორც ზრდასრულმა მამაკაცმა, გამიგო. არც იმის გამო გაბრაზებულა, რომ სიმართლეს წლების მანძილზე არ ვუმხელდი.

- ვიცი, რომ პირველ მეუღლეზე ლაპარაკი დღესაც გიჭირთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, რამ უბიძგა თვითმკვლელობისკენ?

- მისი საქციელის ახსნას დღემდე ვცდილობ, მაგრამ - უშედეგოდ. ალბათ, პროფესიაში შეექმნა პრობლემები და სიცოცხლე თვითმკვლელობით ამიტომაც დაასრულა. მოგეხსენებათ, წლების წინ ქვეყანაში არეულობა იყო და ხელოვან ადამიანს თვითრეალიზების საშუალება არ ჰქონდა. ილია სულით შემოქმედი გახლდათ და ძალიან განიცდიდა, ფილმს რომ ვერ იღებდა... მისი თვითმკვლელობა ჩემთვის ძნელად გადასატანი აღმოჩნდა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ბევრი წელი გავიდა, ამ ამბის გახსენება დიდ ტკივილს მანიჭებს.

- მანამდე არასოდეს ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა?

- 6 წელი ვიყავით ერთად და მისთვის მსგავსი რამ არასოდეს შემინიშნავს. ალბათ, აფექტში იყო და წონასწორობა დაკარგა. ვნანობ, რომ განზრახვას ვერ მივუხვდი. იმ დღეს შინ მოვიდა, თავისი ნივთები დატოვა და მითხრა: გავალ და მალე მოვალო. მანქანაში ჩაჯდა... მერე კი თავი მოიკლა. 23 წლის ვიყავი, როდესაც ილია დავკარგე; მაშინ შაკო 5 წლის იყო. რაღაც პერიოდი, ის ძალიან განიცდიდა უმამობას და ამიტომაც ვცდილობდი, მისთვის დედობრივი სითბო, მზრუნველობა მაინც არ მომეკლო. მისთვის დედაც ვიყავი, მეგობარიც და ახლაც ასეა! ილიას ტრაგედიამ ძალიან დაგვაახლოვა. სულ მის გვერდით ვიყავი, არ მინდოდა მარტოობის განცდა ჰქონოდა; ორი ადამიანის - დედის და მამის საქმე ერთდროულად მქონდა შეთავსებული. ძნელი კი იყო, მაგრამ გამომდიოდა. ვფიქრობ, გამიმართლა - ძალიან კარგი შვილი მყავს. ახლა შაკო სტუდენტია.

- 18 წლის იყავით, როდესაც ილიას ცოლად გაჰყევით, არა?

- ასე იყო. ერთმანეთი კინოსტუდიაში გავიცანით. ილია ფილმს - "იასამანი" იღებდა და მთავარ როლზე მიმიწვია, მაგრამ ქვეყანაში არეულობა დაიწყო და ფილმი ვეღარ დაასრულა. გადასაღებ მოედანზე ერთმანეთი შეგვიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე 15 წლით უფროსი იყო. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით.

- ქმრის სიკვდილის შემდეგ ალბათ, თაყვანისმცემლებიც გამოგიჩნდნენ...

- იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მოვწონდი, პატივს მცემდნენ, ჩემზე სერიოზულად ფიქრობდნენ, მაგრამ მე ყოველთვის უკან ვიხევდი; ისეთ ადამიანს ვეძებდი, რომელსაც კლდესავით შევეფარებოდი, ვინც თავს ქალად მაგრძნობინებდა.

- და ასეთი მამაკაცი იპოვეთ, არა?

- ეს მამაკაცი ჩემი მეუღლეა. ჩვენს ქორწინებას კურიოზი ახლდა - შაკოს შაბათ-კვირას ძალიან ბევრი კლიენტი ჰყავს, მაგრამ ჯვრისწერა მაინც შაბათს დავნიშნეთ. ივლისის თვე იყო და თეთრი საქორწილო კაბის ნაცვლად, უბრალოდ, თეთრი სარაფანი ჩავიცვი. შუადღის 2 საათზე ვაკის სამების ეკლესიაში მამაოს ჯვარი უნდა დაეწერა ჩვენთვის. შაკოს მღვდელი ორი კვირით ადრე ჰყავდა გაფრთხილებული. ეკლესიაში რომ მივედით, მოძღვარს ეძინა. შაკო მამაოს გასაღვიძებლად შევიდა, მოძღვარმა კი უთხრა: არავინ მყავს ჩაწერილი, მეძინებაო. შაკო არ მოეშვა და ბოლოს, როგორც იქნა, მოძღვარი გამოფხიზლდა, ჯვარი დაგვწერა... ხელი რომ უნდა მოგვეწერა, ხან ჩემს მეჯვარეს არ ეცალა, ხან - შაკოსას. 22 ნოემბერს მმაჩის ბიუროში წავედით, რათა შეგვეთანხმებინა, რომ სიაში 26 ნოემბრისთვის ჩავეწერეთ. მმაჩის ბიუროში გვითხრეს, რომ 26 ნოემბერი ორშაბათი იყო ანუ ამ დღეს არ მუშაობდნენ (ორშაბათობით მხოლოდ იუსტიციის სახლში შეიძლება ხელის მოწერა). შაკომ გადაწყვიტა, ხელი მაშინვე მოგვეწერა. ვინაიდან მეჯვარეები არ გვახლდნენ, ფოიეში მყოფ ორ უცხო მანდილოსანს სთხოვა: ჩვენი მოწმეები იყავითო. ცხადია, ის ქალები დაგვთანხმდნენ. ხელი მოვაწერეთ და ამ დღის აღსანიშნავად, ჩვენს საყვარელ კაფეში წავედით. თაფლობის თვე ჯერ არ გვქონია, მაგრამ ერთმანეთს სიურპრიზებს ხშირად ვუწყობთ, რომანტიკული საღამოებისთვის არავითარი საბაბი არ გვჭირდება.

- შაკოს ოჯახი თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არ იყო?

- არა. ისინი ჩვენს ურთიერთობას გაგებით შეხვდნენ. შაკოს დედამ მითხრა, - ჩემმა შვილმა ისე კარგად გამაცნო და დამანახვა შენი თავი, რომ მხოლოდ ის მინდა, ბედნიერები იყოთო. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მამაჩემიც და ჩემი ძმაც გაგებით მოეკიდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, დედა ილიას თვითმკვლელობამდე ერთი წლით ადრე გარდამეცვალა... მიუხედავად იმისა, რომ რთული და მძიმე ცხოვრება გამოვიარე, სულ მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან, რაღაც კარგი მოხდებოდა და მოხდა კიდეც!

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

- ამ ეტაპზე მთლიანად გადართული ვარ ოჯახსა და ბიზნესზე. მე და ჩემს მეუღლეს სილამაზის სალონი გვაქვს და ერთად ვუძღვებით ამ საქმეს. გული მწყდება, რომ პროფესიაში წარმატებას ვერ მივაღწიე, არადა, შემეძლო, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა. როცა ისეთი ასაკი მქონდა, რომ წესით, კარიერაში წინსვლა უნდა მქონოდა, ქვეყანაში ხელოვანებისთვის არავის ეცალა, ახლა რაღაც-რაღაცების კეთება შესაძლებელია, მაგრამ უკვე სხვა საქმიანობით ვარ დაკავებული. თუმცა, მომავლის იმედი ყოველთვის მაქვს...

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება